დაპირებული უფასო მშობიარობა სინამდვილეში ფასიანია?!

დაპირებული უფასო მშობიარობა სინამდვილეში ფასიანია?!

როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ მშობიარობა უფასო იქნება, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა: ხომ არ დაეცემა მომსახურების ხარისხი? მშობიარობა უსაფრთხო იქნება? ხომ არ მოგვიწევს სანიტრებისთვის ძველებურად ჯიბეში ფულის "ჩაკუჭვა"?

"იმედის კლინიკის" ხელმძღვანელი, პროფესორი დავით კობეშავიძე ამბობს, რომ სანამ ეს ინიციატივა რეალობად იქცევა, მანამდე საჭიროა, ყველაფერი კარგად აიწონ-დაიწონოს: "არ გამოვიდეს ისე, როგორც 10 წლის წინ მოხდა, როცა სახელმწიფო მშობიარობას 400 ლარით აფინანსებდა. ამ პროექტმა მაშინ შედეგი არ გამოიღო და დემოგრაფიაზე პოზიტიურად არ ასახულა. ამ პროექტს პატრიარქის ინიციატივამ აჯობა, რომელიც მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის ნათლიობას გულისხმობს".

"იმ ესტონური მოდელის მიხედვით, რომლის დანერგვასაც საქართველოში აპირებენ, მშობიარობა უფასო არ იქნება" - აცხადებს მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, კოტე ბოჭორიშვილი. როგორც გაირკვა, ბატონი კოტე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, დიმიტრი ხუნდაძესა და პალამენტარ კობა დავითაშვილთან ერთად მუშაობდა ახალ მოდელზე, რომელიც მშობიარეებისთვის უფასო მომსახურებას ისახავს მიზნად.

თუ რას გულისხმობდა, ბატონი სერგეენკო, როდესაც უფასო მშობიარობაზე საუბრობდა და რას ითვალისწინებს რეალურად ახალი მოდელი, ამის შესახებ ბატონი კოტე ბოჭორიშვილი გვესაუბრება.

- ბატონო კოტე, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ მშობიარობა არ იქნება უფასო, უფასო იქნება მხოლოდ მომსახურება?

- იმას, რომ უფასო ამქვეყნად არაფერია. მოდელი, რომელზეც ბატონმა სერგეენკომ ისაუბრა, ესტონურია. ამ მოდელის გასაცნობად მე, დიმიტრი ხუნდაძე და კობა დავითაშვილი ერთად ვიყავით ესტონეთში. მშობიარობა უფასო იქნება მშობიარესთვის, მისი პატრონისთვის, თუმცა ამ მომსახურებისთვის ფულს თითოეული ჩვენთაგანი გადავიხდით.

- ეს როგორ მოხდება?

- შეიქმნება ერთიანი სადაზღვევო ფონდი, რომელშიც თითოეულო მოქალაქე ყოველთვიურად გადაიხდის გარკვეულ თანხას. შემდეგ ფონდი თავად დაფარავს მშობაირობის ხარჯს. ეს არის სოლიდარობის გამოხატვა. ესტონეთში 4 წელი ვიმუშავე და ვიცი, რომ ეს მოდელი კარგად მუშაობს. ესტონეთი ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც კარგად გამართული ჯანდაცვის სისტემით გამოირჩევა. იგი 37 ქვეყანას შორის მეათე ადგილზეა.

- ერთიანი სადაზღვევო ფონდი ყველა ტიპის მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს?

- კი, მნიშვნელობა არ აქვს, მშობიარე ფიზიოლოგიურად იმშობიარებს თუ საკეისრო კვეთას ჩაიტარებს. ფონდი ყველაფერს დააფინანსებს. მშობიარეს მისცემენ საავადმყოფოს დანომრილ ბარათს, სადაც მისი მონაცემები იქნება აღნიშნული. როდესაც ის ამ ბარათს წარადგენს, ყველა პროცედურა შესაბამისად ჩაუტარდება.

- ფონდი კერძო კლინიკის პაციენტებსაც დააფინანსებს?

- თუ კერძო კლინიკა ხელშეკრულებას გააფორმებს ამ ფონდთან, რა თქმა უნდა, დააფინანსებს. ასე რომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, უფასოდ და უსაფრთხოდ გააჩინოს იმდენი შვილი, რამდენიც უნდა.

- ახალი მოდელის საშუალებით კლინიკებს შორის კონკურენცია ხომ არ დაეცემა?

- არა, რას ამბობთ. გარწმუნებთ, კლინიკების ხელმძღვანელები ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი მშობიარე მიიზიდონ. რა თქმა უნდა, მშობიარეს ურჩევნია ფული გადაიხადოს, ოღონდ დარწმუნებული იყოს, რომ მშობიარობა უსაფრთხო იქნება. გარწმუნებთ, ფონდი ხელშეკრულებაში ჩადებს მოთხოვნას, რომ კლინიკაში აუცილებლად იყოს მომსახურების მაღალი ხარისხი და უსაფრთხო მშობიარობა. ყურადღება მიექცევა კვებას, კომფორტს, სანიტარულ პირობებს. აუცილებელია, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს ყოველი მშობიარობის დროს, მნიშვნელობა არ აქვს მშობიარე უმწეოთა ოჯახიდან არის თუ მდიდარია.

- სავარაუდოდ, რა თანხით დააფინანსებს ფონდი მშობიარობას?

- ეს ჯერ არ ვიცი. თუმცა, ესტონეთში ფიზიოლოგიური მშობიარობა 750 ევრო ჯდება, საკეისრო კვეთა კი - 1000 ევრო. ამ თანხას ფონდი პირდაპირ კლინიკას გადაურიცხავს. შემდეგ კი კლინიკის ხელმძღვანელობა მას თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილებს.

პ.ს დღესდღეობით საქართველოში მშობიარობის ფასი სხვადასხვაა - სამშობიაროს, მშობიარობის ფორმის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით. ასეთი მომსახურება საშუალოდ 1000 ლარი ჯდება.