ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს ახალი კარტოგრაფიული მასალები წარუდგინა, რომელმაც დავით გარეჯის საზღვრის ხაზის ისტორიული სამართლიანობა უნდა აღადგინოს

ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს ახალი კარტოგრაფიული მასალები წარუდგინა, რომელმაც დავით გარეჯის საზღვრის ხაზის ისტორიული სამართლიანობა უნდა აღადგინოს

ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა და დოკუმენტებმა, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გაჩნდა, შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს. საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ ახალ მასალებზე დაყრდნობით ქართულ მხარეს ექნება პროგრესი.

ახლა კი, კომისიამ უნდა განაახლოს მუშაობა, შეისწავლოს ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები, რათა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდეს ორმხრივად მისაღებ ფარგლებში, როგორც საქართველოსთვის, ისე აზერბაიჯანისთვის.

დავით ზალკალიანი ახალ გარემოებებზე ვერ საუბრობს, ამბობს, რომ მასალები უნდა იყოს შესწავლილი, დამუშავებული, ეს არის სამუშაო პროცესი მხარეებს შორის და ორივე მხარეს აქვს საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხზე. მინისტრი იმედს იტოვებს, რომ მუშაობა გაგრძელდება ურთიერთგაგების და მეგობრული სულისკვეთებით, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ. აზერბაიჯანულ მხარეს მივაწოდე ეს ახალი გარემოებები“, – აცხადებს დავით ზალკანიანი.

მისი თქმით, ყველა უწყება ძალიან აქტიურად იყო ჩართული პროცესში, რა დროსაც მოძიებული იქნა ახალი კარტოგრაფიული მასალები და ახალი დოკუმენტები, სხვადასხვა ექსპერტული დასკვნა, რომელიც უკვე მიაწოდეს აზერბაიჯანულ მხარეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

„ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ლეგიტიმური იქნებოდა, 1938 წელს შექმნილი რუკაა, რადგანაც ერთადერთი ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის საზღვრის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომელიც ხელმოწერილია 1996 წელს, სწორედ ამ რუკას გულისხმობს. ამიტომ, სხვა რომელიმე რუკა, რომელიც ცალმხრივად, რომელიმე ქვეყნის მიერ იქნება შემოხაზული და თუნდაც ქვეყნის შიგნით უმაღლეს დონეზე განხილული და მიღებული, ლეგიტიმური ვერ იქნება, რადგანაც ორმხრივად თუ არ შეთანხმდა დოკუმენტი, მეორე მხარეს ამ დოკუმენტის ცნობა გაუჭირდება. ამიტომ, სავარაუდოდ, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა გააგრძელოს კომისიამ მუშაობა. ეს იქნება საბოლოო ჯამში იმ მოლოდინის წინაპირობა, რომელიც საზღვრის ხაზის ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული რუკა კომისიის მუშაობისას როგორღაც უგულებელყოფილი იყო, საერთოდ დაიკარგა და კომისია ხელმძღვანელობდა სხვადასხვა რუკით, რამაც სასურველი შედეგი არ მოიტანა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ქართული მხარე ვერასდროს ვერ შეეგუება იმას, რომ ძირძველი ქართული სიწმინდეები მოხვდეს საზღვრის იქეთ.

რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებულ ახალ დოკუმენტებს, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და აზერბაიჯანულ მხარეს შორის მიღწეული შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, მამა კირიონ ონიანი for.ge–სთან ექსკლუზურ საუბარში ამბობს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რომლითაც საბოლოოდ დადგინდა ის სიმართლე, რომ 2006–2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის გამყოფად აღებული ტერიტორიები სრულ ცდომილებაშია ობიექტურ რეალობასთან.

„მოვიძიეთ კარტოგრაფიული დედნები, რომელსაც ხელი მოეწერა 1938 წელს საქართველო–სომხეთი– აზერბაიჯანის რესპუბლიკების მიერ და, რომელიც, ასევე, მითითებულია 1996 წლის 13 ივლისის ჩარჩო ხელშეკრულებაში ჩვენსა და აზერბაიჯაბს შორის, რომელსაც ხელს აწერს მაშინდელი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელები: საქართველოს მხრიდან ალექსანდრე უკლება, აზერბაიჯანის მხრიდან სალამოვი. ეს დოკუმენტი მთლიანობაში შედიოდა იმ დიდ ჩარჩო ხელშეკრულებაში, რომელიც მთლიანობაში დადეს შევარდნაძემ და ალიევმა სახელმწიფო მეთაურების რანგში.

2006–2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა მთლიანად საზღვრის გამრუდება. ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა ამ დონის, ამ რანგის კარტოგრაფიული მასალები, რაც დღეს გვაქვს, საერთაშორისო დონეზე ვერ დავამტკიცებდით, რომ ეს იყო არასწორი. თუმცა, ამის დადგენა მაინც შეიძლებოდა, რადგან ჩვენ გვქონდა საკმარისი მასალები, რომ აზერბაიჯანთან პრინციპულად დაგვეჭირა პოზიცია და ეს არ მოხდარიყო, მაგრამ იმ დროს არ იყო ამის პოლიტიკური ნება. მადლობა ღმერთს დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა“, – აცხადებს მამა კრიონ ონიანი.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, მამა კირიონ ონიანი, რომელიც წლებია ჩართულია ამ საკითხში, მათ შორის სამთავრობო დონეზე, დღეს პოზიტიურად და ოპტიმისტურად არის განწყობილი. არქიმანდრიტი for.ge–სთან ექსკლუზიურად აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემობრუნების და პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებულმა საკითხებმა მიიღო სამართლებრვი და ობიექტური სახე, რომელიც აქამდე აკლდა ამ პროცესს.

„ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პრემიერ–მინისტრი ჩართული იყო ამ საკითხის მოგვარებაში. ირაკლისთვის პრინციპული საკითხი იყო დავით გარეჯის საკითხი. ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოტრიალების შემდეგ პროცესი განახლდა, აღდგა ჩვენი კავშირები. მან საქმის კურსში ჩააყენა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფაქტორმა დიდი როლი შეიტანა ახალი კარტოგრაფიული მასალების და დამატებითი დოკუმენტების მოძიებაში. ჩემთვის ძნელია საუბარი იმაზე რა დოკუმენტებია, მაგრამ მათი მოძიების პროცესში, საბოლოო ჯამში, გარდამტეხი როლი შეიტანა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოტრიალებამ. მანამდე, როგორც პრემიერ–მინისტრი ჩართული იყო ამ საკითხებში, იცოდა ეს საკითხები და სრული, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა ბიძინა ივანიშვილს. უკვე თავის მხრიდან ბატონმა ბიძინამ გაუკეთა ამ საკითხს ფორსირება. ანუ, გააძლიერა თავისი პიროვნული რესურსი და დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სამთავრობო კურსი რადიკალურად შეიცვალა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მამა კირიონი.

ახალი კარტოგრაფიული რუკა და დოკუმენტები ადასტურებს, რომ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი პოზიტიურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ საუბარი არ არის არანაირ ტერიტორიულ მონაცვლეობაზე, არამედ აბსოლუტურად პრინციპულ მიდგომაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკისგან განსხვავებით, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ასე უპრაგონოდ აძლევდა აზერბაიჯანს ტერიტორიებს, დღეს არის ასეთი მიდგომა – არავითარი, არანაირ მონაცვლეობაზე არ არის ლაპარაკი. ის, რაც არის საქართველოს ტერიტორიაზე, იმაზე ლაპარაკი და მსჯელობა არ შედგება, გამორიცხულია.

ჩვენ არავის არ ვედავებით მის ტერიტორიებს, არავის ტერიტორიებში არ ვიხედებით, ასევე ნურავინ გამოიხედება ჩვენს ტერიტორიებზე და ნუ გვედავება. ანუ, კეთილმეზობლობა უნდა დამყარდეს ჩვეულებრივად სამართლიანად. თუ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ ყველაფერში არ შემოიტანა დესტრუქცია, საქართველოს მხრიდან გამართულია ყველაფერი. საერთაშორისო დონეზეც ვერავინ ვერ მოგვედავება, იმდენად ობიექტურია ჩვენი ყოველი მოთხოვნა, რაც წავუყენეთ აზერბაიჯანს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა.

mamuka უფლის მადლით ყველაფერი კარგად იქნება!.......
4 წლის უკან