მოზარდ მაყურებელთა თეატრის მმართველი მიხეილ ანთაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას პირად ანგარიშსწორებასა და პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. ამის საპასუხოდ კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ ანთაძის განაცხადი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით უადგილოა, რადგან იგი ზუსტად პოლიტიკური ანგარიშსწორებით ითხოვდა თეატრიდან ადამიანებს და სწორედ მან დაანგრია აღნიშნული თეატრი. ასეთნაირად, ასამდე თანამშრომელს დაატოვებინა მოზარდმაყურებელთა თეატრი.
როგორც მანანა ბერიკაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, მიხეილ ანთაძემ აბსოლუტურად ტყუილად დაითხოვა მსახიობები თეატრიდან არა მარტო შარშან, არამედ სამი წლის წინაც, თანაც ზუსტად პოლიტიკური ნიშნით.
„მიხეილ ანთაძემ პოლიტიკური დევნის სარჩული მოიფიქრა იმისთვის, რომ რაღაცნაირად გაამართლოს ის დარღვევები, რაც მას ჩადენილი ჰქონდა, როგორც მმართველს, თავის თეატრში ფინანსური და შემოქმედებითი თვალსაზრისით. არაერთი საჩივრის საფუძველზე, რომელიც კულტურის მინისტრის სახელზე მოვიდა, მოზარდმაყურებელთა თეატრში ფინანსური კომისია შევიდა და მათ ჩამოაყალიბეს დარღვევების ათმუხლიანი პუნქტი, რაც ჩადენილი ჰქონდა მიხეილ ანთაძეს, როგორც მმართველს. სწორედ ამის საფუძველზე კულტურის მინისტრმა ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა“, - აცხადებს მანანა ბერიკაშვილი.
ის, რომ მიხეილ ანთაძე წლების განმავლობაში გადასახადებს მალავდა, ჯერ კიდევ შარშან გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. თეატრიდან მის მიერ დათხოვნილი მსახიობები არ მალავდნენ, რომ მიხეილ ანთაძემ მათ მაგივრად ოჯახის წევრები დაასაქმა, მათ კი ე.წ. რუსული ფულის „აღებას“ არ პატიობდა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობის გაწყვეტას აიძულებდა.
იმ დროს მსახიობი პალიკო ნოზაძე აღნიშნავდა, რომ მიხეილ ანთაძემ პირადად მასთან ვაჭრობა დაიწყო - თუ საქველმოქმედო ფონდ “ქართუსგან” დახმარებაზე ხელს მოაწერთ, ყველას გაგიშვებთო. მართლაც, ასე მოხდა და თეატრის მსახიობებს მოსთხოვეს, მიეტანათ „ქართუდან“ ამონაწერი, რომ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ ფონდ „ქართუსთან“.
კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომისიის დასკვნით, მიხეილ ანთაძეს ექვსი სერიოზული დარღვევა უკავშირდება, თანაც მხოლოდ ბოლო ორი წლის მოღვაწეობის განმავლობაში. უფრო ადრინდელი პერიოდი ჯერჯერობით არ შესწავლილა, თუმცა, შესაძლოა, ახალმა მმართველმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა მოიწვიოს აუდიტი და უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემოწმება განახორციელოს.
ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, კომისიის დასკვნის მიხედვით, იყო კანონის ისეთი პირდაპირი დარღვევები, როგორიცაა ოჯახის წევრების დასაქმება. საუბარია სამ შვილზე, ასევე,- ნათესავებზე. მიხეილ ანთაძემ ათამდე პიროვნება დანიშნა თანამდებობებზე, რაც ეკრძალება სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს, როდესაც ადმინისტრაციული კუთხით ნიშნავს ასეთ პირებს.
გარდა ამისა, კომისიის დასკვნით, დანაკლისი აღმოჩნდა ბილეთებსა და აბონემენტებშიც, რადგან არ იყო გადახდილი გადასახადები. ასევე, ხელფასები, რომელსაც თეატრის მმართველი უხდიდა მის მიერ დანიშნულ ადამიანებს, არ ყოფილა შეთანხმებული კულტურის სამინისტროსთან და სამინისტროს მიერ გეგმის მიხედვით გასანაწილებლად მიცემული თანხა ამ გეგმის გვერდის ავლით, თვითნებური გადაწყვეტილებით, სულ სხვა ადამიანებზე გაიცა.
„როდესაც სამინისტრო გაძლევს 140 ადამიანზე ხელფასის განაწილებისთვის თანხას და შენ 100-ს ადამიანს აკლებ ხელფასს იმისთვის, რომ ამ 140-ის ზევით კიდევ 60 ადამიანს გაუნაწილო, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს მაშინ, როცა ამ 60 კაცისთვის ფულის მიცემა შეეძლო მხოლოდ საკუთარი შემოსავლებიდან, გაყიდული ბილეთებიდან და აბონენტებიდან და არა ბიუჯეტის სახსრებიდან. ამდენად, ეს დასკვნა, პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტროში გავგზავნეთ რეკომენდაციით, შეისწავლონ საკითხი. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ჩვენ და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მივმართავთ პროკურატურას, რათა დადგეს ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ ანთაძის მიერ უკანონოდ დათხოვნილ მსახიობებს, ეს საკითხი კომისიის დასკვნაში მოხსენიებული არ ყოფილა. თუმცა ინფორმაცია არსებობდა, რომ ბევრი პროფესიონალი მსახიობი უკმაყოფილო იყო ანთაძის უკანონობით. ამის მიუხედავად, კომისიას არ ევალებოდა ამ საქმის კომპლექსური შესწავლა. სულ რაღაც სამი კვირა იმუშავა აღნიშნულმა კომისიამ და, რაც აღმოაჩინეს ამ მოკლე ვადაში, ის წარადგინეს კიდეც დასკვნაში.