დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო ტელედებატებს გამართავენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს ქალაქ კლივლენდში, Western Reserve University-ის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

ტელედებატები 30 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 03:00 საათზე დაიწყება. ტელედებატების ხანგრძლივობა 90 წუთს შეადგენს. ტელედებატები 6 სეგმენტად არის დაყოფილი და თითოეული სეგმენტის ხანგრძლივობა 15 წუთს შეადგენს.

საპრეზიდენტო ტელედებატების არაპარტიულმა არაკომერციულმა კომისიამ პირველი ტელედებატების თემები გამოავლინა. კერძოდ, ტელედებატების ფარგლებში კითხვები შემდეგ თემებს შეეხება: კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა, ანტირასისტული დემონსტრაციები, უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის არჩევა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხი ტელედებატების ცალკე თემად გამოტანილი არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტელედებატების წამყვანმა ეს საკითხი თავისი ინიციატივით წამოწიოს.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველ საპრეზიდენტო დებატებს ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, კრის უოლესი გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ 27 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის საპრეზიდენტო დებატები არ უნდა გაიმართოს.

„დებატების გამართვას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ. ვფიქრობ, პრეზიდენტი არ იქცეოდა ისე, რომ დებატების გამართვა საჭირო იყოს“, - განაცხადა ნენსი პელოსინ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო დებატების დროს დონალდ ტრამპის ქცევა პრეზიდენტისთვის შესაფერისი არ იქნება.

„რესპუბლიკური პარტიის“ სტრატეგები მიიჩნევენ, რომ ტელედებატების დროს დონალდ ტრამპის მთავარი კოზირი ეკონომიკის საკითხი უნდა გახდეს. მათი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამომრჩევლებს უნდა შეახსენოს, თუ როგორი მაღალი იყო ეკონომიკის ზრდის ტემპები მისი პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე ტელედებატები 15 ოქტომბერს მაიამიში, ხოლო მესამე კი 22 ოქტომბერს ნეშვილში გაიმართება.

თავის მხრივ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები, „რესპუბლიკელი“ მაიკ პენსი და „დემოკრატი“ კამალა ჰარისი დებატებს 7 ოქტომბერს გამართავენ.

აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.