ამნისტიის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის დაწყებული კონსულტაციების მიზნებსა და მიზეზებზე "ინტერპრესნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
- ქალბატონო ლია, ნათელია, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით იგი ძალაში სავარაუდოდ, 12 იანვარს შევა, ციხეებს პირველ რიგში 190 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტიკური დევნილი დატოვებს. თქვენ როგორ შეაფასებთ სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით კანონს "ამნისტიის შესახებ"?
- საერთოდ, ამნისტიის აქტი არის ჰუმანური, კარგი და კეთილშობილი ქცევის გამოხატულება სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, ამნისტიის კანონი უნდა შევაფასოთ, როგორც ამგვარი ქმედება პარლამენტის მხრიდან, მით უფრო, რომ მისი ახალი ნაწილი "პატიმრების შესახებ", მე ვიტყოდი, სრულიად პროგრესულია, რაც ძალიან მისასალმებელია და ქართულ სამართლებრივ სივრცეში პირველად მოხდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა პოლიტპატიმარი ამნისტირებულთა სიაში ვერ მოხვდა და ეს "პატიების აქტი" ამ მხრივ არის ნაკლული, მაგრამ ამ მიმართულებით პარლამენტი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამნისტიამ წინ გაუსწრო სამართლიანობის აღდგენის იმ საყოველთაო პროცესს, რომელიც საზოგადოებისთვის საარჩევნო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და, რომლის მიმართაც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი მოლოდინი ჯერ კიდევ არის. ამნისტია, ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისული ნაბიჯი. იგი პატიმრებისათვის პატიებით შეეცადა, ნაწილობრივ გამოესყიდა მათ მიმართ არაადამიანურად მოპყრობის ისტორია და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენთან არჩევნებამდე არსებობდა. ასევე ის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებოდა და არასწორად ფუნქციონირება. ასევე ის, რომ ჩვენში ნულოვანი ტოლერანტობის გამოვლინებები იყო. საბოლოო ჯამში, ამინისტიის მიღება, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ საზოგადოების მოლოდინი სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული, თუ ახალი ხელისუფლება უკვე მიღებულ ამნისტიაზე გაჩერდება.
- ამ კანონისადმი წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ თქვენი აზრით, რიგორი იქნება მასზე დასავლეთის რეაქცია? ანუ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დონეზე იმის აღიარებასა და დადასტურებაზე, რომ "ნაცმოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებსა და დევნას. . .
- ხელისუფლებაში მყოფმა პრეზიდენტმა სცადა პარლამენტის დადგენილების დაბლოკვა, მან ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო, რაც ჩვენ უახლოეს ისტორიაში ასევე პირველად მოხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, პარლამენტმა ეს ვეტო დაძლია, რაც ასევე ძალიან მისასალმებელი მოვლენაა. პარლამენტმა დაიცვა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დასავლეთს. დასავლეთში მომხდარზე ჭრელი დამოკიდებულება იყო. გარკვეული წრეები გარკვეული ლობისტური კომპანიების გავლენის ქვეშ იყვნენ და აცხადებდნენ, თითქოს საქართველოში ჰყვაოდა დემოკრატია და ჩვენ დემოკრატიის შუქურაც კი ვიყავით. მაგრამ, არსებობდა უფრო სხვა, პროფესიული წრეები ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების სახით, რომლებიც თავის ანგარიშებში ძალიან ღიად ასახავდნენ იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებობდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ჩვენ როგორ ვფიქრობთ, და არა ის - რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ ჩვენში არსებულ ვითარებას ჩვენი დასავლელი პარტნიორები. უადავოდ პროგრესულია, რომ არ დავემსგავსეთ ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემას, რომელიც თავისი ჭკუით მტერს ემალება და ვაღიარეთ, რომ პოლიტპატიმრები გვყავდა და გადაიდგა ნაბიჯი მათი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
საერთოდ, წმინდა ადამიანური კუთხით რომ შევხედოთ, ადამიანი, რომელიც თავად აღიარებს, რომ დააშავა, შეეშალა და პატიებას ითხოვს, უფრო მისასალმებელია, ვიდრე ის, რომ ადამიანს როცა ფაქტზე წაასწრებენ და ის უარს აცხადებს. ჩვენ რომ პოლიტპატიმრები გვყავდა, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ჩვენ რომ ჩემპიონები ვიყავით პატიმართა რაოდენობის მიხედვით, ესეც ევროპასა და მთელ მსოფლიოში ცნობილი ფაქტი იყო. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ამნისტიის სრულად ამოქედებას დასავლეთში მოჰყვება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის გაუარესება. პირიქით, ეს ჯანსაღი პროცესია და მომხდარი მხოლოდ საზოგადოების სიჯანსაღეზე მიუთითებს.
- თეა წულუკიანის, სოზარ სუბარისა და ეკა ბესელიას ერთობლივ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტპატიმრები ციხეებს 13 იანვარს დატოვებენ, ხოლო 14 იანვრიდან პოლიტდევნილებისა და სხვა მსჯავრდებულების საქმეები აღსრულებისთვის სასამართლოებს გადაეცემათ. რას ნიშნავს ამნისტირებულთა საქმეების სასამართლოსთვის გადაცემა?
- პოლიტპატიმრებად აღნუსხული და აღიარებული პირები იურიდიულად დღეს პატიმრობაში არიან, კანონიერ ძალაში საქართველოს სახელით გამოტანილი სასამართლო განაჩენების საფუძველზე. სასამართლოს ამ განაჩენების გაუქმება შეუძლია მხოლოდ სასამართლოებს. ეს სამართლებრივი პრინციპი რომ არ დაირღვეს, მხოლოდ ამიტომ მოხდება ამ საქმეების სასამართლოებისათვის გადაცემა, რომ სასამართლოებმა გააუქმონ პარლამენტის დადგენილების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებაზე მიცემული განაჩენები, რომლის ძალითაც ადამიანები საპატიმროებში ვადას იხდიან. ამ პრინციპის გამოვლინება, ერთგვარად ფორმალობაცაა, მაგრამ სასურველია, რომ ჩვენს ქვეყანაში ესეთი პროცესუალური დემოკრატიის წესები დაცული იყოს.
- ითქვა, რომ სასამართლოებმა ეს საქმეები ორი თვის ვადაში უნდა განიხილონ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეები მართლაც ბევრია, სასამართლოებისთვის მიცემული ვადა ძალიან ცოტა ხომ არაა?
- სასამართლოებს არ ევალებათ საქმეების არსებითად გადასინჯვა. სასამართლო პარლამენტის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გამოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გაუქმებისა და მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოები საქმეებზე დეტალებში არ იმსჯელებენ, ამიტომ საქმეები ათჯერ მეტიც რომ იყოს, სასამართლოებს მათზე მუშაობა არ გაუჭირდებათ.
- რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ მართმსაჯულების თემის პოლიტიზირება საფრთხეს შეუქმნის ერთი მხრივ მართმსაჯულებას, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით სტაბილურობას? და კიდევ, თქვენი აზრით, რამდენად იმუშავებს ის, რომ პარლამენტის დადგენილებით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონი ამნისტირებულების მიმართ უფრო მკაცრი იქნება?
- ჩვენ თუ რამით ვიყავით უკმაყოფილო, ეს მართმსაჯულების სისტემა იყო, მაგრამ, მიუხედავად იმ მწვავე კრიტიკისა, რაც აქმდე გამოვხატე დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მისამართით, უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელიც გამომუშავდა და მოქმედებს დღეს სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ცოდვა აქვთ ამ მოსამართლეებს ჩადენილი, მაგრამ ისედაც საძირკველმორყეულ ქვეყანაში ერთი ხელის მოსმით სასამართლოს შეცვლა მადესტაბილიზებელი ფაქტორი იქნებოდა, ამოტომ არამც და არამც არ შეიძლება ამის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებას ეს ესმის და ამიტომ არ აკეთებს. რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხდა, როდესაც მოსამართლეები ერთი ხელის მოსმით გაყარეს, ახალი ხელისუფლება ბევრს აძლევს შანს, დაამტკიცოს, რომ არის ღირსეული იურისტი და შეძლებს მოსამართლის მანტიის მორგებას. მეორე მხრივ, შეცვლის პროცესი იქნება, მაგრამ იქნება ძალიან აწონ-დაწონილი ნაბიჯების გადადგმით. კარგია, როცა ხელისუფლება ცდილობს, მოსამართლეებზე პირდაპირი ჩარევა და ზეწოლა არ მოახდინოს.
რაც შეეხება ამნისტირებულების მიმართ კანონის გამკაცრებას. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამნისტირებულებს ნაპატიებ სასჯელს ახლად ჩადენილი დანაშაულის სასჯელი ემატება და მათზე შეიკრებითობის პრინციპი გავრცელდება. არ ვფიქრობ, რომ პატიმართა ციხეებიდან გამოშვების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდება. ღარიბაშვილის უწყების სასარგებლოთ უნდა ითქვას, რომ ეფექტიანად და ქმედითად მუშაობს. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ ის ხალხი, რომელიც ახლა ციხეებიდან გამოდის, დამნაშავე იყო და ჩადენილი დანაშაულისთვის ჩასვეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათი გათავისუფლება საფრთხეს არ შეიცავს და საზოგადოებას თავის ტკივილს არ მოუმატებს.
- საკონსტიტუციო კომისიის საერთო-სახალხო განხილვის პირველ სხდომაზე ცნობილი გახდა ის თემები, რომლებიც ამ ეტაპზე განიხილება. საუბარია კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებაზე, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია, აგრეთვე, მუხლზე, რომლის თანხმადაც პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, პარლამენტის ნების გარეშე გადააყენოს მთავრობა. უმრავლესობის ლიდერები ამ საკონსტიტუციო მუხლების შეცვლის მიზნად ქვეყნისთვის პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას ასახელებენ. თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება უმრავლესობის მოტივაცია?
- საერთოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ძალიან ფუნდამენტური და იმავდროულად ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენი დროისა და ქვეყნის სამართლებრივი სისტემისთვის. ამიტომ, არ მივესალმები ისევ კოსმეტიკურ ღონისძიებებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შესაძლოა და, უნდა ვირწმუნოთ, რომ მიმართულია უახლოეს მომავალში აგვაცილოს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისების ის პოტენციალი, რაც ამ კონსტიტუციაში ჩაიდო "ნაცმოძრაობის" მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად, არ წამოყობს თავს და უახლოეს მომავალში კვლავ არ გაგვიჩნდება პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩენის საშიშროება. ამგვარი რეაგირების რეჟიმით კონსტიტუციაში ცვლილებებისადმი დამოკიდებულება არ არის მისასალმებელი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვაკრიტიკებთ "კონსტიტუციურ პროცესს", რომელიც კონკრეტულ ადამიანზე, კონკრეტულ პერიოდზე, კონკრეტულ მოვლენაზეა მიმართული და არ გულისხმობს ამ ქვეყნის სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი მოწყობის ფუნდამენტური პრინციპების შექმნას, ამ საძირკვლის ფუნდამენტურად ისე გამყარებას, რომელზეც შემდგომ უნდა აიგოს მთელი ქვეყნის, სახელმწიფოს ცხოვრება და მოწყობა, ამიტომ, მე არ მივესალმები ამ ღონისძიებებს.
გარდა ამისა, არჩევნებამდე ჩვენ ფართოდ გვქონდა გაშლილი კრიტიკა ამ მიმართულებით; ვფიქრობ, რომ პარლამენტი უფრო მასშტაბურად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და არა ასეთი ნახევარი ნაბიჯების ღონისძიებებით. საჭიროა, გაცილებით მასტაბური მსჯელობა გაჩაღდეს იმასთან დაკავშირებით, საერთოდ როგორი საკოსტიტუციო მოდელის მოწყობა გვინდა და როგორ გვინდა ავაგოთ ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ, ეს საკითხი გაცილებით უფრო ფართო მდგომას საჭიროებს. ალბათ, პარლამენტმა ჩათვალა, რომ ამისთვის არ სცალია. მესმის, რომ მათ ძალიან ბევრი გადაუდებელი საკითხი აქვთ გადასაწყვეტი, მაგრამ ოდესმე ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს კონსტიტუციაზე ფუნდამენტური მუშაობა.
- თქვენი აზრით, რატომ ცდილობს უმრავლესობა პრეზიდენტის უფლებამოსილების 6 თვით ადრე შეზღუდვას და მთლიანად არ ცვლის კონსტიტუციას? ანაც, რატომ ყონვდება ახალი კონსტიტუციის შემუშავებისათვის საკონსტიტუციო კომისიის შექმნა?
- შესაძლოა, მე ახლა ბევრი ადამინის მოსაზრებას გავახმოვანებ თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი უმრალესობა არ იყო საკმარისად მზად, ის პასუხიმგებლობა და ტვირთი აეღო თავზე, რაც მას ახლა დაატყდა - არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა და ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა უწევს, რომელიც ქვეყანაში ბოლო 9 წლის მანძილზე დაგროვდა.
ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლება ძალიან რთული ამოცანის წინაშე, შესაძლოა ზეამოცანის წინაშე დგას, მაგრამ, თუ შეიძლება ასეთი ტერმინი გამოვიყენო - უფრო ვაჟკაცური საქციელი იქნებოდა, მათ თვალი გაესწორებინათ იმ ზღვა პრობლემებისათვის, რომელიც არსებობს; ეთქვათ, რომ ისინი ამ პრობლემებს ფუნდამენტურად მიუდგებიან და - არა ნახევარი ღონისძიებებით, ანუ ჩაეხშოთ საშიშროების კერები, რაც შესაძლოა წარმოიშვას.
კონსტიტუციონალისტებს ძალიან კარგად ესმით, რომ პრეზიდენტი აღჭურვილია ძალიან ბევრი კონსტიტუციური უფლებებით და მის მიერ მხოლოდ ვერბალურად გამოხატული ე.წ. კოჰაბიტაციის სურვილები და რაღაც შეთავაზებები არაფერსაც არ ნიშნავს. შეიძლება პრეზიდენტმა ერთ მშვენიერ დღეს და ეს არ იქნება მშვენიერი დღე, სრულად აამოქმედოს ის კონსტიტუციური მექანიზმები, რომელიც მას ჯერ კიდევ ხელთ აქვს. ამ საშიშროების გასანეიტრალებლად პარლამენტი ცდილობს, არ გააღვიძოს ცეცხლისმფრქვეველი ვეშაპი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციურად და ადამიანურადაც სააკაშვილის სახით გვყავს. ამიტომაცაა, რომ პარლამენტი მცირე ინექციებით ცდილობს მისი უფლებამოსილების შეზღუდვას ისე, რომ მისი თავმოყვარეობა ზედმეტად არ შელახოს და მისი გამძვინვარება არ გამოიწვიოს. ამგვარი სიტუაცია სახარბიელო იმიტომაც არ არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ხალხმა უზარმაზარი მანდატი მისცა, რომლითაც მან უნდა ისარგებლოს, რომ ბოლოს და ბოლოს დაალაგოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითადი საფუძვლები.
- უმრავლესობის ლიდერები იმედოვნებენ, რომ კონსულტაციების რეჟიმში შესაძლებელი იქნება უმრავლესობასა და უმცირესობას შორის საერთო ენის გამონახვა. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მხარს დაუჭერს უმრავლესობის ინიციატივებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით?
- როგორც ჩანს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 101 ხმა უმრავლესობას აქვს და ეს არ მოხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უმცირესობასაც ჰგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დღეს და ახლა. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ, ჩვენსავე ზურგს უკან პოლიტიკური გარიგებების შემსწრენი ვართ, რაც ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის მოსაწონი არ არის და არც უნდა იყოს მოსაწონი.
ჩვენ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც არ გვინდოდა, რომ ხელისუფლებაში მოსულ ახალ ძალას არ ჰქონოდა რაიმე გარიგებები წინა ხელისუფლებასთან; ჩვენ ვყოფილიყავით სრულად ინფორმირებული იმ ე.წ. კონსულტაციების შესახებ, რაც ახლა მიმდინარეობს. ახლა გამოიკვეთა, რომ კონსულტაციები საკონსიტუციო ცვლილებებზე გარიგებებშია გადაზრდილი, რაც ჩვენთვის მისასალმებელი არ არის.
- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავება-დაკითხვების პოლიტიკაზე და ეს გახდა საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეთანხმების წინაპირობა?
- დიახ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასე მოხდა. თავად პრემიერ-მინისტრმა თქვა თავის ინტერვიუში, რომ რაღაც ამნისტია უნდა იქნეს მიღებული წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. თუმცა, ჩვენ როცა მათ ვაკრიტიკებდით დაჭერების გამო, ეს არ იყო მათთვის სასიამოვნოდ მოსასმენი, მაგრამ, ეტყობა, მათ ბრიუსელიდან სტრასბურგიდან, ვაშინგტონიდან იგივე რომ მოისმინეს, დარწმუნდნენ, რომ ასე მოქმედება სჯობდა და ბარემ, თავისი საქმისთვისაც გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ეს სიტუაცია. ანუ, როგორმე ისე შეზღუდონ პრეზიდენტი, რომ მას გარკვეული ხაფანგიც კი მოუწყონ, იქნებ იგი თავისივე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს და ამით ჩაახშონ ის მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი, რაც შესაძლოა კონსტიტუციურმა მომენტმა შექმნას.