„მარშალის გეგმას“ დაარქმევენ, ფელდმარშალის, თუ გენერალსიმუსის, ამით არაფერი შეიცვლება“

„მარშალის გეგმას“ დაარქმევენ, ფელდმარშალის, თუ გენერალსიმუსის, ამით არაფერი შეიცვლება“

წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეულმა პარტიებმა საკუთარი პროგრამების პრეზენტაციისას მეტად ხმაურიანი ტიტულატურა გამოიყენეს - „მარშალის გეგმა“, „სტრატეგია აღმშენებელი“...

ისტორიულად ცნობილია, რომ მარშალის გეგმამ, ანუ ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაარჩინა ევროპა. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. ეს იყო აშშ-ის მთავარი ოთხწლიანი პროგრამა ევროპის აღმშენებლობისთვის.

იმ პერიოდში გაღებულ იქნა 13 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება ევროპის უპრეცედენტო ზარალის აღმოსაფხვრელად.

მართალია, სტალინმა ეს გეგმა საბჭოეთისთვის საშიშრად ჩათვალა და ამერიკის იმპერიალისტური გეგმა უწოდა, მაგრამ გეგმის განხორციელების დასასრულს ევროპული ქვეყნების ეკონომიკამ ომამდელ დონეს გაუსწრო და ევროპამ უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

ამჯერად „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ამავე დასახელების გეგმა, რაც, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. ხაზარაძემ აქცენტი გააკეთა საქართველოს რეგიონების ფინანსურ და კულტურულ ცენტრად გადაქცევაზე და მთავარი მესიჯები გააჟღერა, მათ შორის, ძლიერი საშუალო ფენა, 600 000 ადამიანი 3 ათას ლარზე მეტი შემოსავლით და 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, გლეხი ძლიერ ფერმერად და არც ერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა, არც ერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე, გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას, ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება და სხვა. გარდა ამისა, ხაზარაძემ აქცენტი გააკეთა ძლიერი საშუალო ფენის შექმნისა და სტრატეგიული მეგა-პროექტების, მათ შორის, ანაკლიის დასრულების შესახებ.

„მარშალის გეგმის“ გარდა უფრო ადრე კიდევ ერთი ამბიციური ინიციატივის „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ამ სტრატეგიის წარდგენისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „სტრატეგია აღმშენებელი“ ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების დახმარებით საქართველოს განვითარების გეგმა, რამაც საქართველო რეგიონის ლიდერად უნდა აქციოს.

გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმშენებლის“ ფარგლებში შემდეგი დაპირება გასცა: 4 წელიწადში 300 ათასი სამუშაო ადგილი, მათ შორის, 95 ათასი სამუშაო ადგილი ცხრა ახალ ინდუსტრიულ ცენტრში, 9 ათასი სამუშაო ადგილი აგროსექტორში, 21 ათასი მცირე სასტუმროებში. ასევე, ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, წამლების 30%- ით გაიაფება და სხვა.

რას მოუტანს კონკრეტული პარტიების მიერ შედგენილი გეგმები ჩვენს ქვეყანას?

ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომმარშალის გეგმას“  დაარქმევენ, ფელდმარშალის თუ გენერალსიმუსის, ამით არაფერი შეიცვლება. ერთ დიდ ცნობილ მოაზროვნეს აქვს ნათქვამი, „ჩვენ შეგვიძლია აბსტრაქციის ძალით კბილის ჯაგრისი ძუძუმწოვართა კლასს მივაკუთვნოთ, მაგრამ ამით მას სარძევე ჯირკვლები არ ამოუვაო“. ამდენად, ცალკეულ პროგრამებს რაც არ უნდა დაარქვან, ის რეალობაზე უნდა იყოს დამყარებული და არა სურვილებზე.

„ამ შემთხვევაში, გიპასუხებთ არა მარტო როგორც ეკონომისტი, არამედ ეკონომიკის ფსიქოლოგიც, იმისთვის, რომ გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ, უნდა წავახალისოთ ასეთი იდეები. ეს დაახლოებით ისეა, როგორც სასკოლო ასაკის, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ახალისებენ, აძლევენ საშუალებას, ითამაშონ, თუნდაც ინვენტარი გააფუჭონ. ჩვენ არ უნდა ჩავკლათ საზოგადოებაში ნოვაციის განწყობა და სურვილი, რაღაც ცვლილებები შეიტანონ. რა თქმა უნდა, იქნება კრიტიკაც, არასწორი ნაბიჯებიც, მაგრამ თავის დადება იმაზე, რომ ადამიანებს ავუკრძალოთ რაღაც მიმართულებით იდეების წამოყენება, არ იქნება სწორი. ყველაფერი საქმეში გამოჩნდება. არის ასეთი ტრივიალური ნათქვამი, „სჯობია იყო ჯანმრთელი და მდიდარი“, ვინ არის ამის წინააღმდეგი? მაგრამ ამის მიღწევის გზები რამდენად რეალიზებადია?!“ - აცხადებს სოსო არჩვაძე for.ge- სთან საუბრისას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ- ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე არ თვლის, რომ ეს დასახელებები ხმამაღალია. ის ამბობს, რომ არ იცის, „მარშალის გეგმა“ რატომ დაარქვეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავიანთ პროგრამას და რა დგას ამის უკან, მაგრამ „მარშალის გეგმაში“ არის მომენტები, რომლებიც „სტრატეგია აღმშენებელში“ ჰქონდათ, მაგალითად, სამსაათიანი ფრენის ზონაში პირდაპირი რეისები ქალაქებთან...

„ძალიან კარგი, რომ ჩვენი სტრატეგიიდან ცალკეული საკითხები გამოიყენეს. ბევრი რამ, რაც ჩვენ გვქონდა სტრატეგიაში, შევიდა სხვადასხვა პარტიის პროგრამაში. ჩვენ მთავრობასაც ვეუბნებოდით, წაიღეთ ეს იდეები, ოღონდ რამე გააკეთეთ. რაც შეეხება „სტრატეგია აღმშენებელს“, ზუსტად ვიცით, რატომ დავარქვით ეს სახელი. ეს არის სტრატეგია და ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ გვაქვს სწორედ სტრატეგია, რომელზეც მუშაობა არ დაგვიწყია ერთი თვით ადრე. ამაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2019 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც საერთოდ საარჩევნო პროგრამაზე არც იყო საუბარი, როდესაც მეც, ბევრი ჩემი კოლეგაც პარტიის წევრები არის და ვიყავით. თითქმის ყველა მიმართულებით დავდეთ განვითარების სტრატეგია. რატომ აღმაშენებელი? რადგან აღმაშენებლის ხანა იყო და რჩება საქართველოში ყველაზე წარმატებულ პერიოდად ქვეყნის ისტორიაში. ამიტომაც მოხდა ორი სიტყვის ერთმანეთთან შეთანხმება - „სტრატეგია აღმაშენებელი“. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ხედვებით, გეგმებით, ასევე, შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო“, - აღნიშნა for.ge- სთან საუბრისას სერგო ჩიხლაძემ.