„ვაქცინის გარეშე ასეთ დიდ ეპიდემიას ვერ გადავურჩებით, თუმცა ვაქცინა ბევრ რისკს უკავშირდება, უბრალო ვაქცინასაც კი უამრავი გვერდითი მოვლენა აქვს, მათ შორის, ტვინის ანთება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე.
კორონავირუსის გავრცელების მხრივ საგანგაშო ზღვარს ვუახლოვდებით, ამ დღეების განმავლობაში შენარჩუნებულია საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელი 296 შემთხვევა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი რადიკალური ნახტომი. რამ გამოიწვია ასე მოულოდნელად შემთხვევების მატება, იმან ხომ არა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები გახშირდა?
- რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელება, ალბათ, იმის ბრალია, რომ გარედანაც შემოვიდნენ ვიზიტორები, ადგილობრივებიც რაღაცნაირად შეეჩვივნენ ვირუსის არსებობას, თითქოს გაუბრალოებულიც იყო კორონავირუსის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულება, მორიდება, იყო ქორწილები, ქელეხები, თავშეყრის მომენტები და ამან გამოიწვია შემთხვევების მატება. ტურისტებმაც ამ მხრივ თავისი როლი ითამაშეს. კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მკურნალობაზე, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი. თუ მასობრივად მოხდება დაინფიცირება და, ღმერთმა ნუ ქნას, მძიმე ფორმები დიდი რაოდენობით წამოვა, მაშინ ფიზიკურად ვერ აუვა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამდენ პაციენტს. ამდენი არც რეანიმაციული განყოფილება გვაქვს, არც ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ამიტომ მაქსიმალურად ეპიდთავდაცვაზე უნდა ვიფიქროთ.
სულ მალე სეზონური გრიპის გავრცელება დაერთობა კორონავირუსს. რამდენად აუცილებელია ასეთ დროს აცრა, რათა ორი ვირუსი ერთმანეთში არ აირიოს?
- დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაოდენობრივად მაინც შევამციროთ სეზონური გრიპის შემთხვევები, რადგან ეს ხელს შეუშლის დიაგნოსტიკას. სანამ გაიგებ ადამიანს რა სჭირს, ათჯერ მეტი პაციენტის გამოკვლევა იქნება საჭირო და შეიძლება, მართლა კორონაინფიცირებული გვერდზე დარჩეს და ტყუილად გაკეთდეს ბევრი ანალიზი. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები იქნება გრიპოზული ინფექციის შემთხვევები, მით უკეთესი.
რადგან ერთმანეთს ჰგავს სიმპტომებით ეს ორი დაავადება?
- დიახ, ისიც რესპირაციული ინფექციაა და ესეც, ზოგჯერ ერთი-ერთში ჰგავს, რადგან გრიპის ერთ-ერთი გართულება და სიკვდილის მიზეზი ისევ და ისევ პნევმონიაა. კლინიკურ მიმდინარეობაში აქვს რაღაც განსხვავებები, მაგრამ შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ წარიმართოს კორონავირუსი.
მშობლებს არჩევანი აქვთ ან დისტანციურად ისწავლონ მათმა შვილებმა, ან საკლასო ოთახებში. თქვენ რას ურჩევდით ამ მზარდი ვირუსის ფონზე?
- სიმართლე გითხრათ, როდესაც ასეთი მზარდი შემთხვევებია, მე მაინც დისტანციურ სწავლებას ვამჯობინებდი, თუ არის ამის საშუალება. რაც უფრო ნაკლები იქნება ბავშვების თუ დიდების თავშეყრა, მით უკეთესი. მესმის, ზოგი იმასაც ამბობს, ბავშვებს უფრო ნაკლებად ემართებათ კორონავირუსიო, თითქოს ეს მართალიცაა, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ამიტომ, თუ სწავლების დონე შენარჩუნდება და ღირსეული იქნება დისტანციური სწავლების მეთოდი, აჯობებს, დისტანციური იყოს. თუმცა ზოგიერთ მშობელს ერთი სული აქვს, როდის გაუშვას ბავშვი სკოლაში, რომ თავისთვის დრო დარჩეს, ზოგს სამსახური აქვს, ზოგს თავისი პრობლემა.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კორონავირუსის მუტაცია იმაში გამოიხატა, რომ მან ახალი თვისება- გადამდებლობა გამოავლინა. ეს მართლაც ასეა? იქნებ, გადამდებლობა კი არ გამოავლინა, არამედ ადამიანების ურთიერთობების გახშირებამ გამოიწვია ეს გადამდებლობაც?
- მე მაინც მგონია, რომ ურთიერთობებისა და კონტაქტების გახშირებამ გამოიწვია შემთხვევების მატება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, არის ასეთი გამოთქმა მედიცინასა და ვირუსოლოგიაში - პასაჟირება. როდესაც ვირუსი ერთიდან მეორე ადამიანს გადაეცემა, უფრო მეტად ძლიერდება გადადებული ვირუსები, რადგან იმ ვირუსმა უკვე გაიარა ბრძოლა ერთი ადამიანის იმუნიტეტთან და თითქოს მოემზადასავით შემდეგი ბრძოლისთვის. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ასე მასობრივად მოიმატა გადამდებლობამ, რაც ცოტა იშვიათად ხდება ხოლმე. ალბათ, ეს უფრო ჩვენი ზერელე დამოკიდებულების ბრალია ამ ვირუსთან, ვიდრე მუტაციური ცვლილებები. თუმცაღა, ესეც არ არის გამორიცხული. საერთოდ, უფრო პათოგენობა იზრდება ხოლმე ამ დროს, გადამდებლობა იმდენად არა, უფრო იზრდება ხოლმე ტოქსიგენობა და სიკვდილიანობის მაღალი დონეც შეიძლება ამას დავუკავშიროთ.
იყო მოლოდინი, რომ ახალგაზრდების ორგანიზმში გავლისას ეს ვირუსი დასუსტდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ამას რით ახსნით?
- ვირუსი თუ გადარჩა და გადარჩენილი ვირუსი კიდევ ვინმეს გადაედო, ის ბევრად უფრო ძლიერია. ერთი სიტყვით, ადამიანი ან უნდა განიკურნოს, ან უნდა დაიღუპოს. ერთი ადამიანიდან გადარჩენილი ვირუსი უფრო ძლიერია, როცა სხვას გადაედება. ამას პასაჟირება ჰქვია.
მთელი მსოფლიო მოლოდინით შეჰყურებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მაგრამ, ალბათ, ვაქცინას ყველანაირად სჯობს პირბადის გამოყენება, რადგან ვაქცინამ შესაძლოა, უკუშედეგები გამოიწვიოს.
- დიახ, სჯობს, არ დაგვემართოს ეს ვირუსი, ვიდრე უცხო ვაქცინა გამოვიყენოთ. ვაქცინა რა არის? ვაქცინის მნიშვნელობაა, ორგანიზმმა გამოიმუშავოს ანტისხეული. ეს სხვადასხვა გზით ხდება, ერთი, როდესაც შეჰყავთ დასუსტებული მიკრობები ან ვირუსები, მეორე, როდესაც შეჰყავთ ანტიგენი და, მესამე, როდესაც შეჰყავთ ტოქსინი. ამ შემთხვევაში, ან დახოცილს შეიყვანენ, ან დასუსტებულ ვირუსებს შეიყვანენ ორგანიზმში, მაგრამ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, ორგანიზმი სხვადასხვანაირია და ჰიპერრეაქცია შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება იყოს როგორც ალერგიული რეაქცია, ან ღმერთმა ნუ ქნას, დასუსტებულ ორგანიზმში რომ შეიყვანონ ეს ვაქცინა, მაშინ შესაძლოა, თვითონ დაავადებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ვაქცინა ბევრ რისკს უკავშირდება, უბრალო ვაქცინას რომ ვეძახით, რითიც ძირითადად ჩვენ ვიცრებით, მას უამრავი გვერდითი მოვლენები უწერია, მათ შორის, ტვინის ანთება, ენცეფალიტეტიც კი გართულების სახით. ასეთი რამ ათასში ერთხელ, მაგრამ ხდება. ამიტომ, ელემენტარულად, თავდაცვა სჯობია, ვიდრე უცხო ცილის შეყვანა. თუმცაღა, ვაქცინის გარეშე ასეთ დიდ ეპიდემიას ვერ გადავურჩებით.
სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში ვირუსის გავრცელება რუს ტურისტებს უკავშირდება, რომლებიც შემოვლითი გზით და ნაცნობობით შემოდიოდნენ.
- ასე არ შეიძლება საუბარი, რომ ვიღაცამ შემოიტანა კორონა, როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა ეს ვირუსი. შეიძლება, ვიღაც ჩუმად შემოვიდა და რაღაც შემოიტანა, მაგრამ ასე თურქეთიდანაც შემოდიან აჭარაში, ზოგს ბიზნესი აქვს, ზოგს სამედიცინო მიზნები აქვს, ამიტომ მარტო რუს ტურისტებს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. გავიხსენოთ, როგორი თავშეყრა მოაწყეს აჭარაში ცოტა ხნის წინ, კონფერენციები და ა.შ. ამიტომ ყველაფერმა ერთად განაპირობა ვირუსის გავრცელება. რაც უფრო ნაკლები იქნება ასეთი შეკრებები, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ვირუსი.
ბ-ნი პროფესორის ნათქვამიდან გამოდის, რომ კორონასაც ეხება ეს - რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო! :))
თავიდან თუ სალაგა ვირუსები გვეომებოდნენ და მათ ადვილად ვუმკლავდებოდით, ახლა უკვე იმუნიტეტთან ბრძოლებში გამოცდილ-გამოჯეკილი ვირუსის პროფესიონალი რაზმები გადმოვიდნენ შეტევაზე!
მაგალითად, პატივცემული ხმალაძე ამბობს,
რომ ვირუსი თუ გადარჩა და გადარჩენილი ვირუსი კიდევ ვინმეს გადაედო, ის ბევრად უფრო ძლიერია. ერთი სიტყვით, ადამიანი ან უნდა განიკურნოს, ან უნდა დაიღუპოს. ერთი ადამიანიდან გადარჩენილი ვირუსი უფრო ძლიერია, როცა სხვას გადაედება. ამას პასაჟირება ჰქვია.
შეიძლება რუსული კალკი პასაჟირება კი ჰქვია, მაგრამ სრულიად მოკლებულია მეცნიერულ საფუძვლებს და ასევე რეალობიდან არის ამოვარდნილი. როგორც ვიცით კორონა ვირუსი ერთ ლოკალურ ადგილას წარმოიქმნა ჩინეთში ქალაქ ვუხანის მიდამოებში, გავრცელება დაიწყო ერთი ბაზარში მოვაჭრე ქალისაგან, შემდეგ ვთქვათ გადაედო 5-ს. იმ 5 დან კიდევ 5-ს, და გაჩნდა 31 ვირუსმატარებელი და ა.შ. საქართველოში შემოღწეული ვირუსი მე-20 ვირუსმატარებლის თააობის უნდა იყოს და თავდაპირველთან მიმართებაში უნდა ავლენდეს გაცილებით მეტ ლეტალობას! რაც, ფაქტიურად ასე არ არის! სინამდვილეში ის ვირუსი, რომელმაც ერთი ავადმყოფის ორგანიზმში იმოქმედა და გადარჩა არის ბუნებრივად დასუსტებული, ნაომარი, დაჭრილი, ხელ-ფეხ მოჭრილი და მას უკვე მეორე ადამიანის ჯანსაღი იმუნიური სისტემა ებრძვის. ხატოვნად რომ ვთქვათ თუ პირველ სხეულში დაკარგა მარჯვენა ხელის მტევანი და თვალი, მეორეში უკვე მოჭრეს ყური და დაუავადდა ღვიძლი... ასე რომ იქიდან წამოსულს მესამე ორგანიზმში კიდევ უფრო მეტი განსაცდელი ელის... და რაღაც ეტაპზე ვღებულობთ უკვე სრულიად დასუსტებულ ვირუსს, რომელსაც თავისი ყველაზე აგრესული თვისებები დაკარგული აქვს და დროთა განმავლობაში ის ახალი ორგანიზმისათვის სრულიად უწყინარი ხდება. რეალობაში ასე ხდება ყველა ვირუსული ეპიდემიის დაძლევა. ასე რომ არ იყოს და გადადების ყველა ჯერზე ახალი უფრო მძლავრი -მავნებელი მოდიფიკაცია წარმოიქმნებოდეს, მაშინ სიცოცხლე რა ხანია (ალბათ ჩანასახშივე) სრულიად განადგურებული იქნებოდა!