ალექსანდრ ლუკაშენკომ ემანუელ მაკრონს ურჩია გვერდზე ნაკლებად გაიხედოს და საფრანგეთის შიდა საქმეებს მიხედოს. ასეთი კომენტარი გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერვიუს, რომელიც მან გამოცემა Le Journal du Dimanche-ს მისცა. მაკრონმა აღნიშნა, რომ ბელარუსში კრიზისია, ამიტომ ლუკაშენკომ თანამდებობა უნდა დატოვოს.
ბელარუსის პრეზიდენტის პასუხი სახელმწიფო სააგენტო „ბელტამ“ გამოაქვეყნა:
„პირველი: როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი მაკრონის პრინციპებიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ საკუთარი ლოგიკის მიხედვით საფრანგეთის პრეზიდენტს თანამდებობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დაეტოვებინა - როცა პარიზის ქუჩებზე „ყვითელმა ჟილეტებმა“ დაიწყეს გასვლა. გადის წლები, „ჟილეტები“ კვლავ ქუჩებში არიან, და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო, ბატონი მაკრონი კვლავ თავის თანამდებობაზეა, საფრანგეთი კი იქცა ქვეყნად, სადაც პროტესტები ჩვეული მოვლენაა...
მეორე. როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი - მოუწიფებელს - მინდა ვურჩიო ბატონ მაკრონს ნაკლებად იყუროს გვერდზე და ამის ნაცვლად ბოლოს და ბოლოს საფრანგეთის შიდა საქმეებს მიხედოს.
და ბოლოს, როგორც ადამიანმა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქ, ბელარუსში გვეჩვენება, რომ ემანუელ მაკრონი მეტისმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთ ყოფილ კანდიდატს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კანდიდატი ქალბატონია {სვეტლანა ტიხანოვსკაია}, საფრანგეთის ლიდერის რისკზე მიდის და შესაძლოა საფრანგეთის შიდა პრობლემებს კიდევ პირადი უსიამოვნებებიც მიიღოს - საკუთარ სახლში“, - ნათქვამია ლუკაშენკოს განცხადებაში.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკვე 50 დღეა აპროტესტებენ. 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.