სომხეთ–აზერბაიჯანს შორის საომარი მდგომარეობა განახლდა. ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ამოქმედდება. ამასთან, აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. რეჟიმი იმოქმედებს ბაქოში, განჯაში, სუმგაითში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში და კიდევ 16–მდე რაიონის ტერიტორიაზე.
კომენდანტის საათის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა და მხარეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის შედეგად, გორანბოის მიმართულებით, მუროვის სიმაღლე აიღეს. ამან საშუალება მისცა აზერბაიჯანელ სამხედროებს, რომ კონტროლი მოეპოვებინათ სომხეთის ქალაქ ვარდენისსა და მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ აღდერეს დამაკავშირებელ გზაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ხელს შეუშლის სომხეთიდან ყარაბაღში დამატებითი სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებას.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარეს არ სურს ამ კონფლიქტის არასრული გადაჭრა. ალიევი ხაზგასმით აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების მიწები არ სჭირდებათ, მაგრამ მათ მიწას არავის მისცემენ.
„ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს აზერბაიჯანის ამოცანას და ბაქო არ დათანხმდება მის სანახევროდ გადაწყვეტას. არ დავუშვებთ „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე და დღევანდელი მოვლენები ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
კონფლიქტის მეორე მხარე, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხს არ გამორიცხავს. სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა მთიან ყარაბაღში გამწვავებული ვითარება განიხილეს. ფაშინიანი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში.
„ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში. მოვუწოდებ ეუთოს, მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს ვითარების სერიოზულობაზე. ჩვენ ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგები. ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთთან კონფლიქტში მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა. მისი თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
„თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადეკვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა თავის დაუდევარ პოზიციას, არ არის კონფლიქტის დარეგულირებისკენ ორიენტირებული“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდორანმა.
„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, ცეცხლი შეწყვიტონ და მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობას და დიალოგს, - ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის შეფასებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მომდინარე ინფორმაცია საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.
„სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მოლაპარაკებების მდგომარეობაში სასწრაფო დაბრუნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ერთადერთი გამოსავალია“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.
მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს ოფიციალური თბილისი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგა.
„ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში. ყარაბაღში გუშინ განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს.
ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები პროცესს დააკვირდებიან, მოვლენებს გააანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, თუ სომხეთ–აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს საქართველოსთვის აპოკალიფსური სცენარი იქნება. როგორც ექსპერტი აცხადებს, ახლა საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი და განსაზღვროს, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი, მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობისას, არსებულ ვითარებაში. ამასთანავე, როგორც ფხალაძე აცხადებს, საქართველოს შეუძლია, შესთავაზოს დაპირისპირებულ მხარეებს ქვეყანა, როგორც მოლაპარაკების ადგილი.
„ყარაბაღის შეიარაღებულ დაპირისპირებას საქართველოზეც რომ ექნება უარყოფითი ზეგავლენა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს კონფლიქტი ეხება ჩვენს მეზობლებს და ჩვენს პარტნიორებს. ურთიერთობის დაძაბვა და კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ და მხოლოდ ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ყველა მიმართულებით.
ეს ეხება ჩვეულებრივ სამხედრო უსაფრთხოებას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ენერგო უსაფრთხოებას და სხვა. ორივე ქვეყანა არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელთანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები ვითარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თავისთავად, კონფლიქტი ამ ორ სახელმწიფოს შორის ვნებს ჩვენს ინტერესებს.
ფეთქებადსაშიში ვითარებაა და სიტუაცია ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გუშინ, დღეს ან ხვალ. აქ არის როგორც შიდა ფაქტორები, ასევე გარე ფაქტორები. აქ ძალიან აქტიურად არიან ჩართული გარე ძალები, რომლებიც აქტიურად არიან დაინტერესებულები იმაში, რომ მუდმივად არსებობდეს დაძაბულობის კერა. ასე რომ, ეს ძალიან რთული თემაა“, – ამბობს თენგიზ ფხალაძე.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ თუ კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ ამოიწურება და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ნიშნავს, რომ მასში მთელი რეგიონი იქნება ჩართული, მათ შორის საქართველოც. მისი თქმით, კონფლიქტის გააქტიურება მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება.
„ძალიან მძიმე ვითარებაა. საერთოდ, კონფლიქტების განახლება ხელოვნურია ხოლმე, როდესაც გააქტიურდება პროცესი, რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ნებაზეა ეს დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ახლანდელი გააქტიურება და საომარ ფაზაში გადასვლა, მსხვილი მოთამაშეების ინიციატივით ხდება. აქ ჩანს თურქეთისა და რუსეთის ხელი და შეიძლება სხვისიც, მე აქ მტკიცებას ვერ დავიწყებ. ასეა თუ ისე, თუ ეს კონფლიქტი არ ამოიწურება რამდენიმე დღეში და ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რეგიონი იქნება ჩათრეული ამ ომში, მათ შორის საქართველოც. ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით, რეგიონს კატასტროფა ემუქრება. მოხდება ეს ასე, თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის ლოგიკა ამის თქმის უფლებას მაძლევს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.