„ბორჯომის“ боржом-ად გარდაქმნა დასრულებულია

„ბორჯომის“ боржом-ად გარდაქმნა დასრულებულია

საქართველოში „ბორჯომის“ გაყიდვასთან დაკავშირებით „შეხმატკბილებულად“ დუმან - ქართული ბრენდის ოფისი, პატარკაციშვილების ოჯახი, ყველა, ვისაც ინფორმაციებზე ხელი მიუწვდება. არადა, რუსები სიამოვნებით ხელებს იფშვნეტენ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხელში ჩაიგდეს საქართველოს ნომერ პირველი ბრენდი. ამის შემდეგ ონიშჩენკო „ბორჯომს“ რუსეთის კარს გაუღებს.

გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია „აიდიესბორჯომი“ 300  მილიონ დოლარად რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა „ალფა ჯგუფმა” იყიდა. რუსული წყაროების ცნობით, პატარკაციშვილები „აიდიეს ბორჯომი“-ში მხოლოდ მინორიტარულ, ე.წ მცირე აქციონერებად დარჩნენ. 

კომპანია დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების მინერალური წყლების ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეა. ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხნის გარდა, კომპანია ფლობს მირგოროდისა და მორშინსკის მინერალური წყლის ქარხნებს უკრაინაში. მასვე ეკუთნის რუსეთში დღეს ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი „სვიტოი ისტოჩნიკი”.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის „სელფორდის“ აქტივებზე, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადავო აქტივები, მათ შორის, „აიდიეს ბორჯომი“ ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს კი კომპანია რუსული „ალფა ჯგუფის” საკუთრება გახდა.

იმის შესახებ, რომ „ბორჯომის“ აქციონერებმა აქტივების მყიდველის ძიება დაიწყეს, ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. მაშინ გარიგების თანხად 400–500 მილიონი სახელდებოდა, პრეტენდენტებს შორის კი იყვნენ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი TPG CAPITAL და სხვა ფონდები, ასევე კომპანია „სისტემა” და „ალფა ჯგუფი”.

„ბორჯომი”, რომლის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანაც 2006 წლიდანაა აკრძალული, რუსი ბიზნესმენებისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო იყოს იმით, რომ უახლოეს პერიოდში მინერალური წყლის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნება.

აწ უკვე „ბორჯომის“ მფლობელ-განმკარგავი მიხაილ ფრიდმანი რუსეთის უმსხვილესი ბიზნესმენია, რომელიც კონსორციუმ „ალფა–ჯგუფის” თანამფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. კონსორციუმი „ალფა–ბანკს”, „ალფა–კაპიტალს”, „ალფა–დაზღვევას” და სხვა კომპანიებს აერთიანებს. ფრიდმანი არის ასევე ნავთობ კომპანია „ტეენკა–ბიპი”–ს თანამფლობელი, „ვიმპელკომის“–ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 13,4 მილიარდიანი ქონებით მან 2012 წელს რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა.

„ამერიკის ხმის“ შეფასებით, მყიდველმა რუსულმა „ალფა ჯგუფმა“ უაღრესად ხელსაყრელი დრო შეარჩია - ოფიციალურმა მოსკოვმა დეკემბრის ბოლოს ქართულ მინერალურ წყლებზე 2006 წელს დაწესებული ემბარგოს გაუქმების პირობა დადო. ქართულ „ბორჯომსა“ და „ლიკანს“ რუსულ ბაზარზე დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეთ, მით უმეტეს, რომ „ალფა ჯგუფს“ რუსეთში საკუთარი მაღაზიების, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი აქვს, რომელიც შარშან 1,5 მილიარდმა ადამიანმა მოინახულა.

ყველაზე სახელგანთქმული ქართული ბრენდის - „ბორჯომის“ ისტორია 1825 წელს დაიწყო. მინერალურმა წყალმა მალე მთელს რუსეთის იმპერიაში გაითქვა სახელი. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა. 1890 წელს „ბორჯომის” საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო, ასი წლის შემდეგ კი „ბორჯომი” საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო, მისმა რეალიზაციამ 450 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.