ბადრი მანჯავიძე: „ნინო ლომჯარიამ გიორგი კეკელიძე თანამშრომლის დისკრიმინაციაში ამხილა“

ბადრი მანჯავიძე: „ნინო ლომჯარიამ გიორგი კეკელიძე თანამშრომლის დისკრიმინაციაში ამხილა“

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამეურნეო სამსახურის უფროსი სპეციალისტი ბადრი მანჯავიძე უკვე წლებია, შესაბამისი ორგანოებისგან რეაგირებას ელის, რათა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, დასრულდეს „წიგნთა ვარამი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

2019 წლის 17 დეკემბერს ჩვენს წინა ინტერვიუში მან ისაუბრა ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში არსებულ პრობლემებზე. უფრო ადრე კი, 2019 წლის 30 ნოემბერს გაასაჯაროვა ამის ამსახველი ვიდეოები. ვიდეოებში ჩანდა სარემონტო სამუშაოების კვალდაკვალ უმეთვალყურეოდ, დამცავი საშუალებების გარეშე დაწყობილი წიგნები, პერიოდული გამოცემები, ფონდებზე შემოდებული შესადუღებელი აპარატურის ელექტროდები, რკინები.

დღეს ბადრი მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, თუ რა შედეგი გამოიღო მისმა ბრძოლამ.

თქვენს მიერ ატვირთული ვიდეოების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- მას შემდეგ, რაც დარღვევების თაობაზე 2019-20 წლებში წერილობით ვაცნობე პარლამენტის თავმჯდომარეს, აპარატის უფროსს და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ჩამომაჭრა კორპორატიული ტელეფონით სარგებლობის თანხა, ასევე, არ მომცა ფულადი ჯილდო, მაშინ, როცა აღნიშნული გადაეცა ყველა სხვა დანარჩენ საჯარო მოხელეს და ჩემი მუშაობა 2019 წლის პერიოდში შეფასებული იყო უმაღლესი ქულით. ამ და სხვა არაერთ ფაქტზე განცხადებით მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს. ახლა, ანუ 10 თვის თავზე, სახალხო დამცველმა დაადასტურა განსხვავებული შეხედულების ნიშნით ჩემი „დისკრიმინაციის“ ფაქტი. 2020 წლის 10 სექტემბერს გამოსცა რეკომენდაცია და გადაუგზავნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს. გადაუგზავნა ისევ იმას, ვინც განახორციელა და დღესაც განაგრძობს ჩემს შევიწროებასა და დისკრიმინაციას. ფაქტობრივად, ვიბრძოლე და შანსი არ დავუტოვე ქალბატონ ნინო ლომჯარიას, დაედო დასკვნა, თითქმის ათი თვე მოანდომა ამას, მაშინ, როდესაც ყველაფერი დღესავით ნათელი იყო და მსგავს საქმეებზე მაქსიმუმ ექვსთვიანი პრაქტიკა აქვთ. უფრო კონკრეტულად, ქალბატონ ნინო ლომჯარიას ბოლოს მივწერე გიორგი კეკელიძის საქმეზე, როგორც მის თანაკლასელზე, თუმცა უაპელაციოდ ახანგრძლივებდა და გაჰყავდა დასკვნის გამოცემის დრო. სხვათა შორის, სახალხო დამცველი ვალდებულია, ეს რეკომენდაცია გაუშვას პრესრელიზში და საჯარო გახადოს, მაგრამ ნინო ლომჯარია ამას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის დაქვემდებარებაშია. პარლამენტარებს თუ მიმართეთ რეაგირებისთვის?

- 2020 წლის 23 იანვარს განცხადებით მივმართე 21 პარლამენტარს. განცხადებაში მოყვანილი იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების არაერთი ფაქტი. მათ შორის, დანართში დისკით გავუგზავნე ის ჯოჯოხეთური ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ კეთდება წიგნსაცავებში შედუღებითი და სხვა მძიმე სამუშაოები წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების თავზე ისე, რომ ფონდების გამოტანა საცავებიდან არ მომხდარა, თუმცა ტენდერის პირობებით, გათვალისწინებული იყო საცავების ფონდების დაცლა. კიდევ ერთ, ყოვლად გაუგონარ შემთხვევაზე მოგახსენებთ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ტენდერი გამოაცხადა 50 ერთეული უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული რუკების შესანახ კარადაზე. ნაცვლად ამისა, 54 700 ლარად მოხდა ხის, კარდონისა და ხის ე.წ. მდფ-ის მასალით დამზადებული კარადის მიღება-ჩაბარება მომწოდებლისგან.

რა პრინციპით შეარჩიეთ 21 პარლამენტარი?

- ისინი ყველა პარტიისა თუ ფრაქციის წარმომადგენლები არიან. მანამდე, პირადად შევეხმიანე რამდენიმე მათგანს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ოპოზიციიდან მომწერეს, რომ ეს ყველაფერი ოფიციალურად შემეტანა მათ სახელზე. ასე რომ, წერილებით მივმართე ეკა ბესელიას, ხათუნა გოგორიშვილს, თინათინ ბოკუჩავას, ნინო გოგუაძეს, ირმა ინაშვილს, სოფიო კილაძეს, სვეტლანა კუდბას, ადა მარშანიას, გუგული მაღრაძეს, ენძელა მაჭავარიანს, ირმა ნადირაშვილს, სალომე სამადაშვილს, ირინე ფრუიძეს, ლელა ქებურიას, თამარ ჩუგოშვილს, ნატო ჩხეიძეს, ნინო წილოსანს, ფატი ხალვაშს, ელენე ხოშტარიას, თამარ ხულორდავას, მარიამ ჯაშს.

ვინმე თუ გამოგეხმაურათ?

- მაგალითად, შემეხმიანა და ნანახით შეშფოთება ვერ დამალა ენძელა მაჭავარიანმა, ქალბატონებმა ადა მარშანიამ და ირმა ნადირაშვილმა. გამონაკლისი იყო პარლამენტის წევრი ქალბატონი ეკა ბესელია. მან განცხადებაზე პასუხიც გამომიგზავნა და რეაგირებისთვის საქართველოს გენპროკურატურას გადაუგზავნა. 21 დეპუტატიდან დანარჩენს არც ერთს განცხადებაზე პასუხი არ მოუწერია და დღემდე არ შემხმიანებიან. რა ხდება პარლამენტის კულუარებში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ამას ვუწოდოთ კოაბიტაცია, არ იქნება რელევანტური, ეს რაღაც ახალი და ამაზე მეტია. სულ ფერფლად რომ იქცეს ჩვენი საერთო საგანძური, თუ ამ ე.წ. პოლიტიკოსთა დღის წესრიგში არ ჯდება, ხმას არ ამოიღებენ და იქნებიან ასე პირში წყალჩაგუბებულები. ასეთი უმოქმედობით ჩვენი კანონმდებლები თავადაც ხდებიან კანონდამრღვევები. მას შემდეგ, რაც ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ადეკვატურად და კანონშესაბამისად არ აპირებდა ჩემს ოფიციალურ განცხადებებზე რეაგირებას, პირიქით, დაიწყო ჩემი დისკრედიტაცია-შევიწროება, გადავწყვიტე, დარღვევები გამესაჯაროებინა. 2019 წლის 18 ივნისს ზემოხსენებული ვიდეოები მივუტანე ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს, მასთან კიდევ რამდენჯერმე ვიყავი მისული. მან ნანახზე აღშფოთება ვერ დამალა და დამპირდა ჟურნალისტური გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას, შემდეგ ჯერზე გადამამისამართა გვერდითა ოთახში მომუშავე ჟურნალისტთან. გადის დრო და მან მითხრა, რომ დოკუმენტაცია გამოითხოვა ეროვნული ბიბლიოთეკიდან, თურმე 300 ფურცელზე მეტია, ოთახში ტევა არ მაქვს და ვსწავლობთო. შემდეგ აგვისტოს თვეში შვებულებაში გადიოდნენ და დამპირდა, თავად შემეხმიანებოდა. თუმცა არ შემხმიანებია და არც მე შევეხმიანე, რადგან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჟურნალისტური გამოძიება იბლოკებოდა.

ამ დროს კი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი 2019 წლის 8 ივლისს სიამაყით აღნიშნავდა ფეისბუკის სტატუსში, რომ თურმე მე არაერთ ტელევიზიაში მიმქონდა ვიდეოჩანაწერები და თურმე მასაც ანახეს, ვციტირებ სტატუსიდან, „ერთ-ერთ ტელევიზიაში პროფესიონალმა და პატრიოტულად განწყობილმა ჟურნალისტებმა“. ის, რომ 2019 წლის 24 ივნისს, ჩემი იქ მისვლიდან ერთ კვირაში მართლაც იყვნენ მისული საზმაუწყებელში გიორგი კეკელიძე, მისი მოადგილე და დეპარტამენტის დირექტორები, ამის გადამოწმება ელემენტარულად შესაძლებელია.

სამომავლოდ რას აპირებთ?

- ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ დარღვევებსა და შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე შემოწმება დაიწყო ფინანსურმა პოლიციამ. დღეს საქმე თაროზეა შემოდებული. რომ არა პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას მიმართვა, ვეჭვობ, ყურს არავინ შეიბერტყავდა.

თქვენ ელით, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ რამე შეიცვლება?

- დღემდე არ შემხმიანებია არავინ, არ ვიცი, რას მოიმოქმედებს გიორგი კეკელიძე სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე. ვეჭვობ, არ დაგიდევთ არაფრად და მეტიც, ყოველმხრივი დაუსჯელობით წახალისებული, კვლავ გააგრძელებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. შევხედავ, გიორგი კეკელიძეს რა რეაგირება ექნება ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. გამორიცხული არ არის, სასამართლოსაც მივმართო.

For.ge დაუკავშირდა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს, მან აღნიშნა, რომ ბადრი მანჯავიძე პერიოდულად მის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, თავად კი არ შედის მასთან დისკუსიაში.

For.ge ეროვნული ბიბლიოთეკის საბიუჯეტო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს ლევან თაქთაქიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დისკრიმინაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, ადამიანს ტელეფონის კორპორაციულ თანხას შეუმცირებენ თუ არა, რადგან ბიბლიოთეკის თანამშრომლების 90%-ს კორპორაციული ტელეფონი საერთოდ არ აქვს.

„ეს დისკრიმინაციაა? შეიძლება, კორპორაციულის დანიშვნა-არდანიშვნა იყოს დისკრიმინაცია? ეს ადამიანი სუბიექტურადაა განწყობილი დირექციის მიმართ, ამის რეალური მიზეზი ის არის, რომ მას თავიდანვე უნდოდა დაწინაურება. ეს არ მოხდა, რის შემდეგაც აირჩია ეს გზა. მინდა დავიჯერო, რომ ამ გზას იმიტომ დაადგა, ყველას დაანახოს, რომ ის ჩვენს ფონდებსა და თანამშრომელთა უფლებების დაცვაზე ზრუნავს, მაგრამ, ასევე, მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი პროვოკაცია და დირექციის პროვოცირებაა. პირდაპირი შეხება ამ ადამიანთან არ მაქვს, ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომელია, ვცდილობ, არ გავაკრიტიკო მისი ქმედებები, რადგან არსებობენ სხვა ადამიანები ბიბლიოთეკაში, რომლებსაც უშუალოდ მისი დეპარტამენტი ექვემდებარება“,-აცხადებს ლევან თაქთაქიშვილი.

რაც შეეხება პრემიას, ლევან თაქთაქიშვილის თქმით, ეს საკითხი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა და მან არ იცის, მისცეს პრემია ბადრი მანჯავიძეს, თუ არა, ან რამდენი მისცეს, მაგრამ პრემიის საკითხიც, ასევე, დისკრედიტაცია არ არის, რადგან, ლევან თაქთაქიშვილის განმარტებით, „ყველამ უნდა მიიღოს მაინცდამაინც პრემია?!“

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიუჯეტო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, კარადების დამზადების საკითხს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ კარტოგრაფიული რუკებისთვის დაამზადებინეს კარადები, რისთვისაც ტენდერი იყო გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რაღაც-რაღაცები დაარღვია, რის გამოც დამსახურებულად გადაიხადა ჯარიმა და ნაწილობრივ გამოასწორა დარღვევები, ლითონის სისქე გაზარდა 1 მილიმეტრის ნაცვლად 2 მილიმეტრით, მყარი კონსტრუქცია შექმნა, ამაზე მიმართა კომისიას, კომისიამ განიხილა საკითხი სხდომაზე და გადაწყვიტა, რომ მისაღები იყო ეს თაროები. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ეს თაროები დღესაც მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. ამ კარადის რაღაც ნაწილი, შიგთავსი კონსტრუქციული თვალსაზრისით უფრო მსუბუქი რომ ყოფილიყო, სხვა მასალისგან გაკეთდა და არა ლითონისგან.

„ბადრი მანჯავიძეს გადაღებული ჰქონდა ვიდეოები და მიტანილი ჰქონდა ტელევიზიებში, რომ გაეშუქებინათ, როგორ მდგომარეობაში მიმდინარეობდა რემონტი. უკვე ოთხი წელია გასული რემონტიდან, მან კი ორი წლის შემდეგ მიიტანა ეს ჩანაწერები. შესაბამისად, როგორც კი გააკეთა ჩანაწერები, მაშინვე ჩვენთვის უნდა ეთქვა ამის შესახებ, რომ რემონტი ასე ტარებოდა. ეს განახორციელა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უარი უთხრეს დაწინაურებაზე. ამით მას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლებები, მან გამოიყენა ეს უფლება და ორი წლის შემდეგ გაახსენდა ამ ძველი ჩანაწერების ტელევიზიაში მიტანა ისე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციისთვის არ უცნობებია. ეს ყველაფერი მან ჩაწერა არაკანონიერი გზით, ჩუმად, იმ დროს, როდესაც თვითონ ჰქონდა ჩაბარებული ელექტროშემდუღებლების კონტროლი. ამას სხვა სახელი ჰქვია, ერთი მხრივ, ამას ჰქვია შანტაჟი, მეორე მხრივ, ეს არის ფონდებზე ზრუნვა. ქართველმა ერმა და თქვენმა მკითხველმა გადაწყვიტოს, ის საქართველოს ფონდების მცველია, თუ შანტაჟისტი“, - აცხადებს ლევან თაქთაქიშვილი.