მარეგულირებელი კომისიის საჩუქარი „ბილაინს“

მარეგულირებელი კომისიის საჩუქარი „ბილაინს“

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) პროკურატურას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ აფბა-ს პრეზიდენტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განცხადება for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მისი თქმით, კომუნიკაციების სფერო, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური დარგი რეგულირებას ექვემდებარება, რათა ადგილი არ ჰქონდეს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას და ბაზრის მოთამაშეების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

ორგანო, რომელიც ამ სფეროს რეგულირებას ახდენს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა, თუმცა ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, ქვემოთ მოყვანილი ერთი ფაქტიც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ კომისია ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა-შენარჩუნების ხელშეწყობის ნაცვლად, კანონმდებლობის უხეში დარღვევებით ხელს უშლის ამ პროცესს.

„იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ ამ სფეროში დააფიქსირა, გადავწყვიტეთ, ცალკეული საკითხები შეგვესწავლა და საზოგადოება გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგვეყენებინა. საქმე ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობას, რომელმაც გარკვეული კომპანიების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენა“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, საუბარია მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფზე, რასაც ყველა მობილური ოპერატორი იხდის, რათა სხვადასხვა ოპერატორებს შორის დაკავშირება მოხდეს. აფბა-ს პრეზიდენტის განცხადებით, მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთი მოთამაშის, „ბილაინის“ ინტერესების სასარგებლოდ, სხვა ოპერატორების („მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“) მიმართ მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის დადგენილებით, რომელიც იმავე წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა, ურთიერთჩართვის ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა - „მაგთისა“ და „ჯეოსელს“ „ბილაინისთვის“ ქსელში ჩართვისთვის უნდა გადაეხადათ 14.8 თეთრი, „ბილაინს“ კი იგივე მომსახურებისთვის აღნიშნული კომპანიებისთის 8 თეთრიანი ტარიფი განესაზღვრა, ანუ სხვაობამ 6.8 თეთრი შეადგინა. ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ეს სხვაობა ძალიან მაღალია და კომპანიებისადმი ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის უხეში დარღვევაა.

„თავიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო ის, რომ „ბილაინი“ ბაზარზე ახალი მოთამაშე იყო და მას გარკვეული შეღავათები და ხელშეწყობა სჭირდებოდა იმისათვის, რომ ბაზარზე ძალაუფლება მოეპოვებინა, თუმცა 2011 წლის მაისში, როდესაც კომპანიის წილმა ბაზარზე 15%-ს გადააჭარბა, ანუ გახდა ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე, კომუნიკაციების კომისიამ ტარიფის გადახედვის საკითხი არ დააყენა დღის წესრიგში. მარეგულირებელმა ამ ტარიფების გადახედვა მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში მოახდინა და ახალი ტარიფი 2012 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. ამდენად, თითქმის ერთი წელი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ აჩუქა „ბილაინს“, რათა მას დაახლოებით შვიდი თეთრით დიდი ურთიერთჩართვა მიეღო, რაც ჩვენი შეფასებით არასამართლიანია“, - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, დღეს „მაგთი“ და „ჯეოსელი“ „ბილაინს“ 11 თეთრს უხდიან, ანუ ურთერთჩართვის ტარიფში განსხვავება სამ თეთრს შეადგენს. ამასთანავე, ჭიჭინაძე ამბობს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ თითქოსდა იმის სადემონტრაციოდ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფში სხვაობა სხვა ქვეყნებშიც არის, შესაბამისი სტატისტიკა გამოქვეყნა, რითაც ისევ თავისი თავის საწინააღმდეგო ინფორმაცია გაავრცელა.

კერძოდ, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ისლანდიაში, დანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში და კიდევ ბევრ ქვეყანაში ურთერთჩართვის ტარიფში განსხვავება საერთოდ არ არის, გერმანიაში სხვაობა არის 0.006 ცენტი, ანუ ფაქტობრივად არ არის რეალური სხვაობა, თურქეთში იგივე მაჩვენებელი - 0.7 ცენტს შეადგენს, ბელგიაში - 1 ცენტს, ესპანეთში - 1 ცენტს და ა.შ. აფბა-ს პრეზიდენტის თქმით, მოყვანილი სტატისტიკა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ - არ შეიძლება სხვადასხვა კომპანიებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფი განსხვავებული იყოს და რამდემიმე კომპანია ბაზრის რომელიმე მოთამაშეს ასუფსიდირებდეს, ვინაიდან სუბსიდირება არ არის ის ფორმა, რომლითაც ბაზრის ახალ მოთამაშეს შეიძლება შეეწყოს ხელი.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი საკითხი. კერძოდ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბაზრის მოთამაშეების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოიჩინა, რაც კანონის დარღვევაა. ამასთანავე, მარეგულირებელმა გულგრილობა გამოიჩინა და თვალი დახუჭა „ბილაინის“ მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მოპოვების ფაქტზე, რის შედეგაადაც სატარიფო პოლიტიკა ამ კომპანიის მიმართ უნდა შეცვლილიყო და ამით კომპანია „ბილაინს“ ერთი წლით გაუხანგრძლივა „სასათბურე პირობები“, რაც ასევე კანონდარღვევაა.

და ბოლოს, მარეგულირებელმა კომისიამ ხელი შეუწყო ბაზრის 2 მოთამაშის მიერ მესამე კომპანიის ფაქტობრივ სუბსიდირებას. ეს ქმედება კანონდარღვევად ითვლება“, - აღნიშნავს ჭიჭინაძე.

აფბა მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღნიშნული კანონდარღვევები არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ დეტალურად სწავლობს საკომუნიკაციო სფეროში არსებულ ვითარებას და მიმდინარე კვლევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. რაც შეეხება წარმოდგენილ ფაქტებს, მათი სამართლებრივი შესწავლის თხოვნით „აფბა“ მთავარ პროკურატურას მიმართავს და იმედოვნებს, რომ ეკონომიკა ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც გახდება რეალურად საბაზრო ნიშნების მატარებელი, რაც ერთ-ერთი უპირველესი პირობაა ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მიღწევის გზაზე.