„ეს არის გლობალური კრიზისი, ჩვენზე ცუდ სიტუაციაში არიან ჩვენზე მეტად განვითარებული და დიდი ქვეყნები“

„ეს არის გლობალური კრიზისი, ჩვენზე ცუდ სიტუაციაში არიან ჩვენზე მეტად განვითარებული და დიდი ქვეყნები“

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, ლარი გაუფასურებას რეკორდული სისწრაფით განაგრძობს. მართალია, მსგავსი პროცესები ქვეყნის ეკონომიკისთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ეროვნული ბანკიც კი აღიარებს, რომ მინიმალური სტაბილიზაციის მოხდენაც კი, მის შესაძლებლობებს აღემატება. რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს, მსოფლიოში შექმნილი საერთო ფონიდან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ ლარი ასეთი მყარი არასდროს ყოფილა. ასევე ფიქრობს ექსპერტთა ნაწილიც, რომლებიც ლარის კურსის ცვლილებას საერთო ფონს უკავშირებენ.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელსაც for.ge ესაუბრა, ამბობს, რომ ლარი უფასურდება, მაგრამ კატასტროფული არაფერი ხდება. ექსპერტი გაუფასურების რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს:

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მართალია ლარი კურსი უფასურდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული გაუფასურება. ეს უკავშირდება, ყოველთვის ორ ფაქტორს: ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მოლოდინები, რაც შეიძლება, საზოგადოებაში არსებობდეს. ჩვენ რომ დავაკვირდეთ სავალუტო სიტუაციას – რაიმე გაუარესება მაკროეკონომიკური კუთხით ამ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში არ გვაქვს. სტატისტიკა - რომ აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკის დაცემის ტემპი შემცირდა, ეს აშკარაა. მაკროეკონომიკური სურათი, რასაც ვუყურებთ ბოლო თვეების განმავლობაში, გაუარესებული არ არის. მაშინ რა ხდება? რა ახდენს ლარის კურსზე ზეწოლას? ეს, ჩემი აზრით, არის უარყოფითი მოლოდინები. არჩევნების წინ დაძაბულობა სავალუტო ბაზარზე ყოველთვის შეინიშნება ხოლმე. ხალხი ელოდება არჩევნებს და მის შედეგებს. თავის დაზღვევის მიზნით, ბევრი ადამიანი და კომპანიაც ყიდულობს დოლარს. ეს ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა. ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს ხოლმე მეზობლებთან არსებული ვითარება, პირდაპირი გავლენა შეიძლება არ ჰქონდეს ამას, მაგრამ ლირა გაუფასურდა. ბოლო დღეებში იმასაც ვაკვირდებით, რომ ამერიკაში დოლარი გამყარდა, შესაბამისად, ლარი გაუფასურდა. ამერიკის ეკონომიკის პროგნოზი დაიდო 2 დღის წინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა უფრო ნაკლებად დაეცემა, ვიდრე – მოსალოდნელი იყო. ამან გამოიწვია დოლარის გამყარება. ამ სიტუაციაში, როცა მსოფლიო ტრენდი ისეთია, რომ დოლარი მყარდება, აქ ეს აუცილებლად იწვევს ლარის გაუფასურებას. ვალუტების უმრავლესობა უფასურდება ხოლმე.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ბოლო დღეების გაუფასურება არის მოლოდინების შედეგი. ჩემი დაკვირვებით, რაც დაიწყო კოვიდის გამოვლენის ყოველდღიური მაჩვენებლების ზრდა, ბიზნესსაც და ეკონომიკასაც მოლოდინები გაუჩნდა, რომ შეიძლება, ეკონომიკას ცუდი სიტუაცია შეექმნას. დაიწყეს დოლარის შესყიდვა. კოვიდის შემთხვევების ზრდასა და ლარის კურსის დაცემას შორის პირდაპირი კორელაცია დავინახე.

ფასების ზრდას პროგნოზირებს ექსპერტთა ნაწილი, თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოლოდინს?

- ვფიქრობ, ბაზარმა უკვე რეაგირება მოახდინა, არ არის გამორიცხული, რომ კურსი უახლოეს დღეებში დასტაბილურდეს. მით უმეტეს, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვები გამოაქვეყნა, რომელიც იმედის საფუძველს გვაძლევს. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ლარის გაუფასურება დიდი არ არის. შესაბამისად, თუ ლარის კურსი ამ ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდა, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის დიდ საშიშროებას ვერ ვხედავ. თუ გაგრძელდება გაუფასურება, მაშინ ბიზნესი კორექციას მოახდენს და ფასებს აწევს. იგივე ნავთობპროდუქტებზე, კვების პროდუქტებზე, არის ძალიან დაბალი მარჟები და ცხადია, ისინი შეეცდებიან ფასების აწევით მოახდინონ კორექცია და შეავსონ მარაგები. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, ეს არ არის ძალიან დიდი ზრდა. აქედან გამომდინარე, უნდა დავაკვირდეთ გაცვლით კურსს და შესაბამისად გამოვიტანოთ დასკვნები.

მოცემულ სიტუაციაში, როდესაც არის გაზრდილი უმუშევრობა, უპერსპექტივობა, არ ვიცით რა იქნება ახლო მომავალში, როდის შეძლებს ეკონომიკა გამართულად ამუშავებას? ლარის კურსის ასეთი ვარდნა მოსახლეობაზე არ მოქმედებს?

- რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ მე მთლიან სურათს ვუყურებ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, ვის როგორ უჭირს, მაგრამ მთლიანი სურათი რომელიც ლარის კურსს განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში შეცვლილი არ არის. რაც შეეხება უმუშევრობას, მე გეთანხმებით, უმუშევრობა არის და არ მაქვს აქ კითხვები, ძალიან რთული სიტუაციაა. მართალია, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ იგივე ტურიზმი გაზაფხულიდან ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, მაგრამ სრული დატვირთვით ამუშავებას მაინც არ უნდა ველოდოთ.

გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ხდება ლარის სტაბილიზაციის მცდელობა, ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა კუთხითაც არის საჭირო სახელმწიფოს ჩარევა იგივე ბიზნესთან მიმართებაში?

- თუ ეს კრიზისი გაგრძელდა, ცხადია, სახელმწიფოს მოუწევს ბიზნესისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცემა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ ხდება მარტო ჩვენთან, ეს არის გლობალური კრიზისი, ჩვენზე ცუდ სიტუაციაში არიან ჩვენზე მეტად განვითარებული და დიდი ქვეყნები.

ფაქტია, ლარის გაუფასურებას ფასების აწევაც მოყვება, ზღვრული ფასების დადგენაში რამდენად ხედავთ გამოსავალს?

- ჩემი აზრით, მთავრობა ნაკლებად უნდა ჩაერიოს, ვინაიდან ბაზარი არის კარგი რეგულატორი. ამ კონტროლს მეტი დისკომფორტი შემოაქვს მოსახლეობისთვის და რაც მთავარია, მსგავსი ჩარევები იწვევს კორუფციის გაჩენას. თუმცა, ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ფოკუსირებული დახმარება მეტად ეფექტური იქნება, ვიდრე ასეთი ჩარევები.

საგარეო ვალიც ასევე რეკორდულად არის გაზრდილი, როგორ აისახება ეს ყველაფერი მომავალ წლებზე?

- ვალის ზრდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ჩვენ 2019 წელს საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან გვქონდა დაახლოებით 43%, ეს არის სახელმწიფოს ვალი, და დღეს, ალბათ, გვექნება 58 პროცენტი. მომავალ წლებში, როდესაც ეკონომიკა გაიზრდება, ალბათ, ჩვენ გვექნება ვალის კლება, ამის პროგნოზი არსებობს. ჩემი აზრით, ამ ვალის აღება იყო აუცილებელი. 58-60 პროცენტი კატასტროფული მაჩვენებელი არ არის. თქვენ რომ სხვა ქვეყნები ნახოთ, მაგალითად, საბერძნეთი, იაპონია მათ რამხელა ვალები აქვთ... მათ ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა ნამდვილად აქვთ. ანუ, ვამბობ, რომ ვალის ზრდა არის ცუდი, მაგრამ დღეს, ეკონომიკის რაღაც სექტორები რომ მუშაობს და ეკონომიკის გარკვეულ სტაბილურობას უწყობს ხელს, ეს არის საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების დამსახურება. ვფიქრობ, მომავალ წელს ეს ციფრი ჩამოვა 55 პროცენტზე და შემდეგ წლებშიც განაგრძობს კლებას.

ეს ვალიც ლიმიტირებულია, ჩვენ უკვე მივაღწიეთ ლიმიტს, ამის შემდეგ რა იქნება?

- მართალია, ლიმიტს მივაღწიეთ, მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა მეტი კრედიტის აღებას არც აპირებს, მით უმეტეს ჩვენ კიდევ შეგვიძლია ვალის აღება.

მთავრობა ვალის აღებას ამართლებს იმით, რომ ამით მოხდა პენსიების გაცემა, დაფინანსდა სხვადასხვა სოციალური პროექტები და ასე შემდეგ, როცა ამ ვალს ვეღარ ავიღებთ რა მოხდება, პენსიებს ვეღარ გავცემთ?

- საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ეკონომიკის კლება გვექნება დაახლოებით 5%-მდე. მომავალ წელს, ჩვენ უკვე გვექნება ზრდა, ანუ ნელ-ნელა ქვეყანა გამოვა კრიზისიდან და დავიწყებთ ვალების გასტუმრებას და ის საბიუჯეტო სახსრები, რომელიც მობილიზებული იქნება ეკონომიკის ზრდის შედეგად, პენსიების მხრივ პრობლემას არ შექმნის.

მთავრობას ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა არ აქვს და ამ ოპტიმისტურ პროგნოზებს რაზე დაყრდნობით დებენ?

- აბსოლუტურად, მთლიანად იქნება ეკონომიკა გახსნილი, გაიხსნება საზღვრები, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის იქნება ვაქცინა, აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ზაფხულიდან, როდესაც ტურიზმის ბუმი იწყება, ვიცით, რომ ტურიზმზე ძალიან ბევრი სექტორია მიბმული, ეს ძირეულად შეცვლის სურათს. ტურიზმს ვიცით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტში შეჰქონდა 11 პროცენტი, ეს ძალიან დიდი ციფრია. და დღეს რა ციფრებიც გვაქვს კლების, ამის მომატებას მომავალ წელს ტურიზმი უზრუნველყოფს.