კახელები ახალი ბახტრიონის დაწყებით იმუქრებიან

კახელები ახალი ბახტრიონის დაწყებით იმუქრებიან

ბურების შემდეგ ქართულ მიწებს ინდოელებმა დაადგეს თვალი. პენჯაბელმა ფერმერებმა საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „The Guardian“-იც იტყობინება.

სტატიის ავტორი ჰყვება იმ „უჩვეულო მიგრაციის“ შესახებ, რომელიც პენჯაბიდან საქართველოში მიმდინარეობს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, არავინ იცის, როდის დაიწყო ეს პროცესი, თუმცა პენჯაბელმა ფერმერებმა ყური მოჰკრეს, რომ ამ კავკასიურ ქვეყანაში განადგურებული სოფლის მეურნეობის გამო ასობით ჰექტარი ნოყიერი მიწა მიტოვებულია.
გამოცემის ჟურნალისტი ესაუბრა 38 წლის თუჯინდერ სინგჰს, რომელიც დიუსელდორფში მზარეულად მუშაობდა, თუმცა შემდგომ ყველაფერი მიატოვა და საქართველოში 50 ჰექტარი მიწა არენდით აიღო. თავად სინგჰმა არ იცის, თუ სად არის განთავსებული მისი მომავალი ფერმა, თუმცა იცის ის, რომ ეს მიწა თურქეთსა და სომხეთს ესაზღვრება და მასში 950 დოლარს იხდის ჰექტარზე, თანაც, - 99 წლიანი ვადით. ეს კი გაცილებით დაბალი ფასია, ვიდრე პენჯაბის მიწის ღირებულება, სადაც მიწები ბევრს არ ჰყოფნის.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასობით ინდოელი ფერმერი ახლა რიგებში დგას, რათა საქართველოში ჩამოსვლისთვის შესაბამისი დოკუმენტი მიიღოს. ქართული მიწების მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და ინდოეთის მთავარ ქალაქებში აგენტები საქართველოს მიწებისა და იქ ბიზნესის წარმოების რეკლამირებას ეწევიან.

სტატიის ავტორი იხსენებს, რომ მსგავსი პროექტი, რომელიც საქართველოში სამხრეთ აფრიკელი ფერმერების ჩამოსახლებას ითვალისწინებდა, ჩავარდა. ამასთან, სტატიის ავტორი წერს, საქართველოს ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებს პენჯაბელი ფერმერების ჩამოსვლას და აფრთხილებს, რომ მათ საქართველოში არავინ ელის, მით უმეტეს, რომ საქართველოში მიწები არც ისე ბევრია. თავის მხრივ, ინდოეთში მოღვაწე ქართველებიც აცხადებენ, რომ საქართველოში ახლადჩასული ინდოელები, შესაძლოა, იმედგაცრუებულნი დარჩნენ. არც ზოგიერთ პენჯაბელს ახარებს თანამემამულეების წასლვა უცხო მიწაზე, ისინი სოფლიდან მასობრივი გადინების გამო საუკუნოვანი ცხოვრების წესის განადგურებას შიშობენ.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ინდოეთის ამ შტატიდან ჩამოსული ადამიანები მოხეტიალე და აგრესიულები არიან, მათი შემყურე კახელები კი მორიგი ბახტრიონის აჯანყებისთვის ემზადებიან.

- პენჯაბელი ფერმერები ასე დაძრწიან მთელ მსოფლიოში, მაგრამ რატომღაც არა მგონია, რომ საქართველოში მათ ასე უბრალოდ მიაგნეს და აღმოაჩინეს მიწები. ეს სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი დივერსიაა ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერის წინააღმდეგ, რომლებიც შეთქმულებაში არიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პენჯაბელ ფერმერთა ჩამოსახლება ძირითადად ხდება სიღნაღის რაიონში, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ფართობი აქვთ შეძენილი, 3500 ჰექტარზე მეტი, და 5 ათას ჰექტრის ოდენობით კიდევ გეგმავენ წნორის კომპლექსის ყიდვას. ამჟამად იქ 550 ოჯახია. აპირებენ, რომ კიდევ 5 ათასი ინდოელი ჩამოსახლდეს, რაც შეუთავსებელი და მიუღებელია ჩვენთვის. მათთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 99 წლით მიუციათ. როგორც წესი, მთელ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაჩუქებისთვის ასეთი ხანგრძლივი ვადა არსად არ არის და მიწის გასხვისება არსად არ აღემატება 49 წელს. გარდა ამისა, როდესაც მიწის გასხვისებას აპირებ, უნდა შეეკითხო შენს ერს, შენს ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებთანაც ინდოელების ჩასახლებას გეგმავ, უნდათ კი მათ სხვა ტრადიციის, სხვა ენის, სხვა კულტურის ხალხთან ერთად ცხოვრება? ეს ხომ ყოველთვის კონფლიქტამდე მიგვიყვანს? ეს სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ხროვის კიდევ ერთი დანაშაულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ფართოდ უნდა ეცნობოს საქართველოში მიწის მყიდველებს, რომ ეს არის მოპარული შესყიდვა და ეს მათ არ შერჩებათ, ხოლო 99 წლიანი იჯარა აუცილებლად გაუუქმდებათ. ამაზე პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ - ბიძინა ივანიშვილმა, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს პარლამენტმა. თორემ ის 40 %-იანი ბანდა ამას მხარს არ დაუჭერს. ეს უნდა გადაწყვიტონ ჯანსაღმა ძალებმა, დაანებონ თავი კუდის ქიცინს ფსევდოლიბერალიზმთან.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადება ქართულ მიწებს უცხო ხალხის შემოტევისგან დაიცავს?

- როცა წამოვაყენე მორატორიუმის იდეა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა მითხრა, ეს პოლონეთსაც უნდოდა, მაგრამ ბოლომდე არ გამოუვიდაო. პოლონეთი სხვა მდგომარეობის ქვეყანაა, ის ევროკავშირის წევრია, ღმერთს ვთხოვ, რაც შეიძლება, მალე გახადოს საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ ჯერ არ ვართ მათი წევრი, ამიტომ პოლონეთის მსგავსი ქვეყნების პასუხისმგებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან სხვა არის და საქართველოს პასუხისმგებლობა სხვა არის. როცა გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაშინ უნდა მოვახდინოთ ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის, მიწის საკუთრების საკითხში. ამიტომ მანამდე უნდა განვახორციელოთ ისეთი ღონისძიებები, რომელიც ქართველ გლეხკაცს ფეხზე დაყენების საშუალებას მისცემს.

კახელების მდგომარეობა როგორია პენჯაბელი ხიზნების მომრავლების გამო?

- ამ ორიოდე კვირის წინ კახელები ჩამოვიდნენ ჩემთან, ათასკაციანი ხელმოწერა ჩამოიტანეს, წერილი ჩაბარდა ბიძინა ივანიშვილს, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მინისტრის მოადგილე დავით გალიგაშვილთან ერთად გვქონდა მათთან შეხვედრა, შევეცადეთ, კახელები დაგვემშვიდებინა და ის ქმედებები, რომლის განხორციელებაც მათ სურდათ, გადავადებინეთ, თორემ კახელები იმუქრებოდნენ, ახალ ბახტრიონს დავიწყებთო.

პენჯაბელ ფერმერების აგრესიულობა რაში გამოიხატება?

- მე რაც წაკითხული მაქვს, იმას გეუბნებით, თორემ პირადად მათ არ ვიცნობ. ადამიანები, რომლებიც ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან და ასე დაძრწიან ერთი ქვეყნიდან მეორეში, არ შეიძლება, აგრესიულები არ იყვნენ.    

კახეთის გარდა სხვა ადგილებს თუ მოედნენ?

- კახეთის გარდა, ისინი უკვე ქართლშიც არიან, გორის რაიონშიც ყიდულობენ მიწებს და ა.შ. ამიტომ, ეს პროცესი, რასაც საფუძველი მაოხრებელმა გზირმა - სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ დაუდო, სასწრაფოდ შესაჩერებელია. არ მოისვენეს, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიაღებინეს და არ დააკმაყოფილებინეს ვინმე დანიელი მოქალაქის სარჩელი, რამაც უცხოელებს უფლება დართო, განუსაზღვრელი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეეძინათ. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში ერთი ისეთი გლეხკაცი არ არსებობს, რომელსაც მიწის შეძენის საშუალება აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქართველ კაცს და მის შთამომავლობას სააკაშვილი მიწა-წყლის გარეშე ტოვებდა. ამიტომ, საქართველოს ახალმა პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს მიწათსარგებლობის ახალი კანონი, ანუ მიწის კოდექსი. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებამდე ჩვენს მიწებზე სასწრაფოდ მორატორიუმი უნდა გამოვაცხადოთ.

როგორ მოხდება იმ პენჯაბელი ფერმერების გასტუმრება, რომლებმაც ქართული მიწა 99 წლით უკვე იყიდეს?

- ვინც უკვე იყიდა მიწა, ძალიან რთული იქნება მათი გაშვება, მაგრამ იქ თუ არის კორუფციული გარიგება, ეს შესასწავლია. მთელ მსოფლიოში მიწის გაყიდვა ასე მარტივი არ არის. მარტო საქართველო გახლდათ გამონაკლისი. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხვა ქვეყანაში მიწა იყიდოს, იქ შვიდი წელი უნდა ცხოვრობდეს, მუშაობდეს, მიწათმოქმედის სტატუსი უნდა მოიპოვოს, სოფლის მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება, სასოფლო-სამეურნეო განათლება უნდა ჰქონდეს. არ ვიცი, მიწების გასხვისებაში ფული აიღო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მაგრამ ეს გამოძიების ორგანოების დასადგენია. ჩვენს სამშობლოზე მეტი ჩვენ არაფერი გვაქვს. 

ინდოელები თავადაც აღიარებენ, რომ პენჯაბში ასე იაფად მიწას ვერ იყიდდნენ.

- რა თქმა უნდა, აქ 1500 ლარად ყიდულობს ჰექტარ მიწას. ეს ხომ საჩუქარია? გუშინ წნორში უნდა ჩავსულიყავი, იქაურები უნდა დამხვედროდნენ, ადგილობრივი არქიმანდრიტი და ეკლესიის წინამძღვარიც უნდა მენახა, მაგრამ ბიძის გარდაცვალების გამო ვერ ჩავედი.

იქაური სასულიერო პირები რას ამბობენ?

- წნორელი სასულიერო პირები მოსახლეობას ამ საკითხში მხარში უდგანან და მათ ამშვიდებენ. ამავე დროს, პენჯაბელთა შემოტევის საშიშროებას ხედავენ და ხმასაც იმაღლებენ.

თავის დროზე თქვენ ია წერილი მიწერეთ ბურების ფერმერთა კავშირს, სადაც ატყობინებდით, რომ ეს არის ნაქურდალი მიწა და არ შერჩებოდათ. მოგვიანებით ბურებმა საქართველოში დასახლება  გადაიფიქრეს. რა იყო ამის მიზეზი?

- ბურების ჩამოსახლება შეჩერდა. აქ დარჩა მხოლოდ 27 თუ 28 ბური, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და ნაკვეთები შეიძინეს. ბურები აქ ვერ გაჩერდებოდნენ, ამ კლიმატს, ამ პირობებს, ტრადიციას, ამ ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შეეგუებოდნენ, ამიტომაც ისინი წავიდნენ. სამაგიეროდ, პენჯაბელები, ეს მოხეტიალე ადამიანები, სწორედ ასეთ ტერიტორიებს ეძებენ.