მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე – მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 284-ე და 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით რამიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდება, საქმის პროკურორის, დავით გუბერიძის განცხადებით, ნებისმიერი პირის მიმართ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გამოძიებას რამიშვილთან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. კერძოდ, რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები და ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოადგინა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფოტოსურათები მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბია.
ასევე აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა. პროკურეტურაში განაცხადეს, რომ ამ გარემოებებთან დაკავშირებითაც დაისმება კითხვები. ტელეფონის დათვალიერებით დადგინდა, რომ 2020 წლის 9 სექტემბერს, გადმომგზავნი პირი, ვინც რამიშვილს „ყარაბაღად“ ჰყავდა ჩაწერილი, არის დავით ფურცხვანიძე. თუმცა დღეის მოცემულობით ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები“.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით მისი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, კითხვებზე ის პასუხი გასცა, რაც საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი კი, მისი თქმით, გადაწყვიტოს პროკურატურამ, რა იყო მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო.
„მიმართულება იქით ჰქონდათ, მე ხომ არ შევუკვეთე. ხომ არ ვიცოდი, რომ ეს სატელიტის სურათები იყო გაყალბებული. საიდან გავიცანი ეს ადამიანი (დავით ფურცხვანიძე) და ა.შ. გამოძიებას არანაირად ხელი არ შეშლია ამ ფოტოების გამო. თავიდანვე ხელი ჰქონდა შეშლილი, გამოძიება არასწორად მიდიოდა, დღესაც არასწორად მიდის და არასამართლიანად აგრძელებს. რაც დრო დაიხარჯა ამ აბსურდულ ძიებაში და იმ ქმედებაში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაშორონ, სჯობდა ეს ენერგია და დრო საქმეში დაეხარჯათ და არა ამ აბსურდულობაში. მე მჯერა იმის, რომ ავტომობილი იქ არ იდგა, მაშინ დამიდასტუროს პროკურატურამ ნამდვილი ფოტოსურათით და დავრწმუნდები, რომ ფურცხვანიძის სატელიტის ფოტო არის ყალბი. ექსპერტიზის დასკვნის არ მჯერა“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ბაჩალიაშვილის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ მისგან სიახლე ვერაფერი გაიგო, დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო.
„გამოძიების კითხვებს პასუხი გავეცი. მათთვის ახალი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, რადგან რა ინფორმაციასაც ვფლობ, გამოძიებისთვის მიწოდებული მაქვს. ეს ფოტოები პირდაპირ ეთერში ვნახე და ინფორმაცია მიხეილ რამიშვილისგან მივიღე. ასევე ვიცოდი, რომ მიხეილ რამიშვილს ჰყავდა წყარო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ფოტოების ავთენტურობაზე. პროკურატურას ჩემი საქმიანობის საიდუმლოება აინტერესებდა, როდის დავუკავშირდი ბაჩალიაშვილის ოჯახს, როდის ჩავერთე და რა საუბრები გვქონდა საქმესთან დაკავშირებით მე და მიხეილ რამიშვილს. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ზეწოლა განახორციელოს მიხეილ რამიშვილზე და ამ საქმეზე ბრძოლის შესუსტება მოხდეს“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
საქმის პროკურორის განცხადებით, მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე „ყარაბაღას“ სახელით სახელით 8 სექტემბერს ჩაწერა. პროკურორის განმარტებით, ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ადასტურებს გარემოებას, რომ შესაძლებელია, ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა.
„თუ რატომ ჰყავდა ამ სახელით ჩაწერილი, რამიშვილმა გვითხრა, რომ ამ ადამიანს მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებითაც ჰქონდა კვლევები ჩატარებული და დარჩა განცდა, რომ „ყარაბაღად“ უნდა ჩააეწერა და ამიტომ ჩაწერა. ამ საქმეზე გავაგრძელებთ გამოძიებას, თუმცა, ადვოკატებს ხელი არ ეშლებათ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარმოადგინონ ვერსიები, ინფორმაციები და მტკიცებულებები.
რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა, თუმცა, ჩემ მიერ დამაზუსტებელ კითხვაზე გაეცნო თუ არა სრულყოფილად იმ ექვსივე ფოტოსურათს, მან გვითხრა, რომ „არ ახსოვს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდებას და განგებ ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. მისი თქმით, პროკურატურა ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე რამიშვილი თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად.
„იმ დღეს, როდესაც მიხეილ რამიშვილმა დაასახელა წყაროს სახელი და გვარი, დავიწყეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ვგულისხმობთ, როგორც ფურცხვანიძის პირად ჩხრეკას, ასევე მისი საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკის ჩატარებას. დავით ფურცხვანიძის განცხადებაზე, რომ პროკურატურა ცრუობს, როდესაც თეონა თამაზაშვილის წყაროდ ასახელებს, ვიტყვი, რომ ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე.
ეს შეეხება იმ განცხადებებს, რომელიც სასამართლოში გააკეთა, ასევე იმ ფოტო მტკიცებულებებს, რაც წარმოგვიდგინეს გამოძიებაში, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი დღეის მდგოამრეობით ამ კონკრეტულ საქმეზე გახლავთ დავით ფურცხვანიძე. ჩვენ ნუ განვიხილავთ კონკრეტულად რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხს, დაველოდოთ გამოძიებას, ჩვენ ვატარებთ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
თეონა თამაზაშვილისთვის გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუ საპირისპირო ფოტომასალას დაუდებენ. ასეთ შემთვევაში, გარდაცვლილის დედა აღიარებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.
„მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, რომ ადვოკატს წაართვან ტელეფონი. იმის ნაცვლად, რომ მკვლელები ეძებონ, იმის მაგივრად, რომ მკვლელებს ებრძოლონ, ებრძვიან ადვოკატს, თვალებში ნაცარს გვაყრიან და ამბობენ, რომ ერთი მხარე ვართ. როდის იყო ერთი მხარე ერთმანეთს ებრძოდა, დიდი ხანია უნდათ მიხეილ რამიშვილის ჩამოშორება და ახლა საბაბი მიეცათ.
მან დაასახელა წყარო. რომ არ ეთქვა, კიდევ მესმის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წყაროს ვეძებთ და ამიტომ ამოვიღეთ ტელეფონიო, რომ ეთქვათ, თუმცა, ამაზე გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა და ბატონ დავითმაც დაასახელა წყარო, საჯაროდ თქვა, რომ გაასაჯაროვეთ წყაროს ვინაობაო და რატომ არ ასაჯაროვებენ? ალბათ, მათ ინტერესებში არ შედის ამის გასაჯაროვება“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
რამიშვილს თუ ჩაწერილი არა აქვს პატიმართან საუბარი, იტყვის - დააშინეს,თორემ ეგრე მითხრაო...