მოსალოდნელი ბიუჯეტი და მოსალოდნელი ბუნტი

მოსალოდნელი ბიუჯეტი და მოსალოდნელი ბუნტი

რა შეიძლება მოჰყვეს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 17 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს და რომელშიც ჯანდაცვის და სოციალური მომსახურეობის ხარჯები შემცირებულია; პენსიების ზრდაზე ლაპარაკი არ არის; თანაგადახდის პროცენტი მაღლაა აწეული; განათლების სფეროს ხარჯები შემცირებულია, ისევე, როგორც საპატრიარქოსთვის განკუთვნილი სახელმწიფო გრანტები და სასულიერო განათლების ხელშემწყობი გრანტები? პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა სოციალური ეკონომიკის ექსპერტს, ოთარ ხუფენიას.

 

ექსპერტთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორია მთავრობის პროგნოზული ხედვა, 2014 წლის ჩათვლით; რამდენი ლარით გაიზრდება პენსიები,

რამდენი თეთრი მოემატება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარებებს და იქნება თუ არა პირველადი ჯანდაცვა უფასო.

 

ოთარ ხუფენია: ხატოვნად თუ ვიტყვით, საერთოდ, ბიუჯეტი არის ლოგიკით ნაშენი ციფრები, მაგრამ ბიუჯეტის მესამე ვარიანტს, რომელიც ამჟამად პარლამენტში იხილება, ურთიერთგამომრიცხავად, ულოგიკოდ დალაგებული ციფრების გროვა შეიძლება დავარქვათ.

 

აცხადებდნენ, სხვადასხვა პროექტებში წერდნენ, რომ ბიუჯეტი იზრდება და გარკვეულ ციფრებს ასახელებდნენ; თქვეს ისიც, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით ხარჯები მატულობს და უკეთესი მდგომარეობა იქნებაო, მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქითაა – ბოლო წლების განმავლობაში პირველად, სახელმწიფო ბიუჯეტი 93 მილიონი ლარით მცირდება.

 

კონკრეტულად რაზე აისახება ბიუჯეტის შემცირება?

– ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები 32 მილიონითაა შემცირებული, სოციალური დახმარებები – 12 მილიონით, ბავშვების სოციალური დაცვის ხარჯები – 8 მილიონით. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაკარგავი თანხა 5 მილიონით ნაკლები იქნება; ჯანმრთელობის მომსახურებაზე თანაგადახდის პროცენტი აუცილებლად აიწევს.

 

განათლების სამინისტროს მიერ განსაკარგავი თანხა 2 მილიონით ნაკლები იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოშობილია ხარჯების ახალი სახეობები, იქნება ეს მანდატურების ინსტიტუტი, ინგლისური ენის საყოველთაო სწავლება, ჩემი პირველი კომპიუტერი, თუ ვიღაცის პირველი კომპიუტერი, ნიშნავს იმას, რომ განათლების ტრადიციული ხარჯები შემცირებულია; მაგალითად არაქართველებით დასახლებულ რეგიონში, ქართული ენის შესწავლისთვის ბიუჯეტში თანხა აღარ არის!

 

საპატრიარქოსთვის განკუთვნილი მთლიანი გრანტები 2.5 მილიონითაა  შემცირებული; 2.9 მილიონით  მცირდება სასულიერო განათლებისა და ხელშეწყობის გრანტები.

 

რა ხდება თავდაცვის სამინისტროსა და შსს–ს მიმართულებით?

– თავდაცვის სფეროს ხარჯები მცირდება, რაც მისასალმებელია – იმ მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც თავდაცვაზე აქამდე დაიხარჯა, ეკონომიკის აქტიურ სეგმენტში, რომ მიმართულიყო, დღეს ჩვენი ყოფა გაცილებით უკეთესი იქნებოდა. შსს–ს ხარჯვითი ნაწილი იგივე დონეზეა.

 

დედაქალაქის ბიუჯეტი 123 მილიონი ლარით შემცირდა. არადა, ექვსიოდე თვის წინ გაკეთებული პროგნოზით, 735 მილიონი უნდა ყოფილიყო. დედაქალაქის თვითმართველს 2011–2012 წლებზე პროგნოზის გაკეთება ფაქტობრივად არ შეუძლია, რადგან მისი შემოსავლების 70–75% დამოკიდებულია ფედერალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებით ტრანსფერზე, ან გრანტზე. მსოფლიოში ვერ იპოვით თვითმართველ ერთეულს, რომელშიც არ რჩებოდეს, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილი. ჩვენთან ეს მთლიანად ცენტრალიზებულია.

 

აქ უფრო დიდი, სახელმწიფოებრივი პრობლემა დგას – თუ ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც ინსტიტუციას, ვაძლიერებთ, მყარი, კანონით გარანტირებული ფინანსური ბაზის გარეშე ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრად შეიძლება დარჩეს.

 

კულტურის, სპორტის და გარემოს დაცვის სამინისტროებს ხარჯები ეზრდებათ, უმცირდებათ თუ იგივე უნარჩუნდებათ?

– ამ უწყებებთან მიმართებაში იგივე ტენდენციაა შენარჩუნებული.

 

როგორ აისახება სოფლის მეურნეობაზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 40 მილიონით გაზრდა?

– სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ დარგად გადაქცევა და ხარჯების 40 მილიონით გაზრდა საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზეა გათვლილი, პიარისთვის კეთდება, თორემ ლოკალური ამოცანის  გადასაწყვეტად ეს თანხა უმნიშვნელოა. აი, მაგალითად, ადამიანს სჭირდება 400 გრამი პური, მაგრამ აქვს 50 გრამი და თქვენ, რომ 3 დაუმატოთ, დაახლოებით ასეთი ზრდაა სოფლის მეურნეობის კუთხით. იმ ქვეყანაში, სადაც სურსათის 80% შემოტანილია და ამას მივირთმევთ, 40 მილიონით გაზრდა ნიშნავს ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანისთვის გამოყოფილ ფულს და მეტს არაფერს.

 

რა ხდება პენსიების ნაწილში?

– არაფერიც  არ ხდება; უბრალოდ, ხელისუფლებამ ახალი პიარი წამოიწყო, რომ თითქოს საქართველოში “ახალი საპენსიო პაკეტი“  ჩნდება. მე მინდა ვუთხრა ადამიანებს: ჩემო ძვირფასებო, საპენსიო პაკეტის ცნებას მსოფლიო არ იცნობს; ესაა ციფრების თამაშის მცდელობა – თუ პენსიონერი დამატებით მიიღებს კიდევ რაღაც დახმარებას, შეღავათს გაზზე, ან ელექტროენერგიაზე, შეაჯამებენ და შემდეგ შეიძლება თქვან, რომ პენსია გაზიარდა. აი, ესაა, მეტი არაფერი.

 

ანუ, პენსია თვეში ისევ 80 ლარი იქნება?!

– დიახ. საშუალო პენსიის დონით, ყოფილ საბჭოთა კავშირში დღეს საქართველო   უსწრებს მხოლოდ და მხოლოდ  რევოლუციამდელ ყირგიზეთს; დანარჩენს ყველას ჩამოვრჩებით.

 

უფრო მეტსაც გეტყვით – 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის მთავრობის პროგნოზული ხედვა, თუ რა იქნება ქვეყანაში 2014 წლისთვის, რაც ძალიან მძიმეა წასაკითხადაც და საფიქრალადაც. ყველას გვახსოვს დანაპირები იმის შესახებ, რომ ჩვენთან პენსია 100 დოლარი  იქნებოდა. მე ახლა იმ ციფრების ციტირებას გავაკეთებ, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ, როგორც პროგნოზული მაჩვენებლები, თუ რა მოხდება. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წერია, რომ 2011 წელს დაიხარჯება 932 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წელს ეს იქნება მილიარდ 125 მილიონი; ანუ 193 მილიონით გაიზრდება.

 

193 მილიონს პენსიონერთა რიცხოვნობაზე თუ გავყოფთ, საშუალო პენსიის ზრდა დაახლოებით 20% გამოგვივა, რაც არის 16 ლარი. 80 ლარს თუ 16–ს დავამატებთ, 96 გამოდის; ანუ 2014 წლისთვის პენსია 100 ლარიც კი არ იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ 5 წლის განმავლობაში, უხეშად რომ ვთქვათ, ინფლაცია შეჭამს მინიმუმ 30–35%–სს, დღევანდელთან შედარებით,  მსყიდველობითი უნარი უფრო ნაკლები იქნება. ასე რომ, 100–დოლარიანმა პენსიამ, როგორც კახელები იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია.

 

უცვლელი რჩება, იზრდება თუ მცირდება სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფთა 24–30–ლარიანი დახმარებები?

– 5 წლის განმავლობაში ეს დახმარება სულ 20 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს დღეში  2,7 თეთრი, ხოლო თვეში 81 თეთრი მოემატება. ასე რომ, ეს დახმარებები ფიქციად იქცევა.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახსრები დღეს 84 მილიონს შეადგენს, რაც ახალი ბიუჯეტით 55 მილიონამდე მცირდება. ეს იმას ნიშნავს რომ პირველადი ჯანდაცვა, რომელიც უფასო და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომია, 2014 წლის ჩათვლით, ფაქტობრივად აღარ იარსებებს და ჯანმრთელობის დაცვაში ასეთ სურათს მივიღებთ –  ერთის მხრივ არც პოლისებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა გვეყოლება და არც პირველადი ჯანდაცვა გვექნება.

 

2011 წლის ციფრები შემაშფოთებელია, 2014 წლამდე მთავრობის მიერ შემუშავებული პროგნოზებიც შემაშფოთებელია და ეს დაახლოებით რას გავს იცით?! – ხელისუფლება იმ პირობებშია, რომ კლასიკურ გამოთქმასაც ვერ იყენებს – “აცე ვირო, ხვალ იონჯა იქნება“. ხელისუფლებამაც კი იცის რომ იონჯა არ იქნება.

 

რა შენიშვნები გაითვალისწინა მთავრობამ, ბიუჯეტის პროექტში, პარლამენტში დასამტკიცებლად სამჯერ შეტანა–გამოტანისას?

– “თავისუფალმა დემოკრატებმა“ მკვეთრად ნეგატიურად შეაფასეს სხვა ხარჯების ზრდა, რაც 900 მილიონს აღწევდა. მთავრობამ ეს ნაწილობრივ “გაითვალისწინა“ – ეს ციფრი 832 მილიონამდე დაიყვანა; ღრმად თუ ჩავუკვირდებით, ეს შემცირება მოხდა დონორების დახმარების გაშიფვრის შედეგად და არა საკუთარი შემოსავლების მიმართ. მარტივად მინდა გითხრათ, რომ ეს არის რაღაც ჯიბე, რომელსაც ბიუჯეტში ქმნიან და რომლის გაშიფვრა ხელისუფლებას არანაირად არ უნდა. ამის გლობალური მიზანია სახსრების უკონტროლო ხარჯვის შესაძლებლობის გაჩენა.

 

ეკონომისტთა წრეებში ანეგდოტივით დადის, გასულ საუკუნეში ამერიკის ბიუჯეტის შედგენის ამბავი, რომელშიც ცოცხის შეძენის ღირებულებაც კი იყო განსაზღვრული და მითითებული. ჩვენს შემთხვევაში, 7–მილიარდიან ბიუჯეტში 832 მილიონი არის გაუშიფრავი. სიტყვიერად აცხადებენ, ეს თანხა სამინისტროებზეა გაწერილიო, მაგრამ იმ პარლამენტარებიდან, რომლებიც ბიუჯეტს ხმას აძლევენ, ვერც ერთი აგიხსნით კონკრეტულად რაში დაიხარჯება ბიუჯეტის 15–17%.

 

თქვენი აზრით, ეს ბიუჯეტი უვიცების დაწერილია, თუ პირიქით, ჭკვიანებმა მიზანმიმართულად შეადგინეს?

– ყოველ შემთხვევაში, ცუდი შედეგი უცოდინარობის გამო დგება თუ სიბოროტის გამო, შედეგის შეფასებისთვის ერთი და იგივეა. არ გამოვრიცხავ, რომ მათმა ნაწილმა იცის კიდეც ეს ამბები, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ზოგი ყურს იცობს, ზოგი თვალს ხუჭავს, მაგრამ ეს არ არის ახლა არსებითი. ამ შემთხვევაში მთავარია შედეგი.

 

ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, 2012–2013 წლებში დაამძიმებს საგარეო ვალის მომსახურეობის ძალიან მაღალი დონე; ამჟამად საგარეო ვალის მომსახურების გადასახადი ერთ მილიარდს აჭარბებს; ანუ  ჩვენი ბიუჯეტის ერთ მეშვიდედს და, ჩემი დაკვირვებით ეს ციფრი გაიზარდება.

 

და როგორი შედეგი შეიძლება მივიღოთ?

– უკვე გამოცხადდა, რომ ოქტომბერში გვქონდა ორნიშნა ინფლაცია, 10,6 რაც დეკლარირებული ციფრია. აქაც ცოტას ცუღლუტობს ხელისუფლება. კლასიკურად როგორც იზომება ინფლაცია, ეკონომისტებმა მესამე კურსზე იციან, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნის პირობებში, როცა მოსახლეობის 47% ხელგაშვერილია და იძახის მათხოვარი, ღარიბი ვარო, ძირითადი აქცენტი სასურსათო კალათაზე უნდა გაკეთდეს. სასურსათო კალათას რაც მოუვიდა, ნებისმიერმა დიასახლისმა იცის – 10%–იან ზრდაზე კი არ არის საუბარი, არამედ არანაკლებ 30–40%–იან ზრდაზე და ჩვენდა საუბედუროდ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

 

პენსიები და სოციალური დახმარებები არ იზრდება, ხოლო ფასები მაღლა იწევს, რაც ნიშნავს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მსყიდველობითი უნარიანობის დაცემას. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით სავსებით მართებულად განაცხადეს “თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომ მნიშვნელოვანი საფრთხე გვიახლოვდება, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სოციალური კრიზისი.

 

რასაც შეიძლება მოჰყვეს დამშეული ხალხის ქუჩაში გამოსვლა?!

– დიახ, კლასიკურად ეს იწოდება, როგორც ბუნტი. მასობრივი უკმაყოფილობის გამომხატველი რევოლუცია ჩვენთან არასდროს მომხდარა. ერთი რევოლუციაც და მეორეც, რუსთაველის გამზირის რევოლუცია იყო, შედეგებს აღმაშენებლის გამზირამდეც არ ჩაუღწევია, არათუ მაგალითად, ორთაჭალამდე, პერიფერიებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. ფაქტობრივად, ეს იყო სკამებისთვის ბრძოლა და შედეგად, რაც მივიღეთ, დღეს ყველასთვის ცნობილია.

 

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სოციალურ ბუნტზე, ამაზე საუბარი კიდევ უფრო მიმძიმს, რადგან ყველა ქვეყანაში ეს არის სისხლისღვრის, ძმათაკვლის და უსამართლობის სინონიმი, რისი შედეგიც არაპროგნოზირებადია. ღმერთმა გვაშოროს, უფალმა დაგვიცვას ამისგან; ასეთ შემთხვევაში, პრაქტიკულად არ არის შანსი მოვიდეს გონიერი ხელისუფალი. ყველაზე მეტი ალბათობა ისაა, რომ  მშიერ მასას ვიღაცა მაღალ პენსიას, მაღალ ხელფასს დაპირდება, შემდეგ დანაპირებს ვერ შეასრულებს, ექვს თვეში მისი დამხობის საკითხი დადგება  და დაამხობენ კიდეც. ეს პროცესი  დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.

 

თუ სოციალური ბუნტის კლასიკურ გაგებას დავამატებთ ქართულ ტრადიციულ ემოციურობას, მომიტევეთ, მაგრამ წინდაუხედაობას და არაპრაგმატულობას, ასეთი ბუნტი ქართველების შესრულებით, კაცობრიობის ბოლო საუკუნეების ისტორიაში სამაგალითო შეიძლება გახდეს. 2011 წლის ბიუჯეტი, სახელემწიფოს ამ საფრთხისგან სამწუხაროდ, ვერ დაიცავს.