„რა გამოდის, ადამიანებს დერეფნებში ვაწვენთ? საავადმყოფოში თუ აფეთქდა ეს ვირუსი, იქ დამთავრდება ყველაფერი“

„რა გამოდის, ადამიანებს დერეფნებში ვაწვენთ? საავადმყოფოში თუ აფეთქდა ეს ვირუსი, იქ დამთავრდება ყველაფერი“

„კარანტინი არ არის გამოსავალი, ამავეს ამბობს მერკელი, მაკრონი. როგორი ციფრებიც არ უნდა გვქონდეს, სულ ათი ათასობით რომ იყოს ყოველდღიურად, არ ჩავკეტავთ ქვეყანას, რადგან აზრი არ აქვსო. მართლაც, რომ ჩავკეტოთ, კორონა გაქრება?“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სტრატეგია აღმშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ორმაგი შეტევის გადატანა უწევს, ერთია ლარის კურსი და მეორეა წლის ტრადიციული „მოვლენა“ კორონავირუსი. როგორ ახერხებს ხელისუფლება ამ ორ პრობლემასთან გამკლავებას?

- პირველ რიგში, გამოწვევა აქვს ქვეყანას ამ მმართველობის ხელში და ლარის კურსი და კორონავირუსი ურტყამს ქვეყანას. ამის მიზეზია, რომ მთავრობა ამ პრობლემებზე სათანადო რეაგირებას ვერ ახდენს. რაც შეეხება კონკრეტულად ლარის კურსს, 410 მილიონი დოლარი დახარჯა ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ წლევანდელ წელს ლარის კურსის გასამყარებლად, მაგრამ გამყარების ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის კურსი როგორ უფასურდება. უფრო მეტიც, ახლახანს 40 მილიონი დოლარი დახარჯა, რასაც მყისიერად ერთი-ორი დღით მაინც უნდა შეეჩერებინა ლარის ვარდნა და ჩვენ რას ვხედავთ, დილას 3, 18 ლარი იყო კურსი, ახლა უკვე 3,22-ია. ანუ ესეც კი აღარ შველის ამ პროცესს. ასე რომ, ძალიან რთული ვითარებაა. ძნელი სათქმელია, სადამდე შეიძლება დაეცეს ლარის კურსი, მე არ ვარ ეკონომიკის ექსპერტი, მაგრამ ფაქტია, რომ კატასტროფულად ეცემა ლარის კურსი 410 მილიონი დოლარის დახარჯვის ფონზე უახლოესი 8 თვის განმავლობაში.

ხელისუფლების არგუმენტი ასეთია, რომ კორონაპანდემიიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანაში ანალოგიური პრობლემებია, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია.

- გასაგებია, მაგრამ რომელი ვალუტა გაუფასურდა ასე ძალიან? არაფერს ვამბობ დოლარზე, ევროზე. რომელი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა? მით უმეტეს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არც ერთი ვალუტა არ გაუფასურებულა. ბოლო თვეებსა და დღეებში რაც ხდება, ეს მთავრობის ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობაა, მსგავსი განცხადებები ყოველთვის გვესმის - გარე რყევები, გარე პრობლემები და არასდროს შიდა პროცესების ბრალი. კორონავირუსს რაც შეეხება, მარტიდან მოყოლებული ვამბობდით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა მთავრობას. „სტრატეგია აღმშენებელმა“ კრიზისიდან გამოსვლის 4 კონკრეტული გეგმა დადო, რომელიც არ გაიზიარა მთავრობამ. ეს იყო თვითონ ვირუსთან, ტესტირებასთან, დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით, შემდეგ ჰოსპიტალური სექტორის მომზადებასთან, საზღვრებთან დაკავშირებით, კორონაეკონომიკის ირგვლივ, დახმარებების შესახებ... სამწუხაროდ, მართალი აღმოვაჩნდით, როცა ვამბობდით, რომ მთავრობას ჰქონდა და აქვს გეგმა მხოლოდ ერთეული შემთხვევების გამკლავების კუთხით, 5-10-15-30 შემთხვევა თუ იქნება, ამას უმკლავდება მთავრობა, მაგრამ, თუ უკვე ათეული შემთხვევაა, ჩვენ ვხედავთ სრულ დაბნეულობას, არათანმიმდევრულობას. მთავარი კითხვაა, რას აკეთებდნენ ბოლო 7 თვის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის, სამედიცინო კადრების მიმართულებით, დიაგნოსტიკის, ადგილების გაფართოებასთან დაკავშირებით, მარაგები რამდენად გვაქვს? სეზონური გრიპის პერიოდი გვიახლოვდება, თანხვედრა მოხდება კორონასი და სეზონური გრიპის, ვაქცინებიც კი არ არის შემოტანილი და, რაც უნდა შემოვიდეს, იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან იყო შემოტანილი. აბსოლუტური მოუმზადებლობაა და უკვე ვიხილეთ კადრები, როგორ არის გადავსებული კონკრეტული საავადმყოფოები, ადგილები აღარ არის რამდენიმე ასეული ზედმეტი შემთხვევის გამო. ჩვენ ხომ ვიცით, კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ მორჩება, ჯერ კიდევ წინ გვაქვს მძიმე პერიოდი. რა გამოდის, საერთოდ ადგილები აღარ გვაქვს? ადამიანებს კორიდორებში ვაწვენთ? საავადმყოფოში თუ აფეთქდა ეს ვირუსი, იქ დამთავრდა ყველაფერი, იქ დაიწყება სიკვდილიანობა. საავადმყოფოებში ჯანმრთელი ადამიანები არ წვანან, იქ სხვადასახვა დაავადების მქონე პაციენტები წვანან და ყველაზე მოწყვლადნი არიან ნებისმიერი ვირუსის მიმართ. ასე რომ, სრული უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტურობა და მოუმზადებლობაა.

გვქონდა შანსი, პირველები ვყოფილიყავით ეკონომიკის სრულმასშტაბიანად ამოქმედების, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შეგვეძლო ჰოსპიტალური სექტორი გაგვეძლიერებინა. მართლაც გვქონდა ეს შანსი, რადგან ჩვენ ნაკლებად დავზარალდით უშუალოდ ვირუსისგან წინა თვეების განმავლობაში. ნაცვლად ამისა, მივიღეთ ჩამონგრეული ეკონომიკა, დაკეტილი ქვეყანა და ასეულობით შემთხვევა, როდესაც ადამიანებს კონკრეტულ რეგიონებში საავადმყოფოში ადგილი აღარ ჰყოფნით.

ანალიტიკოსების აზრით, პირველ ეტაპზე კორონაკრიზისი ხელისუფლებამ წარმატებით დაძლია. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- წარმატებულად რას ჰქვია? 5 და 10 პაციენტს რომ მოუარეს, ეს წარმატებაა? წარმატებული იყო ის, რომ შემთხვევები არ გვქონდა ბევრი, თორემ ის კი არა, რომ მთავრობამ წარმატებით დაძლია. როგორც კი ციფრები გაგვეზარდა, აგერ ვხედავთ მთავრობის მოქმედებას, ერთი მწყობრი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, ან რას ჰქვია წარმატება, 5 და 10 შემთხვევის პირობებში სამი თვის განმავლობაში რომ ეკონომიკას მოკლავ და 220 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს? ის, რომ კარგი ექიმები, ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები გვყავს და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მუშაობენ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ ეს არ არის არც გახარიას კრიზისმენეჯერობის დამსახურება და არც მთავრობის. როგორც კი ციფრები გაიზრდება, ცალკეული ექიმები ვერაფერს გახდებიან და ვერც ხდებიან, რადგან სისტემა არ ვარგა.

დაისვა ასეთი შეითხვა, თუკი პირველად კარანტინი გამოვაცხადეთ, ახლა, როცა ამდენი შემთხვევაა, რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა?

- არც მაშინ იყო სწორი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არც ახლაა სწორი. კარანტინი არ არის გამოსავალი, იმავეს ამბობს ევროპის ყველა ლიდერი, მერკელი, მაკრონი, როგორი ციფრებიც არ უნდა გვქონდეს, სულ ათი ათასობით რომ იყოს ყოველდღიურად, ჩვენ არ დავკეტავთ ქვეყანას, რადგან ამას არანაირი აზრი არ აქვსო. მართლაც, რომ ჩავკეტოთ, რა აზრი აქვს, კორონა გაქრება? სულ ჩაკეტილები ვიქნებით, სულ სახლში ვისხდებით, სულ უმუშევრები ვიქნებით და შიმშილით დავიხოცებით? ეს არასწორი მიდგომაა, თვეების წინაც არასწორი იყო, თუმცა პირველ ეტაპზე, რადგან უცხო ვირუსი, ახალი გამოწვევა იყო, შესაძლებელი გახლდათ ზედმეტად მკაცრი ზომაც მიეღოთ, მაგრამ არა სამი თვის განმავლობაში, როდესაც 5 და 10 ინფიცირებული გვყავდა. რამდენიმე კვირა ეს შეიძლება გამართლებული ყოფილიყო.

თუკი ასეთი მოცემულობით მივდივართ არჩევნებამდე, რაც თქვენ ასახეთ, რა პერსპექტივა აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას? უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ორივე მათგანი-მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდ მასას სათავისოდ მიიჩნევს?

- აქ ძალიან რთული სიტუაციაა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ფაქტია, ამ პროცესით და ამ ვითარებით ოპოზიცია უფრო დაზარალდება, რადგან ოპოზიცია შეიზღუდება საარჩევნო კამპანიის წარმოებაში - კარდაკარი, მოსახლეობასთან შეხვედრა, მაშინ, როცა მთავრობა ამით არ იზღუდება, მთავრობას ყოველთვის რჩება სამთავრობო რესურსები, სამთავრობო ტელევიზიები. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა უპირატეს მდგომარეობაშია. ასევე, ბევრი ადამიანი შეიძლება დაშინდეს და ნაკლები ადამიანი მივიდეს საარჩევნო ყუთთან, ნაკლები აქტივობა კი მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს, რადგან თავისი მომხრე ამომრჩევლის მობილიზაციას ყოველთვის მოახდენს თუნდაც საჯარო სამსახურების ხარჯზე. ამიტომ ნაკლები აქტივობა, შიშის დათესვა და ნებისმიერი სახის შეზღუდვა აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას.