„ეს არის მათი ოცნებები, რომელსაც ახდენა არ უწერია,“ - ეს კოტე კუბლაშვილის სიტყვებია სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით.
„ბატონ კუბლაშვილს, ალბათ, ახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ წარმატებით ავიხდინე ჩემი “ქართული ოცნება” ნაძალადევში და ჩემი მომდევნო ქართული ოცნება სასამართლო რეფორმაა, რასაც აგრეთვე ავიხდენ“, - ეს კი თეა წულუკიანის რეაქციაა კოტე კუბლაშვილის საპასუხოდ. იუსტიციის მინისტრი ჰპირდება კუბლაშვილს, რომ ის აღარ იქნება სასამართლოს ყველა რგოლის მაკონტროლებელი.
აღნიშნული სიტყვიერი პაექრობა თეა წულუკიანსა და კოტე კუბლაშვილს შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაიმართა. კუბლაშვილს არ მოეწონა სასამართლოსადმი უნდობლობის თაობაზე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რაც გამოხდომებად მოიხსენია. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე სასამართლოებზე ზეწოლას ვერ მოახდენენ.
"ასეთი გამოხდომებით ისინი სასამართლოში ვერაფერს მიაღწევენ. ის, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, გვენდობოდეს ხალხი და არა - რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი და მინისტრი“ - აღნიშნა კუბლაშვილმა და ახალ ხელისუფლებას კადრების კარგად მომზადება და დასაბუთებული პოზიციების სასამართლომდე მიტანა ურჩია. თანაც, ისიც დაამატა, სასამართლოში მოსამართლეს მხოლოდ შეჯიბრებითობის საფუძველზე გამოაქვს შესაბამისი გადაწვეტილებაო, თითქოს, მოსამართლეებზე ზეწოლასა და წინასწარ დაკვეთილი გადაწყვეტილებების გამოტანის შესახებ არც კი სმენოდა.
„სასამართლო რეფორმა მაინც ჩატარდება“, - ასეთია თეა წულუკიანის პოზიცია. „ეს შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ გავიმეორო, მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმები. პირიქით, ეს თავდასხმები კიდევ უფრო მააქტიურებს და ხელს მიწყობს, რეფორმა ბოლომდე მივიყვანო“.
თუ რას გულისხმობს სასამართლო რეფორმა, For.ge იურისტებს ესაუბრა.
საია-ს წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ სასამართლო რეფორის პროექტს იწონებს. მართალია, პირადად მას გარკვეული შენიშვნები აქვს გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით, მაგრამ მიიჩნევს, რომ ცვლილებების პროექტი და არსი ძალიან კარგია, რაც გულისხმობს იმ მონოპოლიის გაუქმებას, რაც სასამართლო სისტემაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და კიდევ რამდენიმე მოსამართლის ხელში იყრის თავს. ამ მონოპოლიის გაუქმება კი რიგითი მოსამართლეებისთვის უფრო მეტი თავისუფლებას გულისხმობს თავიანთ საქმიანობაში.
„თუ კონკრეტული მოსამართლე ან კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში, კოტე კუბლაშვილი, ამის წინააღმდეგია, ეს გასაგებია; მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი და არა კუბლაშვილი, ან თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან ეს არის კანონმდებლობის რეფორმა და ამით კანონი იცვლება. პარლამენტმა აუცილებლად უნდა განიხილოს და მიიღოს ეს ცვლილება. წესით, სასამართლოც ამას მხარს უნდა უჭერდეს, რადგან ეს ცვლილებები სასამართლო სისტემის გაძლიერებას ეხება და არა შესუსტებას. ამიტომ გაუგებარია, მათთვის სასარგებლო ცვლილებას რატომ ეწინააღმდეგებიან?!“- კითხულობს თამარ ჩუგოშვილი.
რაც შეეხება კოტე კუბლაშვილის ნათქვამს, რომ სასამართლო რეფორმის მოსურნეებს „ოცნების ახდენა არ უწერიათ“, თამარ ჩუგოშვილის აზრით, ალბათ ეს უფრო მხატვრულ-პოლიტიკური შეფასებებია, მაგრამ იურისტი აცხადებს, რომ თვითონ კოტე კუბლაშვილი არ წყვეტს რეფორმის ბედს და ამას წყვეტს საქართველოს პარლამენტი.
მისივე განმარტებით, დამნაშავე მოსამართლეების დასჯას სასამართლო რეფორმა არ სჭირდება და, თუკი რომელიმე მოსამართლეს დანაშაული უმტკიცდება, რეფორმის გარეშეც დღესვე შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა. ერთადერთი, რაც რეფორმაში იგულისხმება, ეს არის მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის დახვეწა. თუკი აქამდე არსებობდა წმინდა ინტერესთა კონფლიქტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავადვე იწყებდა მოსამართლის დევნას და თავადვე იღებდა გადაწყვეტილებას, ამიერიდან ამ საკითხსაც ცვლილებები შეეხება და დამოუკიდებელი კომისია განიხილავს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. ფაქტი ერთია, მოსამართლის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა დღესაც დასჯადია და მათ დასასჯელად დღესაც არსებობს შესაბამისი ბერკეტები.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში აუცილებლად უნდა გატარდეს და ამით ადამიანის უფლებების ხარისხი მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული. მით უფრო, რომ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, ასევე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ არსებობდა. უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლო მიკერძოებული იყო საქმეების ძალიან დიდ კატეგორიაზე.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს სასამართლო რეფორმა, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა მოხდეს კონსენსუსი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის.
„სასამართლო რეფორმაში იგულისხმება უშუალოდ სასამართლოს ადმინისტრირების, დაკომპლექტების, მოსამართლეთა შერჩევის, დაწინაურების საკითხი. ამას გარდა, სასამართლო ვალდებული უნდა იყოს, რომ მიიღოს ძალიან დასაბუთებული გადაწყვეტილება და საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს კითხვები, რომ მოცემულ საკითხზე სასამართლომ მიიღო მიკერძოებული გადაწყვეტილება,“- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.