რკინიგზა და ნავთობის კორპორაცია - სახელწიფოს, დახნული მიწა - გლეხებს

რკინიგზა და ნავთობის კორპორაცია - სახელწიფოს, დახნული მიწა - გლეხებს

რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ უკვე გამოაცხადა საკუთარი  გეგმების შესახებ. 2013 წელს ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებულ აქტიურობას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი.

2013 წელს საპარტნიორო ფონდი ახალი პროექტებით იწყებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძემ თქმით, რამდენიმე მიმდინარე პროექტს ანალიზი და რევიზია ჩაუტარდა და აქედან გამომდინარე ნაწილი პროექტების გრძელდება, ნაწილს კი დამატებით შეისწავლიან.

საპარტნიორო ფონდის ამოცანაა კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელი მრეწველობასა და უძრავი ქონება. გარდა ამისა, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ფონდის მთავარი ამოცანა წელს გრძელვადიანი კაპიტალის დეფიციტის შევსება იქნება.

„ფონდის მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. პირველი, ეს არის იმ კომპანიების მენეჯმენტი, რომლებიც ჩვენს კაპიტალში მონაწილეობენ. ფონდის დამფუძნებელია სახელმწიფო და 100%-ით სახელმწიფო ფლობს ფონდს. ფონდი კი ფლობს 100%-ით „საქართველოს რკინიგზას“, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს ელექტროსისტემას, ასევე 25%-მდე „თელასის“ აქციებს.

მეორე მიმართულება ფონდის კი არის ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ჩვენს პორტფელშია და რომელსაც ამ წლის განმავლობაში, ალბათ, მნიშვნელოვნად გავზრდით”, - აღნიშნა კოვზანაძემ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ სახელმწიფო „საქართველოს რკინიგზის“ და გაზისა და ნავთობის კორპორაციას აღარ გაყიდის. ამ ორგანიზაციების პრივატიზება დღის წესრიგში აღარ დგას. კოვზანაძის თქმით, ორივე სტრატეგიული მნიშვნელობის კორპორაციებია საქართველოსთვის და ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი.

„ესაა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. საქართველოს რკინიგზა არის მთავარი საერთაშორისო არტერია, რომლითაც ხდება აზიიდან იგივე ევროპის ბაზრებთან საქართველოს დაკავშირება. რაც შეეხება ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ის აერთებს რუსეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და ამ მიმართულებითაც გაზის უზრუნველყოფას ახერხებს“, - განაცხადა კოვზანაძემ.

რკინიგზას და ნავთობის კორპორაციას აქვს გამოშვებული ევროობლიგაციები. როგორც კოვზანაძემ განმარტა, 250 მილიონის ფარგლებში, 5-წლიანი ევროობლიგაცია აქვს გამოშვებული ნავთობის და გაზის კორპორაციას, ხოლო რკინიგზას - 10 წლიანი, ნახევარიმილიარდი დოლარის ფარგლებში.

„ეს ორივე ორგანიზაცია დღესდღეობით წარმატებით ემსახურება ამ ობლიგაციებს. გამოშვების დროს მათი საპროცენტო განაკვეთი იყო 7%-თან ახლოს, ცოტა უფრო მეტი, დღევანდელ დღეს არის ის 6%-ს ქვევით. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები სტაბილურად გრძნობენ თავს“, - განაცხადა კოვზანაძემ.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო სააგენტო ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის შეფასებაზეც მუშაობს. მართალია, საინვესტიციო სააგენტო არის ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა ფონდშიც არის მსგავსი სახელწოდების ორგანიზაცია, რომელიც სხვა ფუნქციებით არის დატვირთული.

„პრაქტიკულად, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ეძებს საქართველოს გარეთ. მისი ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს გიორგი პერტაია. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც ისინი მუშაობენ, არის ტურისტული პოტენციალის შეფასება საქართველოში“, - აღნიშნა კოვზანაძემ.

საპარტნიორო ფონდის მსგავსად მომავალ გეგმებზე უკვე ისაუბრეს რეგიონაქური ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. მინისტრის დავით ნარმანია თქმით, 2013 წელი სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იქნება.

„2012 წელს რეალურად დახარჯული ჩვენი ბიუჯეტის ოდენობა 720 მილიონი ლარი იყო მაშინ, როცა 2013 წელს 901 მილიონი ლარია გათვალისწინებული სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად. მათ შორის 501 მილიონი ლარი დაიხარჯება გზების მოწესრიგების, ავტომაგისტრალების გაგრძელების პროექტზე. 130 მილიონი დაიხარჯება 25-მდე მუნიციპალიტეტში წყლის მიწოდების სისტემების რეაბილიტაციაზე. 180 მილიონი ლარი დაიხარჯება სხვადასხვა რეგიონში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე და ა.შ.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პროექტების მართვის გაუმჯობესების ინიციატივები. ეს არის, პირველ რიგში, გეოინფორმაციული სისტემის შემუშავება, სადაც დატანილი იქნება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათი მდგომარეობა და სხვა.

2013 წელს დავასრულებთ პრიორიტეტების შერჩევის მეთოდოლოგიას. ასევე მოხდება პროექტების ეფექტიანობის გაზრდა, რაშიც ვგულისხმობთ როგორც ხარჯების ეფექტიანობას, ასევე ამპროექტების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთის მხრივ გაძლიერებული აუდიტის სამსახური ფინანსურ რევიზიას გააძლიერებს, ხოლო მეორეს მხრივ, სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს საშუალებით მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის შემოწმება.

იწყება ტერიტორიული რეფორმაც. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან, შექმნილი გვაქვს არასამთავრობო ორგანზიაციებისგან საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიის ძირითადი მონახაზი 2012 წლის ბოლოს უკვე წარმოვადგინეთ. იანვრის დასაწყისში ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება და დაახლოებით თებერვლიდან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება“,- აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება სოფლის მეურნობის სამინისტროს აქ ყველაზე მეტად აქცენტი გლეხური მეურნეობების მხარდაჭერაზე გაკეთდება. მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასაკარმიდამო სასოფლო-სამეურნეო მიწებს ერჯერადად დახნავს, გააფხვიერებს და სასუქებისთვის ვაუჩერებსაც დაარიგებს. უფრო ზუსტად კი, დარიგდება პლასტიკური ბარათები, ან ვაუჩერები, სადაც განსაზღვრული იქნება მიწის დამუშავებისთვის საჭირო თანხა, ხოლო ტრაქტორებს გლეხები საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩევენ.

სამინისტრო უკვე ყიდულობს ახალ ტექნიკას - ტრაქტორებს, მისაბმელებს. ამ ტექნიკას კი სპეციფიკური მოვლა სჭირდება, ამიტომაც უახლოეს მომავალში 900 მექანიზატორი გადამზადდება და დასაქმდება.