მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური. ბრალდებული ექს-პრეზიდენტის განცხადებით, თავიდანვე მისი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, სააკაშვილის შეფასებით, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.
სააკაშვილი კოლეგა ოპოზიციონრებს მიმართავს, რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დააზიანონ საერთო ინტერესები. ამასთან, ისურვებდა, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.
„არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან. დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ, თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა. ჩვენ აუცილებალდ გავიმარჯვებთ!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის სურვილს, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ, არ იზაირებენ ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის პოზიცია, რომ კოალიცია არ სურს, ნიშნავს, რომ მას სურს დაბრუნება წარსულსა და ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში.
გიგა ბოკერიას განცხადებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, სააკაშვილს სურს წარსულში დაბრუნება.
„ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაპირდა ამას. რაც მთავარია, ეს არის სიცრუე. არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს - ივანიშვილს შორის, რომელსაც დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება სურს, სააკაშვილს შორის, რომელსაც წარსულში დაბრუნება სურს და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“. აი, ეს არის არჩევანი, იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და მათ შორის, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა. გიორგი ვაშაძეს განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის გზა, როგორც ჩანს, მათი ერთადერთი მიზანია მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გზას ირჩევს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, მათი ერთადერთი მიზანი მართლაც არის მთავარი ოპოზიციური ძალის, ასე ვთქვათ, სტატუსის შენარჩუნება. არაფერში არ მაინტერესებს მათი სტატუსი მთავარი ოპოზიციური ძალის. ჩემთვის მთავარია, ამ ჭაობიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა, ვუშველოთ სიღარიბეს და ვუშველოთ ხალხს, რომელსაც უზარმაზარი პრობლემა აქვს, მათ კი უნდა გაიაზრონ რომ აღარ არის, არ არის საქართველო საჯილდაო ქვა.
წარსულში კი არ უნდა ვეძებოთ ვინ უარესია და ვინ უფრო ცუდი იყო, არამედ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ამ არჩევნებზე, მართლაც რეფერენდუმია წარსულსა და მომავალს შორის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვართ მომავლის ძალა, მომავალზე კონცენტრირებული და ამიტომ მოვუწოდებ მათ, რომ კარგად გაიაზრეთ, როცა რაღაცას ამბობთ. აუცილებლად მიიღებთ სათანადო პასუხს ამომრჩევლისგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სააკაშვილის განცხადებას ემიჯნება ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, რომლის განცხადებით, სააკაშვილს ერთპიროვნული მმართველობა სურს, ოპოზიცია კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ბურჯანაძეს არ ესმის, რატომ უნდა დაიკარგოს ახლა ოპოზიციური ერთობა და რატომ უნდა ილაპარაკონ რომელიმე პარტიის ერთპიროვნულ მმართველობაზე.
„ეს ოპოზიციისთვის მიუღებელია. მას წარმოუდგენია, რომ კვლავ ერთმნიშვნელოვნად და ერთმმართველად უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და მინდა ვუთხრა, რომ ამით ის აზარალებს საკუთარ პოლიტიკურ გუნდსაც. არიან ადამიანები, რომელთაც არ უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლა და მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
გუბაზ სანიკიძე მოუწოდებს ქართულ ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილის დაბომბვას თავი დაანებონ, რადგან ამბობს, რომ უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში, ეს უკვე სერიოზული განცხადება და სერიოზული შესაძლებლობაა. სანიკიძის პოზიციას იზიარებს ხატია დეკანოიძე, რომლის განცხადებით, როცა პარტნიორები საუბრობენ იმაზე, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერშიფი არის მომავალი და ენმ და მიხეილ სააკაშვილი არის წარსული, ყველა კვლევაში ასახულია, რომ მათი პარტიის რეიტინგი არის ის რეიტინგი, რომელსაც ვერ დავარქმევთ, რომ ადამიანები მათ მომავლის ხმად მიიჩნევენ.
„ვისურვებდი, მათ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგა ახლა, როდესაც ჩვენ უნდა ჩამოვიცილოთ ბიძინა ივანიშვილი. ბოკერიამ სააკაშვილის ნათქვამს ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი უწოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ პარტიულ ლოზუნგში არის ესეთი მოწოდება, რომ „ევროპული საქართველო“ - ეს არის კომპასი მომავლისკენ, თუ სხვა ცვლილებებისკენ, მაგრამ მე ერთადერთს ვისურვებდი, რომ ამ კომპასს თავისი გეზი არ დაეკარგა ახლა, როდესაც ჩვენ უნდა ჩამოვიცილოთ ბიძინა ივანიშვილი. ბოლო პირველი 10 წუთი, რაც მე ვუსმენდი გიგა ბოკერიას, იყო მიხეილ სააკაშვილზე და ენმ-ზე საუბარი და მხოლოდ ბოლო 5 წუთი იყო ბიძინა ივანიშვილზე საუბარი“, - აცხადებს ხატია დეკაონიძე.
მმართველ გუნდში არ ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი. პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს, რადგან კოალიციური მთავრობის აუცილებლობა დღეს არ არსებობს.
„მაგაში ვეთანხმები, კოალიციური მთვრობის არც მე მჯერა. დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ არის. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით ისე, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი კონკურენტი, დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს. ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. დანარჩენი ხალხზე არის დამოკიდებული, რამდენი პოლიტიკური პარტია და ვინ შევა მომავალ პარლამენტში“, - განაცხადა კახა კალაძე.
ანალიტიკოს გია აბაშიძეს სერიოზულად არ მიაჩნია სააკაშვილის გამოსვლა.
„სააკაშვილს ამუნათებენ მისი ყოფილი თანაგუნდელები, იქნება ეს ბოკერია, თუ გიორგი ვაშაძე უმცროსი. აბსოლუტურად გაუგებარია რა უნდა ამ კაცს. ვერ დავუკარგავთ მას იურისტობას და პოლიტიკოსობას, მშვენივრად იცის, რომ ის არ არის კვალიფიციური სუბიექტი და ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამავე დროს, ქვეყნდება სხვადასხვა კვლევები, სადაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გამარჯვება. ასე თუ ისე, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გამარჯვება, მაგრამ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო „ობიექტივის“ მაყურებლებისთვის, არ დაგვავიწყდეს ქალბატონი ირმა ინაშვილის განცხადება და თქვენ ფიზიკურად ოთახში გაქვთ გამოკითხვა. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რეალურად უყურებენ პოლიტიკურ პულსს, ცოტა უნდა შეაშფოთოს იმ რეიტინგმა, რომელიც დადო „პატრიოტთა ალიანსმა“. ასე რომ, 31 ოქტობერს ძალიან ბევრ სურპრიზს უნდა ველოდოთ.
სააკაშვილის ნებისმიერი გამოსვლა არის კომედი შოუ. მისი გამოსვლა აღარ მიმაჩნია სერიოზულად, ისევე როგორც მილიონობით ადამიანს. ეს არის რაღაცა ცირკაჩობა, მაიმუნობა, იაფფასიანი, მდარე პერფორმანსი. სააკაშვილი, ნათელაშვილი და ხაბეიშვილი ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ რაღაცა სისულელეები შემოგვთავაზონ, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი არის ძალიან ბრძენი, ძალიან ზუსტდა იცის, ვინ უნდა აირჩიოს. გადაწყვეტილი აქვს და არ სჭირდება NDI-ის და IRI-ის კვლევები“, - აცხადებს გია აბაშიძე.
რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, ანალიტიკოსი სვამს კითხვას - ვინ არის გუბაზ სანიკიძე?
„არარაობა. ადამიანმა, რომელმაც გამოიცვალა არაერთი პარტია, არაერთხელ გამოიცვალა პრინციპები და თანმიმდევრულობა. გუბაზ სანიკიძე არის მხოლოდ „ტვ.პირველში“ „ფორმულაში“ და „კავკასიაზე“. მეტი არაფერი. ალბათ ნაციონალებში გაწვერიანდება, როგორც რესპუბლიკელები გაწვერიანდნენ. დიდი ხანია გუბაზ სანიკიძე პოლიტიკური ფიგურა აღარ არის. სამწუხაროა, რომ მედიის რაღაცა ნაწილი აქცევს მას ყურადღებას. ის არის არარაობა. უბრალოდ, მორიგი პოლიტიკური კლოუნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, სანიკიძეს დააგვინდა, გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს დაბომბვა. ერთი ბომბი უკვე ისროლეს ვაშაძემ და „ევროპულმა საქართველომ“.
„სააკაშვილი იძახის, რომ ხელისუფლება უნდა გადავაგდოთ, საქართველოში არის ამომრჩეველი, რომელიც ისურვებდა ხელისუფლების გადაგდებას და თან ისე, რომ მთავარი დირიჟორი და ძალა ამ პროცესში იყოს „ნაციონალური მოძრაობა“. არის ასეთი ამომრჩეველი და მისი რაოდენობა 12%-ს მოიცავს. რახან ეს ამომრჩეველი არის ამ სურვილის მატარებელი, ლიდერმა რა უნდა ქნას? - უნდა დაიძახოს ის, რაც მას უნდა, რადგან მათ ხმებზე ნადირობს. აქედან უკვე ცხადია ერთი რამ, სააკაშვილი ნადირობს მხოლოდ ამ რადიკალურად და თან დესტრუქციულად განწყობილი ამომრჩევლების ხმებზე. ხელისუფლებაში მოსვლა და გამარჯვება მის ამოცანებში არ შედის. ასე რომ იყოს, მაშინ რეიტინგებს გაუწევდა ანგარიშს. მის ამოცანებში შედის მხოლოდ იმ ამომრჩევლის შენარჩუნება, რომელიც რადიკალურად არის განწყობილი. იმიტომ, რომ ამ ამომრჩევლის რაოდენობა მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალებას აძლევს, რომ „ქართული ოცნების“ შემდეგ გავიდეს მეორე ადგილზე და მიიღოს ბიუჯეტიდან ის ფული, რაც შეესაბამება ამ ადგილს. სხვა ამოცანა მათ არ აქვთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მართლა შესთავაზა ოპოზიციას ერთიანი სიის ფორმირება, მაგრამ ისინი ფაქტობრივად დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს არ მოხდებოდა და ვერ განხორციელდებოდა ერთიანი ოპოზიციური სიის შექმნას. რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იბრძოლოს, რომ ხმების მაქსიმალური რაოდეობა მიიღოს, ესეც სრულიად ბუნებრივი განცხადებაა.
„პარტია გამოდის ცალკე, იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს და მეტი მანდატები მოიპოვოს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. თუ მას არ უჭერენ მხარს, მხარი დაუჭირონ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ეს განცხადებაც სრულიად ლოგიკურია. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია და რეალობაც ასეთია, რომ დღეს-დღეობით ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია თავად არის. მისი სურვილი არის, რომ პარტიებს შორის გავიდეს პირველ ადგილზე, რათა ჰქონდეს პრივილეგია ჩამოაყალიბოს მთავრობა.
შესაბამისად, სააკაშვილის ეს ჟესტი, რომ მას ურჩევნია ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, რომელიც მას არ უჭერს მხარს, მხარი დაუჭიროს სხვა პარტიებს, გამომდინარეობს არა მისი სურვილით, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია გავიდეს პარლამენტში, არამედ პრაგმატული მოსაზრებიდან. თუ გადაუწყევტელი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ არ უჭერს მხარს და გადანაწილდება სხვა პარტიებზე, ამის შედეგი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი გავა პირველ ადგილზე და მათ ექნებათ საშუალება შექმნან მთავრობა. მისი ყველა ეს განცხადება არის პრაგმატული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.