2013 წლის განმავლობაში საქართველოშიც და მსოფლიოშიც საწვავზე ფასების შემცირების ტენდენცია შენარჩუნდება. აქედან, ერთი მიზეზი გლობალურია და საყოველთაოა, ხოლო მეორე მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის დამახასიათებელი. ასეა თუ ისე, ავტომფლობელებისთვის საიმედო პერსპერქტივა გამოიკვეთა.
ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ საახალწლოდ საწვავზე შემცირებულ ფასებს მომდევნო თვეებშიც შეინარჩუნებენ. კომპანია „გალფში“ აცხადებენ, რომ იაფი ფასები მანამ არ შეიცვლება, სანამ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილური იქნება.
საწვავზე ფასის ცვლილებას არც „სოკარი“ გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფასების რეგულირების საკითხზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული.
„ლუკოილში“ კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დღეებში საწვავზე ფასმა მოიმატა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, „ლუკოილს“ გარკვეული მარაგი აქვს, რათა დაბალი ფასები შეინარჩუნოს.
მართალია მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ზემოთ მიცოცვას და ამჟამადე 1 ტონა ევროპული ტიპის ბენზინის ღირებულება 1000 დოლარსაც გადასცდა, მაგრამ საქართველოში არჩევნების შემდეგ საწვავის გაიაფების ტენდენციაა და სამომავლოდაც იგივე ტენდენციის შენარჩუნება იგეგმება. მაგალადთა, უახლოეს მომავალში ბაზარზე ახალი ეკონომკლასის ბრენდი გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს ნავთობპროდუქტებს არსებულზე დაბალი ფასით შესთავაზებს.
ახალი კომპანიის მიზანი ის იქნება, რომ ხელისუფლების დახმარებით, ბაზარზე საწვავი დაბალი ფასით გამოიტანონ, რაც მსხვილ კომპანიებს მარჟის შემცირებას აიძულებს. მიზანი კი „ქართული ოცნების“ საწვავის გაიაფების დაპირებას მოემსახურება.
ნავთობპროდუქტების კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ ბაზარზე ეკონომკლასის ავტოგასამართი სადგურების მქონე ახალი კომპანია მართლაც გამოჩნდება. რადგანაც მსხვილებს ბაზრის 90%-მდე აქვთ ათვისებული და ახალი „მოთამაშეების“ შემოსასვლელად რესურსი კიდევ არსებობს.
იაფი საწვავის შემოტანას აპირებს კომპანია „სენტას“ ყოფილი მფლობელი ზაალ იაკობიძე.
„საწვავს შემოვიტანთ ევროპიდან. განიხილება - საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ბუნებრივია, ჩვენ მიერ იმპორტირებული ბენზინი და დიზელი იქნება მაღალი ევროპული ხარისხის, თუმცა უფრო იაფი. შესაძლებელია, რომ საწვავი უფრო დაბალი ფასით იყიდებოდეს, ვიდრე დღეს არის“, - აცხადებს იაკობიძე.
კიდევ უფრო სახარბიელო ინფორმაციები მოედინება საერთაშორისო არხებიდან. ირკვევა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარს ნავთობის ჭარბი მიწოდება ელოდება, რამაც, შესაძლოა, „შავ ოქროზე“ ფასების საგრძნობი შემცირება გამოიწვიოს.
მაგალითად, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელთა პროგნოზით, რომ 2013 წელს „ბრენტის“ ნავთობის საშუალო ფასი 1 ბარელზე 105 დოლარამდე შემცირდება, 2014-ში კი - 99 დოლარამდე. 2012 წლისთვის ეს მაჩვენებელი 112 დოლარს შეადგენდა.
ამერიკული საინვესტიციო კომპანია „გლობალ ჰანტერ სექიურითიც“ მსგავს ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებს. მათი ინფორმაციით, 2013 წელს „ლაითის“ ტიპის საწვავი 1 ბარელზე, საშუალოდ, 85 დოლარი ეღირება, 2014 წლის შედეგებით კი - 80 დოლარი.