პანდემიის პირობებში, გაჩნდა მოლოდინი, რომ ყურძნის ჩაბარების კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნებოდა. წინა წლებთან შედარებით, ჭარბი მოსავლის მიუხედავად, და კორონავირუსის პანდემიით მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი მიყენებული ზარალისა, ყურძნის მოსავლის დაბინავება შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
ბოლო, ოფიციალური მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 94 ათასი ტონა ყურძენი: 68 ათასი ტონა რქაწითელი, 18 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გელა სამხარაული for.ge - სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამ ეტაპზე, ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახულია რთველის წარმატებით ჩატარება, რისთვისაც ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის მხრიდან, დიდი შრომა იქნა გაწეული.
გელა სამხარაული: ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ სოფლის მეურნეობის განვითარება და აღორძინება. ეს იყო რამდენიმე მიმართულებით განპირობებული. პირველი ის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, სურსათით უზრუნველყოფა იყოს პრიორიტეტი და დიდად არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ექსპორტიორ ქვეყანად. ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტი ცხოვრობს სოფლად, ეს ადამიანები ძირითადად დაკავებული არიან სოფლის მეურნეობით. სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ ახალი მიდგომები დაგვენერგა და განვითარებულიყო სოფლის მეურნეობა, წინა ხელისუფლება ამ კუთხით თითქმის არაფერს აკეთებდა ვინაიდან, მიაჩნდათ, რომ ეს მიმართულება ეკონომიკაში დიდ წვლილს არ შეიტანდა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯები გადავდგით: გაიზარდა საბიუჯეტო თანხები, ტექნიკა იქნა შეძენილი, ვაუჩერები დარიგდა და ამას მოყვა მთელი ჯაჭვი სხვადასხვა ღონიძიებების. ასევე, დაიწყო ხელშემწყობი პროგრამები, რითაც სახელმწიფო ხელს უწყობს მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, გაიცა შეღავათიანი აგროკრედიტები, დავნერგეთ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები, შემოვიღეთ აგროდაზღვევის სისტემა და სხვა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ყურძენთან დაკავშირებული საკითხები, ამ მიმართულებით მართლაც კოლოსალური შრომა იქნა გაწეული, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს ვინაიდან, სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა „აგრო ქართუ“, სადაც დაიწყო ჯერ ქართული ვაზის ჯიშის მოძიება, მოხდა მათი აღწერა, ზოგიერთი ჯიში საქართველოში აღარ იყო შემორჩენილი და სხვადასხვა წლებში გატანილი ამ ქართული ჯიშების უკან დაბრუნება მოგვიხდა სხვადასხვა ქვეყნის საკოლექციო ვენახებიდან.
წელს რა მოცულობის რთველს ველოდებით?
- 2012 წელს, გადამუშავდა 52 ათასი ტონა ყურძენი, წინა წლების მონაცემები კიდევ უფრო დაბალია. მაგალითად, 2008 წელს სულ გადამუშავდა 40 ათასი ტონა, 2009 წელს 23 ათასი ტონა. წლების მანძილზე, რქაწითელზე სუბსიდია იყო 15 თეთრი, საფერავზე იყო 25 თეთრი, 2012 წელს, უკვე 35 თეთრი შესთავაზეს ისიც იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც ოპოზიციური პარტია ჩაერთო ამ პროცესებში და ჩვენს საპირწონედ იქნა ესეც შეთავაზებული. წელს ველოდებით 300 ათას ტონა ყურძენს. გავაკეთოთ შედარება: 2012 წელს იყო 52 ათასი ტონა და წელს გვაქვს ეს ციფრი, ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა მიგვიყვანა ამ შედეგამდე.
მიწოდება-მოთხოვნას შორის ბალანსი როგორ იქნება დაცული, რამდენად აქვს მთავრობას იმისი რესურსი, რომ ეს ციფრი აითვისოს?
- წლების მანძილზე ჩვენ პრობლემა გვაქვს მხოლოდ ერთ ჯიშთან მიმართებაში, ეს არის რქაწითელი, ვინაიდან მიწოდება უფრო ჭარბია, ვიდრე მოთხოვნილება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ორი ჯიშის ყურძენს - რქაწითელს და კახურ მწვანეს ვასუბსიდირებთ, ეს განაპირობა იმან, რომ ძირითადად ვენახები არის შერეული და სახელმწიფო სუბსიდიის სახით გამოყოფს 30 თეთრს ერთ კილოგრამ ყურძენზე. მანამდე ჩვენ გვახსოვს რა პრობლემები ახლდა თითოეულ რთველს. ეს ყველაფერი მაშინ პოლიტიკას უკავშირდებოდა, ეს პოლიტიკური მიზნები უფრო იყო ვიდრე დარგის განვითარება. წელს ველოდებით 300 ათას ტონას, ფაქტობრივად, ექვსჯერ მეტი მოსავალი გვაქვს ვიდრე მანამდე იყო, ექსპორტიც შესაბამისად არის გაზრდილი. 2012 წელს ექსპორტზე გავიდა 23 მილიონი ბოთლი, ეს იყო 75 მილიონი დოლარის ღირებულების. 2019 წელს ჩვენ უკვე ექსპორტზე გავიტანეთ 94 მილიონი ბოთლი, ეს არის 237 მილიონი. რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ამ წლებში, ექსპორტირებულია მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო.
გასაღების ბაზრები თუ არის გაზრდილი, ევროპის ბაზრებზე იყო კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემები?
- 2012 წლამდე, ჩვენ სავაჭრო ურთიერთობა გვქონდა 40 ქვეყანასთან, აქედან რამდენიმე ქვეყანა იყო უბრალოდ სტატისტიკაში, ვინაიდან მხოლოდ გამოფენაზე იყო ჩვენი ღვინოები წარმოდგენილი და სხვა არაფერი. დღეს, ჩვენ ქვეყნების რიცხვი გვაქვს გაზრდილი 54-მდე. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო „აგრო ქართუს“ მიერ წამოწყებულმა საქმემ, როდესაც მოხდა ჯიშების აღდგენა, შემდეგომში უკვე შეიქმნა კომისია, ბატონი ბიძინა იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, მისი დავალებით შეიქმნა სწორედ ეს კომისია და დაიწყო უკვე მეცნიერების ჩართვა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და დაიწყო ჩვენი მეღვინეობის ისტორიის საფუძვლიანი კვლევა. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ მსოფლიომ გვაღიარა როგორც ღვინის სამშობლო, ქვეყანა, სადაც 8 ათასი წლის მანძილზე უწყვეტად მიმდინარეობს ვაზის მოშენება-მოყვანა და ღვინის წარმოება. ეს იყო ძალიან დიდი აღიარება. ჩამონათვალში რომ არ არსებობდა ქართული ქვევრის ღვინო და ეს ჩვენი უნიკალური ტრადიცია მსოფლიო ღვინის ორგანიზაციამ როგორც ღვინის დამატებითი სახეობა, თავის ნუსხაში შეიტანა, იუნესკომ ჩვენი მეთოდი როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა აღიარა და საბოლოო ჯამში ეს იყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მეღვინეობის აღიარება მსოფლიო დონეზე. სწორედ ამან შეუწყო ხელი იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის გავხდით საინტერესო, ცნობადი და შესაბამისად, ქართულ პროდუქციაზე გაიზარდა მოთხოვნა. ჩვენ ვართ გარდამტეხ პერიოდში, ჯერ არ გვაქვს ბაზრები ათვისებული, რომ მიწოდება-მოთხოვნას შორის ბალანსი დავამყაროთ, მაგრამ გვაკლია ძალიან ცოტა პერიოდი, იმიტომ, რომ ყოველწლიურად იზრდება რაოდენობა, წელსაც ვვარაუდობთ, რომ ასი მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდება, მიუხედავად დღეს შექმნილი შემაფერხებელი გარემოებებისა.
ასევე, მნიშვნელოვანია ტურიზმის როლიც, ადგილზეც გაგვეზარდა მოთხოვნა. შარშან, ფაქტობრივად, სუბსიდიიდანაც გამოვდიოდით. ზოგადად, სუბსიდია ყოველთვის არაჯანსაღად მოქმედებს დარგის განვითარებაზე და მნიშვნელოვანია, რომ დარგი იყოს თვითმყოფადი, ჩვენ ამისი ყველა წინაპირობა გვქონდა, მაგრამ ვირუსის გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგვიშალა ხელი. ვინაიდან შიდა მოხმარება შეგვიმცირდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვლავ ხელოვნურად ჩაერთოს ამ პროცესში და ეს რთველიც უმტკივნეულოდ ჩავატაროთ.
ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით გარკვეული უკმაყოფილება მაინც არსებობს, ძირითადად ფასიდან გამომდინარე, რაც განისაზღვრა. 80 თეთრი რამდენად ოპტიმალური თანხაა?
- რაც შეეხება ფასებს, ძირითადად, სპეკულირება მიდის ხოლმე ფასებზე, ეს არის ციფრებით მანიპულირება, რა ციფრებიც იქნა ნახსენები, მაგხელა სუბსიდია არასდროს არ ყოფილა, როგორც აღვნიშნე, საფერავზე იყო 25 თეთრი და 10-15 თეთრი იყო რქაწითელზე. საფერავზე ისეა გაზრდილი მოთხოვნილება, სახელმწიფოს ჩარევა აქ საერთოდ არ არის საჭირო. ერთადერთი დაგვრჩა რქაწითელის ჯიშის ყურძენი და ვფიქრობ, ესეც დროის საკითხია, ვინაიდან ჩვენი ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება, გაყიდვების რაოდენობაც იზრდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვახერხებთ იმას, რომ ესეც აღარ იყოს ქვეყნისთვის პრობლემა. ასევე, ვფიქრობთ ახალი პროგრამების შექმნას, სადაც მოხდება რქაწითელის სხვა ძველი, მაგრამ ბაზრისთვის ახალი ჯიშების ჩანაცვლება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ზოგიერთ ჯიშზე დიდი მოთხოვნაა და ფიზიკურად არ გვაქვს, ზოგი ჯიში კი გვაქვს ჭარბი რაოდენობით. ამ ჩანაცვლებით შევძლებთ ბალანსის დამყარებას. რაც მთავარია, ჩვენ ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, საფრანგეთის და იტალიის შემდეგ, ვართ მესამე ადგილზე, ღვინის ფასიდან გამომდინარე, საშუალოდ, ლიტრის ფასი არის 3, 12 ევრო.
პანდემიის პერიოდში, წინა პლანზე წამოიწია ახალმა პრიორიტეტებმა, ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარება, შიდა წარმოებების გაზრდა და სხვა, რა გაკეთდა ამისთვის და რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ, სიახლე რა იგეგმება?
- ერთი საკითხია მოიყვანო ნედლეული და მეორე საკითხია, ამ ღირებულებათა ჯაჭვში დამატებითი ღირებულებაც შექმნა ადგილზე, დაასაქმო შენი მოქალაქეები და მზა პროდუქცია შესთავაზო შენს მომხმარებელს. სწორედ, ბოლო წლებში მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა. ის პროგრამა, რომელიც მრავალწლიანი კულტურების გაშენებას უწყობს ხელს, გაჩნდა მოთხოვნა სასაწყობე მეურნეობებზე, ამას მოყვა მოთხოვნა, ასევე, გადამამუშავებელ მრეწველობაზე და სწორედ, ჩვენი ამ პროგრამებით, თანადაფინანსებით, შეღავათიანი კრედიტებით, საპროცენტო განაკვეთებში სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ვახერხებთ და 500-ზე მეტი ასეთი ახალი საწარმოა შექმნილი და ძალიან ბევრმა საწარმომ გაიარა გადაიარაღება, თუნდაც მეღვინეობის მიმართულებით. ხელს ვუწყობთ კოოპერატიულ მეურნეობებს, რომ ადამიანებმა მოახერხონ ერთად მუშაობით ასეთი მოთხოვნადი პროდუქციის შექმნა. დღეს, ოთხასამდე კომპანიაა, რომელიც ინდუსტრიულად გადაამუშავებს ყურძენს და თავისი პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე. თუ განვითარებულ ქვეყნებს შევხედავთ, მაგალითად, ახალი ზელანდია, დაახლოებით, ჩვენი ზომის ქვეყანაა, ჩვენი ფართობების ვენახები აქვთ და იქ არის დაახლოებით 3500 კომპანია, და შევადაროთ 400 კომპანიას, ანუ, ჩვენი ათი ათასობით მევენახე, ამ ოთხას კომპანიაზეა ჩამოკიდებული. ცოტა უხერხულიცაა ამდენი ათასობით ადამიანი მიადგე ამ კომპანიებს და უთხრა, რატომ არ ღირს ჩემი ყურძენი უფრო ძვირი, რატომ უფრო კარგად არ მუშაობ, რატომ კარგად არ მოიძიე ბაზარი, რომ მე მეტი გადამიხადო. ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო გიქმნის ყველა პირობას, რომ შენ თვითონ შექმნა ასეთი კომპანია, თუ მარტო არ შეგიძლია, მაშინ შექმნა კოოპერატივი, გაერთიანდნენ მევენახეები, ვიღაცას ფულადი რესურსი აქვს, ვიღაცას ცოდნა აქვს, გაერთიანდეს ეს ცოდნა და რესურსი და შენც ჩაება ამ ფერხულში. აი, სწორედ ეს გვაკლია, ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ცოდნაზე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს პრობლემა, მეღვინეობაში შედარებით კარგად გვაქვს საქმე, სხვა პროფესიებში, მაგალითად აგრონომია, ნიადაგმცოდნეობა, მექნიზაცია და ასე შემდეგ, ამ კუთხით, სპეციალისტების ძალიან დიდ ნაკლებობას განვიცდით, ესეც აისახება ფასებზე. ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, დღესაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ადგენს ფასებს და საბაზრო ეკონომიკის მიდგომები დიდად არ აქვთ გათვითცნობიერებული. ჩვენს პირობებში სახელმწიფო ფასებს არ ადგენს, ჩვენ, უბრალოდ, სახელმწიფო მექანიზმებით და ამ სუბსიდიით ვაწესებთ პირობებს, რომ მინიმალურ ზღვარზე ქვევით არ იქნეს თანხა გადახდილი. დღეს რქაწითელთან მიმართებაში ფასი არის 80 თეთრი და იმის ზემოთ, ხარისხიდან და მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ფასი შეიძლება ღირდეს.
განათლება ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მევენახეობაში და ზოგადად, სოფლის მეურნეობაში პროფესიულ დონეზე მიღებული განათლება? თითქოს ეს ერთი შეხედვით სოფლად სამუშაოებისთვის ბევრს არაფერს უნდა წყვეტდეს?
- ჩვენს მევენახეებს, ძირითადად, ცოდნა აქვთ გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუ რაც ისწავლეს თავისი მამისგან, პაპისგან. უფრო მეტად გამოცდილებით დაგროვებული ცოდნაა ეს ვიდრე მეცნიერული, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულწილად ესეც არის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ ვენახის მოვლა უფრო ძვირი ჯდება. ეს უკვე დამოკიდებულია პრეპარატების რაოდენობაზე, ინტენსივობაზე, რა რაოდენობის პრეპარატს შეიტან, იქ ტექნიკა უნდა ამუშაო, გამოიყენო ადამიანური შრომა, დახარჯო თანხები სხვადასხვა შხამქიმიკატებში, პესტიციდებში და შენ თუ კარგად იცი ნებისმიერი დაავადების ბუნება, მათი გავრცელების პირობები და ასე შემდეგ, შესაძლებელია, რომ გაცილებით ნაკლები ხარჯი გაწიო. დღეს არსებულ ფასებს რაც შეეხება, სახელმწიფო არასდროს ბრმად არ უდგება საკითხებს, არსებობს ყველანაირი მონაცემები, მიმდინარეობს დარგის სპეციალისტებთან მსჯელობა და ამ გადაწყვეტილებების შედეგად ერევა სახელმწიფო ამა თუ იმ ურთიერთობაში. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ვინაიდან, ვიცოდით, რომ შიდა მოხმარება ძალიან შემცირებულია და შესაბამისად, ქართველები მოვიხმართ თეთრ ღვინოს, რაც რქაწითელისგან არის ნაწარმოები, ამიტომაც გადაწყვიტა სახელმწიფომ ამ კუთხით ჩარევა, რომ გლეხი არ დარჩეს დაზარალებული. ეს ის თანხაა, სადაც მათი ყველა დანახარჯი ანაზღაურებული იქნება და გარკვეული მცირე მოგებაც იქნება. დავიწყეთ ასევე ვენახების კადასტრი, ხდება ფართობის აღწერა, ჯიშის, ადგილმდებარეობის, ასევე თუ ვინ არის მეპატრონე, უახლოეს მომავალში გვექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღწერა, რათა შემდგომში პროგრამები რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, იყოს მიზნობრივად გადანაწილებული.