"ადეიშვილის ახლობლები ცდილობენ, სიტუაცია დაარეგულირონ ევროპაში მყოფ ქართველ კრიმინალებთან".

ზაალ კასრელიშვილი - "ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ისრაელის სპეცსამსახურებთან"

"არ ვიცი, ვინ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ადეიშვილი ბელგიაშია, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, - სადაც გინდა იყოს, ადეიშვილი ყველგან იქნება იატაკქვეშეთში! ბელგიის, ავსტრიისა და ნორვეგიის ძალოვან უწყებებში ყველაზე ნაკლებია რუსეთის სპეცსამსახურების გავლენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობას ერიდება, ცდილობს, ამ ქვეყნებში მიიღოს თავშესაფარი. თავშესაფრის მიღების პროცედურა თუ გაინტერესებთ, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელიც წლების განმავლობაში თანამდებობის პირი იყო, ბელგიაში თავშესაფრის მიღება ძნელი არ არის, მაგრამ როგორც მე შემატყობინეს, ეს ადამიანი ფიზიკურად იქ არ უნახავთ. საერთოდ, მოქალაქეობისა და თავშესაფრის მიღება არანაირად არ არის ძნელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნამდე, იმ ქვეყნის ბანკებში თანხებს აბანდებენ!" - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ადეიშვილის ახლობლები ცდილობენ, სიტუაცია დაარეგულირონ ევროპაში მყოფ ქართველ კრიმინალებთან".

"არ მინდა ვინმეს თავი მოვაბეზრო ჩვენი ორგანიზაციის, "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის", შესაძლებლობების დემონსტრირებით, რადგან საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი და მან უკეთ იცის, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი კავშირებით შეგვიძლია, მივაკვლიოთ ადამიანებს, რომლებიც იატაკქვეშეთში ცხოვრობენ. დიახ, თუ შესაბამისი ნებართვა იქნება, ჩვენ შეგვიძლია მივაკვლიოთ ადამიანებს, მიუხედავად მათი სტატუსებისა და საქართველოში ჩამოვიყვანოთ ისინი. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ, თუ სახელმწიფოს ნებართვა და ინტერესი იქნება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია! ადეიშვილმა თავშესაფარი რომც მიიღოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის იატაკქვეშეთიდან გამოვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.

"მე როგორც ვიცი, ადეიშვილის ახლობლები ცდილობენ, სიტუაცია დაარეგულირონ ევროპაში მყოფ ქართველ კრიმინალებთან, ყური მოვკარი იმასაც, რომ მაგისი წრიდან ჩრდილოკავკასიელებთანაც დაილაპარაკა ვიღაცამ. რამდენი ფულიც გინდა ჰქონდეს წაღებული, ადეიშვილი იატაკქვეშეთიდან ვერ გამოვა, რადგან მას სიტუაცია აქვს დასარეგულირებელი იმ ხალხთან, რომლებიც დააქციეს, იმ ჩრდილოკავკასიელებთან, რომლებიც ჯერ შეიპირეს, მერე "გადააგდეს" და მერე ჩახოცეს, იმ კრიმინალებთან, რომლებიც ქვეყნიდან გააქციეს! აქამდე საზოგადოებას თავში უტენიდნენ იმ აზრს, რომ თითქოს ვანო მერაბიშვილი იყო ყველაფრის თავი და თავი, მაგრამ ჩვენ დავინახეთ მერაბიშვილის მიერ ჩატარებული საარჩევნო კამპანია და ყველანი დავრწმუნდით, რომ მისი სახით ჩვენ საქმე გვაქვს უნარშეზღუდულ ადამიანთან. სინამდვილეში ყველაფრის თავი და თავი ადეიშვილი იყო. ეგ თითხნიდა საქმეებს, ეგ ქმნიდა დანაშაულებრივ სქემებს და ეგ იყო სააკაშვილის ბრძანებების პირდაპირი შემსრულებელი. თუ რომელიმე სახელმწიფო უარს იტყვის ადეიშვილის გადმოცემაზე, საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია დაასაბუთოს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცოს, რომ ადეიშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე და ამ სახელმწიფო დამნაშავესა და კრიმინალს ხელს აფარებენ. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ესენი საბოლოოდ ევროპაში დარჩნენ, ესენი უფრო მესამე ტიპის ქვეყნებში წავლენ, უფრო ლათინური ამერიკის ქვეყნებში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ისრაელის სპეცსამსახურებთან, რადგან თავისი ასაკიდან გამომდინარე, მას იქ ჯარში სამსახური უწევდა, რასაც ყალბი დოკუმენტების გზით აარიდა თავი, - თითქოსდა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ზუსტად ვიცი, თუ წასული არ არის, ძალიან მალე მოუწევს ისრაელის დატოვება. კეზერაშვილის ტიპის ადამიანი ამერიკაში საბოლოოდ არ გაჩერდება. მაგის ბოლოც ლათინური ამერიკა იქნება, ალბათ. რაც შეეხება თოფურიძეს, თურქეთი ძალიან უფრთხილდება საქართველოსთან ურთიერთობას და თოფურიძის გულისთვის თურქეთის სპეცსამსახურები ქართველ კოლეგებს არ აწყენინებენ, ოღონდ ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა იყოს დასაბუთებული", - დასძენს ზაალ კასრელიშვილი.