მილიონი მედიის განვითარებისთვის, თუ პრეზიდენტის პიარისთვის?

მილიონი მედიის განვითარებისთვის, თუ პრეზიდენტის პიარისთვის?

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში გია ნოდიას „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ 800 ათას ლარს განკარგავს, 200 ათას ლარს კი - ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი, რომელსაც ნინო დარასელი ხელმძღვანელობს. ორი გამარჯვებული ნინო კალანდაძის ხელმძღვანელობით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც პრეზიდენტის სხვა მრჩევლებიც - ვერა ქობალია, ვან ბაიბურთი, ნატალია ყანჩელი და მუბარის კარაევი შევიდნენ.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, გია ნოდიამ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღებული თანხით მოქალაქეების აქტივიზაციისკენ მიმართული პროექტები იქნება დაფინანსებული.

„გარდა ამისა, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ძირითადად, ინტერნეტმედიის განვითარებაზე, რადგან ესაა მედიის ყველაზე ინოვაციური, პერსპექტიული და დემოკრატიული სახე და ესაა ის, სადაც მცირე ფინანსური რესურსებით შესაძლებელია შედეგის მიღწევა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კავკასიური ინსტიტუტის მისამართი სხვა მედიაორგანიზაციებმა დაივიწყონ“, - განაცხადა გია ნოდიამ.

მისი განმარტებით, ფულს არა თვითონ, არამედ საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი გამგეობა გაანაწილებს და მისი სუვერენული გადაწყვეტილება იქნება, ვის გამოუყონ გრანტი და ვის არა. გამგეობის წევრებთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკისგან ნოდიამ თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ამ თემაზე ჯერ კონსულტაციებიც არ დაწყებულა. რაც შეეხება თავად პროექტის განხორციელებას, ნოდიას განმარტებით, იანვარი სავარაუდოდ გამგეობის ჩამოყალიბებას და პროცედურების გაწერას დაეთმობა, კონკურსი კი თებერვლიდან გამოცხადდება.

For.ge-სთან საუბარში გია ნოდიამ მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ თითოეულ ორგანიზაციაზე გასაცემი გრანტის ოდენობა იქნება მაქსიმუმ 30 000 ლარი.

რაც შეეხება ექსპერტთა ნაწილის შეფასებას, რომ პრეზიდენტის მრჩევლებისგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ კონკურსში ნოდიასა და ნინო დარასელის ორგანიზაციების გამარჯვებით ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღეს, კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ აპირებს.

„პროექტის შექმნა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ბუნებრივია, იქნება პოლიტიკური შეფასებები და ვარაუდი, რატომ მოინდომა მან სამოქალაქო სექტორის და მედიის მხარდაჭერა ახლა და რატომ აირჩია მაინცდამაინც ჩვენი ორგანიზაცია. ჩვენ პოლიტიკურ თამაშში ვერ შევალთ. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება გვქონდეს - ჩვენი პროგრამის მაქსიმალურად გამჭვირვალობა და მოქმედება ყველა კრიტერიუმის დაცვით, რასაც ასეთი ტიპის ფონდების საქმიანობა მოითხოვს“, - აღნიშნა ნოდიამ.

ქართული მედიის წარმომადგენლებს ნოდიასთვის ამ თანხის განკარგვის უფლების მინიჭება გარკვეულ ეჭვებს უჩენს და მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ფული სააკაშვილისთვის სასურველ მედია-საშუალებებს მოხმარდება.

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მიიჩნევს, რომ ნინო დარასელი პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემებს არ შეეხება. ამიტომ მისი ორგანიზაციისთვის განსაკარგავად გადაცემული 200 000 ლარი კულტურის, ხელოვნების ან სოციალური თემების გაშუქებაში დაიხარჯება.

„გია ნოდიას რაც შეეხება, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლებაში დაბრუნების გეგმის ერთ-ერთი ნაწილი. თუ ადრე მედია მერიის შეკვეთით ფინანსდებოდა და რაჭას, სვანეთს და აჭარას უკეთებდნენ რეკლამას, ახლა ასეთ რეკლამებს ბიუჯეტის თანხებიდან ვერ აფინანსებენ. ამიტომ მიშამ თავისი 10 მილიონიდან ერთი მილიონი გამოყო იმისთვის, რათა მიშას ვიღაც მედია-ტიპებს ფული ჰქონდეთ. ამდენად, ჩვენ ვიქნებით იმის თვითმხილველები, თუ როგორ დაფინანსდება ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მედია-პროექტები“, - აცხადებს შალვა რამიშვილი.

მედია–ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი თანხის ობიექტურად განაწილების შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით უნდა მოხდეს. პირველ რიგში კურდღელაშვილი იმ გაემოებას უსვამს ხაზს, რომ პრეზიდენტის მიერ მედიის განვითარების ხელშეწყობისათვის გამოცხადებული კონკურსის დედლაინი ძალიან მცირე იყო, სულ 6 დღეს მოიცავდა. მედია-ექსპერტი განმარტავს, რომ კონკურსები ასეთი მცირე დედლაინით არ ცხადდება. ამასთანავე, კონკურსის ჩატარებისას სპეციალური ფორმები უნდა გაიწეროს, რათა დაკონკრეტებული იყოს, რა მოთხოვნები აქვს კონკურსის გამომცხადებელს, რა არის მისი მოთხოვნები და რა შემთხვევაში აქვს კონკურსში მონაწილეს კონკურსში გამარჯვების შანსი. ამ შემთხვევაში კი ასეთი კონკრეტული პირობები გაწერილი არ ყოფილა. ამიტომ ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ ამ კონკურსთან დაკავშირებით ეჭვები თავიდანვე გაჩნდა.

გია ნოდიას ორგანიზაციასთან დაკავშირებით ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ ეს საკმაოდ გამოცდილი ორგანიზაციაა სერიოზული პარტნიორებით, ხოლო ზაზა დარასელის ფონდს ვერბ-გვერდიც კი არ აქვს. ამასთანავე, მედია-ექსპერტი მიიჩნევს, ერთი მილიონი არ არის ის თანხა, რომელიც მედიის განვითარებაზე რაიმე სერიოზულ გავლენას იქონიებს.

„გია ნოდიამ განაცხადა, რომ ეს თანხა რამდენიმე მიმართულებას მოხმარდება და მათ შორის ინტერნეტ-მედია დაასახელა, რის შემდეგაც რაღაც ნათელი გახდა, თუმცა მოდით ისიც ვთქვათ, რომ ყველა ველოდებით (ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს), რომ ეს პროექტი პოლიტიკური, მათ შორის სააკაშვილის მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი არასოდეს ტოვებს ულუკმაპუროდ იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე მუშაობენ“, - ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ეს იმდენად დიდი თანხა არ არის, რომ მედიის განვითარებას რეალურად მოხმარდეს. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ სააკაშვილი ამ ფულს იმ ადამიანებს მოახმარს, ვინც მისი ერთგულები არიან და ვისი იმედიც მას აქვს. ლელა კურდღელაშვილი ასევე ფიქრობს, რომ ეს თანხა იმხელა არ არის, რომ პოლიტიკაზეც რაიმე გავლენა იქონიოს, მაგრამ მეორე მხრივ, იხსენებს, რომ თავის დროზე დაახლოებით ამდენი მიიღო მოძრაობამ „კმარა“. ყველაზე საინტერესოდ კი კურდღელაშვილს ის მიაჩნია, რომ გია ნოდიამ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე არ გააკეთა განცხადება, ხოლო მეორე დღეს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც პირველ დღეს ვერ იტყოდა. ამიტომ კურდღელაშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ნოდია დაბნეული იყო და თვითონვე არ იცოდა, რაში მიიღო ეს თანხა. ამასთან, კურდღელაშვილი ყურადღებას ამახვილებს გია ნოდიას მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტზე, ეს არის ინტერნეტ-მედია.

„ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სოციალურ ქსელებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს თანხა სოციალურ ქსელებში გარკვეული პოლიტიკის გატარებას მოხმარდება, მაგალიათად, ბლოგერების და ბლოგ-ინსტიტუტების მიერ გარკვეული აზრების გატარებას სოციალური ქსელების მეშვეობით, რადგან ეს არ არის ის თანხა, რომლითაც ტელევიზიას გააკეთებ, ან კარგ გაზეთს ააწყობ. ეს არის მცირე თანხა, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ სოციალურ ქსელებში შეიძლება იმუშაოს. მეორე მხრივ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ფული ჩვენი პრეზიდენტის ფავორიტი ადამიანების ხელფასებად დარიგდება. მეტზე ეს თანხა საკმარისი არ არის“.

რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, ია მამალაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან ამგვარი პროექტის დაფინანსება მიზანშეწონილი არ არის, რადგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სულ სხვა მიზნებისთვის არსებობს. მეორეც, ია მამალაძე იხსენებს სხვა ფონდს, რომლის ხელმძღვანელიც ჟურნალისტი დათო აფრასიძე იყო, რომელსაც ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო სახსრები მედიის განვითარებისთვის და ჟურნალისტები პრაქტიკულად არ დაინტერესებულან, რაში დაიხარჯა ეს ფული.

„ამ შემთხვევაშიც კონკურსანტების სიმცირე და ის, რომ იქ ერთი განაცხადი დაიკარგა, ასევე საბოლოო ჯამში გამარჯვებულების ამხელა თანხით დაფინანსება ჩემთვის მიუღებელია. აღმოჩნდა, რომ არჩევანიც ძალიან მცირე იყო, რადგან საბედნიეროდ მედია-საშუალებების დიდი ნაწილი საქართველოში მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სულ სხვა მიმართულებებით უნდა იყოს გამოყენებული. ზოგადად, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მედიის განვითარებაზე, მაგრამ არა ამ ფორმით. ამისთვის არსებობს სხვა ფორმები, რომლებიც უამრავ ქვეყანაში კარგად მუშაობს“, - აცხადებს ია მამალაძე.

მისი თქმით, როგორც კი ამ ფონდის შესახებ გახდა ცნობილი, თავიდანვე ჩანდა, რომ ეს თანხა განწყობების მიხედვით იქნებოდა განაწილებული, თუმცა აქვე ია მამალაძე აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, დამოუკიდებელ მედია-საშუალებებსაც მიეღოთ ამ კონკურსში მონაწილეობა, რაც ამ პროცესზე კიდევ უფრო მეტის თქმის საშუალებას გააჩენდა.