საქართველოში 59 პოლიტპატიმარია

საქართველოში 59 პოლიტპატიმარია

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთასორისო დღეს, პოლიტპატიმრებად აღიარებული პირების ოჯახის წევრებმა, საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ მიმართეს და საპყრობილეში მყოფების გათავისუფლება მოითხოვეს.

 

პოლიტპატიმრების ოჯახების სახელით, ამ ღონისძიებას ორგანიზება ასოციაცია “კანონი ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა გაუწია, რომლის მამა, ომარ ქუცნაშვილიც პოლიტპატიმრადაა აღიარებული. პოლიტპატიმრების ირგვლივ პრესა.გე ზაქარია ქუცნაშვილს ტელეფონით ესაუბრა.

 

პოლიტპატიმრების რომელი სია გამოაქვეყნეთ დღეს და ვინ შეადგინა ის?

ზაქარია ქუცნაშვილი: ესაა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივად შექმნილი კომისიის მიერ გაკეთებული სია. ამ კომისიამ თითოეული საქმის განხილვისა და შესწავლის შემდეგ მისცა ამა თუ იმ პირს პოლიტპატიმრის კვალიფიკაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ის სიაა, რითაც ბაიდენს წელიწადნახევრის წინ თბილისის აეროპორტში დავხვდით და ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება ვთხოვეთ.

 

რამდენი პოლიტპატიმარი იყო მაშინ საქართველოში და რამდენია დღეს?

– 2009 წლის 22 ივლისს, როცა ბაიდენი ჩამობრძანდა, საქართველოში 84 პოლიტიკური პატიმარი იყო, რომელთაგან  ექვსი ადმინისტრაციული წესით იხდიდა სასჯელს, ხოლო 78 სისხლის სამართლებრივი წესით.

 

2010 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, როგორც ჯარიდან, ისე საზოგადოებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან, საქართველოში 59 პოლიტპატიმარია. მათ შორის ყველაზე მეტნი არიან საზოგადოების წარმომადგენლები და სამხედრო პირები. წინა წელთან შედარებით პოლიტპატიმრების რიცხვმა იკლო, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს.

 

როგორი ფორმით მოხდა მათი გათავისუფლება?

– ძირითადად სასჯელის ფორმის შეცვლით და სასჯელის ვადის ამოწურვით. თუ აქამდე 7–8 პარტიას ჰყავდა პოლიტპატიმარი და თითოეულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში პოლიტპატიმართა რაოდენობა 8 კაცამდე აღწევდა, დღეს მხოლოდ სამ პოლიტიკურ ჯგუფს ჰყავს ერთზე მეტი პატიმარი. ესენი არიან იგორ გიორგაძის, ირაკლი ოქრუაშვილის და ნინო ბურჯანაძის მომხრეები.  

 

რამდენ–რამდენი პოლიტპატიმარი ჰყავს თითოეულ ორგანიზაციას?

– ბურჯანაძის მომხრეებიდან 15 პირი იყო დაპატიმრებული და დღეს ეს რიცხვი 3–მდე დავიდა; ოქრუაშვილის მომხრე 4 პოლიტპატიმარი იყო და დღესაც ამდენივეა; გიორგაძის მომხრეებიდან 14 პოლიტიკური პატიმარი იყო და და დღეს თორმეტია, ორმა სასჯელი მოიხადა და გაათავისუფლეს.

 

რაც შეეხებაათ სხვა პარტიებს – “კონსერვატორებს“, “ახლებს“ და “რესპუბლიკელებს“ თითო პოლიტპატიმარი ჰყავთ; მათ “ეროვნული ფორუმიდან“ ზაზა ჩაკვეტაძის სახით ერთი პოლიტიკური პატიმარი დაემატათ.

 

59 პოლიტპატიმრიდან რამდენია სამხედრო, რამდენი - საზოგადოების წარმომადგენელი და რამდენი - პოლიტიკური პარტიის წევრი?

– ქართული ჯარიდან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებიდან 36 პირია დაპატიმრებული. 59–დან დანარჩენები არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და პოლიტიკური ლიდერების მომხრეები.

 

ეს კონკრეტული მონაცემები იმაზე მიანიშნებს, რომ 10 დეკემბრის მდგომარეობით, წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ისევ ჰყავს პოლიტპატიმრები; მართალია ბაიდენის ვიზიტის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაათავისუფლეს, მაგრამ ჯარის და საზოგადოების წარმომადგენლების კუთხით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.

 

წლიწადნახევრის წინ 84 პოლიტპატიმარი იყო და დღეს ეს რიცხვი 59–მდეა დასული, კლება სახეზეა, მაგრამ ვიმეორებ – უმრავლეს შემთხვევაში გათავისუფლება იმის გამო მოხდა, რომ სასჯელი შეუცვალეს, ან სასჯელი მოიხადეს. მაგალითად, მომავალი წლის მარტში, იგორ გიორგაძის მომხრეებიდან შვიდ პირს სასჯელის ვადა ეწურება და ისინიც გათავისუფლდებიან, მაგრამ ეს ხელისუფლების დამსახურება არ არის, რომ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს!

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ყურადღება მიაპყრონ საქართველოში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას, პოლიტპატიმრების კუთხით.

 

ამასთან, 16 დეკემბერს, “ეროვნული ფორუმიდან“ ზაზა ჩაკვეტაძის სასამართლო პროცესია დანიშნული. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ხელისუფლებას მოვუწოდებთ ზაზა ჩაკვეტაძე გაათავისუფლონ, რომ საქართველოს პოლიტპატიმართა არმია ერთი ადამიანით მაინც შემცირდეს.