„ყველანაირ ქორწილსა და ქელეხზე საშიშია სკოლა, რადგან ბავშვი ხუთ წუთზე მეტხანს ვერ დაიცავს წესებს“

„ყველანაირ ქორწილსა და ქელეხზე საშიშია სკოლა, რადგან ბავშვი ხუთ წუთზე მეტხანს ვერ დაიცავს წესებს“

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი კლასებში 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. პრემიერის თქმით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლება 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ სწორად შეაფასოს მიმდინარე რისკები.

კორონაპანდემიის პერიოდში განათლების სფეროს გამოწვევებზე for.ge-ს საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია ესაუბრა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო ისედაც მომზადებული ჰქონდათ სწავლების ჰიბრიდული ფორმა. გაუძლებენ თუ არა ბავშვები და მოზარდები ხელმეორედ დისტანციურ სწავლებას და სახლში გამოკეტვას, თუკი ამის აუცილებლობა იქნება?

- სწავლის გადადება აუცილებელი იყო, რადგან სკოლა გაცილებით საშიშია, ვიდრე ქორწილი და ქელეხი. გაუძლებენ თუ არა ბავშვები ამ შეზღუდვებს, რეალურად, ბავშვები იმ რეგულაციებს ვერ გაუძლებენ, სკოლებმა რომ მიიღეს. საუბარია 22-გვერდიან რეგულაციებზე, რაც იმთავითვე იყო სიყალბე, რომელიც ვერ შესრულდებოდა. მაინტერესებს, ვინ შეადგინა ეს რეგულაციები და, საერთოდ, თუ აქვს რაიმე წარმოდგენა ამის შემდგენელს ბავშვზე? ბავშვები კი არა, სტუდენტებიც ვერ დაიცავენ ამ რეგულაციებს. ბავშვები წამდაუწუმ მოიხსნიან პირბადეს, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ბავშვსა და სტუდენტს უნდა შევახსენოთ, რომ პირბადე გაიკეთონ? ეს არის მეცადინეობა?

გაურკვევლობა გამოიწვია იმანაც, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით, მშობლებს ყოველდღიურად უნდა დაესუფთავებინათ საკლასო ოთახები.

- საკლასო ოთახებს რად უნდოდა დასუფთავება? იქ არავინ შედიოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში, საიდან გაჩნდებოდა ინფექცია? როგორც წესი, ინფექციას ავრცელებს ადამიანი, ოჯახში ვიღაცას აქვს ინფექცია ფარული ფორმით, უსიმპტომოდ, მერე იმ ოჯახის ბავშვი სკოლაში მივა, თანაკლასელებს გადასდებს ვირუსს, ისინიც მიუტანენ ვირუსს ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. ასე რომ, საკლასო ოთახების დასუფთავება უაზრობაა. კედლიდან კი არ ხდება ვირუსის გავრცელება, არამედ ბავშვიდან ბავშვზე, კალმისტარს, წიგნს რომ ხელს მოჰკიდებს და თითს პირში ჩაიდებს ბავშვი. წამდაუწუმ პირში იდებენ ბავშვები თითს. ან კიდევ, ვირუსი გადადის დაცემინებით, დახველებით, ყვირილით. ბავშვები რომ ყვირიან დასვენებაზე, ყვირილის დროს გამოიფრქვევა ვირუსი. მოკლედ, ბავშვებთან შეუძლებელი იყო რეგულაციების დაცვა და მოხდებოდა კორონას საშინელი გავრცელება.

ეს ნიშნავს, რომ 1-ლი ოქტომბრის შემდეგაც არ უნდა დაუშვან ბავშვები სკოლებში?

- არ ვიცი, სანამ ასეთი მდგომარეობაა, უნდა ვიფრთხილოთ, თორემ მე დისტანციური სწავლება მეჯავრება. მაისში მასწავლებლების რაღაც კონფერენცია ჩაატარეს, მე არ ვესწრებოდი, მაგრამ ინტერნეტში ვნახე, დაიწყეს საუბარი, თითქოს კორონავირუსს დადებითი მხარე ჰქონდა, ეს გამოწვევა გახლდათ, მაგრამ რაღაც კარგი იყოო... მაშინვე მივწერე, ეს ყველაფერი სიყალბეა, რა სიკეთეზეა საუბარი, როცა ეს იძულებითი ღონისძიება იყო და რად უნდოდა ამას ბევრი სჯა-ბაასი. მეტი გზა როცა არ გაქვს, დისტანციური სწავლება აუცილებელია. ვირუსი რომ აფეთქდება, მაინც ხომ უნდა გადაიყვანო ბავშვები დისტანციურ სწავლებაზე? ამიტომ უმჯობესი არ არის, დღევანდელ მდგომარეობაში გადაიყვანო დისტანციურზე, ვიდრე უარესი სიტუაცია რომ იქნება, იმის მერე?

უნდა მოველოდოთ, რომ ეს იქნება ტელესკოლისა და დისტანციური სწავლების პერიოდი, მთელი თავისი მინუსებით?

- მოსალოდნელი არ არის, რომ 2-3 კვირაში ვირუსის ასეთი გაძლიერებული გავრცელება დაცხრეს. კიდევ ვიმეორებ, ყველანაირ ქორწილსა და ქელეხზე საშიშია სკოლა, ბავშვი ბავშვია და ხუთ წუთზე მეტხანს ვერ დაიცავს წესებს. არ არის ჩვენი სკოლები მზად დისტანციური სწავლებისთვის, ზოგ ბავშვს კომპიუტერიც არ აქვს, მაგრამ რა ვქნათ? ამიტომ ყველა ოჯახში გავავრცელოთ კორონავირუსი? სოფლის სკოლებისა და ქუთაისის სკოლების ნახევარში წყალი უწყვეტად არ მოდის, რომელ საკლასო ოთახების დასუფთავებაზე ლაპარაკობენ? გამდინარე წყალი არ მოდის სკოლებში, დღეში ერთხელ თუ მოდის, ისიც კარგ შემთხვევაში.

იმ მოსწავლეებს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, გაცდენილად ჩაეთვლებათ ეს აკადემიური სასწავლო წელი?

- გაცდენილად კი არა, რეალურად, ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ მასწავლებელმა რაღაც რომ ასწავლა დისტანციურად, ეს მართლაც ნასწავლებია. ჯერ ხომ არ ვიცით, რამდენ ხანს იქნება ეს ვირუსი - ერთი წელი, ნახევარი წელი, მაგრამ რაღაც პერიოდი ოფიციალურად უნდა იყოს პირდაპირი ბრძანება, „განვლილი მასალის განმეორება“. ვითომ რომ გაიარეს დისტანციურად სწავლება, ეს არ არის სრულფასოვანი. მარტიდან მოყოლებული, რაც ისწავლეს, ამას განმეორება სჭირდება. ზოგიერთი მასწავლებელი ამბობს, კარგად ჩავატარე სწავლება კორონაპერიოდშიო, თვითონ კი ჩაატარა კარგად, მაგრამ ბავშვმა ისწავლა კარგად? რა ცოდნა დარჩა იმ ბავშვს და რა უნარ-ჩვევა განუვითარდა? ამიტომ ახალ საკითხებზე არ უნდა გადავიდნენ, სანამ კორონაპერიოდში ნასწავლს არ გაიმეორებენ. მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, ეს მას შემდეგ უნდა მოხდეს, როცა ჩაივლის ეს საშიშროება.

ადრე ვსაუბრობდით მოსწავლეების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. თუკი განმეორებით ჩაიკეტებიან ბავშვები სახლებში, მოსალოდნელია დამატებითი პრობლემები?

- დიახ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ველით, მაგრამ სხვა გზა არ არის. კარანტინში ყოფნა და აპარატზე მიერთება სჯობს? როგორც ჩანს, ბათუმში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შესაძლოა, ტელევიზიით არც აცხადებენ სრულად, რაც იქ ხდება.

სხვათა შორის, 2 ათასამდე მასწავლებელი ისვენებდა ზაფხულის პერიოდში აჭარის ტერიტორიაზე და მათი შემოწმებაც იგეგმება.

- მასწავლებლისგან არ მოხდება გავრცელება, ბავშვი ბავშვს გადასდებს, ძირითადად ეს პრობლემა იქნება, სკოლა თუ იმუშავებს. 21-ე საუკუნეში ტილის პრობლემა არ არის მოგვარებული, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში თმის ტილი ვრცელდება. წარმოიდგინეთ, ზრდასრულებში რამდენი ქორწილიც არ უნდა იყოს, ხომ არ ხდება ასეთი რამ? ამიტომ რა მოხდა მერე, დაიკარგოს ერთი სასწავლო წელი, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ერთი წელი კი არა, ეს ბავშვები ათი წლით არიან ჩამორჩენილები. სულ ვამბობ, რომ მე არ ვიცი, უნივერსიტეტში პირველკურსელებთან რომელი კლასიდან უნდა დაიწყოს სწავლება. უვარგისი განათლების სისტემის გამო 5 და 10 წლითაა ჩამორჩენილი ბავშვების მთელი ეს თაობა. ერთი წლით ჩამორჩენა ამასთან მოსატანიც არ არის.

წლევანდელი წლის მისაღებმა გამოცდებმა თუ გამოავლინა კორონაკრიზისის გამო შექმნილი პრობლემები აბიტურიენტთა ცოდნის თვალსაზრისით?

- ამ გამოცდებმა გამოავლინა ის, რასაც მე სულ ვამბობ, რომ წლიდან წლამდე უარესი მდგომარეობაა. წელს კიდევ გაცილებით უარესი შედეგი იყო, რადგან არეულობის თვეებმა და დისტანციურმა სწავლებამ იმოქმედა. ასე თუ გაგრძელდა, გაისად კიდევ უფრო უარესი იქნება, რადგან უკუღმართია ჩვენი განათლების სისტემა და ყოველი მომდევნო წელი კიდევ უარესია, ვიდრე წინა წელი.

პირველ რიგში, რა არის გამოსასწორებელი ამ სისტემაში? ადრე მითხარით, რომ დამრიგებლის როლის გაძლიერებაა მნიშვნელოვანი. ახლა დამრიგებლის საკითხი, ალბათ, მოიხსნება დღის წესრიგიდან დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე.

- დამრიგებლის როლი აუცილებელია ბავშვებში აგრესიულობის შეკავებისა და აღზრდის თვალსაზრისით. სწავლებას რაც შეეხება, პირველ რიგში, გამოსასწორებელია სტანდარტები, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები. განათლების სამინისტრო ნუ იშვერს მასწავლებლისკენ ხელს. მასწავლებელზე გადააქვს დარტყმა მშობელსაც, სამინისტროსაც, სინამდვილეში, მასწავლებელი ვერაფერს ვერ გააკეთებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. და, როცა არ გამოვა რაიმე, სამინისტრომ თვითონვე უნდა თქვას, მე არ ვვარგივარ. ჩვენი ბავშვები რომ გადიან ბოლო 10%-ში მსოფლიოში მათემატიკისა და წიგნიერების მხრივ, სამინისტრო აგებს ამაზე პასუხს, მასწავლებელი ამაში ნაკლებად დამნაშავეა, რადგან მასწავლებელი აკეთებს იმას, რასაც სამინისტრო მიაწვდის და უბრძანებს. პირიქით, ზედმეტად მორჩილები არიან მასწავლებლები. ამიტომ, პირველ რიგში, სამინისტროა გამოსაცვლელი, სამინისტრო, სადაც 30 წელი ერთი და იგივე ხალხია და მარცხისა და უკუსვლის მეტი არაფერი მოუტანიათ. მასწავლებელი თუ არ ვარგა, ესეც სახელმწიფოს ბრალია. განა იმ მასწავლებელს სახელმწიფომ არ მისცა დიპლომი?!