„მოვუწოდებ სააკაშვილს, უაზრო განცხადებების გაკეთებას შეეშვას“

„მოვუწოდებ სააკაშვილს, უაზრო განცხადებების გაკეთებას შეეშვას“

სააკაშვილის დემაგოგია უკვე პიკს აღწევს. პრეზიდენტი ახალ მთავრობას უკვე იმ პროექტების შეჩერებას აბრალებს, რომლის განხორციელება სწორედ მისი მმართველობის პერიოდში არც კი დაწყებულა. საპირისპიროდ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტს ქართველი ხალხს მტერს უწოდებს, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას უშლის ხელს.

სააკაშვილის განცხადებით, თბილისის ცენტრში, შეჩერდა მრავალსართულიანი 5 - ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც უამრავი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.

„ბევრი პროექტი წამოვიწყეთ და ერთ-ერთი იყო 40-ზე მეტ სართულიანი სასტუმრო, რომელიც თბილისის ცენტრში უნდა აშენებულიყო და რომელსაც 20 ათასი თანამემამულე დაესაქმებინა.  ეს პროექტი ხორციელდებოდა უცხოელი ინვესტორების მიერ, გუშინ კი არაბეთის საემიროებში მითხრეს, რომ ის საქართველოს ახალმა მთავრობამ შეაჩერა და 20 ათასი თანამემამულე დატოვა სამსახურის გარეშე სრულიად აბსურდული გამოგონილი საბაბით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი კი აღნიშნულ განცხადებას მსწრაფლ გამოეხმაურა და პრეზიდენტი სიცრეუში ამხილა:

„დაბი ჯგუფი“, როგორც ინვესტორი ქვეყანაში სწორედ ჩვენმა ცენტრმა შემოიყვანა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინვესტორმა პროექტის განხორციელება შეაჩერა ახალი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიზეზით, სიმართლეს არ შეესაბამება“.

იგივე თემაზე კომენტარი გააკეთა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემაც, რომლის განცხადებით, თუ ქვეყანაში რომელიმე პროექტი შეჩერდა, ე.ი. ეს პროექტი სათანადოდ გაანალიზებული და შესწავლილი არ იყო.

„არ ვიცი რა პროექტებზე საუბრობდა პრეზიდენტი, რა პროექტია შეჩერებული, რადგან არ ვარ მთავრობის წევრი, მაგრამ თუკი რამე შეჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტებს დამატებითი ანალიზი და შესწავლა სჭირდებოდა“, - განაცხადა კოვზანაძემ.

პრეზიდენტი კი თავის სტიქიაშია. მან მორიგი დემაგოგიური განცხადებები ჰიდროსადგურების მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„არავის მინდა, ვაწყენინო, მაგრამ მინდა, საქმეზეც ვისაუბრო, იმ სადარდებელზე, რომელიც თუნდაც ბოლო დღეეებში გავიგე. 1-ელ იანვარს ხობის წყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, სამწუხაროდ, შევიტყე, რომ ეს პროექტი გაჩერდა. ასევე შეჩერებულია თბილისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. თუ ეს არ გაკეთდება საქართველო დაკარგავს ასობით ათას ტურისტს, ე.ი. შემოსავალს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

ხობის წყლაზე ჰიდროელექტროსადგური დამატებით 10 000 სამუშაო ადგილს შექმნიდა. ერთი სიტყვით, ახალი წლის პირველ დღეებში შევიტყვე, რომ რამდენიმე ათეულ ათას ჩვენს მოქალაქეს დააკარგინეს სამუშაო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინიტრის კახი კალაძე თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ქართველი ხალხის მტერი გახდა და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის.

„მინდა, გამოვეხმაურო სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას და ავუხსნა მოსახლეობას, რომ ეს არის სიცრუე.  პრეზინდეტი განაგრძობს იმ დემაგოგიას, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდა, მაგრამ დღეს ყველამ ყველაფერი იცის.

ამ ჰესების მშენებლობა გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და არანაირ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. როცა ჩვენი მთავრობა დაინიშნა, ჩვენ ყველა ინვესტორს გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც მთავრობა მზაობას გამოთქვამდა ახალი ჰესებისა და ახალი სიმძლავრეების მშენებლობაზე. ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილს, უაზრო და აბსურდული განცხადებების გაკეთებას შეეშვას“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ხობიჰესის მშენებლობა გეგმის თანახმად 2013 წლის მარტში დაიწყება.

„დღეს არის სულ სხვა რეალობა, სულ სხვა საქართველო, დღეს ქვეყანას ჰყავს ხალხის მთავრობა და ჩვენს ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ადამიანი კი ბოლო დროს გაკეთებული თავისი განცხადებებით ქართველი ხალხის მტერი ხდება და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, მინისტრმა ჟურნალისტებს წარუდგინა ხობისჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის“ გენერალური დირექტორის დიმიტრი აბესაძის მიერ დღეს გამოგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამჟამად ობიექტებზე გეგმით დადგენილი სამუშაოები მიმდინარეობს.