კუბლაშვილის საბჭო ოთხი მოსამართლის დისციპლინური პასუხისგებით შემოიფარგლა

კუბლაშვილის საბჭო ოთხი მოსამართლის დისციპლინური პასუხისგებით შემოიფარგლა

2012 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსახილველად შესული 844 საჩივრის საფუძველზე ოთხი მოსამართლე დისციპლინურ პასუხისგებაში მიეცა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. 

201 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნა შეწყდა; 15 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეებს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათით; 11 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეებს ჩამოერთვათ ახსნა–განმარტება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღემდე კოტე კუბლაშვილისა და ვალერი ცერცვაძის დაქვემდებარებაში ითვლება, სადაც დამნაშავე მოსამართლეების მიმართ საჩივრის დაწერას აზრი არ აქვს, რადგან მოსამართლეების მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის პასუხის გაცემა ოფიციალურად იკრძალება. ამდენად, აქამდე  მოსამართლეებს პასუხისმგებლობას თითქმის არ აკისრებდნენ.

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა დამნაშავე მოსამართლეთა დაუსჯელობის მითი დაემსხვრია, თუმცა ზემოთ აღნიშნული 844 საჩივრიდან მარტო ოთხი მოსამართლის დასჯა უმნიშვნელოა. ამასთან, საინტერესოა, რატომ განიხილეს მაინცდამაინც 2012 წელს შეტანილი საჩივრები და უფრო ადრეულ წლებში შეტანილ საჩივრებს რა ბედი ელით, როცა უკანონო განაჩენების გამომტანი თითქმის არცერთი მოსამართლე არ დასჯილა?! 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ ამჯერად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა, იმ მოსამართლეების მიმართ აღძრა დევნა, რომლებმაც კოტე კუბლაშვილისა და ვალერი ცერცვაძისთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღეს. ამიტომაც უნდათ, ისინი სამაგალითოდ დასაჯონ, რომ ახალ პოლიტიკურ-სამართლებრივ ვითარებაშიც კი,  მოსამართლე, რომელიც მათ ნებას არ აღასრულებს, დასჯილი და გაძევებული იქნება.

„შესაძლოა, ჩქარობენ კიდეც, რადგან იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონით, იუსტიციის საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის რეფორმირებაა გათვალისწინებული. ამის შემდეგ კი უფრო ობიექტური და მიუკერძოებელი ორგანო უნდა გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამიტომ, სანამ კოტე კუბლაშვილს აქვს ძალაუფლება ამ ორგანოში, ალბათ, სურს, რომ რამდენიმე მოსამართლის მიმართ შური იძიოს. ამ ადამიანებშიც არიან ისეთნიც, რომლებიც მას არ ემორჩილებოდნენ და სურთ, ისეთი რამ გამოუჩხრიკონ, რაც სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა რეაგირების საგანი“, - აცხადებს მერაბ ტურავა.

მისი თქმით, ასეთი დევნა უკანონო და არასამართლიანია. თუმცა, თუკი მოსამართლეები იმის გამო იდევნებიან, რომ მათ მართლაც კანონის უხეში დარღვევა აქვთ და ამის გამო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის საბჭოს სურს თავისი ობიექტურობა წარმოაჩინოს, ეს გასაგები იქნებოდა. თუმცა რთულია სიმართლის გარკვევა იმ ვითარებაში, როცა არ ვიცით, რომელ მოსამართლეს დევნიან და რა ბრალდებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, კუბლაშვილისგან დევნილი მოსამართლე მერაბ ტურავა სხვა მოსამართლეებსაც ურჩევს, რომ მათ აქვთ უფლება, გაახმოვანონ,  თუკი ისინი თავს დაჩაგრულად თვლიან და, თუ მათ უკანონოდ ეპყრობიან.

„აქამდე კოტე კუბლაშვილისა და ვალერი ცერცვაძის მიმართ ბევრი კრიტიკა ისმოდა, რომ ბოლო წლების მანძილზე არცერთი მოსამართლის მიმართ არავითარი რეაგირება არ მომხდარა, რადგან ყველა მოსამართლე ისეთ გადაწყვეტილებას ღებულობდა, რასაც კუბლაშვილი და ცერცვაძე მოითხოვდა. ამ ფონზე, შესაძლოა, სტატისტიკურად უნდათ, რომ ახლა სიტუაცია გამოასწორონ, მაგრამ, დაგეთანხმებით, ძალზე მცირეა ოთხი მოსამართლის დისციპლინური პასუხისგება“, - განმარტავს მერაბ ტურავა. 

მისივე თქმით, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაყალბება და სხვა ფაქტობრივი დამახინჯებები მძიმე დარღვევაა, სისხლის სამართლის დანაშაულიცაა და დისციპლინარული პასუხისგება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ ქმედებამ უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც   გააოცა, რადგან აქამდე ასეთი რამ არ ხდებოდა. სწორედ ამიტომაც საჭირო გახდა ცვლილების შეტანა, რაც საკანონმდებლო ცვლილების სახით ახლანდელმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფრო გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

„აქამდე ეს კანონით იკრძალებოდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდა თავად მომჩივანს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც კი იცოდა, მოსამართლის მიმართ დისციპლინარული დევნა აღძრული იყო თუ არა, ან რით დამთავრდა ეს დევნა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენი მოსამართლეები ვინ არიან. ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ ვუჩივლეთ მოსამართლეებს გადაცთომის გამო, რა ბედი ეწია ჩვენს საჩივარს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, როგორც წესი, ერთი თვის ვადაში იწყებოდა მოსამართლის დევნა და, სინამდვილეში, იქ რა ხდებოდა, ვერავინ ადევნებდა თვალს. უფრო მეტიც, ლია მუხაშავრია იხსენებს, რომ სასამართლოდან ესა თუ ის მოსამართლე როცა გაქრებოდა, ადვოკატები ამის შემდეგ ხვდებოდნენ, რომ, სავარაუდოდ, მათი საჩივრის საფუძველზე გაუშვეს მოსამართლე სამსახურიდან. ამდენად, სასამართლოში ცვლილებები ძალზე ჩუმად მიმდინარეობდა.  

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლოში პროცედურები იმდენად დახურულია, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისგების ფაქტების შესახებ თითქმის  უცნობია.

„არ ვიცი, ამჯერად ვინ დასაჯეს, ვინც რეალურად დასასჯელი იყო, თუ ვინც არ მოეწონათ, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს არ არის რეფორმირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამიტომ შესაძლოა, ეჭვები არსებობდეს საზოგადოებაში. შეტანილი საჩივრების გადამოწმებაც მაგათი სფეროა და დევნის დაწყებაც მათი პრეროგატივაა. რასაკვირველია, კადრებიც ძველია და დისციპლინური დევნის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირებიც ძველი კადრებია“, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.