„საგანგაშო და კატასტროფული არაფერი ხდება, არ შეიძლება, ქვეყანა ყოველთვის კორონავირუსის დაბალ მაჩვენებელზე დარჩეს“

„საგანგაშო და კატასტროფული არაფერი ხდება, არ შეიძლება, ქვეყანა ყოველთვის კორონავირუსის დაბალ მაჩვენებელზე დარჩეს“

„ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესული აღმოჩნდა კორონავირუსის მაღალი ციფრები, რადგან იმ პერიოდშიც კი, როდესაც დაიწყო ეპიდემია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 42 გვქონდა, ახლა კი გაიზარდა ეს მონაცემი“,- აცხადებს For.ge-სთან საუბრისას თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

სახელმწიფო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რათა ბავშვების ერთ ადგილას კონცენტრაცია არ მოხდეს და ვირუსი არ გავრცელდეს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვები კორონავირუსის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ?

- 1-ლი ოქტომბრისთვის სწავლის გადადება იძულებითი ნაბიჯი იყო, რაც, გარკვეულწილად, გამოიწვია ქუთაისის შემთხვევამ, როდესაც ვნახეთ ერთ სკოლაში ინფიცირებული ამდენი ბავშვი. ამ მატების ფონზე ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ნებისმიერი თავშეყრა, რაც ახლავს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას, ასეთი მატების ფონზე აუცილებლად რისკის შემცველია. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელია პროცესი დასტაბილურდეს, რადგან ანალოგიური მდგომარეობაა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ევროპის აბსოლუტურ უმრავლესობაში არის მეორე ტალღის მსგავსი მატება გარკვეული პაუზის შემდეგ. ივლისისა და აგვისტოს ბოლოდან დაიწყო ეს მატება, საქართველოც გამონაკლისი ვერ იქნებოდა და ჩვენც მივიღეთ მატება. თუკი ორი კვირის განმავლობაში მივიღეთ პიკი და შემდეგ დაიწყო შემცირება, 1- ლი ოქტომბრიდან სწავლის განახლება უკვე შესაძლებელი იქნება. ხოლო, თუ მაინც შემთხვევების მატება გაგრძელდა, სხვა გამოსავალი არ იქნება და სწავლება დისტანციური გახდება. აქ საუბარი არ არის მარტო სკოლებზე, განსაკუთრებით, პრობლემები იქმნება სამედიცინო პროფილის უმაღლეს სასწავლებელში, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა პრაქტიკული მეცადინეობის იმიტირება და კლინიკურ შემთხვევებზე გადასვლა, რაც სრულებით არ შეესაბამება სწავლების იმ მეთოდს, რაც უნდა იყოს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში. ასე რომ, აქ უკვე საუბარია იძულებით ნაბიჯზე.

გვაქვს თუ არა რესურსი, შევინარჩუნოთ კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია?

- ვფიქრობ, საქართველოში მაინც არ იქნება იმ რაოდენობის შემთხვევები, რომ დისტანციური სწავლება გავაგრძელოთ უმაღლეს სასწავლებელშიც. ევროპის სხვა ქვეყნების სურათს თუ შევადარებთ ჩვენს მდგომარეობას, საქართველოში ისევ რჩება ყველაზე კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, როგორც ავადობის მიხედვით ერთ მილიონ მოსახლეზე, ისე ლეტალური გამოსავლის მიხედვით ჩვენ ვართ ევროპაში საუკეთესო პოზიციაზე. მატების მიუხედავად, შემდეგი ქვეყანა, რომელიც ჩვენთან ყველაზე უფრო ახლოსაა, გაცილებით უფრო მაღალი ციფრით ხასიათდება, ამიტომ რესურსი გვაქვს, შევინარჩუნოთ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ჩემი მოლოდინია, რომ, სავარაუდოდ, არ დაგვჭირდება რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს ხუთი, ყველაზე ახლოს ჩვენთან არის სლოვაკეთი, რომელსაც გარდაცვალების 7 შემთხვევა აქვს. ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნებისგან განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი არ ხდება.

რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა შემთხვევების მატება, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ შევინარჩუნებდით დაბალ მაჩვენებელს. ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესული აღმოჩნდა მაღალი ციფრები, რადგან იმ პერიოდშიც კი, როდესაც დაიწყო ეპიდემია, ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 42 გვქონდა, ახლა კი გაიზარდა ეს მონაცემი. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა სხვა მიზეზთან ერთად უფრო მეტად გაიზარდა მობილობა, ამას დაემატა ზაფხულის პერიოდი, კონტაქტების მეტი მაჩვენებელი. გარდა ამისა, აქ იმოქმედა ჩვენმა არასწორმა შეფასებამ, თითქოს ყველაფერმა გადაიარა და შეიძლება უფრო ნაკლებად დავიცვათ რეკომენდაციები. მოსახლეობა აღარ იცავდა რეკომენდაციებს, არც ნიღბის ტარების, არც დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერმა ნეგატიური როლი ითამაშა. თუ ჩვენ ისევ დავიცავთ წესებს, როგორც ვიცავდით გაზაფხულზე, შემთხვევების მატების დრამატულ ზრდას თავიდან ავიცილებთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან გაზრდილია ტესტირების რაოდენობა, ბათუმში ორი უფასო ტესტირების კარავია, ასე იქნება ქუთაისშიც, თბილისსა და სხვა რეგიონებში. ის, რომ ტესტირება შესაძლებელია უფრო მარტივად და გაცილებით მეტი რაოდენობით, ამანაც განაპირობა შემთხვევების რიცხვის მატება. საერთო ჯამში, საგანგაშო და კატასტროფული არაფერი არ ხდება, არ შეიძლება, ქვეყანა ყოველთვის დარჩეს დაბალ მაჩვენებელზე.

ხშირად ამბობენ, ჩვენ, ყველამ, ადრე თუ გვიან უნდა გადავიტანოთ კორონავირუსი, ეს არის გრიპისთვისაც დამახასიათებელი, სხვა რესპირაციული ვირუსებისთვისაც, ასე რომ, სიტუაციურად მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა, ჩვენ იმდენად კარგად ვიყავით ციფრებით, რომ გვეგონა დარჩებოდა ის მონაცემები.

სპეციალური თამაშები შეადგინეს ბავშვებისთვის, რათა ისინი მიეჩვივნენ კორონავირუსის პერიოდში ცხოვრებას, დისტანცია დაიცვან, პირბადე გაიკეთონ, ხელები დაიბანონ. ეს რამდენად გასაგებია ბავშვებისთვის, რადგან ისინი ვერ აიტანენ ვერც პირბადეს და ვერც ერთმანეთთან დისტანციას ვერ დაიცავენ.

- ძალიან სწორია ბავშვებისთვის სპეციალური თამაშების შექმნა, რომ კორონა მათთვის ნაცნობი იყოს. როდესაც კორონავირუსის პანდემია დაწყებული იყო, ჩემი პირველი რჩევა გახლდათ, აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვებს, აუცილებლად გააგებინეთ მათ, რა არის კორონა, როგორ ვითარდება, რა საშიშროებაა. ნიღაბს რაც შეეხება, მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნიღაბი არ შეიძლება, ეს უფრო გაართულებს მდგომარეობას და ეს შეზღუდვები გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის არც არსებობს, თუმცა მოზრდილებისთვის ეს შეზღუდვები რჩება. ამ მხრივ ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯები სწორია, განსაკუთრებით, ეს ეხება ერთ სივრცეში ბავშვების რაოდენობის შემცირებას.

მსოფლიოში კორონას შემთხვევები შეიძლება მზარდია, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირებულია, რადგან ვირუსმა მუტაცია განიცადა. თქვენ რით ახსნით კორონავირუსის აგრესიულობის შემცირებას?

- დიახ, ვირუსი ნაკლებად აგრესიული გახდა. როდესაც თავიდან საუბარი იყო კორონავირუსზე, ერთ- ერთი მოლოდინი იყო, რომ მუტაციასთან ერთად კორონავირუსი დაკარგავდა აგრესიულობას და არ იქნებოდა ისეთი ლეტალური. გადამდებლობა დარჩა, ანუ გადამდებლობა ისეთივეა, როგორიც იყო, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებელი არ არის ზრდადი. კორონავირუსის პანდემიის დინამიკაში შეიძლება ეს ფაქტორი დადებითად ჩაითვალოს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სუფთა ჰაერზე გასვლის, ფიზიკური აქტიურობის რეკომენდაცია ძალაში რჩება, მით უმეტეს, სანამ კარგი ამინდია, სანამ სკოლები არ დაწყებულა, უფრო მეტად უნდა იყვნენ ბავშვები გარეთ, უფრო მეტად უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიურები, თუმცა ეს უნდა იყოს შეზღუდული კონტაქტების ფონზე, დისტანციის მკაცრი დაცვით.