საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო. ამით, მშობლებთან ერთად, უკმაყოფილონი დარჩნენ როგორც კერძო სკოლები, ასევე განათლების დარგის ექსპერტები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით. უზრუნველყოფილნი არიან ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.
6-თვიანი მოლოდინის მიუხედავად, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება 15 სექტემბრიდან მაინც ვერ მოხერხდება. ყველაზე დიდი გაღიზიანება განათლების სამინისტროსადმი პირველკლასელთა მშობლებს აქვთ. მათთვის გაუგებარია თუნდაც ონლაინ სწავლების უზრუნველყოფის შემთხვევაში, როგორ უნდა შეიცნოს ბავშვმა სკოლა, ან გაითავისოს მოსწავლის ვალდებულებები, უნარჩვევები და სხვა.
განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს მართლაც მტკივნეული პროცესია, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობდა.
„გულწრფელი მოლოდინი გვქონდა, რომ 15 სექტემბერს სკოლის კარებს გავხსნიდით და ყველა მოსწავლე წავიდოდა სკოლაში. გაზაფხულზე, როდესაც პანდემია დაწიყო და ჩვენ დისტანციურ სწავლაზე გადავედით, თუნდაც 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 კლასებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აღექვათ რა არის საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება, რა არის სკოლა და რას წარმოადგენს. ახლა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან და აბსოლუტურად ვიზიარებთ, ეს არის ძალიან მტკივნეული, ჩვენც ძალიან სერიოზულად განვიცდით.
მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები, რომ ჩვენი შვილები 1-ელ ოქტომბერს წავიდნენ სკოლაში და ეს არის ჩვენი, განათლების სამინისტროს თხოვნა და ასევე ჩვენი რეკომენდაციაა, მუდმივად რაზეც ვსაუბრობდით, თუ სკოლა დისტანციური სწავლებაზე გადავა, შერეულ პრინციპზე, მაინც სავალდებულოდ იყო განსაზღვრული I-IV ჩათვლით კლასის მოსწავლეების სკოლაში სიარული, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მისივე თქმით, არასწორია, როდესაც ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოუმზადებელი შეხვდა. თუმცა, ჩინოვნიკებისგან განსხვავებით სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვთ სპეციალისტებს. ისინი იმასაც კი ფიქრობენ, რომ უმჯობესია მიმდინარე წელი აკადემიურად გამოცხადდეს, ვიდრე ბავშვებმა ონლაინ არასრულფასოვანი განათლება მიიღონ. თანაც გაურკვეველია, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს შეზღუდვები.
განათლების სფეროს ექსპერტი მუხრან გულიაშვილი ამბობს, რომ თუკი ხარისხი არ დაიხვეწება და სწავლის პროცესი დროულად არ ჩადგა ჩვეულ კალაპოტში, სექტორს სრული კრახი ელის.
„ტელეგაკვეთილები რაც იყო, რეალურად არ ამართლებს, რადგან ინფორმაციის გადაცემით შემოიფარგლება. სწავლა გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას. დისკუსიით, ერთ სივრცეში ყოფნით უნდა ცდილობდნენ სიახლის აღმოჩენას, ჭეშმარიტების ძიებას, ცოდნის გადაცემა-მიღებას და სხვა. ონლაინ-სწავლებას ტექნიკური პრობლემაც ახლავს, გარდა ამისა, ტელე-სკოლა მიმართულია ძირითადად თეორიულ განათლებაზე, რაც არ არის ხანგძლივვადიანი.
არაერთი კვლევით დადასტურდა, რომ თეორიული ცოდნა ძალიან მოკლე პერიოდში მიეცემა დავიწყებას. დარწმუნებული ვარ, რა ცოდნაც წინა სასწავლო წელს მოსწავლეებმა მიიღეს, უკვე დავიწყებული აქვთ. 2014-18 წლებში ჩვეულებრივი სწავლება მიმდინარეობდა და კვლევებმა მაინც სიტუაციის გაუარესება აჩვენა. შემდეგი კვლევა, რომელიც 2021 წელს არის დაგეგმილი, ალბათ, კატასტროფული იქნება“, - განაცხადა გულიაშვილმა და დასძინა, რომ წელს უმაღლეს სასწავლებლებში ნაკლებად მომზადებული ბავშვები მიიღეს, რაც განათლების ხარისხზე ასევე ძალიან მძიმედ აისახება.
მთავრობის მოულოდნელი გადაწვეტილებით უკმაყოლფილონი არიან კერძო სკოლები. მათი აზრით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ დონეზე დაყენება არ არის სწორი.
„იუჯი სკოლის“ ადმინისტრაციის უფროსი თინათინ თოფურია იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სამინისტროს გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
„სამინისტროსგან ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმოდა ე.წ. ჰიბრიდული სწავლების მოდელის შესახებ, რომელიც მოიაზრებს დასწრებით და ონლაინ გაკვეთილების შერწყმულ ვარიანტებს, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ სრულად დისტანციური სწავლება. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში საფრთხე ექმნება, ზოგადად, მოსწავლეების აკადემიურ წარმატებას, რომ არაფერი ვთქვათ დამატებულ ფინანსურ ტვირთებზე.
ასევე შეუძლებელია ორმაგი სტანდარტების არსებობაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენ ყველა რეგულაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მაინც საჯარო სკოლებთან ერთად ერთ ქვაბში აღმოვჩნდით, მაშინ, როცა საჯარო სკოლებს ელემენტარული წყლის პრობლემა არ ჰქონდათ მოგვარებული.
რამდენიმე კერძო სკოლამ გამოთქვა სურვილი, განათლების სამინისტროს მივმართოთ თხოვნით, დაუშვან გამონაკლისი I-II კლასებზე, თუმცა ვამუშავებთ ალტერნატიულ გზებსაც, თუ როგორ შეიძლება პირველკლასელებს შევუმსუბუქოთ ის სირთულეები, რაც ონლაინ რეჟიმმა გამოიწვია“, - განაცხადა „იუჯი სკოლის“ ადმინისტრაციის უფროსმა.
1. უმაღლეს სასწავლებლებში ბავშვებს არ იღებენ;
2. ნაკლებად მომზადებულობა რით მტკიცდება? მისაღები გამოცდების სტანდარტები იყო შეცვლილი?
3. ელექტრონული სწავლება და ტელესკოლა ერთი და იგივე არ არის.
4. ონლაინ გაკვეთილის ჩატარებას შესაბამისი ცოდნა უნდა, თორემ მეექვსე კლასის ზემოთ, ასეთ სიტუაციაში, მისაღებია.
აკადემიური წლის საყოველთაოდ გამოცხადება ყოველმხრივ მიუღბელია, მაგრამ თუ პირველ - მეოთხე კლასელები სკოლაში ვერ ივლიან, მაშინ მიღება ერთი წლით უნდა გადაიდოს, ხოლო მეორე - მეოთხე კლასებისათვის გამოცხადდეს აკადემიური წელი და მათი საწავლო პროგრამები გადაკეთდეს 11 წელზე. მეთორმეტე კლასი ისეც ფორმალურად არსებობს და სინამდვილეში სკოლაშიც არავინ დადის. ამ საკითხებზე პროფესიონალების (და არა არასამთავრობო "ექსპერტების") სერიოზული მსჯელობაა საჭირო.