საახალწლო დღესასწაული, რომელიც საქართველოში ტრადიციულად, ლამის ერთ თვესაც კი გრძელდება, უკვე საკმაოდ საქმიანად დაიწყო და ქვეყნის პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვაშიც კი ახალი გეგმა წარმოადგინა. როგორი იმედებით ხვდება საზოგადოება ახალი ხელისუფლების პირველ ახალ წელიწადს, რა გველოდება პოლიტიკურად მშვიდი თუ მღელვარე წელიწადი? ამ თემებზე ექსპერტი გოგი ხუციშვილი გვესაუბრება.
ბატონო გოგი, საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ეს ახალი წელი რაღაცით განსხვავებულია, სხვაობა თქვენთვისაც შეიმჩნევა?
- აბსოლუტურად სხვა განწყობა იყო, ახალი წლის დადგომა ქართველი ხალხისთვის სრულიად მშვიდ, წყნარ ვითარებაში ახალი იმედების მომტანია, რადგან ის დამთრგუნავი ფაქტორები, რომელიც წინა ახალ წლებს სდევდა თან, მოხსნილია. არ ვიცოდით, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ის სიტუაცია, რომელშიც ვიყავით. შეიძლება იყოს უკეთესობისკენ მიმავალი ცვლილებები, შესაძლოა - არა, მაგრამ იმედი, რომ რაღაც შეიცვლება, ნამდვილად არის. ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა და რეჟიმის შეცვლამ გამოიწვია.
სულ მცირე, არის მოლოდინი, რომ ქვეყნის ხელისუფლება ორიენტირებულია არა რაღაც ახირებებსა და ძვირადღირებულ, არაფრისმომტან პროექტებზე, არამედ უფრო გათვლილი და ნორმალური მმართველობა იქნება. გაჩნდა იმედი, რომ საქართველო აითვისებს რუსეთის ბაზარს, ესეც გარკვეული პერსპექტივაა ქართული ეკონომიკისთვის. თუმცა, ნაკლებად ჩანს იმისი მოლოდინი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის რაღაც ნაბიჯები გადადიდგმება, მაგრამ არც უნდა გვქონოდა ამის მოლოდინი, რადგან ეს გრძელვადიანი ამოცანაა.
რამდენად კომპრომისული იქნება სააკაშვილი? ის უკვე დათანხმდა ელჩების გამოწვევას. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს დადებითი მოვლენაა, უმცირესობა თვლის, რომ ამით კოჰაბიტაციის პროცესი ირღვევა. თქვენი შეფასებით, რასთან გვაქვს საქმე?
- საბოლოოდ, რა თქმა უნდა, დათანხმდებოდა, ამას დიდხანს ვერ გაწელავდა. ვფიქრობ, რომ ელჩების საკითხის გადაწყვეტა მოსაგვარებელი იყო. გავიხსენოთ, რა პირობებში ხდებოდა ელჩების და საერთოდ, დიპლომატიური კორპუსის დაკომპლექტება სააკაშვილის მმართველობის დროს. სააკაშვილის დროს ძირითადად იმ ელჩების გამოწვევა ხდებოდა, რომლებიც შედარებით თავისუფლად მოაზროვნე ხალხი იყო. ისინი ჩანაცვლებული იყვნენ იმ ელჩებით, რომლებიც ზუსტად და ზედმიწევნით ატარებდნენ იმ პოლიტიკას, რაც მმართველი გუნდის პოზიცია იყო.
ამ თვალსაზრისით, წლების მანძილზე ელჩები იყვნენ იმ პოლიტიკური პოზიციის მატარებელნი, რომელიც საკმაოდ ნეგატიურ სურათს ქმნიდა უცხოეთში ქართული ოპოზიციის შესახებ. მკვიდრდებოდა აზრი, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა ეს არის სააკაშვილის გუნდი, დანარჩენები არიან ან აგენტები, ან უუნაროები და ა.შ.
ასეთ პირობებში როდესაც გიჩნდება საშუალება შეცვალო ასეთ პოზიციაზე მყოფი ელჩი, უნდა გამოიყენო. ნაკლებად სავარაუდოა, მათ პოზიცია შეეცვალათ და ობიექტურები გამხდარიყვნენ თავისი შეფასებებით. ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი ელჩები უნდა შეცვალო.
თუმცა, სააკაშვილს ბოლომდე იმედი ჰქონდა, დიპლომატიურ კორპუსს დასავლეთში საკუთარი პიარისთვის გამოიყენებდა და ამიტომ, უმცირესობის მომხრეები თვლიან, რომ ელჩების გამოწვევა ახალი ხელისუფლების შეცდომაა...
- „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, ასე გამოიყვანოს, რომ ელჩების გამოწვევა მმართველი გუნდის მხრიდან კოჰაბიტაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. სინამდვილეში ეს ასე არ არის, რადგან აშკარაა, რომ ელჩები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის შესახებ სურათის შექმნაში და ქვეყნის შესახებ ძალზე უარყოფითი სურათი იქმნებოდა.
რა თქმა უნდა, რომ წლების მანძილზე სააკაშვილის მიერ აპრობირებული დიპლომატიური კორპუსი „ქართული ოცნების“ პროექტებსა და გეგმებზე ლაპარაკს დასავლეთში არ დაიწყებდა.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ისრაელში მომლოცველებისთვის ვიზებზე უარის თქმაც ამ ხელისუფლების შეცდომებს უკავშირდება და მიზეზად პალესტინის საკითხს ასახელებენ, თუმცა, ოფიციალური ვერსია, მომხდარის შესახებ არ გვაქვს არც ისრაელის და არც საქართველოს მხრიდან...
- ლოგიკურად ეს ტექნიკურ მიზეზებთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა პოლიტიკურ საკითხებთან. თუ საკითხი პოლიტიკურია და ეს ისრაელის დემარშია, ან გამაფრთხილებელი ქმედება საქართველოს მიმართ იმის გამო, რომ მან მხარი დაუჭირა გაეროს დამკვირვებლის სტატუსის მიცემას პალესტინისთვის, ეს ნაკლებად მოსალოდნელი მგონია, რადგან პალესტინის ამ სტატუსს საქართველოს გარდა კიდევ 138-მა ქვეყანამ მისცა ხმა. გამოდის, რომ ისრაელმა ამ 138 ქვეყანას, რომელთა რიცხვში მისი სტრატეგიული პარტნიორებიც შედიან, პროტესტი უნდა გამოუცხადოს, რის ნიშნებსაც ვერ ვხედავთ. რაღა მაინც და მაინც საქართველოს უცხადებს პროტესტს?
კარგი იქნებოდა, ეს საკითხი ბოლომდე გარკვეულიყო, რადგან საქართველოსა და ისრაელს შორის, ტრადიციულად, მეგობრული ურთიერთობაა და ეს არ უნდა შეიცვალოს.
თუმცა, ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა ტრადიციად იქცა როგორც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების ასევე მათი მომხრეებისთვისაც, მაგალითად, ექსპერტი გია ნოდია იმასაც აცხადებს, რომ ივანიშვილის საქართველო იქნება გაცილებით ინერტული, რადგან ივანიშვილი დასავლეთისთვის ბოლომდე გაურკვეველი ფიგურაა...
- ერთს ვიტყოდი, რომ გია ნოდიას შეფასება არანაირად არ განსხვავდება „ნაციონალური მორაობის“ სხვა წევრების შეფასებებისგან და ექსპეტრის შეფასება პოლიტიკურ განცხადებას არ უნდა ჰგავდეს. დღეს საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ გონიერი ხალხია წარმოდგენილი. თუმცა, მართალია, ის ქარიზმა, რაც სააკაშვილს ჰქონდა, ივანიშვილს არ აქვს და არც შოუების მოწყობის ისეთი დიდოსტატია, როგორიც სააკაშვილი. თუ შოუს მოწყობის ოსტატობას გულისხმობს ნოდია, მაშინ ვეთანხმები, თუმცა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შოუ არ არის.
რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, უკვე აგორდა ინფორმაცია, რომ კოალიცია იშლება. საფუძველი ლევან ბერძენიშვილის განცხადება გახდა იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა, მალევე, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ კოალიცია დაშლას არ აპირებს. ხედავთ თუ არა, იმის საფუძველს რომ კოალიციის დაშლის პროცესი უკვე დაიწყოს? ვიცით წინასწარ, რომ კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება.
- განსხვავებული ძალებია და ნორმალურია, რომ გარკვეულ ეტაპზე მათი დაშლა მოხდეს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა კარდინალურად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებნში მონაწილეობისაგან. იქ საჭირიოც იყო, რომ კოალიცია ერთ გუნდად ყოფილიყო წარმოდგენილი. ადგილობრივ არჩევნებში შესაძლებელია, რომ სხვადასხვა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი დროა. შესაძლოა იქამდე ისე ჩამოყალიბდეს პოლიტიკური სპექტრი, რომ შესაძლებელი გახდეს ამ პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა.
თუ მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი საერთოდ მოიხსნება, მგონია, რომ პარტიები ასეთ შემთხვევაში ცალცალკე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. თუ მოხდა ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაშინ კოალიციასაც ერთად მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა.
რაც შეეხება 2013 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წელია, მაინც რთული წელიწადი იქნება, თუმცა საზოგადოებამ დაიწყო აქტიურობა, ხელმოწერების შეგროვება სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, რადგან კონსტიტუციით 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა იწურება სწორედ 20 იანვარს. რა სჯობს ქვეყნის იმიჯისთვის, დავიცვათ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ტარდება, თუ მხარი დავუჭიროთ ჩანაწერს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წელია?
- სააკაშვილიცა და „ნაციონალური მოძრაობაც“ მიხვდა იმას, მათ პედალირება ვადამდელ არჩევნებზე რომ გააკეთონ, მაინც ვერ მოიგებენ. ალბათ, ამით აიხსნება ის 5-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სააკაშვილმა თავის საახალწლო მილოცვაში წარმოადგინა. არ მგონია, საახალწლო მილოცვა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან საქმის გარჩევა თუ უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ იქნებ ისე დაბალანსდეს ურთიერთობები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეინარჩუნოს რაღაც პოზიციები და „ქართულმა ოცნებამაც“ აღარ გააგრძელოს სამართლებრივი პროცესები.
ეს 5-პუნქტიანი გეგმა სამართლებრივი პროცესების შეჩერების არაპირდაპირი შეთავაზებაა?
- რაღაც გარიგების მსგავსი.
რა არის სააკაშვილის ამ გეგმაში თქვენთვის მიუღებელი?
- ეს ის საკითხებია, რაზეც თითქოს შეთანხმებული იყო, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აბრალებს კოჰაბიტაციის პროცესის ჩაშლას, ამას არ ვეთანხმები, რადგან ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო ისეთი ქმედებები, რაც შეუძლებელს ხდიდა მათ თანამშრომლობას პარლამენტში. ეს დაადასტურა კიდეც პრეზიდენტის წინასაახალწლო განცხადებებმა. მაგალითად, როდესაც ქუთაისში განაცხადა, რომ 2013 წელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დასასრულის წელი იქნება. ეს მუქარის ტოლფასი განცხადებაა, იგულისხმებოდა, რომ გამოიყენებდა საკონსტიტუციო უფლებამოსილებას იმისათვის, რომ 6 თვის თავზე დაეთხოვა პარლამენტი, პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია და რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა, რაზედაც საკმაოდ წყნარად უპასუხა ივანიშვილმა. მგონია, რომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ესმის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და რესურსი რევანშისთვის სულ უფრო ნაკლები რჩებათ.
თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება 2013 წელი?
- ეს უნდა იყოს იმ გეგმების განხორციელების წლები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დასახა არჩევნების წინ. არჩევნების წინ რა განწყობითაც ხალხმა მას ხმა მისცა, ამ ყველაფრის განხორციელება უნდა დაიწყოს. ყველაფერი ვერ მოესწრება, მაგრამ პროგრესი უნდა დავინახოთ. 2013 წელი თვითონ „ქართული ოცნებისთვისაც“ იქნება გადამწყვეტი, როგორც პოლიტიკური ძალისთვის.
გულისხმობთ იმას, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, ხალხის პირისპირ აღმოჩნდეს „ქართული ოცნება“?
- დიახ და საზოგადოებისთვის, ალბათ, ეს იქნება გარკვეული დასკვნების გაკეთების წელი.