კოვიდის გავრცელების მასშტაბით საქართველომ უსაფრთხო მწვანე ზონიდან ნარინჯისფერ, ანუ მომატებული რისკის ზონაში გადაინაცვლა. კიდევ არსებობს წითელი, ანუ საფრთხის შემცველი ზონა. სწორედ ამ ზონებზეა დამოკიდებული, რომელი ფერის უკან რა ღონისძიებები უნდა აამოქმედოს სახელმწიფომ.
მოსალოდნია თუ არა სიტუაციის გართულება, ამის შესახებ for.ge- ს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე ესაუბრა.
მწვანე ზონიდან ნარინჯისფერ ზონაში გადავინაცვლეთ. გვესმის შეფასებები, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელზე ბევრად ადრე დაიწყო. აქამდე ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, რომ მეორე ძლიერი ტალღა შემოდგომის ბოლოს იქნებოდა. თქვენ თუ იზიარებთ შეფასებას, რომ მეორე ტალღა უკვე დაიწყო?
- მე, როგორც ინფექციონისტი, პირველი და მეორე ტალღების შესახებ ტერმინს არ ვიზირებ. ეს პირობითი ტერმინებია. ამ ეტაპზე გვაქვს ავადობა, რომელიც დაიწყო 6 თვის წინ, გარკვეული პერიოდის შეზღუდვების გამო ავადობა შემცირდა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია ავადობის მატება. ავადობის მატება პირობითად ასოცირებულია მძიმე შემთხვევების მატებასთან. ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა მხოლოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები. საბედნიეროდ, 19 გარდაცვლილის შემდეგ ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა და მძიმე ფორმებიც არ განიხილებოდა, მაგრამ სამომავლოდ მოსალოდნელია როგორც შემთხვევების, ისე მძიმე ფორმების მატებაც.
მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ავადობა არის და იქნება გარკვეული პერიოდი, ეს იმას ნიშნავს, რომ, სანამ არ ჩამოყალიბდება მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი, მანამ ვირუსის ცირკულირება არ შეწყდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას და უნდა ვიცოდეთ, სამუშაო ადგილზე, ჩვენს ირგვლივ, სადაც ვართ, ყველგან ვირუსი არსებობს. ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაცვით და ეპიდემიოლოგების გაფრთხილებით ხელს შევუწყობთ ავადობის თავიდან აცილებას, შესაბამისად, შემთხვევების მატებას, თუმცა რაც ახლა ხდება, ვერ გავექცევით, მუდმივად ჩაკეტილები ვერ ვიქნებით. გარკვეულ პერიოდში ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, სკოლების, უნივერსიტეტების გახსნა შეზღუდული ფორმით სწორი ქმედებაა, რადგან იქნება ავადობა, მაგრამ ეს ავადობა უნდა იყოს მართვადი. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე მდგომარეობა მართვადია. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში ერთი მილიონი ადამიანი იღუპება ბე ჰეპატიტით? გაუგია ეს ვინმეს? მთელი რიგი ინფექციური დაავადებების გამო მუდმივად არის ყოველთვიური ლეტალობა. დიახ, შეიძლება ახალი ვირუსით, რომელიც ახლა გამოჩნდა, ლეტალობა 900 ათასი იყოს და შეიძლება მილიონამდეც ავიდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ეს ვირუსი რომ ჩაქრება, შეიძლება რამდენიმე წელიწადში სხვა ახალი ვირუსი წამოვიდეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს არ უნდა იყოს მოსახლეობის განგაშის მიზეზი. 190 ათასი ფსიქოზით დაავადებული ადამიანი უფრო სერიოზული პრობლემაა. ამიტომ მოსახლეობა მშვიდად უნდა შეხვდეს ამას, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და სამი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება დაიცვან - ატარონ ნიღაბი წესის მიხედვით, ხშირად დაიბანონ ხელები და დაიცვან დისტანცია. ნუ იქნება ჩახუტებები, გადაკოცნები, საშინელებაა, რასაც ახლა ვხედავ ქუჩაში. ელემენტარულად, მოსახლეობის თვითშეგნება უნდა გაიზარდოს, საკუთარი თავი რომ დაიცვან, ეს ძალიან მარტივად შესასრულებელი ღონისძიებაა, რომელიც უნდა შეასრულოს ყველა ჩვენგანმა. რა მოხდება, თუ ასე არ გავაკეთებთ? შვედური მოდელით, იქნება მასობრივი ავადობა, განვითარდება ჰოსპიტალური კოლაფსი, ანუ იქნება იმაზე მეტი პაციენტი, რამდენსაც ვერ შეძლებს, მოემსახუროს ჩვენი ჰოსპიტლები და ჩვენი კრიტიკული დეპარტამენტები. სამთავრობო ღონისძიებები, რომლებიც ახლა ტარდება, იმისთვისაა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მიმართოს ამბოლატორიულად, ანუ გამოყოს სპეციალური სასტუმროები, სადაც განთავსდებიან ინფიცირებულები, რომლებიც წარმოადგენენ ინფექციის წყაროს, მაგრამ არიან უსიმპტომოები და ჰოსპიტალური საწოლი მათზე არ დაიხარჯება, როგორც აქამდე გვქონდა, ეს ფუფუნება აღარ გვექნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები, ყველა რეკომენდაციას გარკვეული საფუძველი გააჩნია. ავადობა 200-ზეც ავა და კიდევ მოიმატებს წლის განმავლობაში საქართველოში, სანამ არ ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი. თუმცა დროთა განმავლობაში ვირუსი სუსტდება, მოსახლეობის შეგნება იზრდება. თინეიჯერი რომ არის გარეთ გასული, რომელიც ვირუსის ფართოდ გამავრცელებელია, სოციალურია და კონტაქტში შედის სხვა ადამიანებთან, ის უკვე შეეცდება, ოჯახის უფროს წევრებთან, ასაკოვნებთან არ მიიტანოს ინფექცია. შაქრიანი დიაბეტის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ადამიანები შედარებით უფრო გაფრთხილდებიან, რომ თავიდან აიცილონ ამ დაავადებით დასნებოვნება.
სახელმწიფოსთვის რა უფრო დამღუპველია- ეკონომიკური, თუ ჰოსპიტალური კოლაფსი?
- გინდა ეკონომიკური კოლაფსი გვქონია, გინდა ჰოსპიტალური, კოლაფსი კოლაფსია. ამიტომ მოზომილად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, არც ეკონომიკურ კოლაფსში არ უნდა ჩავვარდეთ, არც ჰოსპიტალური კოლაფსი არ უნდა გადავიტანოთ.
თქვენს მიერ ნახსენებ 200 შემთხვევას ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი გაუძლებს?
- ამ 200 შემთხვევიდან, თუ უმეტესობა იქნება უსიმპტომო და მსუბუქი, ალბათ, ჯერჯერობით გავუძლებთ. თუ არ გავუძლებთ, იქნება ინფორმაცია ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან.
როგორ ფიქრობთ, ვირუსთან თანაცხოვრება უფრო მარტივი გახდა, რაც იგი „მოთვინიერდა“?
- ახლა ხშირად ამბობენ, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა. ეს არასამედიცინო ტერმინია. ზოგიერთი ფიქრობს, შემხვდეს ვირუსი, ბარემ გადავიტანო, დამთავრდება ვირუსისგან შექმნილი პრობლემებიო. მე კი მგონია, მაქსიმალურად უნდა დავიცვა ჩემი თავი, არ არის დღეს მედიცინა იმ ფუფუნებაში, რომ ჩემი კატეგორიის ექიმი წავიდეს თვითიზოლაციაში და ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა ჩავარდეს. მე მარტო ჩემს თავზე არ ვარ პასუხისმგებელი, თუმცა სახლში დაჯდომაც შეუძლებელია, უნდა ვიმუშაო, მაგრამ დაცულად და სწორად ვიმოქმედო, სწორად ჩავიცვა ფორმა და გავიხადო, პაციენტებთანაც სწორი ურთიერთობა მქონდეს, სადაც საჭიროა, იქ შევიდე და, სადაც საჭირო არ არის, იქ არ შევიდე. ვირუსი ნელ-ნელა გავა, ვირუსოლოგიაში ცნობილია, რაც უფრო ხანგრძლივად ცირკულირებს გარემოში, ვირულენტობას კარგავს ეს ვირუსი, არანაირი მუტაცია მას არ სჭირდება, მუტაცია უკვე მაშინ განიცადა, როცა აგრესიულად მოგვევლინა, ახლა კი მისი აგრესიულობა, ანუ ვირულენტობა ნელ-ნელა ქვეითდება. დიდი იმედი მაქვს, ვაქცინა იქნება. 4 სექტემბერს ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესკონფერენცია, სადაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით წლის ბოლოსათვის ვაქცინა სავარაუდოდ დარეგისტრირდება, მომავალი წლის დასაწყისისთვის გამოვა პირველი ათი მილიონი, შეიქმნა „კოვაქსი“, ასეთი ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიღებაზე მუშაობას, 30 ვაქცინიდან გაფილტრეს და დატოვეს 9 კანდიდატი და 9 პოტენციური ვაქცინა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ყველაზე მთავარია, ვაქცინა ყველასთვის წვდომადი იყოს.
ვაქცინის შექმნაზე რუსეთიც მუშაობს. რომელი ქვეყნის ვაქცინა იქნება უსაფრთხო?
- ნებისმიერი ქვეყნის ვაქცინა შეიძლება იყოს, ამაზე მუშაობენ ევროპული ქვეყნები, რომელთაც ვაქცინის შექმნის გამოცდილება აქვთ. ვაქცინა წვდომადი იქნება ყველასთვის, არ მოხდება ისე, რომ ევროპის ქვეყნები გადაიცრას და მერე რაც დარჩება, გამოაგზავნონ ჩვენთან. შეიქმნება რისკჯგუფები, პირველი - მედიცინის მუშაკები, მეორე ადგილზე ასაკოვნები და ა.შ. პირველ რიგში, მთელ მსოფლიოში ეს კონტინგენტი გადაიცრება. სავარაუდოდ, 2021 წლის მეექვსე-მეშვიდე თვისთვის ეს ვაქცინა წვდომადი იქნება ყველასთვის.