„დაავალე მიშას“ – ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სლოგანი. როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აბსოლუტურად ყველა სოფელს და ყველა ქალაქს შემოივლიან, მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები. მისი განმარტებით, საზოგადოების რჩევები მათი პრემიერობის კანდიდატს გადაეცემა და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი გააჟერებს საკუთარ გეგმებსა და მოსაზრებებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საზოგადოების რჩევები იქნება ის გზამკვლევი, რომლითაც პარტია დღეს არსებული პრობლემების გადაჭრას შეეცდება. ნაციონალურ დაპირებებში სიმართლის მარცვალს ვერ ხედავს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, რომლის შეფასებით, 2004–2012 წლებში 800,000– ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, საიდანაც 99,99% საპროცესო გარიგებით ანუ ფულის გადახდით დასრულდა. მინიმალური 5000 ლარი იყო, მაქსიმალური ათეულობით მილიონი.
„საშუალოდ რომ 10,000 ლარი ვიანგარიშოთ მხოლოდ საპროცესოთი გამოდის: 800,000X10,000= 8,000,000,000 ლარი. ეს თანხა ბიუჯეტში არ შესულა. ჩემი „დავალება მიშას“: დააბრუნე ეს ფული. 1999 წლის სტამბულის ეუთოს სამიტის გადაწყვეტილებით, რუსული სამხედრო ბაზები გავიყვანეთ ქვეყნიდან. 2008 წელს სააკაშვილმა უკან დააბრუნა რუსული ბაზები. ჩემი „დავალება მიშას“: პასუხი აგე რუსული ბაზების უკან დაბრუნებაზე.
კოდორის ხეობას, ახალგორს, თამარშენის და ქურთის თემს საქართველო აკონტროლებდა. 2008 წელს მიეყიდა რუსეთს. ჩემი „დავალება მიშას“: პასუხი აგე ქართული მიწების გაყიდვაზე. გავაგრძელებდი ამ „დავალებებს“, მაგრამ მინდა ჩემს ფეისბუკ მეგობრებს გადავულოცო ესტაფეტა“, – წერს ირაკლი გოგავა.
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს სთავაზობს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კანდიდატურის დასახელებაა. ზუგდიდის ამომრჩეველის გული ვერ მოიგო მეგრულ ენაზე ამღერებულმა სანდრა რულოვსმა და ახლა, სააკაშვილმაფრონტის ხაზზე დედა დააყენა. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პენსიონერ ალასანიას ზუგდიდელები სამუდამოდ გაუშვებენ პენსიაზე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2016 წელს არჩევნებზე „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ერთი ახალი სახე ჰყავდა - რომან გოცირიძე, სააკაშვილი კი საკუთარ ოჯახის წევრს იმ ბრძოლაში უშვებს, რომელიც წინასწარ წაგებულია.
გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი არაჯანსაღი ადამიანია:
„არაჯანსაღი ვნებები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია არაჯანსაღი ფსიქიკით. თუნდაც, კანდიდატების დასახელებით, თუნდაც, იმ განცხადებებით, რომლითაც უკვე არაერთხელ გავიგეთ, რომ საქართველოში ბრუნდება – თავისი ფიცით, ბოდიშებით და გულზე მჯიღის ცემით. ეს არის არაჯანსაღი ადამიანი, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ცოლის შემდეგ დედა უნდა დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
ვიღაცას ენდობა, ვიღაცას – არა. იმდენად თავის თავშია ჩაკეტილი, რომ ფიქრობს, საქართველოს კულტურული აღორძინება მისგან დაიწყო. ადამიანი ამის თაობაზე განცხადებას რომ გააკეთებს, კითხვა აღარ უნდა დასვათ და რესპოდენტები კითხვით აღარ უნდა შეაწუხოთ, ეს არის მავნებელი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, საქართველოში დესტრუქცია შემოიტანოს და შემთხვევას არ უშვებს, რომ არ დააზიანოს ქვეყანა და არა მხოლოდ საქართველო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატი „შეპყრობილ“ ექს–პრეზიდენტის მომხრეებს მოუწოდებს, სააკაშვილი გააფრთხილონ, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის და რეგიონის ინტერესებით. საქართველოში რეალურად უფრო მეტი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვიდრე პოლიტიკური პარტიების ბანერების რაოდენობა და „ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს“.
„სააკაშვილი საერთოდ გადაირია. 11–ჯერ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოში ჩამოდის ხან ღრუბელ–ღრუბელ, ხან ზღვა–ზღვა და ხან ხმელეთით. ეს რაც დავითვალე, რაც არ დაგვითვლია, ალბათ, რამდენჯერ აქვს ნათქვამი. თურმე მან შექმნა ქართველი ერი. მან მოიტანა საქართველოში კულტურა. ამავე დროს უკიდურესად უგვანი სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს - ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა დედა. რაღაც მანია აქვს, შეპყრობილია ადამიანი.
არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, სადაც ჰგონია, რომ პანდემიის გავრცელება საშველია, სადაც ეს არაქართული ოცნება აგიხდება, რომ საქართველოს როდისმე სანქციებს დაადებენ, მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აქ ჩვენთან ერთად დღეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებშია ასე ინტენსიურად არის ჩართული. ესაა რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სამხედრო ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ძალაფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. მისი თქმით, როგორც ჩანს, ბელადის ავანტურისტულ – მავნებულ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა, გიული ალასანია გამოიყვანა.
„ავადმყოფური ქცევის უმაღლესი გამოვლინებაა ნაცკლასტერის მიერ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ბელადის დედის დასახელება! არა, ხომ ფაქტია, რომ ძალაუფლების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სააკაშვილის ყველა ნაბიჯი პირად ამბიციებზეა მიმართული. აბა მითხარით, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ზუგდიდში „ამხელა“ ოპოზიციურმა პარტიამ ვერავინ ვერ გამონახა ბელადის დედის გარდა? ადრე ცოლი წარადგინა, გახსოვთ, ალბათ, დამარცხებული სანდრა რულოვს–სააკაშვილი სწორედ ზუგდიდიდან როგორ გვაშინებდა საყოველთაო არეულობით.
ახლა, როგორც ჩანს, ბელადის ავადმყოფურ და ავანტურისტულ, მავნებულ ტვინში ახალი იდეები მომწიფდა და საარჩევნოდ ბრძოლის ველზე ზუგდიდში სარდლად საკუთარი დედა - გიული ალასანია გამოიყვანა...ეჰ, მავნებლებო, როგორ იმტრევთ კიდევ ერთელ კისერს: არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან, გარდა კიდევ ერთი შერცხვენისა და დამარცხებისა...რატომ ? მარტივად – ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ზუგდიდელები უკვე ძალიან კარგად გიცნობენ !“, – ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ მართლაც საოცარი მოვლენაა ქართული პოლიტიკა. მისი თქმით, სიძულვილზე და დანაშაულზე აგებული ერთობა დროთა განმავლობაში აუცილებლად ხდება არაადეკვატური და ბოლოს–კომიკური.
„ოდნავ მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ შერჩენილი პრაგმატული აზროვნება. ხომ გასაგები უნდა იყოს მათთვის, რომ ეს რძალ–დედამთილიანა შეურაცხმყოფელია ზუგდიდისათვის და წამგებიანია პოლიტიკურად. მაგრამ სექტანტური იზოლაციონიზმი სჭირთ და საკუთარი სექტის იქით ვერაფერს ხედავენ. მერე უკვირთ, რატომ დაუწერა NDI–იმ და გორბიმ ის, რაც დაუწერა.
კიდევ ბევრი დაუწერა, ასე გააგრძელონ და წიწილების თვლაში ნაკლებ ენერგიას დახარჯავენ ნოემბერში. თუმცა, შეიძლება სწორედ ეს უნდოდეთ არაცნობიერად, ადამიანები არიან და დაიღალნენ. ღმერთმა უშველოთ მათ საკუთარი მრევლიანად, მალე გამოიყვანოს ამ სექტანტური მორევიდან, გულწრფელად ვუსურვებ ამას“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.