„კორონავირუსის დროს სიმღერა ისეთივე რისკფაქტორად ითვლება, როგორც ხველა და ცემინება“

„კორონავირუსის დროს სიმღერა ისეთივე რისკფაქტორად ითვლება, როგორც ხველა და ცემინება“

კორონაპანდემიის მიუხედავად, სასიმღერო და ქორეოგრაფიული ანსამბლები მაინც აცხადებენ მიღებას. ცხადია, ცეკვა და სიმღერა პირბადით წარმოუდგენელია, ამდენად, საინტერესოა, რამდენად დიდია დაინფიცირების ალბათობა სახელოვნებო სასწავლებლებში?

თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე სახელოვნებო დაწესებულებებში, სადაც ცეკვასა და სიმღერას შეასწავლიან, ახალგაზრდების მიღებას არ ეთანხმება. მისი მოსაზრებით, არც ერთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიღება გამართლებული არაა, სადაც დახურულ სივრცეში შეიძლება 10-15 ადამიანი ცეკვავდეს ან მღეროდეს.

„პირბადით ადამიანი ვერ იცეკვებს, ეს კატეგორიულად გამორიცხულია. ასე რომ, ალბათ, სწავლების გადადება მათაც მოუწევთ. რაც არ უნდა დიდი ფართის იყოს დახურული სივრცე, თუ ცეკვაზეა საუბარი, ახალგაზრდებს ერთმანეთთან ახლო კონტაქტი უწევთ. რაც შეეხება სიმღერას, სიმღერა ითვლება ისეთივე რისკფაქტორად, როგორც ხველა და ცემინება. სიმღერის დროს ნებისმიერი ვირუსის შემცველი ნაწილაკი ხვდება უფრო შორ მანძილზე, ამიტომ სიმღერა რისკფაქტორია და დახურულ სივრცეში, სტუდიაში ეს ორივე აქტიურობა მინიმუმ 1-ელ ოქტომბრამდე არ უნდა იყოს სწორი. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვებს ეხება ეს, თუ მოზრდილებს. ეს რომ იყოს ღია სივრცეში, მაშინ მეტ-ნაკლებად დასაშვები იქნებოდა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე for.ge-სთან საუბრისას.

ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელი ოთარ ჩოკოშვილი მიიჩნევს, რომ ყველანაირი სასწავლებელი, მათ შორის, ქორეოგრაფიული სასწავლებელი, სადაც ადამიანებს ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, დღეს ითვლება ინფექციის შესაძლო გავრცელების წყაროდ. სახელოვნებო პროფესიები, განსაკუთრებით, სიმღერა, მუსიკა, სადაც ჰაერში დიდი რაოდენობით ხდება ადამიანების მიერ გამოსროლილი ნაწილაკების გამოყოფა, თუნდაც ცეკვის დროს, როცა აჩქარებულად სუნთქავს ადამიანი, თეორიულად შეიძლება ცოტა უფრო მომატებული რისკის მქონე იყოს, თუმცა იქაც შეიძლება დისტანციის დაცვა, ვენტილაცია...

„პირბადით ვერ იმღერებს ვერავინ, პირბადით სასულე ინსტრუმენტზე ვერ დაუკრავ, პირბადით ცეკვაც რთულია. ჯერ ჩვეულებრივად რომ გიკეთია პირბადე, ისიც არაა იოლი. ახლა მე ექიმი ვარ, ხშირად მიკეთია პირბადე და კიბეზე რომ ადიხარ, ან ფიზიკურად დაძაბულ მოძრაობას ასრულებ, გიძნელდება სუნთქვა, სუნთქვის პროცესს პირბადე კიდევ უფრო ართულებს, ახშირებს სუნთქვას. მით უმეტეს, პირბადით ცეკვისას სუნთქვა გართულდება. ამიტომ ცოტა ხანს შეიძლება თავი შევიკავოთ ასეთი თავყრილობისგან. ახლა სკოლების ჩაკეტვა ემსახურება იმას, რომ გავარკვიოთ ეპიდემიის რა სტადიაზე ვართ და რა მდგომარეობა გვაქვს და შევძლებთ თუ არა პირველადი კერების ლიკვიდაციას. წარმოვიდგინოთ ხანძარი, პატარა ცეცხლი არაფერია, შეიძლება ფეხი დაადგა, მიწა ჩაბარო და იქვე ჩააქრო, მაგრამ დიდ მინდორზე, სადაც ხმელი ბალახია, ცეცხლის პატარ-პატარა კერების ერთიანად ჩაქრობას, თუ დროულად არ მოვახდენთ ამ კერების ლიკვიდაციას, უამრავი რესურსი და დრო სჭირდება, რადგან ცეცხლის ეს კერები გაერთიანდება. ამიტომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა სტადიაში ვიმყოფებით“, -აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია აცხადებს, რომ პირბადით ცეკვა და სიმღერა არარეალურია, რადგან რამდენ ხანს ექნება ადამიანს პირბადე ცეკვის ან სიმღერის დროს?!

„ადამიანები პირბადეს ძლივს უძლებენ თუნდაც მჯდომარე მდგომარეობაში. ცეკვის დროს კი, როცა ადამიანი მოძრაობს და ჟანგბადი გაძლიერებით სჭირდება მის ფილტვებს, რამდენ ხანს შეიძლება გაძლოს ადამიანმა პირბადით? თუმცა ისიც ფაქტია, რომ დისტანციურად ცეკვისა და სიმღერის შესწავლა არარეალისტურია. ეს სიყალბეა“.

ილიაუნის ბიზნესსკოლის ლექტორი, განათლების ექსპერტი დავით ლაგვილავა ფიქრობს, რომ, თუ სახელოვნებო სასწავლებლებში დაცულია რეგულაციები, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა წესრიგშია, დისტანცია დაცულია, პირბადეები გამოყენებულია, მაშინ ამ ანსამბლების ფუნქციონირება დასაშვებია.

„პირბადით სიმღერა შეუძლებლად მიმაჩნია, უფრო ზუსტად, ასეთ მდგომარეობაში სიმღერა საერთოდ ვერ წარმომიდგენია. ცეკვა, ალბათ, უფრო შეიძლება. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თვითონ იციან, როგორ დაიცვან ეს რეგულაციები. სახელოვნებო სასწავლებლებში რეგულაციების დაცვის შესაძლებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე საჯარო სკოლების შემთხვევაში“, - გვითხრა დავით ლაგვილავამ.