საპრეზიდენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატი წარადგინოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, გამორიცხული არ არის, კოალიციის ერთმა ნაწილმა საკუთარი კანდიდატი შემოგვთავაზოს, მეორემ - მეორე და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამავე აზრს იზიარებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. მისი თქმით, ეს არის ჯანსაღი პროცესი და კოალიცია იმიტომ შეიქმნა, რომ შეიძლება, ერთიანი ლიდერი დაასახელოს და შეიძლება - სხვადასხვაც, რადგან კოალიცია რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება.
სწორედ ვახტანგ ხმალაძეა ის კანდიდატი, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე იქნებოდა. თუმცა, კოალიციის ლიდერები ირწმუნებიან, რომ საკითხის განხილვა ჯერ არ დაწყებულა და გადამწყვეტი ხმა ამ განხილვებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ექნება.
თავის მხრივ, ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თავად იყოს. ერთში კი ნამდვილადაა დარწმუნებული, რომ კოალიციას კარგი კანდიდატი ეყოლება.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და კანდიდატურების წინასწარ დასახელება და გარკვეული მოქმედებები მთლად გამართლებული არ უნდა იყოს. მით უფრო, არავინ იცის, როგორი სიტუაცია იქნება ოქტომბერში და რა უფრო ხელსაყრელი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ - წარდგეს ერთი კანდიდატით თუ რამდენიმე კანდიდატით. თუმცა, მისი ვარაუდით, რამდენიმე კანდიდატი თუ დასახელდება, „ქართული ოცნების“ შიგნითვე გადაწყდება ეს საკითხი და ბოლოს შეიძლება, ერთ კანდიდატზე შეჯერდნენ კიდეც. რაც შეეხება განაცხადს, რომ საპრეზიდენტოდ „ქართული ოცნება“ რამდენიმე კანდიდატს დაასახელებს, პოლიტოლოგი ამას უფრო პიარისთვის გამიზნულად მიიჩნევს, ვიდრე რაიმე სერიოზულ განცხადებად.
„რამდენადაც ვიცი, იგეგმება არა მარტო საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება, არამედ თავად კონსტიტუციის გადახედვაც. ამიტომ, კანდიდატურების დასახელებაც დამოკიდებული იქნება კონსტიტუციის იმ ვარიანტზე, რომელიც საბოლოოდ იქნება მიღებული და შეთანხმებული. პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკმაოდ მცირდება, ამიტომ მეეჭვება, მრავალმა ადამიანმა მოინდომოს ამ პოსტზე კენჭისყრა“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიასა და ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურებს, პოლიტოლოგის აზრით, ისინი საკმაოდ ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატები არიან და წუნდასადები არცერთს არაფერი აქვს. თუმცა ვახტანგ ძაბირაძე აქვე დასძენს, რომ ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში არაერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება წარმოდგენილი არა მარტო „ქართული ოცნებიდან“ და ნაცმოძრაობიდან, არამედ - სხვა პარტიებიდანაც, მათ შორის, ალბათ, ბურჯანაძის პარტიაც წარადგენს საკუთარ კანდიდატს. შესაძლოა, დამოუკიდებელი კანდიდატებიც იყოს. ასე რომ, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატთა რაოდენობა.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ეეჭვება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელება მეტოქის დაბნევას ემსახურებოდეს, რადგან საამისოდ ეს არ არის ეფექტური იარაღი. პოლიტოლოგს ისიც საეჭვოდ მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს ძლიერი კანდიდატურა დაუპირისპიროს გინდაც ვახტანგ ხმალაძეს და გინდაც ალასანიას. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ათ თვეში ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ - არა რადიკალურად.
მისი თქმით, თუკი ათ თვეში ნაცმოძრაობა ეფექტურად გაუწევს კონკურენციას ერთი წლის წინ გამარჯვებულ პარტიას, პირველ რიგში, ეს ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის იქნება ცუდი. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციაში ყველაფერი რიგზე არ არის და მათ ათ თვეში ვერ შეძლეს, შეენარჩუნებინათ არსებული რეიტინგი, რაც არარეალურია.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ რამდენიმე კანდიდატურას, მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, სოსო ცინცაძისთვის ეს ცოტა ეგზოტიკური მომენტია.
„სადღეისოდ „ქართული ოცნების“ მთელი კოალიცია თავისუფლად შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ბიძინა ივანიშვილის პარტია, მოსწონთ თუ არა ეს კოალიციის წევრებს. მე მგონი, ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ რისკზე წავა, თუ მართლაც რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატურას წამოაყენებს, ვინაიდან მაშინ მთელი პრობლემა ის იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დააჯეროს მოსახლეობა, რომ ეს არ არის ბლეფი, რომ მართლაც მას ჰყავს ორი კანდიდატი და არჩევანი მათ შორის უნდა გააკეთოს მოსახლეობამ. ყველაზე საინტერესო ის იქნება, რომ, როდესაც დაიწყება წინაასაარჩევნო კამპანია, ეს ორი კანდიდატი როგორ ააწყობს ერთმანეთთან კონკურენციას?! ხომ არ შეიძლება, გამოვიდნენ ალასანია და ხმალაძე და ორივემ ერთ ხმაში თქვან, ორივენი კარგი ბიჭები ვართ, ორივენი კარგი პრეზიდენტები ვიქნებით და, რომელიც გინდათ, ჩვენს შორის ის აირჩიეთ, თქვენ არაფერს წააგებთ, რადგან რასაც მე გავაკეთებ, იმავეს გააკეთებდა ჩემი მოწინააღმდეგეო. აქ ტერმინი „მოწინააღმდეგეც“ გარკვეული ირონიით შეიძლება იყოს ნათქვამი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და ზემოთქმულს გამორიცხავს, რადგან ასეთი რამ მსოფლიოში არსად მომხდარა.
მისი განმარტებით, არსებობს შიდა რეიტინგების პრაქტიკა, თუნდაც ამერიკაში არის იგივე პრაიმერიზი (როდესაც პარტია ირჩევს ერთ კანდიდატს), რომელიც თვეების განმავლობაში იჭიმება. ასეთ დროს ერთი პარტიის წიაღში არსებული კანდიდატები გაცხარებულად ებრძვიან ერთმანეთს.
ამის დასტურად სოსო ცინცაძეს ახსენდება ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამას დაპირისპირება, რაც თვითონ დასავლური დემოკრატიის რეჟიმშიც კი პოლიტიკურ ფლირტს ნამდვილად არ მოგვაგონებდა. პირიქით, ეს იყო გაცხარებული ბრძოლა ერთმანეთთან. მეტიც, ბარაკ ობამამ დაიწყო თითქმის ნულიდან, მაგრამ საბოლოოდ გაუსწრო ჰილარი კლინტონს.
„არა მგონია, ჰილარი კლინტონმა ოდესმე ეს აპატიოს ბარაკ ობამას, რაც ძაღლის ნაკბენივით ეხსომება, რომ, პრაქტიკულად, ობამამ მას პრეზიდენტობა წაართვა. ასე თვლის ქალბატონი ჰილარი, რომელსაც ბარაკ ობამას მსგავსად, ძლიერი პოზიციები ჰქონდა. საქართველოში კი ივანიშვილის გარეშე რომ წარმოვიდგინოთ ეს სიუჟეტი, მის გარეშე რა ძლიერი პოზიციები აქვთ ალასანიას ან ხმალაძეს?! ამიტომ, მათ შორის რეალურ კონკურენციას მე ვერ ვხედავ“.
ამიტომ სოსო ცინცაძე ლოგიკურად მიიჩნევს, შეირჩეს საერთო კანდიდატი. მით უმეტეს, სანამ ბიძინა ივანიშვილი, კარგი გაგებით, ვახტანგ ხმალაძეს „დაადგამდა“ თვალს, მანამდე ირაკლი ალასანიას შესახებ აცხადებდა, რომ იგი ქვეყანას უხელმძღვანელებსო. კერძოდ, პოლიტოლოგი იხსენებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა ალასანია წარდგა ზუგდიდელების წინაშე, ივანიშვილს უთქვამს, ალასანია პარტიას კი არა, ქვეყანასაც უხელმძღვანელებდაო. ამდენად, იმ დროს ალასანია იყო მისი ფავორიტი.
ალასანიასადმი ბიძინა ივანიშვილის სიმპათიის მიუხედავად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის რეალობაში პრეზიდენტი არც თუ ისე აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად რჩება. მით უფრო, საქართველოში, როცა მოსახლეობა იმანენტურად უკვე შეჩვეულია, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი. კერძოდ, განვლილი რვა-ცხრა წლის მანძილზე სააკაშვილმა შეაჩვია საზოგადოება, რომ პრეზიდენტი ეს არის სუპერმონარქი - ნაპოლეონზე და კარლოს დიდზე უფრო დიდი. ახლა ამასთან შედარებით მოსახლეობის თვალში პრეზიდენტი არაფერი არ იქნება. ამდენად, ყველაფერსა და არაფერს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.
„საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვიყავი და მშვენივრად ვიცი, რა პრეროგატივები რჩება პრეზიდენტს. თუმცა პრეზიდენტსაც აქვს ნორმალური პრეროგატივა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტი მთავარსარდლად რჩება, მაგრამ ახალგაზრდა, დინამიური პოლიტიკოსისთვის მაინც არა მგონია, ასეთ პირობებში პრეზიდენტობა იყოს კარიერის მწვერვალი. ეს არცთუ ისეთი ნოყიერი სასტარტო მოედანი შეიძლება იყოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი.