ცალკეული მედიასაშუალებები საგანგებო მდგომარეობის ხელმეორედ გამოცხადებას არ გამორიცხავენ. მათი პროგნოზით, ამ სიურპრიზს ხელისუფლება ხალხს 20 სექტემბრისთვის უმზადებს და „ამ ინფორმაციამ მმართველი პარტიის სანდო წყაროდან გაჟონა“. წყაროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადება არჩევნების გადადებას უკავშირდება.
თუკი ამ ვერსიას ვენდობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, გარკვეული ქალაქები ჩაიკეტება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
კიდევ ერთი შესაძლო საგანგებო მდგომარეობის დაწესება პანიკაში აგდებს ჩვენს მოსახლეობას. ფსიქოლოგიურად ამის გაგება უჭირთ პოლიტიკოსებსაც.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ მხოლოდ „შეკეტვის ფაზა“ გაიარა და ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური მართვის ფაზაზე არასდროს გადასულა, რომელსაც უნდა ესწავლებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის კორონავირუსთან თანაცხოვრება და არა მხოლოდ შეკეტვა, რადგან კიდევ ერთ შეკეტვას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას აწყობს მოსახლეობის პანიკასა და შიშში ყოფნა, რადგან ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე და ნაკლები დამკვირვებელი ჩამოვა.
ალეკო ელისაშვილისთვის ლოგიკას მოკლებულია, ქელეხი და ქორწილი აიკრძალოს, წინასაარჩევნო შეხვედრა კი არა. ელისაშვილს აინტერესებს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე ხალხს იმუნიტეტი აქვს ამაღლებული?
ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოთარ ჩოკოშვილი მიიჩნევს, გაზაფხულზე ზუსტად იმან გვიშველა, რომ ჩავიკეტეთ და სოციალურად დისტანცირებულები ვიყავით. ეპიდემიის მართვის კუთხით საგანგებო მდგომარეობა საოცარი საშუალებაა და ძალიან ეფექტურია, მაგრამ შედეგები, რაც ამას მოჰყვება, არ იქნება სასურველი.
„მნიშვნელოვანია სხვა ასპექტები, ადამიანების ეკონომიკური, სულიერი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგადად, კვება და არსებობა. თუ ჩავიკეტებით, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემას შექმნის ეს ჩაკეტვები, როცა ევროპამ რამდენიმე ტრილიონი ევროს ზარალი ნახა მხოლოდ ამ გაზაფხულზე, როცა ჩაკეტილები იყვნენ და დისტანცირებულები. გერმანიის კანცლერი მერკელი გამოვიდა, ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდა, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებსო. თუ მათი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, ჩვენი ეკონომიკა გაუძლებს? ამიტომ მთავარი ასპექტი დაგვრჩა, ვისწავლოთ ამ ვირუსთან ცხოვრება. ასეთი პანდემიები კაცობრიობას ბევრჯერ გადაუტანია, ვერც კორონავირუსი ვერაფერს დაგვაკლებს, შეიძლება რამდენიმე ათასი, ან რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპოს, შედარებით სუსტი ჯანმრთელობა ვისაც აქვს, მაგრამ მასობრივი შიმშილი და ეკონომიკური კატასტროფა უარესს გამოიწვევს და შიმშილი უფრო მეტ ადამიანს მოკლავს“, - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ არის საშუალება და სწავლაც დისტანციურზე გადავა, ადამიანებს შეუძლიათ სუფთა ჰაერზე, სოფელში წასვლა. სოფელი ის ადგილია, სადაც ნაკლებად მჭიდრო კონტაქტები შეიძლება გვქონდეს. თბილისი მაინც მჭიდროდ დასახლებულია, თბილისში ერთ კვადრატულ მეტრზე შეიძლება 100 და 200 მოსახლე იყოს, სოფელში კი 5, 10 მოსახლე თუ იქნება.
„ადრეც ვისაუბრეთ ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტზე, შვედებმა ეს რატომ შეძლეს? რადგან შვედეთი ნაკლებადაა მჭიდროდ დასახლებული, ისინი მოწესრიგებული ხალხია, იცავენ დისტანციას. შვედებმა ყველაფერი სწორად გათვალეს, არც ჩაიკეტნენ და არც არანაირი ეკონომიკური კრახი და კატასტროფა არ დაემართათ“.
თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ რეგულაციები შედეგს გამოიღებს და უახლოეს პერიოდში არ დაგვჭირდება რეგულაციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება.
„არა მგონია, საგანგებო რეჟიმისა და ჩაკეტვის აუცილებლობა დადგეს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 400-500 და 600 შემთხვევებია ყოველდღიურად და იქ არ ყოფილა რადიკალური ნაბიჯები გადადგმული. ეს შემთხვევები ჩვენთვისაა ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანი, მაგრამ საეჭვოა, ამან დედაქალაქისა და რეგიონების ჩაკეტვა გამოიწვიოს. ფსიქოლოგიურ პრობლემებს კი ნამდვილად უნდა ველოდოთ, თუკი ჩვენ დავუბრუნდებით მკაცრ შეზღუდვებს. თუ ისევ გამოცხადდება კარანტინი და ისევ დაიკეტება ქალაქები, ქუჩაში გამოსვლა იქნება შეზღუდული, აუცილებლად ფსიქოლოგიური პრობლემები უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ for.ge-სთან საუბრისას.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე მიიჩნევს, რომ, თუკი ამ ქმედებებმა, რომლებიც ახლა ხორციელდება, უმართავი სახე მიიღო, მაშინ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. მანამდე ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ არ მივიდეთ ამ კონდიციამდე.
„ჩაკეტვაც სერიოზული პრობლემაა და, რა თქმა უნდა, არ გვინდა ეს ჩაკეტვა. ყველა ღონისძიება ტარდება, რომ არ იყოს ჩაკეტვა, მაგრამ ისიც პრობლემაა, ოჯახის წევრი გახდეს ავად, ექიმი ვერ იპოვო და კლინიკაში ვერ დააწვინო, როგორც ეს მოსკოვში მოხდა. თურქეთში კი კრიტიკული დეპარტამენტის ჰოსპიტალი გახსნეს აეროპორტში, ასეთ დონემდე არ უნდა მივიდეთ“, - აცხადებს მალვინა ჯავახაძე.
დღეს საქართველოს საავადმყოფოებში იმის მეათედი საწოლი ადგილები არ არის 1990 წელს რომ იყო. სამაგიეროდ ყველა შესახვევში კერძო კლინიკაა. კერძო , ხუთპალატიანი კლინიკები ამ სიტუაციაში სრულიად არაეფექტურია. ეს ეტყობა სახღვარგარეთაც ასეა, რაც გამოჩნდა კიდეც ამერიკის და სხვა ქვეყნების მაგალითზე, რადგან ინფიცირებულები ძირითადად სახლებში მკურნალობენ.
ამ პრობლემას შედარებით უკეთ გაუმკლავდნენ სოციალურად ორიენტირებული ქვეყნები: გერმანია; ფინეთი; შვედეთი და სხვ.