საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნებმა ისედაც აჩვენა, თუ რამდენი მხარდამჭერი ან მოწინააღმდეგე ჰყავს პრეზიდენტს ჩვენს ქვეყანაში. ამდენად, უკანასკნელ პერიოდში პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების მიერ ხელმოწერების შეგროვების ფაქტი მას სამარცხვინოდ ეჩვენება.
For.ge არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
თურქულ მედიაში „Today’s Zaman“-ში დაბეჭდილ სტატიას როგორ შეაფასებთ, რომლის მიხედვითაც, საქართველო თურმე ვალშია სააკაშვილთან ევროატლანტიკური ვექტორის გამო, მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მცდელობისა, რომ სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდა მოაწყოს და ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს. თავის დროზე დასავლური მედიის მიმართაც ისმოდა ამ ტიპის შეფასებები, რომ დაკვეთილი პუბლიკაციები სააკაშვილის უამრავი ლობისტის დამსახურება იყო, რომლის განეიტრალებასაც „ქართული ოცნება“ საქართველოში არსებული სრული რეალობის ჩვენებით აპირებდა.
- უპირველეს ყოვლისა, უნდა შევნიშნოთ, რომ ქვეყანა ვალში მხოლოდ ისეთი მოღვაწეების მიმართ შეიძლება იყოს, რომელთა მოღვაწეობა ეპოქალურად მნიშვნელოვან პოზიტივებზე არის აგებული. ადამიანებს, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწლი აქვთ ქვეყნის წინაშე. ამ საზომის მორგება პრეზიდენტ სააკაშვილზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხული და მკრეხელურიცაა. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს დღემდე ევროატლანტიკური ვექტორი გააჩნია, ეს სააკაშვილამდე ბევრად ადრე აირჩია ქვეყანამ და საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა ამისკენ, მათ შორის, თავისი ისტორიისა და უკანასკნელ წლებში არსებული ყველა პრეზიდენტის დროსაც, ზვიად გამსახურდიადან დაწყებული და ედუარდ შევარდნაძით გაგრძელებული. შესაბამისად, სიახლე არც ესაა სააკაშვილის მხრიდან.
რაც შეეხება იმას, თუ რა როლი შეასრულა ამ პროცესში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ამის საპასუხოდ შედეგებს უნდა მივმართოთ, რაც დღემდე მაინცდამაინც დასაკვეხნი არ აქვს. განცხადებებისა და უფრო მეტად კი რუსეთის მიმართ ნეგატიური განცხადებების იქით, შედეგზე ასახული ნაკლები მაჩვენებელია. საერთაშორისო მედიაში ჯერ კიდევ შემორჩენილი დაბალკვალიფიციური მესიჯები კი, ვფიქრობ, უკვე უინტერესოა თავისი შინაარსითაც და მოტივაციითაც. ამგვარი სტატიების მოტივაცია როგორც საქართველოს მოსახლეობისათვის გახდა გასაგები და ახსნადი, ასევე - საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. მე დიდი ხანია ვაკეთებ განცხადებებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ძალისხმევები ბოლო თვეებში კიდევ უფრო მკვეთრად გასცდა ქვეყნის პრეზიდენტის სივრცეს და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს უფრო დაემსგავსა, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც ამგვარი „მედიაგამოხმაურებები“ და აქა-იქ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი გამოხატულებებია.
„იცვლება თუ არა პოლიტიკის ღერძი საქართველოსა და სომხეთში?!“ - ასეთი შეკითხვა ჩნდება უცხოურ მედიაში და საქართველო-რუსეთთან დაახლოების საილუსტრაციოდ სოჭის ოლიმპიადის მხარდაჭერა, სოხუმის რკინიგზის გახსნა, ჟენევაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა დასახელდა.
- საინტერესოა ამის შესახებ რას ფიქრობენ კონფლიქტოლოგები?! - მე, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვის სპეციალისტი, ჩვენი ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ცხადია, სრულიად მივესალმებოდი საზოგადოებრივი რეინტეგრირების შესაძლებლობებს. სხვათა შორის, თავის დროზე პრეზიდენტმა საკმაოდ სწორი ორიენტირი აიღო, როდესაც სახელმწიფო მინისტრის პოსტი შემოიღო რეინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, სამწუხაროდ, მოცემული მინისტრი მხოლოდ გულის მოსაოხებელ გაცხადებებში გამოიხატა და არა რეალურ ქმედებებში. ცხადია, საინტერესოა ნებისმიერი ისეთი ძალისხმევა, რაც კონფლიქტური რეგიონების რეინტეგრირების პროცესს შეუწყობს ხელს და არა - დაშორებას. ეკონომიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ფაქტორებს აქ არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე გარე პოლიტიკის ფაქტორს. მიმდინარე ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო ცდილობს გამოხატოს ძალისხმევა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესების ფაქტორი კონსტრუქციულად უფრო გამოიხატოს, ვიდრე დესტრუქციულად, რაც დღემდე იყო წარმოდგენილი. ამ ეტაპზე საქართველომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ რუსეთმა თავის მხრიდან საქართველოს რეგიონების აღიარების საკითხი ისევ გახსნას და გადახედვას დაუქვემდებაროს, რომლის უფრო მეტი წინწაწევა იქნებოდა ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსის მოხსნა, რისკენაც მიმდინარე ქმედებებებია მიმართული საქართველოს მხრიდან.
ქვეყნების მხრიდან პოლიტიკის ღერძის ცვლა არ გულისხმობს ქვეყნის ორიენტირების ცვლას, პოლიტიკის ღერძის ცვლა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური კომუნიკაციების მართვაში შესატან ცვლილებას გულისხმობს და ეს აუცილებელიცაა.
უკვე გახმიანდა „ქართული ოცნების“ შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კოალიციის შესაძლო დაშლაზე საუბარი ნაადრევია. სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ რამდენიმე კანდიდატს წარადგენს. გადამწყვეტ სიტყვას, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი იტყვის, მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება სხვადასხვა კანდიდატურა „ქართული ოცნებისთვის“ და ვინ უნდა შეარჩიონ ამ კანდიდატურად, რათა სხვა პარტიების სავარაუდო კანდიდატურებისა და აწ უკვე ძალადაკარგული ნაციონალების საპირწონე იყოს?
- ზოგადი მიდგომით, საპრეზიდენტო კანდიდატად რამდენიმე ვარიანტის წარმოდგენა მეტ დახვეწილობას შემოიტანდა, როგორც პოლიტიკურ კომუნიკაციებში, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ კომუნიკაციებშიც, თუმცა, ამის შესაძლებლობა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, კონცეპტუალური საკითხი ე.წ. ოპოზიციის არსებობის საკითხია და, თუ ოპოზიციური სამოსელი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება, ბუნებრივია, არც ისე გონივრული იქნება, ერთი ოპოზიციური კანდიდატის შეპირისპირება მმართველი ძალების მიერ წარმოდგენილ რამდენიმე კანდიდატთან, საამისოდ, ან მმართველი ძალების წიაღში უნდა გამოჩნდეს ე.წ. ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურობას გამოხატავს, ან-და სინამდვილეში სახელისუფლებო ძალა იქნება (ე.წ. სატელიტი პარტია), ასე ვთქვათ, მისი განშტოება სხვა საიმიჯო საზომით. ასეთი ვარიაცია ოპოზიციურ კანდიდატებს შორის შეიტანს კონკურენციას.
შესაძლოა განვიხილოთ სხვა ვარიანტიც. აქ უკვე საქმეა „ნაციონალური მოძრაობის“ სარეიტინგო მაჩვენებელთან. თუ კი ამ დროისთვის სრულად მოხდა მათი პოლიტიკური ლიკვიდირება, მაშინ შესაძლებელია მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან წარმოდგენილი რამდენიმე კანდიდატის გამოყვანაც და შესაბამისი შედეგების მიღებაც.
პრეზიდენტის გადადგომის მოსურნეებსა და პრეზიდენტის მომხრეებს შორის პეტიციების შეგროვება მიმდინარეობს. როგორ გესახებათ გამოსავალი იმ რთული სიტუაციიდან, როდესაც მოსახლეობა აცხადებს, რომ, თუ მიტაცებული და გახანგრძლივებული თანამდებობიდან პრეზიდენტი არ გადადგება, მის სასახლეს პიკეტირებას მოუწყობენ.
- არ შეიძლება, მივესალმოთ დესტრუქციის არცერთ გამოვლინებას, პირადად ჩემთვის ეს მიდგომის დონეზეც კი სრულიად მიუღებელია. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვა არჩევანი არ რჩება. ისიც შესანიშნია, რომ დღესდღეობით ნებისმიერი აჟიოტაჟი საზოგადოებისათვის უფრო წამგებიანი სტრატეგიაა, ვიდრე პოლიტიკური ძალებისათვის. როგორც წესი, მსგავს „ხმაურში“ შესაძლებელია ისარგებლოს ამა თუ იმ ძალამ, საზოგადოება კი ხშირ შემთხვევაში წაგებული რჩება. იგივე შეიძლება ითქვას იმ პროცესების შეფასებაზეც, რაც მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში, მე არ მიმაჩნია ჯანსაღ მოვლენად აჯანყებებითა და დესტრუქციის იძულების წესით შედეგების მიღწევა. მსგავსი პროცესი თვითმმართველობის არჩევითობას ეწინააღმდეგება და მოსახლეობა თავის უნებურად აჩვენებს, რომ ადგილობრივი არჩევნებისათვის არც მზადაა და არც ეფექტურია მათთვის მინიჭებული ეს უფლება-ჩართულობა. მოსახლეობის პოზიციის განხორციელებისათვის საჭიროა მოძიებულ იქნება უფრო სხვა და ეფექტური მეთოდები. რაც შეეხება პრეზიდენტთან დაკავშირებულ ხელმოწერებს, ეს ორივე მხრიდან საკმაოდ პრიმიტიული პროცესია. ოქტომბრის არჩევნებმა ისედაც აჩვენა, თუ „რამდენი“ მხარდამჭერი ან მოწინააღმდეგე ჰყავს პრეზიდენტს ჩვენს ქვეყანაში და უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული ხელმოწერების შეგროვების ფაქტი სამარცხვინოდ მეჩვენება ორივე მხრიდან. კიდევ უფრო უარესი უპასუხისმგებლობა იქნება პრეზიდენტის სასახლის პიკეტირება, რასაც მხოლოდ მეტი აგრესია მოჰყვება პრეზიდენტის მხრიდანაც და პროცესები, რომლებიც აქამდე ასე თუ ისე ღირსეულად მოვიდა, გადაიყვანს ბევრად უფრო მძიმე ვითარებაში. ყველაზე უარეს შემთხვევაში, მსგავს დესტრუქციას მხოლოდ მაშინ შეიძლება მიმართოს ხალხმა, როდესაც ამის კონკრეტული დამატებითი მიზეზები მიეცემა, თავშეკავებულ მოქმედებებს ქვეყანაში ბევრად უფრო დადებითი შედეგები აქვს, ვიდრე უპასუხისმგებლო და იმპულსურ ქმედებებს.
პოლიტიკური ექსპერტები პროკურატურას ურჩვენ, ერთმანეთსგან გამიჯნოს პოლიტიკური დანაშაული და სხვისი საკუთრების ხელყოფა და, თუ პირველ შემთხვევაში, დამნაშვეს შეიძლება ეპატიოს, მეორე შემთხვევაში, ანუ სხვისი კერძო საკუთრების ხელყოფის დროს პატიება არ შეიძლება და დასავლეთი სრულიად გაიზიარებს ამ ყაჩაღთა დაკავების აუცილებლობას.
- საბედნიეროდ, ეს ე.წ. „შერჩევითი სამართალი“ და „პოლიტიკური დაპატიმრებები“ უკვე წარსულის ფრაზებია და არაერთი ადამიანი, როგორც საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ, დარწმუნდა ამ ტერმინების ხელოვნურობასა და უშინაარსობაში. ცხადია, არ მაქვს ვარაუდი, რომ ყველაფერი უნაკლოდ მიმდინარეობს, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დასავლეთი თავის დროზევე ამ საკითხს სრულიად ზედაპირულად მოეკიდა და, გარკვეულწილად, ადგილი ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცხოვრებაში ჩარევასაც. ამდენად, მთავარი წყარო ისევ რჩება მაქსიმალური ინფორმირება მიმდინარე პროცესებისა, რაც მეტად გასაგებს გახდის სახელმწიფოს ნებისმიერ ქმედებას, ხოლო ინფორმაციის მიმღებთ კი უფრო ინფორმირებულს და ადეკვატურს, იქნება ეს საქართველოს მოსახლეობა, საერთაშორისო მედია თუ ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოება.