საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალ მთავრობას იმაში ადანაშაულებს, რომ საქართველოს ათობით ათას მოქალაქეს სამუშაო დააკაგვინა. ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ჟურნალისტებს განუცხადა და მათ სასტუმროს მაკეტი წარუდგინა, რომელიც თბილისის ცენტრში უნდა აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა შეჩერდა.
„ვიყავი არაბთა გაერთიანებულ საამიროში, საიდანაც გუშინ ჩამოვედი. იცით, რომ აქ რიყეზე და საერთოდ, თბილისში შენდება ძალიან ლამაზი შენობები, როცა ვუყურებ იმ ქვეყანას (არაბთა გაერთიანებული საემიროები) როგორ არის აშენებული, ყოველთვის მინდოდა, ისეთივე გრანდიოზული, ლამაზი, განვითარებული ყოფილიყო საქართველო და ჩვენ ვიყავით მისული იმ ზღვარს, რომლის იქეთ, ასეთი განვითარება იწყებოდა. ეს სასტუმრო 40-სართულიანი უნდა ყოფილიყო, უნდა აშენებულიყო თბილისის ცენტრში და დაასაქმებდა 20 000 ჩვენს მოქალაქეს. ეს იყო უცხოელი ინვესტორების გასაკეთებელი, თუმცა გუშინწინ საამიროებში მითხრეს, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ამ სასტუმროს პროექტი შეაჩერა. ე.ი. 20 000 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დატოვეს სრულიად აბსურდული გამოგონილი საბაბით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, 1 იანვარს ხობის წყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს პროექტიც შეჩერდა.
საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი (CCII) კი საქართველოს პრეზიდენტს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. ცენტრის დირექტორის გიორგი სეთურიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს შეჩერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„რამდენადაც „დაბი ჯგუფი“, როგორც ინვესტორი ქვეყანაში სწორედ ჩვენმა ცენტრმა შემოიყვანა და დიდი ხნის განმავლობაში მის საქმიანობასაც წარმართავდა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ინვესტორმა პროექტის განხორციელება შეაჩერა, ახალი მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიზეზით, სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტის დაფინანსება და განხორციელება 2010 წლის გაზაფხულზე „დაბი ჯგუფის“ ერთ-ერთი მენეჯერის, სამი ედვარდსის საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კორუფციული გარიგების მიზეზით შეწყდა. კერძოდ, აღნიშნული სახელისუფლებო კორუფციული ჯგუფი ინვესტორთა დეზინფორმირების გზით ცდილობდა და ცდილობს აღნიშნული პროექტის განხორციელებით სარგებელი მიიღოს და საქმიანობა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით წარმართოს. მათი ქმედებები მიმართულია უშუალოდ ინვესტორისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. განცხადება აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით უკვე შესულია მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება. გასული წლის 7 ოქტომბერს მერიის მიერ დამტკიცებული პროექტის თაობაზე, რომელიც ინვესტორის მიერ 5-ვარსკვალიავიანი სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს, კულტურის სამინისტრომ პროექტის მენეჯერებს მისცა რეკომენდაცია ქალაქის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და იერსახესთან პროექტის შესაბამისობაში მოყვანაზე“, - აცხადებს სეთურიძე.
მისი თქმით, „დაბი ჯგუფი“ წარმატებული და საქართველოს მიმართ ლოიალურად განწყობილი კომპანიაა. ამასთანავე, საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი ირწმუნება, აღნიშნული ჯგუფი საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს, ხოლო პრეზიდენტის მიერ ასეთი განცხადების მიზანი არის ახალი ხელისუფლების მიმართ პოტენციური ინვესტორების უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რითაც არა რომელიმე მხარე, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი ზარალდება.
პრეზიდენტის განცხადებას ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით ქართველი ხალხის მტერი გახდა და ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს უშლის. კალაძე აცხადებს, რომ ხობის წყალზე ჰესების მშენებლობა გეგმის მიხედვით ხორციელდება და სააკაშვილი იტყუება.
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ახალ მთავრობას სამშენებლო პროექტების შეჩერებაში ბრალი არ მიუძღვის და ამაში დამნაშავე მხოლოდ წინა ხელისუფლებაა, მიხეილ სააკაშვილი კი ტყუილებით ცდილობს ფონს გასვლას.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისგან უცხოელ ინვესტორებთან და ზოგადად სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის შელამაზებულად წარმოდგენა არახალია და არაერთხელ გავმხადვართ იმის მოწმე, რომ პრეზიდენტის მიერ დახატული ვითარება რეალობას არ შეესაბამება. რაც შეეხება ინვესტორების საკითხს, კალანდაძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა წინა ხელისუფლების მიერ მოზიდულ ინვესტიციებთან და ამისათვის გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით.
„სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია გარკვეულ კორუფციულ სქემებზე მიუთითებს, რაც ასეთი პროექტების არ განხორციელების ან შეჩერების საფუძველი არაერთხელ გამხდარა. არაერთი პროექტის ინიცირების მომსწრენი ვიყავით. მაგალითად, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმელის, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები უნდა აშენებულიყო. ასეთი საერთაშორისო პროექტები გაურკვეველ ვითარებაში შეწყდა და ის კითხვები, რაც ამ პროექტების შეწყვეტას ახლდა თან, დღესაც პასუხგაუცემელია“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, ამგვარი ფაქტები ძალიან ხშირი იყო და არც საზოგადოებას და არც სამართალდამცავ უწყებებს ასეთი ჩაშლილი პროექტების ბედი არ გაურკვევია. ლევან კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროექტების შეჩერების მიზეზების დადგენა ახლა მაინც მოხდება, რადგან საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეეძლო.
ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ამ სასტუმროების მშენებლობა უკვე რამდენიმე წელია შეჩერებულია. შესაბამისად, ახალ ხელისუფლებას ამაში ბრალი არ მიუძღვის, რადგან სულ ორი თვეა, რაც იგი ქვეყნის სათავეში მოვიდა. გიორხელიძეც ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იმელის შენობებზე საუბრობს, რომელთა ნაცვლად სასტუმროები უნდა აშენებულიყო. ასევე აცხადებს, რომ გაჩერებულია „ჰაიატის“ მშენებლობა და ალბათ, ის არც არასდროს აშენდება, რადგანაც არავის დაუდგენია, რამდენად სასარგებლო და საჭირო იყო თბილისში ამდენი სასტუმროს აშენება.
„რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა და დასადგენია, რადგან არანაირი ეკონომიკური პროგნოზი, ქვეყნის გონიერი განვითარება არ იძლევა იმის საჭიროებას, რომ ასეთი ელვისებური სისწრაფით ამდენი სასტუმრო აშენდეს. თბილისში საკმარისად არის პრესტიჟული სასტუმროებიც, საშუალო კლასის სასტუმროებიც და შეიძლება, რომ ერთი-ორი საშუალო კლასის სასტუმრო დაემატოს, დანარჩენი კი სამუშაო ადგილების შესაქმნელად არის საჭირო“, - აცხადებს გიორხელიძე.
მისი თქმით, სასტუმროების მშენებლობით შექმნილი სამუშაო ადგილები არასტაბილური, დროებითია. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკური აქტივობის და საშუალო ბიზნესის განვითარების შედეგად. აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუკი ვინმესთან აქვს სააკაშვილს საპრეტენზიო, ეს მხოლოდ თავად სააკაშვილია. ახალი ხელისუფლება კი მისმა არასწორმა პოლიტიკამ მოიყვანა ქვეყნის სათავეში, თორემ ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდს შეეძლო ქვეყანა აღმავლობის გზაზე დაეყენებინა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, საკუთარ თავში ჩაიკეტნენ და ავნეს როგორც ქვეყანას, ასევე საკუთარ თავსაც.