„ჟუჩოკების“ დამონტაჟების საქმით გამოძიება უკვე დაინტერესდა

„ჟუჩოკების“ დამონტაჟების საქმით გამოძიება უკვე დაინტერესდა

„ე.წ. „ჟუჩოკების“ დამონტაჟებასთან დაკავშირებით კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, - ამის შესახებ ყოფილი მანდატური თამაზ სარალიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, „ჟუჩოკების“ თემის შესახებ, რომელსაც სასამართლოს ხელმძღვანელობა ადვოკატებს, განსასჯელებსა და ნაფიც მსაჯულებს მაგიდის ქვეშ უმონტაჟებდა, ყოფილი მანდატურები პროკურატურაში დაკითხვაზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ გარდა, კიდევ დაკითხეს დანარჩენი მანდატურები და, ალბათ, საბოლოოდ დაიწყება ამ საქმის გამოძიება.

- ჩვენ შეხვედრა გვქონდა ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსთან და ის შეგვპირდა, რომ დიდი გულისყურით გამოიძიებენ ამ საქმეს. უშუალოდ საქმე აღძრულია კუდის თანამშრომლების წინააღმდეგ, მაგრამ ვინაიდან იქ იკვეთება სხვისი დანაშაულის ნიშნები, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარის, მენეჯერის, სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირების, გამომძიებელმა გვითხრა, რომ გამოძიება სხვა მიმართულებითაც წავა, ასე არ გაჩერდებაო. ანუ, სასამართლოს თავმჯდომარესა და მენეჯერზეც დაიწყება გამოძიება და დაკითხვები შეიძლება სასამართლოშიც ჩაატარონ, დაიბარონ უშუალოდ დამნაშავე პირები. კუბლაშვილიც უნდა დაიკითხოს, რადგან მისი ბრძანებით ხდებოდა ამ დავალების შესრულება. მის დაკითხვას ხელს არაფერი უშლის, არც პარლამენტის თანხმობა სჭირდება და არც არაფერი. ჩვენებები მივეცით და დავწერეთ მის შესახებ.

როგორც ვიცი, სასამართლოში სარჩელი გაქვთ შეტანილი. სასამართლო პროცესისგან რას ელით?

- მანდატურებს საჩივარი მართლაც გვაქვს შეტანილი. 13 დეკემბერს იყო საქმის განხილვა, პირველი სხდომა ჩატარდა და ეს მთავარი სხდომა მოსამართლის შეკითხვების ეტაპზე გადაიდო. 10 იანვარს სასამართლო სხდომა განახლდება. კობა გოცირიძე იყო მოსამართლე. ეს არის ის მოსამართლე, რომელმაც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ 80 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა. მაინცდამაინც ამ პიროვნებას დააწერეს ჩვენი საქმე და, ფაქტობრივად, ნათელი იყო, რას ემსახურებოდა კოტე კუბლაშვილის თათბირი და მისი სიტყვებიც ჩვენს შესახებ, ნახონ, რას მოიგებენო. კობა გოცირიძეს მანამდე რაც „გაუკეთებია“, მთელმა ხალხმა იცის. ცხადია, როცა ასეთ საქმეს ისევ მას დააწერ, ის ობიექტურად ვერ განიხილავს.

თქვენი კოლეგა მანდატურები ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ 1-ელ ოქტომბერს მათ არჩევნებზე წასვლას უკრძალავდნენ, რათა მათ ხმაქართული ოცნებისთვისარ მიეცათ. თქვენზე თუ გავრცელდა ასეთი შეზღუდვა?

- არჩევნების წინა დღეებში, სანამ თავისიანებად გვთვლიდნენ და, სანამ გაიგებდნენ ჩვენს პოლიტიკურ მრწამსს, მანამდე გვეუბნებოდნენ, დილით არჩევნებზე წადით, დასვენების დღეა და პრობლემა არ გექნებათო. თუმცა, როცა გაიგეს ჩემი პოლიტიკური სიმპათიების შესახებ, მენეჯერის დავალებით ღამის 12-ის ნახევარზე მირეკავს ერთ-ერთი ცვლის უფროსი და მეუბნება, დილის 7 საათზე უნდა გამოცხადდე სამსახურში, არ ვიცი, რა ხდებაო. ვინაიდან „ნაციონალური მოძრობის“ მიტინგზე არ ვიყავი, ამიტომ,  უკვე იფიქრეს, რომ მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი და არ უნდა წავსულიყავი არჩევნებზე. ასე რომ, დაგვიბარეს სამსახურში ზუსტად ისინი, რომლებიც არ წავედით ნაცმოძრაობის მიტინგზე. ამის გამო გამიჩნდა შეკითხვა და გადავამოწმე ეს ფაქტი, გადავრეკე დანარჩენ თანამშრომლებთან, რომლებიც ნამყოფნი იყვნენ ნაცმოძრაობის მიტინგზე. ყველა მათგანი მეუბნებოდა, არავის დაურეკავს, ხვალ დასვენების დღეა და ვისვენებ, სახლში ვარო. ასე რამდენიმე მანდატურთან ჩამოვრეკე და ჩემთვის უკვე ნათელი გახდა, რომ გვირეკავდნენ მხოლოდ მათ, ვინც ნაცების მიტინგზე არ წავედით. ორი მანდატური ოფიციალურად თავისუფალი იყო და დილის ცხრა საათზე უნდა გაეშვათ სამსახურიდან, მაგრამ ისინი მაინც დატოვეს. ჩხუბი რომ ავტეხეთ, უცებ მენეჯერი მოვიდა თავის შვილთან ერთად და გვითხრა, სასამართლო არაფერში არ გასვაროთ, თორემ ჩემს შვილს გეფიცებით, არავის გაპატიებთო. ანუ, იქვე დაგვემუქრა. ჩვენს მანდატურთან საუბარში პირდაპირ წამოსცდა, ხომ არ გგონიათ, გივი მერაბიშვილის გაშვება შეგრჩებათ, ერთი ამბავი რომ ატეხეთო. ჯერ შენთვის არ სცალიათ, არჩევნები გადაივლის და მოგხედავენო.

ეს ის გივი მერაბიშვილია, რომელიც ჰიპნოზურ სეანსებს გიტარებდათ?

- დიახ, სწორედ ამ გივი მერაბიშვილის გამო ერთი ამბავი რომ ავტეხეთ, მერე გაუშვეს ეს კაცი. არ ვიცი, ვინ იყო ეს მერაბიშვილი, იყო თუ არა ვანო მერაბიშვილის ნათესავი, მაგრამ სულ ოთხჯერ მოვიდა ჩვენთან. მეოთხე ტრენინგზე ერთი ამბავი ავტეხეთ, ისიც გაიპარა და მას მერე აღარ მოსულა საერთოდ. ჰიპნოზირებას ახედენდა და ადამიანს აზომბირებდა და მისი ტრენინგების გავლის შემდეგ მას ემორჩილებოდნენ და მის  წინააღმდეგ ვეღარ მიდიოდნენ. სხვათა შორის, ჩემი თანამშრომელი ვლადიმერ ბიბილური, რომელიც თავის დროზე ძალიან ეკლესიური იყო, მანამდე ერთი თვის განმავლობაში დადიოდა ამ კაცთან და ეს ადამიანი ახლა ეკლესიისკენ საერთოდ აღარ იხედება. თავისი მამაო ჰყავდა, შავნაბადაზე მოღვაწე მამა დავითი. როცა მამაომ გაიგო, რომ ეს კაცი გივი მერაბიშვილთან დადიოდა, მან იცოდა, ვინც იყო გივი მერაბიშვილი და ამ საკითხთან დაკავშირებით დაურეკა ჩემს თანამშრომელს, უთხრა, ცუდი ძალის მქონე ადამიანია და ერიდეო, ამან კი საუბრისას საკუთარ მამაოს ტელეფონი გაუთიშა. ახლა ეკლესიას აღარ ეკარება.

გივი მერაბიშვილის გარდა ჩვენთან კიდევ მოდიოდა მარიამ ჩიკვილაძე, რომელიც ჰიპნოზირებას არ ატარებდა, მაგრამ საოცრება ის იყო, რომ სამ-ოთხ ადამიანს შუა ლექციაზე ერთდროულად დაგვემართა ხუთვები, ვეღარ ვსუნთქავდით, გაწითლებულები ვიყავით, ამიტომ ერთდროულად გამოვედით ლექციიდან და მას მერე აღარ დავსწრებივართ. რაც შეეხება გივი მერაბიშვილს, თუ მას მოუსმენდით, ეს უარყოფოთი ენერგია ნამდვილად გადმოდიოდა. ერთ ჩემს თანამშრომელს პირდაპირ უთხრა, ახლა ხელი დაგიმძიმდა და აბა, ასწიე, ხელს ვეღარ ასწევო. მართლაც, ამ ადამიანმა ვეღარ ასწია ხელი. როგორც ვიცი, ახლა ეს კაცი სასამართლო უწყებასთან აღარ თანამშრომლობს.