მმართველმა გუნდმა პარტიული სიის ნაწილი გაასაჯაროვა. „ქართული ოცნების“ ოცკაციანი სია უკვე ცნობილია. ძველი სახეების გარდა სიაში ახალი და უცნობი გვარებიცაა, რომელთა ნაწილი სპორტული ცხოვრებიდან დიდ პოლიტიკაში ცდის ბედს. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ წარდგენილი სია ბევრს ვერაფერს ამბობს, ამ მოცემულობით ძნელია პარტიის სამომავლო პერსპექტივები განსაზღვრო, ვინაიდან მათი უმრავლესობა საზოგადოებისთვის უცნობია.
დემურ გიორხელიძე: მათი უმრავლესობა ჩემთვის უცნობი ადამიანები არიან. შეიძლება ძალიან კარგი პიროვნებები არიან, მაგრამ როგორც პოლიტიკური მოღვაწეები ან აქტორები, ასეთი არავინ არის, გარდა რამდენიმე ნაცნობი სახისა. თქმა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც მომავალში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლია, ამ ეტაპზე ამას ვერ ვიტყვით. გავიმეორებ, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ რას გააკეთებენ, ეს გამოჩნდება სამომავლოდ საქმეში.
ამ ადამიანებზეა დამოკიდებული დიდწილად არჩევნებში მმართველი პარტიის წარმატება, რამდენად გაუწევენ ისინი კონკურენციას ოპოზიციას?
- სიაზე შედეგი არასდროს არ არის დამოკიდებული, იმიტომაც ვერ მივიწევთ წინ. კარგი შედეგი არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუვიდა იმიტომ, რომ პოლიტიკა ეს არის ბინძური თამაში და უგუნდო ლიდერები ყოველთვის არაეფექტურები არიან.
უგუნდო ლიდერებში გიორგი გახარია მოიაზრეთ?
- გახარია არის ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ ის, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ჩამოყალიბებული ჯერ არ არის, იმიტომ, რომ მან ქვეყნის უმაღლეს პოსტს მხოლოდ იმის გამო მიაღწია, რომ სხვა პოლიტიკურმა ლიდერმა მოისურვა ასე. ეს არ არის პოლიტიკური საქმიანობით მიღწეული შედეგი, ამიტომ ბატონი გახარია, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, უნდა ჩამოყალიბდეს ამ პერიოდებში, სანამ ის იქნება პოლიტიკის ავან-სცენაზე. მე არ ვიცი რა გამოუვა, მაგრამ ეს მომავალი პოლიტიკის საქმეა.
გახარიას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებაზე ცოტა არარეალური ხომ არ არის მსჯელობა, ვინაიდან აქ არის ივანიშვილის ფაქტორი, დასავლეთის ფაქტორი, პოლიტიკური წრის ფაქტორი და ყველა ერთად, არ აძლევს საშუალებას, (მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეს, გახარია თუ სხვა ვინმე) დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშებისთვის..
- პოლიტიკოსს აქვს თუ არა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის საშუალება და უნარი, ეს მთლიანად მის პოლიტიკურ ხედვებზეა დამოკიდებული. გარე ფაქტორები, რომ საქართველოს საშინელი დასავლეთი, საშინელი რუსეთი, თურქეთი არ აძლევს დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას, ეს არის ილუზია, მითი, თავშესაფარი უსუსტესი ადამიანებისა, ვინც პოლიტიკაში შემთხვევით აღმოჩნდნენ. ამიტომ, პოლიტიკოსს ყოველთვის აქვს დამოუკიდებელი, სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების ფარგლებში მოქმედების საშუალება. როგორ გააკეთებს ამას, ეს არის უმაღლესი პილოტაჟი. ეს არის ადამიანისთვის მოღვაწეობის ყველაზე რთული სფერო და საუბედუროდ, ოცდაათი წელია, ქართულ პოლიტიკაში უამრავი შემთხვევითი ადამიანია. როდესაც შენ, გეოპოლიტიკა კარგად გესმის, როცა მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების კარგად გესმის, როცა შეგიძლია ზუსტად გააკეთო შენი სახელმწიფოს ინტერესების დონეზე, რა არის აუცილებელი და გამოხვიდე მხოლოდ ამ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, რომელიც თავისთავად მოითხოვს თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას, რაღაცის დათმობებს, რადგანაც ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნები, ეს ყველაფერი არის პოლიტიკოსის გასაკეთებელი. ამიტომ, შევნიღბოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების 30-წლიანი უსუსურობა იმის გამო, რომ ვიღაც აიძულებს თავის ჭკუაზე ატარონ და სწორი მოქმედების საშუალებას არ აძლევენ, ეს არის სუსტი ადამიანების თავშესაფარი და ეს არის საზოგადოების მოტყუება, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან კარგად იტყუებს თავს.
ჩვენ ვხედავთ ძალიან ჭრელ არჩევნებს და ყველაზე თვალშისაცემია გააქტიურებული ბიზნესმენთა წრე, რომლებიც უკვე ცდილობენ პარლამენტში მოხვედრას და თუ კარგად დავუკვირდებით, ისინი თავიანთ ცალკეულ გამოსვლებში თუ ინტერვიუებში არც ფარავენ საკუთარ ზრახვებს და მთავარ მოტივს, რაც სადეპუტატო მანდატმა უნდა მოუტანოს, ეს არის საკუთარი ბიზნეს-ინტერესების გამყარება და ლობირება, ასეთი წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა, ფაქტია ისიც, რომ ჩვენ ამ ადამიანებს აუცილებლად ვიხილავთ პარლამენტში...
- მოდით, ასე ვთქვათ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმახინჯე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა დაუშვეს ის, რომ ბიზნესი რაღაც ფორმით მოსულიყო პოლიტიკაში. ფაქტობრივად ხდება ხელისუფლებისა და ბიზნესის შერწყმა, რაც კატასტროფაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ბიზნესმენის მენტალიტეტი და პოლიტიკოსის მენტალიტეტი ეს არის ცა და დედამიწა. ბიზნესმენი, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, ვერასდროს იქნება კარგი პოლიტიკოსი, თუ შემთხვევით კონტრ-მაგალითს არ მოვიყვანთ. საქმე ისაა, რომ ამოცანები, რომელსაც ბიზნესმენი წყვეტს, ძალიან ვიწროა, მცირეა იმ ამოცანებთან შედარებით, რომელსაც სახელმწიფოში პოლიტიკური ლიდერები უნდა წყვეტდნენ. ამიტომ, ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ბიზნესმენების პლაკატებიც კი. მე მგონი კარგი კონსულტანტებიც არ ჰყავთ, რომ ასეთი პლაკატები არ გამოფინონ, აქედან ჩანს მათი სახე. ეს არის პოლიტიკური სპექტრის დაბინძურება, ეს არის ფაქტობრივად, ახალგაზრდებისთვის, ვისაც პოლიტიკური აქტიურობა სურს, გადაკეტვა ყველანაირი გზისა. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იყვეს მომავალზე გათვლილი, რომ ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მიეცეს. ყველა ქართული პარტია მახინჯია, იმიტომ, რომ არანაირი ლიდერის მონაცვლეობა, არანაირი შიდა პარტიული დემოკრატიული პროცესი არ არსებობს. ყველაფერი აგებულია ბელადზე და ახალგაზრდებისთვის პარტიული აქტიურობის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიახლოვე გააჩნიათ მათ ამ პოლიტიკურ ბელადებთან. სხვა მხრივ, მათი პერსპექტივა ნულოვანია.
როდესაც პოლიტიკაში ბიზნესმენთა ნაკადი შემოდის, იმ პოლიტიკას პერსპექტივა საერთოდ არ აქვს. ვერანაირ რეფორმებს ისინი ვერ გაატარებენ, იმიტომ, რომ მათი ხედვები ჯერ არავის არ უნახავს. ისინი საუბრობენ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ სახელმწიფო მოწყობის შეხედულება იმისა, თუ როგორ უნდა იყოს აწყობილი მექანიზმი, რომელიც ეკონომიკას შიდა ცხოვრებას არეგულირებს, ამაზე ვერავინ ვერ საუბრობს და ვერც ისაუბრებენ. ამიტომ, ის პრიმიტიული დაპირებები, რომელიც, რა თქმა უნდა, გათვლილია ადამიანების მოტყუებაზე და ქართველი ხალხი კი ისეთია, რომ ოღონდ თვითონ ისიამოვნონ და მოიტყუებს თავს, საუბედუროდ, ქართველი ხალხი, პოლიტიკურ ლიდერს არ აფასებს თავისი შედეგებით, არამედ აფასებს, უყვარს ეს პიროვნება მას თუ არ უყვარს, ეს კი პოლიტიკაში ძალიან ცუდი რამ არის.
დღეს უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საპარლამენტო მანდატს, ციფრებში გამოხატული თავისი რეალური ფასი აქვს. გაქვს ფინანსური შესაძლებლობა და შესაბამისი კავშირები? პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული გაქვს და როგორც უკვე ვთქვით, ამ არჩევნებზე ბიზნესმენთა უპრეცენდენტო რბოლაა გამოცხადებული, როგორი იქნება ქვეყნისთვის მომავალი ოთხი წელი?
- მოდით, ამ საკითხს ცოტა სხვანაირად შევხედოთ. პარლამენტი, ქვეყნის ცხოვრებაში არანაირ მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. ის არის ჩვეულებრივი ნოტარიუსი, რომელიც ლიდერის გადაწყვეტილებებს რეგისტრაციას უკეთებს, რადგან არანაირი რეალური პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში არ მიდის. 2001-2003 წლებში პარლამენტში ძალიან რთული პროცესები მიდიოდა, პარლამენტზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული, იმიტომ, რომ თვითონ კონსტიტუცია ისე იყო აგებული, რომ პრეზიდენტის და საპარლამენტო ხელისუფლება ფაქტიურად ერთმანეთს ბლოკავდნენ, სულ დაპირისპირება იყო, დღეს ასეთი რამ უკვე აღარ არის. პარლამენტი არის ნომინალური ორგანო, სადაც არაფერი არ ხდება, არ არის პოლიტიკური დებატები, არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგანაც საკითხი უკვე გადაწყვეტილია და უკვე გატარება ხდება. ამიტომ, გასაგებია, როცა ფუნქცია დაკარგულ ორგანოში მიდიან ბიზნესმენები, მათ პოლიტიკური ცხოვრების მხარე არ აინტერესებთ, მათ კარგად იციან, რომ სასაცილოები აღმოჩნდებიან პოლიტიკური ფიგურის როლში, რომ ისინი სახელმწიფოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ პრობლემებზე ვერ ისაუბრებენ, იგივე საკადრო პოლიტიკაზე, იგივე გენდერულ პრობლემებზე, საშინაო პრობლემებზე, იმიტომ, რომ სხვა მენტალიტეტი აქვთ. შეიძლება თავის საქმეში ძალიან წარმატებულები არიან, მაგრამ ეს სულ სხვა სფეროა. ისინი მიდიან პოლიტიკაში იმიტომ, რომ პარლამენტი არის ძალიან კარგი „კრიშა“, საიდანაც შეგიძლია შენი ბიზნესი კარგად აკეთო. როდესაც პარლამენტი ხდება საკუთარი ინტერესების გატარების საუკეთესო საშუალება, იქ პარლამენტი უკვე გასაგებია, რომ თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ნომინალური ორგანო, რომელსაც დატვირთვა პრაქტიკულად არ აქვთ იმიტომ, რომ სხვაგან იხილება გადამწყვეტი თემები, არადა საპარლამენტო რესპუბლიკაში, ყველაფერი პარლამენტში უნდა ხდებოდეს. პოლიტიკური ლიდერები უნდა იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ასეა საპარლამენტო რესპუბლიკაში და ჩვენ ესეც არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს სიმბიოზი, ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტებისა, რომელსაც კარგი პერსპექტივა არასდროს არ აქვს. მთავარია, პოლიტიკური ლიდერები, ვინც კი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, იყვნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აიღონ პასუხისმგებლობა და ეს საშინელი ფორმა არაფორმალური მმართველობისა იქნეს დასრულებული.
იმიტომაც ურტყამენ "ალიანსს" ორივე მხრიდან - "ოცნებიდანაც" და ნაც-კლატერიდანაც.
ზუსტად ასე უქნეს თავის დროზე ნინო ბურჯანაძეს და ისე გაამარგინალეს, აიძულეს ნათელაშვილის ფანჩატურში, ბოკერიას გვერდით დამჯდარიყო ბოლოს!.. არადა, როცა ივანიშვილმა დააანონსა პოლიტიკაში მოსვლა, სწორედ ბურჯანაძე იყო ის პოლიტიკოსი, მილიარდერის ამ ნაბიჯს რომ მიესალმა და, მეტიც, გვერდზე გადგა, რომ ხელი არ შეშლოდა "ოცნების" გამარჯვებას!... ივანიშვილმა კი ცოცხალი თავით არ მიიკარა და , სამაგიეროდ, რესპები ჩაიხუტა, (მასხრად რომ აიგდეს მისი გამოჩენა პლიტიკაში!)... ისინი დასვა "სუფრის თავში" და მათ ჩამოურიგა ყველაზე მნიშვნელოვანი პორტფელები...
ახლა ინაშვილს ასხამს ლაფს მთელი მასმედია!.. ცდილობენ, ისე წარმოადგინონ საქმე, თითქოს ბურჯანაძეც და იანაშვილიც იმითი არიან დაკავებული, ახალი "გეორგიევსკის ტრაქტატი" გააფორმონ პუტინთან და სრულ იურისდიქციაში თუ არა, მოკავშირე რესპუბლიკის სახით მაინც შეიყვანონ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში! (ირაკლი იმნაიშვილი, ბურჯანაძესთან ინტერვიუში, ნახევარი საათი ვერ გასცდა იდიოტურ კითხვებს - "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?" და "უნდა გაასამართლონ თუ არა პუტინი ჰააგის სასამართლოზე?"... - თითქოს ნინოს ნებართვასღა ელდება ჰააგა!..
იგივე "ნაბიბისარი" ჟურნალსტი მთელი გადაცემის განმავლობაში ეკინკლავებოდა ირმა ინაშვილს და ბეწვს ეძებდა მის თვალში, როცა გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეს უდიდესი გადაცდომები შეკითხვის გარეშე გაუტარა და თავის მართლების საშუალება მისცა!
არც ნაცებს და არც ქოცებს არ აწყობთ საქართველოში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთის იგნორირებით, მის წინააღმდეგ სრულიად უაზრო სანქცებთან მიერთებით და "ნატო-ნატოს" ძახილით, ჩვენი ტერიტორიული პრობლემები კი არ გვარდება, უფრო და უფრო მწვავდება!
რომ დაელაპარაკო, რა, დაგიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოსო?!
არ დაგიბრუნებს!.. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იმას მაინც მიაღწევ, რომ ეს "მცოცავი ოკუპაცია" შეაჩერო და ჩვენი მოქალაქეების გატაცებები აღკვეთო!.. მერე და მერე, იმისი შანსიც გაჩნდება, ალბათ, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებასთანაც ვიპოვოთ რაღაც შეხების წერტილები...
(უკაცრავად და, "ნატო-ნატოს" ძახილით მოგვარდა რამე ამ 27 წლის განმავლობაში?!
წავიწიეთ წინ, თუნდაც ნახევარი ნაბიჯით?!).