საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ და საკუთარი თავის მიმართ რეგულაციები გავამკაცროთ.
მისი თქმით, რაც მეტი გამოვლენილი და დადასტურებული კონტაქტი იქნება, კორონავირუსის გავრცელების ნაკლები საშიშროება გვემუქრება. აქტიურად ხდება კონტაქტების გამოვლენა და ეს იმის საფუძველია, რომ ჩვენ დაავადების ლოკალიზაციისა და შესუსტებისკენ მივდივართ.
რამდენად სახიფათოა კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, ამის შესახებ for.ge-ს ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელი ოთარ ჩოკოშვილი ესაუბრა.
კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი ხომ არ ნიშნავს, რომ სულ მალე სიტუაცია შეიძლება არამართვადი და არაკონტროლირებადი გახდეს?
- ჯერჯერობით სიტუაცია მართვადი და კონტროლირებადია, რადგან საუბარია კონკრეტულ კერებში ინფექციის გავრცელებაზე, ჯერ კიდევ იმ სტადიაზე ვართ, როცა მაღალი გავრცელება არ არის ქვეყანაში, ამ კერებს, ანუ გეოგრაფიულ ლოკაციას, კლასტერს ვიკვლევთ და ცალკეულ არეებში დაფიქსირებული შემთხვევების მოძიება და გამოვლენა მიმდინარეობს. ამიტომ სიტუაცია ჯერჯერობით მართვადია. მართვადი როცა აღარ იქნება, ეს იქნება სიტუაცია, როდესაც ფართო მასობრივ გავრცელებას მიიღებს დაავადება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და მოიმატებს.
საქართველოს მაგალითზე რამდენით შეიძლება მოიმატოს შემთხვევების რაოდენობამ? ტენდენცია როგორი ჩანს?
- ცოტა რთულია ზუსტად იმის თქმა, ჯამურად რამდენი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ, როცა გარკვეული რაოდენობის ინფექცია გავრცელებულია ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ გამოუვლენელი შემთხვევებიც არსებობს. სპეციალისტებს შორის არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ აქამდე გამოვლენილი 5, 10, 50 თუ 100 შემთხვევა სრულად ასახავდა ვირუსის რაოდენობას და სრულად შეგვეძლო დიაგნოსტიკა. ეს შეუძლებელია, ყველა შემთხვევას ვერ ვიპოვით. არსებული შემთხვევების უკან საშუალოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამჯერ უფრო მეტი ინფიცირებულია და ჩვენ ვავლენთ მხოლოდ რაღაც ნაწილს. ასე რომ, გარკვეული ნაწილი უსიმპტომოდ გადაიტანს ამ ვირუსს, თვითონ განიკურნება, ვიღაცას სიცხე შეიძლება ჰქონდეს, საერთოდ არ მიმართოს ექიმს, მაგრამ მთავარია, რაც შეიძლება ბევრი ინფიცირებული გამოვავლინოთ და გამოვიკვლიოთ, რათა არ დაიწყოს ამ შტამის, ამ ვირუსის ცირკულაცია მოსახლეობაში, არ დარჩეს სხვადასხვა ფენაში და მუდმივი გადაცემა არ დაიწყოს. თუკი დაიწყო შიდა გადაცემა და მუდმივი გავრცელება, მერე უკვე ჩვენ მხოლოდ იმას შევძლებთ, რომ შემთხვევების დიაგნოსტიკა მოვახდინოთ და გამოვლენილ პაციენტებს ვუმკურნალოთ. ეპიდემიის მართვაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტი იქნება. მძიმე შემთხვევები მოსალოდნელია ნოემბერ-დეკემბერსა და იანვარ-თებერვალში, როცა გრიპის ეპიდემიის გავრცელება მოხდება, ანუ გრიპით და კორონით ერთად დაავადდება ადამიანი. თუ დაავადება ისე გავრცელდა, რომ უკვე ვეღარ ვადგენთ, კორონაა, თუ გრიპია და ამის დიაგნოსტიკა გართულდება, მაშინ შეიძლება უფრო მეტი რესურსი დაგვჭირდეს.
მით უმეტეს, არავინ იცის, გრიპი და კორონა, ეს ორი ვირუსი, ერთმანეთს გააძლიერებენ თუ არა.
- სამწუხაროდ, ეს არავინ იცის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ, რადგან ორივე ფილტვების ანთებით მიმდინარეობს, ერთად თუ დააავადებენ ადამიანს, საკმაოდ რთულად წავა პროცესი. მით უმეტეს, თუ სუსტი იმუნური სისტემა აქვს ადამიანს და ასაკოვანია, საჭირო გახდება, მივუერთოთ აპარატს და დავიწყოთ მკურნალობა. დღესდღეობით არსებული დაავადებულები არ არიან მძიმე ფორმით არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც გადაინაცვლა დაავადებამ შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. ალბათ, ამიტომაც აქვს ამ ვირუსს მსუბუქი მიმდინარეობა. ასაკოვანი ადამიანები უფრო მეტად ფრთხილობენ, ახდენენ პრევენციას. ახლა მსუბუქი ფორმები წამოვიდა, რადგან ძლიერი ორგანიზმების გავლისას ამ ვირუსმა შეიცვალა თვისება და უფრო დასუსტდა. ძლიერმა და ჯანმრთელმა ორგანიზმებმა ვირუსი დაასუსტეს. ეს ვირუსი აგრესიული აღარ არის, ასაკოვან ადამიანებშიც დღევანდელი დაავადება ისე აგრესიულად აღარ მიმდინარეობს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი და ჯანმრთელია, მით უფრო ადვილად გადააქვს ეს ვირუსი.
იმის გამო, რომ კორონავირუსმა მისთვის დამახასიათებელი აგრესიული თვისებები დაკარგა, შეიძლება ითქვას, რომ მისი ვირულენტურობა გადამტყდარია?
- ზოგადი მონაცემების მიხედვით, ვირუსი შედარებით მსუბუქი გახდა. მისი ვირულენტურობა, გამოიწვიოს მძიმე დაავადება, შესუსტდა. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც ისე მაღალია. რაც შეეხება ნებისმიერ ვირუსს, ამ ვირუსსაც და გრიპის ვირუსსაც, ისინი ისეთი სახის ვირუსებია, დღეს თუ დასუსტდნენ და მსუბუქი გახდნენ, ხვალ შეიძლება ისევ სხვა შტამი წამოვიდეს და ვირულენტური გახდეს. ამ ვირუსის სხვადასხვა ფორმა არსებობს, როგორც ადამიანები ვართ სხვადასხვა მახასიათებლებით, ზოგი აგრესიულია და ზოგი კეთილია, ასეა ვირუსიც.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამ ტიპის ვირუსები თავიდან აგრესიულობით იწყებენ და შემდეგ კარგავენ აგრესიას. ამის მიუხედავად, მწვანე ზონის სტატუსი უკვე დავკარგეთ და ნარინჯისფერ ზონაში გადავინაცვლეთ?
- ამ ეტაპზე ვირუსი შედარებით მეგობრული და ნაკლებად აგრესიული გახდა. მე მგონი, დავკარგეთ მწვანე ზონის სტატუსი, აქ ჯამური მაჩვენებელია მნიშვნელოვანი, ასი ათას მოსახლეზე რომ დავიანგარიშოთ, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ვაქცინის შესახებ რას გვეტყვით?
- რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინები ძალიან ბევრია, საკმაო რაოდენობით მუშავდება, თუმცა რთული ის არის, როგორც აღმოჩნდა, ამ ვირუსს არც ისე მყარი იმუნიტეტი აქვს, ანუ კვლავ დაინფიცირდნენ ადამიანები, რომელთაც უკვე გადატანილი ჰქონდათ ეს დაავადება, ანუ რეინფექცია მოხდა. ასე რომ, ვირუსი გადავიტანე და იმუნიტეტი მაქვს, 100%-ით არ მუშაობს. სწორედ ეს გაართულებს ხარისხიანი ვაქცინის დროულ შემუშავებას. არსებული ვაქცინებიდან ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ვაქცინას, სამწუხაროდ, საკმაოდ რთული გვერდითი ეფექტები დაუფიქსირდა და შეიძლება მოიხსნას. ამ დაავადების პრევენციის ერთადერთი საშუალებაა, მოსახლეობის 90%-მა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია და ხელების ჰიგიენა. ასეთ შემთხვევაში, ეპიდემია შეწყდება 2 კვირაში. როგორც კი ინკუბაციური პერიოდი გავა, იმ წუთში შეწყდება ვირუსის გავრცელება.