„რატომ სჭირდებოდა ხელისუფლებას ამერიკული ვიზირება, აქამდე არ შეიძლებოდა დაზარალებულებისთვის ქონების დაბრუნება?“

„რატომ სჭირდებოდა ხელისუფლებას ამერიკული ვიზირება, აქამდე არ შეიძლებოდა დაზარალებულებისთვის ქონების დაბრუნება?“

საქართველოში ქუჩის პროტესტები იშვიათობა არ არის, თუმცა 2019 წლის ივნისს, როდესაც დემონსტრანტების მიერ  პარლამენტში შეჭრის მცდელობა განხორციელდა, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის 2020 წლის ანგარიშის პოლიტიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ანგარიშში ხაზგასმულია აშშ–ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ და ასევე, ხაზგასმულია, რომ რუსეთი დღესაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ახორციელებს პროვოკაციებს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან.

გარდა ამისა, ანგარიშის პოლიტიკურ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია საკუთრების უფლებების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების ექსპროპრიაცია, თუმცა ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არაგამჭვირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები.

„ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის პირობებში (2012 წლამდე), მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს პრობლემური საკითხები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, საკუთრების ისტორიული უფლებების უკანონო გაუქმების შემთხვევების შესახებ. წინა მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და, სავარაუდოდ, ხდებოდა იძულებითი წესით“, – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ნახსენებია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭვირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია IMF–ის 2019 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ–ერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, მოიცავს 170 ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩოების ეკონომიკური ოფიცრების მიერ. ისინი აანალიზებენ იმ ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებიც არიან ამერიკული ინვესტიციების მიმღებნი ან აქვთ პოტენციალი, რომ მათით დაინტერესდნენ ამერიკული კომპანიები.

ქვეყნის პირველი დიპლომატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად, უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ–ერთი გადამწყვეტი აშშ–დან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მინისტრის განცხადებით, აშშ პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.

„საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ ჩვენი და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

ეს ანგარიში, რომელიც გამოიცა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კიდევ ერთი დამხმარე ბერკეტი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას შეფასებით, მოხსენება საერთო ჯამში პოზიტიურია და აღნიშნულია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის კარგი მდგომარეობა საერთაშორისო ორგანზიაციების კრიტერიუმების მიხედვით. პოლიტოლოგი ხაზს უსვამას იმას, რომ აღნიშნულია რამდენიმე პრობლემა, რომელიც არსებობს – გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაჭიანურება მუნიციპალიტეტების დონეზე, სასამართლოებში ეკონომიკური დავების გაჭიანურება, ინტელექტუალური საკუთრების სუსტი დაცვა, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დეფიციტი.

„მოხსენების მიხედვით, 1994 წლის შეთანხმებით, საქართველოს შეუძლია პრეფერენციების სისტემით ისარგებლოს და საბაჟო გადასახადების გარეშე შეიტანოს აშშ-ში ხელშეკრულებით გარკვეული ნომენკლატურის პროდუქცია. სახელმწიფო დეპარტამენტი გვერდს არ უვლის და ხასგასმით აღნიშნავს სახელწმიფოს მიერ ქონების ძალით ჩამორთმევის ფაქტების სისტემურობას 2012 წლამდე, ანუ წინა ხელისუფლების დროს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საბანკო სისტემა კარგად რეგულირდება, თუმცა ეს შეფასება სავარაუდოდ გაკეთებულია ბანკირების პოზიციიდან – ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოსახლეობა ბანკებისგან სუსტადაა დაცული და ხშირ შემთხვევაში ბანკების ხარბი მიდგომების გამო, ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე ზარალდება“, – ამბობს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ შესამჩნევია „ელიტური კორუფცია“, თუმცა მისი თქმით, კორუფციის ინდექსით საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიც არის ჩეხეთი, კოსტა რიკა, ლატვია.

„ოფიცილაური უმუშევრობა 11,6%–ია, თუმცა რეალური გაცილებით მეტია განსაკუთრებით რეგიონებში. რეალურად კი შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარს სამსახურის არ აქვს და მათ ხელისუფლება თვითდასაქმებულს უწოდებს. აუცილებელია შეიცვალოს უმუშევრის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რათა ადამიანს თუ 300 კვ.მ. ბოსტანი აქვს ხელისუფლებამ თვითდასაქმებულად არ ჩათვალოს.

აქ ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია და ის უნდა გამოვიყენოთ. ამ პრობლემას თვალები უნდა გავუსწოროთ, რადგან სწორედ ის არის დემოგრაფიული კატასტროფის წყარო, რადგან იწვევს შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას ქვეყნიდან და ბაზრის დაპატარავებას ქვეყნის შიგნით, თავი რომ დავანებოთ ჰუმანიტარულ და სოციალურ პრობლემებს, რომელსაც ის იწვევს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სახელმძღვანელოა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დაბრუნების ნაწილში. პოლიტოლოგს უჭირს იმის თქმა, სჭირდება თუ არა ხელისუფლებას ამერიკული ვიზირება და აქამდე რატომ არ შეიძლებოდა დაზარალებულებისთვის ქონების დაბრუნება.

„ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ამერიკული ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის საყურადღებოა – იმან დააშავა და შენ რატომ არ გაასწორე? ეს იკითხება ამ დადგენილებაში, სტიმულის როლი შეიძლება ამან შეასრულოს, ვიზირება არ სჭირდება, წესით თავისით უნდა ექნა ხელისუფლებას. რაც შეეხება ანაგარიშის ძირითად ნაწილს, სწორი იყო მსჯელობა იმაზე, რომ ცალკეული პოლიტიკოსების რეპლიკებს არა აქვს მნიშვნელობა, ოფიციალურ წყაროებს დავეყრდონოთო. ამ შემთხვევაში ოფიციალური წყარო არის საკმაოდ მკვეთრი.

ხელისუფლების მხარდამჭერი ანგარიში – ასე არ ვიტყოდი. ივნისის მოვლენებში კანონიერების დანახვა და წინა ხელისუფლების ძალადობის დანახვა, ობიექტური რეალობის დანახვაა, ყოველგვარი მხარდამჭერის, ან პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე. ანუ, პოლიტიკურ პარტნიორზე არ არის აქცენტი გასაკეთებელი, უბრალოდ მოვლენების შეფასება გაკეთდა სწორად“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, 20 ივნისს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა რომ ზომიერი და ლეგიტიმური იყო, ეს აშშ–ის სახელმწიფო დაპეტარპამენტის ანგარიშის გარეშეც ცხადი იყო. მისი თქმით, მეპროტესტეებს მხარს უჭერდნენ გარკვეული ძალები დასავლეთში და უხეშად ამახინჯებდნენ სიმართლეს, რომელსაც მთელი საქართველო ღია ეთრეში უყურებდა. ანალიტიკოსის შეფასებით, ეს იყო კარგად ორგანიზებული აფექტს ამოფარებული მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების.

„ეტყობა აშშ–ში გააცნობიერეს, ნახეს რა მოხდა და ობიექტური შეფასება დაწერეს. მით უმეტეს 20 ივნისის მერე ბევრი რამ მოხდა აშშ–ში და თავის თავზე იწვნიეს სამთავრობო შენობებში და იგივე თეთრ სახლში შეჭრის მცდელობა, რომელსაც როგორი პასუხი გასაცა სამართალდამცავმა ორგანოებმა და ამაზე განაცხადა ტრამპმა: „კიდევ რომ გადმოელახათ ზღვარი, დახვედებოდათ ძალიან ავი ძაღლები და ძალიან ლეტალური იარაღი“. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ეს ანგარიში, თუმცა სასიხარულოა, რომ ობიექტურ შეფასებასთან გვაქვს საქმე, რომელიც ობიექტური დაკვირვების მასალიდან გამომდინარეობს“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსის შეფასებოთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საინტერესოა ის ნაწილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ქონების იძულებით გადაცემის შემთხვევებს ეხება. მისი თქმით, აქ ცოტა კორექტივია საჭირო, რადგან ეს არ იყო იძულებით გადაცემა, არამედ მასობრივად მიმდინარეობდა ქონების წართმევა.

„სახელმწიფო გადავიდა ყაჩაღობაზე, ტერორიზმზე. ცხადია, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ტერმინით ვერ ისაუბრებდა, თუმცა თქვა, რომ საქმე გვქონდა ქონების იძულებით წართმევასთან, გულისხმობს იმას, რომ იძულებით წართმეული ქონება უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს. უნდა აღდგეს, უკვე ანეკდოტად გადაქცეული ეს ფრაზა – „სამართლიანობის აღდგენა“, მაგრამ იმათთვის, ვინც ქონება დაკარგეს, ნამდვილად არ არის სასაცილო, იმიტომ, რომ ბევრი ასეთი ადამიანია. არ შეიძლება ადამიანს შერჩეს უკანონოდ წართემული ქონება. ამით ვერანაირ სახელმწიფოს ჩვენ ვერასოდეს ვერ ავაშენებთ.

ადმინისტრაცია ლოიალურია ამ ხელისუფლების მიმართ, არ არის მტრულად განწყობილი და მიანიშნებს, რომ უფლება აქვს წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი დაიწყოს. ეს პროცესი თუ დაიწყება, აშშ არ იქნება წინააღმდეგი. თუ ამ მიმართულებით ხელისუფლების მოქმედებას პოლიტიკური სარჩულს დაუდებენ, რომ აი, პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ხელისუფლებას შეუძლია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, როგორც არგუმენტი გამოიყენოს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

Katana . ე.ი. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა საქართველოს მთავრობას, რომ წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონება დაუბრუნოს ადრინდელ მფლობელებს?
რა ბედნიერებაა!..
მაგრამ მე მაინც არ გირჩევდით აჩქარებას: ჯერ არ ვიცით, რას იტყვიან რიშები, კისინგერები, ბალტიელი და ევროსაბჭოელი ზემდგომი ამხანაგები!..
დაველოდოთ კიდევ 8-10 წელი - ნაცების მიერ წართმეული ქონება ბარემ მთლიანად აღმოჩნდეს "კეთილსინდისიერი მყიდველების" ხელში... რომელთაც უკვე ვეღარ შეედავებით და თქვენც ამოისუნთქავთ და ნაცებიც!
ასე აჯობებს. დანარჩენს დრო და კორონა გადაწყვეტენ.
4 წლის უკან
trampi ვაააააა................
ამაზე მეტი თავს ლაფის დასხმა რა უნდა იყოს...სახელწიფო რაზრეშენიას სხვისგან იღებს...
-----------------------------------

აფსუუუუსსსსსს...........,,.გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს,,
ზვიადი ..... ზვიადი.......ზვიადი......
შედეგის მიხედვით---- გიჟები ვყოფილვართ
4 წლის უკან