პერუს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია პრეზიდენტის, მარტინ ვისკარას იმპიჩმენტის დაწყების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.
რეზოლუციის პროექტს მხარი 65-მა დეპუტატმა დაუჭირა, 36 წინააღმდეგი იყო, 24-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის მისაღებად 52 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.
რეზოლუციის ავტორთა მტკიცებით, ვისკარა „აფერხებდა მომღერალ რიჩარდ სვინგის საქმის გამოძიებას“. გამოძიების მტკიცებით, პერუს კულტურის სამინისტროს მომღერალთან კონტრაქტი მოქმედი ნორმების დარღვევით გააფორმა. მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომლებზეც ვისკარა აღიარებს, რომ მომღერალს ხვდებოდა, თუმცა საჯაროდ საპირისპიროს ამტკიცებს.
ახლა დეპუტატებმა იმპიჩმენტის საკითხზე საბოლოო კენჭისყრის თარიღი უნდა დაადგინონ. კენჭისყრამდე ვისკარას პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება. იმპიჩმენტისთვის 130-მანდატიან პარლამენტში 87 ხმაა საჭირო.
მარტინ ვისკარამ პროცესს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ თანამდებობას არ დატოვებს.