"თავისთავად ის, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან, კითხვებს ბადებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული გიორგი კიკაძის დაკრძალვაზე. თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა ამ უპასუხო კითხვებში. მისი თქმით, უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცების სამსახური უსაფრთხო გახდეს და მსხვერპლი, რაც შეიძება, ნაკლები იყოს. ამის მიუხედავად, პრემიერი ადასტურებს, რომ საქართველოს ჯარების მონაწილეობა მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემაში ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა, რაზეც ქართული მხარე მომავალში არათუ უარს ვერ იტყვის, არამედ უნდა გაძლიერდეს კიდეც ჩვენი როლი.
თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ავღანეთში ჩვენს კონტინგენტთან დაკავშირებით უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა ასეთი ტრაგედია მომავალში აღარ განმეორდეს. მისივე განმარტებით, მომხდარის გამოძიება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც სიმართლის გარკვევა იქნება შესაძლებელი.
ISAF-ის ოპერაციაში დაღუპულ ქართველთა შორის გიორგი კიკაძე უკვე რიგით მეცხრამეტეა. რაც შეეხება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამი წლის განმავლობაში დაჭრილებს, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პირველად მოპოვებული ინფორმაციით, სულ დაიჭრა საქართველოს 93 სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის, - 2010 წელს – 20 სამხედრო; 2011 წელს – 44 სამხედრო; 2012 წელს – 29 სამხედრო (26 ნოემბრის მდგომარეობით).
For.ge დაინტერესდა, რას გულისხმობდა პრემიერი, როცა აცხადებდა, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა კითხვებს ბადებდა და იყო თუ არა ამ მისიაში უსაფრთხოების ზომები შესაბამისად დაცული. Bottom of Form 1
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე აცხადებს, რომ, ბუნებრივია, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლი დიდი იქნება, რადგან ჩვენი კონტინგენტი დიდია. გარდა ამისა, გააჩნია უსაფრთხოების ზომებსაც, საბოლოოდ კი ყველა კომპონენტი ერთად იყრის თავს.
„მილიონი ფაქტორია, რის გამოც ჯარისკაცი იღუპება და, ბუნებრივია, ყოველთვის ჩნდება კითხვები. ყველა დაღუპვის ფაქტის შესწავლა და მოკვლევა მიმდინარეობს“, - აცხადებს დავით თევზაძე.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ჯარისკაცი იღუპება, უსაფრთხოების ზომების დაუცველობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ არაფერი ვთქვათ, მოწინააღმდეგის ფაქტორის გათვალისწინებაზე. მისი აზრით, საკითხავია, ბოლომდე რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები, ან ვინ შეიმუშავა უსაფრთხოების ზომა? ამ შემთხვევაში, ორი პასუხი არსებობს, ერთი, რომ მომზადების დონე დაბალი იყო, და შესაბამისად, ამა თუ იმ სამხედრო მოსამსახურეში უსაფრთხოების ზომების დაცვის განცდა მოდუნებული იყო და მეორე - ეს არის ფსიქოლოგიური და მორალური გადაღლილობა.
კერძოდ, ექსპერტის აზრით, როდესაც გარკვეული ხნის განმავლობაში ჯარისკაცი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება და, თუ ეს მეორდება, ანუ ზედიზედ ორი ან სამი მისია უწევს, ამ შემთხვევაში, გასარკვევია, რას ნიშნავს ჯარისკაცის გადაღლილობა, რატომ არ მოხდა რეაბილიტაცია და აღდგენის პროცესი რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობდა.
„სამხედროებს შორის ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამიც ამის გამოძახილი იყოს. ორივე შემთხვევაში, გასატარებელია გარკვეული ღონისძიებები, რათა არ დავუშვათ დანაკლისი ელემენტარული საკითხის გამო, როგორიცაა უსაფრთხოების ზომების დაუცველობა. ეს არ არის მოწინააღმდეგეზე დამოკიდებული და შეგვიძლია ამის გამოსწორება. ამის შემდეგ დაჭრილთა და დაღუპულთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იქნება“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
მისი თქმით, იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად დიდია ქართველ დაღუპულთა სტატისტიკა ავღანეთში, გამართლებული არ იქნება, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ჩამოგდებული ვერტმფრენის გამო ამა თუ იმ კონტინგენტს რამდენიმე ათეული ჯარისკაცი ერთბაშად დაღუპვია. ამიტომ, ცალკეული ტრაგედია შესასწავლია და ანალიზია გასაკეთებელი. შესაძლოა, ეს ინფორმაცია ღია ვერ გახდეს, მაგრამ უწყებამ დახურულ რეჟიმში შეიძლება, აღნიშნული საკითხი გააანალიზოს.
ამასთან, სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ ჰელმანდის პროვინციის გარდა (სადაც ბრიტანელებთან და ამერიკელებთან ერთად ქართველებიც იმყოფებიან) ავღანეთის ნებისმიერი ადგილი ცხელი ზონაა.
„მარტო ქართველების იმედად ჰელმანდი არ არის. ეს სამხედროებისთვის ღირსების ამბავია, რომ ქართულ კონტინგენტს შეუძლია ისეთივე დავალება მიიღოს, როგორც ამერიკულს და ჩვენი საბრძოლო უნარიანობა სხვა კონტინგენტთან ერთად თანაბრად ფასდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, ქართველები უსაფრთხოდ იყვნენ, მაგრამ პროფესიონალური თვალსაზრისით, კარგია, რომ ჩვენ გვეპყრობიან, როგორც თანასწორს“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.
სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვასთან დაკავშირებით არსებული კითხვების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ფართოდ გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის გამოხატულებაა, რომლებიც აცხადებენ, ღირს თუ არა ამხელა მსხვერპლის გაღება ISAF-ის მისიაში? მით უფრო, როდესაც საქართველოსთვის ეს უკვე მე-19 დაღუპულია ამ სამშვიდობო მისიაში. ეს მაშინ, როცა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მოსახლეობის რაოდენობით მცირერიცხოვანი საქართველო ნომერ პირველი კონტრიბუტორია ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. გარდა ამისა, დაჭრილების ოდენობამ გასული წლის 26 ნოემბრის მონაცემებით, 94 ჯარისკაცს მიაღწია.
„ეს ინფორმაცია აქამდე გასაიდუმლოებული იყო და საზოგადოებას არ ჰქონდა ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი ჯარისკაცი იყო დაჭრილი და რამდენი მკურნალობდა საზღვარგარეთ ჰოსპიტალში, დღეს უკვე ეს ინფორმაცია განსაჯაროვდა. ამ შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობა ითვლება ქვეყნის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით, თანაც, უნდა გავითვალისწინოთ ის ზონა, სადაც საქართველოს სამშვიდობო მისიაა განთავსებული, ანუ ჰელმანდის პროვინცია, სადაც, ფაქტობრივად, საომარი ვითარებაა და თალიბებთან მუდმივი შეტაკება უწევთ ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ არის დიდი მსხვერპლის ალბათობა“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ამის მიუხედავად, იგი თვლის, რომ ძალიან რთულია იმის გადახედვა, რომ ჰელმანდის პროვინციაში აღარ იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები, რადგან 2014 წელს ISAF-ის მისია ისედაც სრულდება, ნატოს გამოჰყავს თავისი ჯარები და 2014 წლის შემდეგ საქართველო გარკვეულ მონაწილეობას მიიღებს ამ მისიაში, რაც გულისხმობს ინსტრუქტორთა გაგზავნას.
მისი თქმით, გასული წლის სექტემბერში საქართველომ 700-დან 1600 ჯარისკაცამდე გაზარდა სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში დებატები არ ყოფილა, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოება დიდ ინტერესს ამ თემის მიმართ არ იჩენდა. ამდენად, პარლამენტმა მიიღო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება.