უფასო მშობიარობა და გარანტირებული პაციენტები

უფასო მშობიარობა და გარანტირებული პაციენტები

ჯანდაცვის გაზრდილი ბიუჯეტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი მომავალმა დედებმა მიიღეს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება. ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდება.

“პარლამენტმა ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი შემოიტანა, სადაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგებულია. აქამდე იყო 450 მლნ ლარი, ჩვენ კი ეს 800 მლნ ლარამდე გავზარდეთ. ეს არის სერიოზული განაცხადი.

ჩვენ ვემზადებით, რომ შემოვიტანოთ ერთიანი სადაზღვევო ფონდი. ეს ნიშნავს, რომ თითოეული პაციენტი იქნება გარანტირებული და სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას თითოეული მოქალაქის მიმართ. 1-ლი ივლისიდან კი მშობიარობა საერთოდ უფასო იქნება. ასევე გაიზარდა შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის”, - განაცხადა ხუნდაძემ საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანნას სახელობის სამშობიაროში სტუმრობისას განაცხადა.

დეპუტატ გუგული მაღრაძის ინფორმაციით კი, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი თებერვლიდან ამოქმედდება. “სადღეისოდ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირები არიან დაზღვეულნი. ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 2 მილიონია, დაზღვევით ვერ სარგებლობს. ამ ადამიანებს ე.წ. ძირითადი დაზღვევა ექნებათ. საუბარია დაახლოებით ისეთ პაკეტზე, როგორც პენსიონერებს აქვთ, თუმცა შევეცდებით, რომ მომსახურება ხარისხიანი იყოს. ეს გულისხმობს ნებისმიერ ექიმთან უფასოდ კონსულტაციას, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც ამბოლატორულს, ასევე სტაციონალურს. 

აღნიშნული პაკეტი თებერვლიდან ამოქმედდება. სექტემბრიდან დაზღვევის გაფართოებულ პაკეტზე გადავალთ, რომელიც გეგმური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს. სადაზვევო პოლისებში ჩადებულია უფასოდ მშობიარობა, ხოლო თუ ვინმეს განსაკუთრებული პირობები სურს, მას შეუძლია, დამატებით გადაიხადოს. ყველა სამშობიარო სახლი სახელმწიფოსგან სათანადო ანაზღაურებას მიიღებს იმისთვის, რომ მშობიარობა უფასო იყოს”, - აღნიშნა მაღრაძემ.

უფასო მშობიარობის პროგრამა 2009 წლის 1-ლი იანვრიდან გაუქმდა. მას შემდეგ სახელმწიფო მშობიარობისას მხოლოდ სოციალურად დაუცველებს და ისიც მხოლოდ 400 ლარით ეხმარებოდა.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე ხელისუფლებას ახალ ინიციატივას უწონებს და თვლის, რომ უფასო მშობიარობა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე ნამდვილად აისახება.

“შობადობის შემცირებას აქვს ორი ძირითადი მიზეზი, ესაა ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობა. როცა მშობიარობა უფასო გახდება, ცხადია, ეს ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას და ქვეყანაში არსებულ მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას.

აზერბაიჯანში ორსულობის დაწყების დღიდან მშობიარობის დღემდე ყველა სამედიცინო მანიპულაცია ორსულისთვის უფასოა და მას სახელმწიფო ანაზღაურებს. სომხეთში, როდესაც ორსული ქალი სამშობიაროში შეჰყავთ, სახელმწიფო მას 350 დოლარს აძლევს, საიდანაც 60% მიდის მედპერსონალის დაფინანსებაზე, დანარჩენი 40% კი იმ აუცილებელ ნივთებზე, რაც დედა-შვილს სჭირდება.

ჩვენთან კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ორსულ ქალს (თუ არ არის სოციალურად დაუცველი) სახელმწიფო არაფერს უნაზღაურებს. ეს კი,რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე აისახება. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ძალიან იშვიათად შეხვდებით ისეთ ოჯახებს, რომელთაც 3, 4 და მეტი შვილი ჰყავთ, ძირითადად, 1 და 2-შვილიანი ოჯახები სჭარბობენ”, - აღნიშნა”რეზონანსთან” საუბრისას ანზორ თოთაძემ.