„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ლოზუნგი უნდა მიიღოს - „ოცნების დენაციფიკაცია“

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ლოზუნგი უნდა მიიღოს - „ოცნების დენაციფიკაცია“

„ქართული ოცნების“ ნაციონალიზაციამ შეგვიშალა ხელი“, - უკვე მერამდენედ აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და დეპუტატის ამპლუაში მის მიერ განვლილ გზას სწორედ ამ ხარვეზს უძებნის. მის პათოსს წინა ხელისუფლების არაერთი პოლიტპატიმარი და პოლიტიკოსი იზიარებს.

პოლიტიკური პარტიატრიბუნას დამფუძნებელი ავით ჭიჭინაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მის მიერ განვლილ გზაზეც დამაბრკოლებელი იყო დაბალი დონის, ანუ მესამე-მეოთხე კატეგორიის ნაციონალებით „ქართული ოცნების“ გავსება.

„ეს ლაქიები ადრეც იყვნენ მიჩვეულნი ლაქიობას და ახლაც იმავეს აგრძელებენ. უღირსი ხალხი მრავლად არის წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“, ძირითადად მათით არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნება“, ეს ქვეყანასაც აფერხებს, პოლიტიკური ცხოვრების ჯანსაღ რიტმში გადაყვანასაც აფერხებს. მე თუ მკითხავთ, ერთად უნდა გავუშვათ ნაციონალები და „ოცნების“ წარმომადგენლები, რადგან ისე ცუდად იქცევიან, რომ სააკაშვილის სისხლიან 9 წელს აპრავებენ. თითქოს 2016 წელს უნდა შეცვლილიყო რაღაც სასიკეთოდ, გასცეს დაპირებები, თუმცა ისევ ფინანსური ჯგუფების ინტერესებზე გაყიდეს ყველაფერი და, საბოლოო ჯამში, 2017-ში ნაციონალებით გაავსეს ქართული ოცნება“, -აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია იზიარებს ლევან გოგიჩაიშვილის პათოსს, რომ „ოცნების“ ნაციონალიზაციამ ბევრი რამ დააბრკოლა. ანალიტიკოსის შეფასებით, ლევან გოგიჩაიშვილი მისი თანამებრძოლი, უახლოესი მეგობარია, ვისთან ერთადაც მიშას ციხეში ჩამოაყალიბა იატაკქვეშა ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტპატიმრები დემოკრატიული ფასეულობებისთვის“. ანუ პირველად სააკაშვილის ციხეში შეიქმნა ანტინაცისტური ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებული იყო იმ დროს ციხეში მყოფი დაახლოებით 70-ზე მეტი პოლიტპატიმარი.

„ნუ ჰგონია „ქართული ოცნების“ ზოგიერთ მესვეურებს, რომლებიც საერთოდ არ ჩანდნენ 2012 წლამდე, რომ მათი დამსახურებაა სააკაშვილის რეჟიმის გაშვება, ჩვენმა ორგანიზაციამ ნამდვილად შეარყია სააკაშვილის რეჟიმი, ამიტომ ვიზიარებ ლევანის მოსაზრებას და ვფიქრობ, ახალი ლოზუნგი უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ - „ქართული ოცნების დენაციფიკაცია“. არიან „ოცნებაში“ ღირსეული ადამიანები, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დავით საგანელიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, კობა კობალაძე, გია ვოლსკი, კახა კახიშვილი, რომელიც სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ია მეტრეველი, ირმა ინაშვილი, ირინა ფუტკარაძე, ნათია კორკოტაძე, ეკა ბესელია, მედიაგმირი გია იაკობაშვილი, სოსო მანჯავიძე. ისინი სამოქალაქო სექტორის გმირები იყვნენ და ებრძოდნენ რეჟიმს, მაგრამ სისტემა ნაცებისგან დღესაც გასათავისუფლებელია, დენაციფიკაცია უნდა განხორციელდეს ყოფილი ზონდერებისა და სადისტი მოსამართლეებისგან“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბარში.

მანვე გაიხსნა 1937-38 წლების წითელი ტერორი, როცა ერთი პოზიტივი იყო საზოგადოებრივ მასებში. კერძოდ, როდესაც სამოქალაქო ომის გმირებს იჭერდნენ, მათ მიერ მიცემული „აღიარებითი ჩვენებები“ საზოგადოებას შოკში აგდებდა, მარტივად რომ ვთქვათ, ხალხს „უტყდებოდა“, რომ ამ ადამიანებმა სამოქალაქო ომს გმირულად გაუძლეს და ამ დროს ე.წ. აღიარებით ჩვენებებს იძლეოდნენ. ცხადია, ყველა ხვდებოდა, როგორც ხდებოდა ეს „აღიარება“.

ვახტანგ მაისაიას თქმით, როცა მარშალი ბლუხერი შემოაკვდათ და ის დაიღუპა წამების დროს, სტალინმა მაშინვე შეწყვიტა სამხედროების დაპატიმრება და წამება, რადგან სამხედროებში დაიწყო შინაგანი პროტესტის საშიში გამოვლინება, რისიც სტალინსაც კი შეეშინდა. სტალინმა ბერია გამოიძახა და დაიწყო სწორედ იმ ხალხის დაჭერა, ვინც სამხედროებს აწამებდა.

„მარშალი ტუხაჩევსკი გმირი იყო, მაგრამ, როგორც კი დაიჭირეს, ყოველგვარი წამების გარეშე ეგრევე ხელი მოუწერა ჯალათებს. მარშალი ბლუხერი კი, რომელიც მართლაც სამოქალაქო ომის გმირი იყო, ამერიკელები და იაპონელები განდევნა და ჩინელებს იგერიებდა, აწამეს და ვერ გატეხეს, ამან შეცვალა რეჟიმის დამოკიდებულება. გავკადნიერდები და ვიტყვი, მე რომ დამიჭირეს და დამაბრალეს სამხედრო ღალატი, რაც სამშობლოს ღალატზე მეტია, ვერ გამტეხეს წამებით, ვაგრძელებდი ბრძოლას და ციხეში გადავიქეცი გმირად, მაშინ სისტემა გადატყდა, ჩემს შემდეგ, ვინც დაიჭირეს ჯაშუშობის მუხლით, მათაც არ უღიარებიათ „დანაშაული“. ეს კარგად დაიჭირა გოგა ხაინდრავამ „ჰეროკრატიაში“. მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, 2009-10-ში დაჭერილები იყვნენ მუხროვანის ბიჭები, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, თემურ ჟორჟოლიანი, ცოტნე გამსახურდია, რომლებიც არ გატყდნენ. ცოტნეს რომ ეღიარებინა და ის დანაშაული აეღო საკუთარ თავზე, რაც არ ჩაუდენია, ხომ გესმით, რა მოხდებოდა? თანაც, საუბარია საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილზე. ეს ყველაფერი სიმბოლურია. ამან სააკაშვილის რეჟიმი შეარყია“, -აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსი და ყოფილი პოლიტპატიმარი მიიჩნევს, ცოტნე რომ გატეხილიყო, თავადაც რომ გატეხილიყო და სხვებიც ასე მოქცეულიყვნენ, სააკაშვილი გააგრძელებდა რეპრესიებს.

ანალიტიკოსის აზრით, სამწუხაროა, რომ რატომღაც ყველა ივიწყებს ციხეში ჩადენილ გმირობას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხორციელდებოდა. მხოლოდ გოგა ხაინდრავამ გადმოსცა ეს გმირობა თავისი ფილმებით, დანარჩენი ამას არავინ აშუქებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი, ციხე შიგნიდან ტყდებაო, ასე გატყდა სააკაშვილის ციხეც.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ არის ფრთა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“ სხვადასხვა მიზეზთა გამო. კერძოდ, ლევან გოგიჩაიშვილს სასამართლო რეფორმა არ მოეწონა, თუმცა არგუმენტები არც ისე მყარი აქვს, რადგან სასამართლოს ვინც აკრიტიკებს, მოსამართლეთა ნეგატიური რეპუტაციის გარდა სხვა მყარი არგუმენტი არ აქვს.

„მოსამართლეთა რეპუტაცია გასაგებია, მაგრამ მეორე მხარეს არის სისტემური რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს. ის, რომ ჩვენ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები დაგვეწყო და მოსამართლეთა კორპუსი გამოგვეცვალა, იმავე სურათს მოგვცემდა, რადგან, ვინც დანიშნავს მოსამართლეს, მის წინაშე ხდება მერე ის მოსამართლე ანგარიშვალდებული. ანუ პატრონ-კლიენტელურ ურთიერთობაში შედის მასთან. იქ წავიდა ბრძოლა სასამართლოზე გავლენის მოპოვებისთვის, „ოცნებამ“ ეს არ დაუშვა და სასამართლო საქმე მიანდო თავად სასამართლო კორპუსს. სხვა გზა არ იყო. სააკაშვილსაც თავის დროზე შეიძლება კარგი უნდოდა, შევარდნაძისდროინდელი მოსამართლეები რომ გაყარა, მაგრამ რა მიიღო, ხომ ვნახეთ“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ასეთი პოლიტიკა სულაც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციას“. ასეთი შეფასება პირდაპირ ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს და ამით ლევან გოგიჩაიშვილი თვითონ კი არ მიიღებს ხმებს, არამედ ნაცებს მიეხმარება.

ანალიტიკოსის აზრით, მოსამართლე პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურაა და, ვერ ვიტყვით, რადგან ნაცების დროს მუშაობდა, ე.ი. ცუდი წარსული აქვსო.

„მთელ ქვეყანას ასეთი წარსული აქვს, საბოლოო ჯამში, ყველანი მოვდივართ კომუნისტების დროიდან. ირაკლი კობახიძეს მოჰყავს ხოლმე მაგალითი, როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა, გერმანიაში მოსამართლეთა კორპუსი და პროკურორები არავის გამოუცვლია, უბრალოდ, მათ მისცეს საშუალება, ნორმალური პროფესიული საქმიანობა ეწარმოებინათ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დანაშაული, რაც ჩადენილი აქვს რეჟიმს, რაღაც დონეზე უნდა გაჩერდეს ამის დევნა. როგორ შეიძლება, რიგით მოსამსახურეებს დაბრალდეთ ის დანაშაულები, რაც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ჩაიდინეს. ტოტალურად რომ ყველა დავსაჯოთ, მაშინ ვინღა დარჩება დაუსჯელი? ერთმანეთს უნდა ვენდოთ, რომ მოსამართლეებს ეყოფათ პროფესიული კეთილსინდისიერება და თვითონვე შეეცდებიან რეპუტაციის აღდგენას. გარედან ამის გაკეთება შეუძლებელია. შენ რომ გახდე მოსამართლეების მოსამართლე, მაშინ შენ უარესი გამოხვალ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.