Microsoft: რუსი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში კვლავ ერევიან

Microsoft: რუსი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში კვლავ ერევიან

რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები სულ უფრო ხშირად უტევენ დონალდ ტრამპისა და მისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის წინასაარჩენო გუნდებს. კიბერთავდასხმის მიზანი ორივე კანდიდატთან დაახლოებული ადამიანებისა და სტრუქტურების მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვებაა. ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის ექსპერტების ანგარიშში წერია.

მომხმარებლების უსაფრთხოების საკითხებში Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტის ტომ ბერტის განცხადებით, კიბერთავდასხმების რაოდენობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევენების მოახლოებასთან ერთად იმატებს.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსი ჰაკერების ჯგუფებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ სამხედრო დაზვერვასთან და რომლებიც 2016 წლის არცევნებში ჩარევას უკვე შეეცადნენ.

2016 წლის ივლისში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის სერვერები გატეხეს და დაახლოებით 20 000 ელექტრონული წერილი WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა. ჰაკერული შეტევა განხორციელდა აგრეთვე კონგრესში დემოკრატიული პარტიის კომიტეტზე. მაშინ ამ თავდასხმებში რუსი ჰაკერები დაადანაშაულეს, რომლებიც Cozy Be-სა და Fancy Bear-ის წარმომადგენლები არიან.