ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაპატიმრებების გამო დასავლეთის მწვავე შენიშვნების მიუხედავად ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პროცესს აგრძელებს. ამჯერად, დღის წესრიგში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე შემოდის, სადაც ყოფილი ხელისუფლების ყველაზე წონად ფიგურას, რუხ კარდინალად ცნობილ ზურაბ ადეიშვილს წამების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. ეს იქნება არა მხოლოდ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, არამედ, ფაქტობრივად, ყოფილი ხელისუფლების გასამართლების პროცესი, რადგან საზოგადოებაში წლების მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მიმდინარე შავ-ბნელი საქმეების მაგისტრი და უგვირგვინო მეფე სწორედ ზურაბ ადეიშვილი იყო.
ექსპერტებს იმისი მოლოდინიც აქვთ, რომ ადეიშვილის საქმე იქნება ის პროცესი, სადაც ყოფილი ხელისუფლების ყველა უმაღლესი პირის, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხიც გამოაშკარავდება. გამართლდება თუ არა ეს მოლოდინი, დრო გვიჩვენებს, ახალმა ხელისუფლებამ კი იუსტიციის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებისთვის პროცედურის მზადება უკვე დაიწყო.
5 იანვარს მთავარმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინა ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ორგანიზებისა და პროვოცირების საქმესთან დაკავშირებით.
პროკურატურა ასევე ითხოვს, შეჩერდეს ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტის და სამი დიპლომატიური პასპორტის მოქმედება - ეს უკანასკნელი მას საშუალებას აძლევს ისარგებლოს უცხო ქვეყანაში შესვლის გამარტივებული პროცედურებით და პრივილეგიებით.
როგორც იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამბობს, სასამართლო არ შემდგარა და უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა დავიცვათ, მაგრამ ეს არის წინასწარი ბრალდება, რომლის საფუძველზეც მოხდა ადეიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. მისივე განმარტებით, ვინაიდან გამოძიებამ და სასამართლომ ჩათვალა, რომ მას უნდა შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება, თუ ჩამოიყვანენ, მას ექნება საშუალება, თავი დაიცვას.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადეიშვილის დიპლომატიურ პასპორტებს პრეზიდენტ სააკაშვილის 12 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე, დამატებით 1 წლის განმავლობაში გაუგრძელდა მოქმედების ვადა, რომლითაც ამგვარი პრივილეგია თანამდებობიდან გათავისუფლების, ან უფლებამოსილების ვადის გასვლისას ზოგიერთი პირისთვის დადგინდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ადეიშვილმა, რომელიც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო, 2 ოქტომბერს - ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩებოდა, ანუ 25 ოქტომბრამდე, ვიდრე ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა, დიპლომატიური პასპორტის გამოყენებით დატოვა საქართველო. მოგვიანებით, 19 ნოემბერს კი მისმა ცოლ-შვილმა დატოვა ქვეყანა. პროკურატურის განცხადებით, ადეიშვილის ადგილსამყოფელი უცნობია, ხოლო მის სახელზე საქართველოში ოფიციალურად არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა შესაძლებლად მიიჩნევს ამტკიცოს, რომ ადეიშვილს საქართველოში „დაბრუნების მოტივაციები არ გააჩნია“, ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი: „ძალიან საინტერესოა ადეიშვილის პასპორტის შეჩერების მოთხოვნა რამდენად გავრცელდება იმ პასპორტის ვადის მოქმედების შეჩერებაზე, რომლითაც რეალურად სარგებლობს ზურაბ ადეიშვილი. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ადეიშვილი სარგებლობს სხვა სახელსა და გვარზე გაცემული პასპორტით და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი პასპორტი იმ 150-თაგაგან, რომელიც გაცემულია ძალოვანი უწყების სხვადასხვა თანამდებობის პირებზე, რასთან დაკავშირებითაც შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ განაცხადა. თუმცა, მას შემდეგ არ მოგვისმენია, რამდენად ლეგიტიმური იყო ასეთი პასპორტების გამოყენება, ან სარგებლობდა თუ არა ბატონი ადეიშვილი მსგავსი პასპორტით“.
დიმიტრი ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ სწორედ ამის გამო, ძალიან ძნელია ადეიშვილის მოძებნა. „მაინტერესებს, რა ღონისძიებებს მიმართავენ სამართალდამცველი უწყებები იმისათვის, რომ დადგინდეს მისი რეალური ადგილსამყოფელი, გამოცხადდეს ძებნა წითელი ცირკულარით და დროულად იყოს ექსტრადირებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასევე საზოგადოებრივი ინტერესის საგანია დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის საქმეები. ჩვენთვის უნდა გახდეს ცნობილი მათი პერსონალური პასუხისმგებლობის შესახებ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“,- აცხადებს ლორთქიფანიძე.
კახა კახიშვილი, ექსპერტი: „ვფიქრობ, ერთი პასპორტი ადეიშვილს არ ექნება, დარწმუნებული ვარ, ბევრი გამოიყენებდა იმ სამართლებრივ ჩანაწერს, რომელიც აძლევდა საშუალებას უმაღლესი თანამდებობის პირებს სხვადასხვა გვარებზე აეღოთ პასპორტი. ადეიშვილს, ალბათ, ძალიან ბევრი, ოფიციალურად გაცემული პასპორტი ექნება. არ იქნებოდა ცუდი, პროკურატურას სამოქალაქო რეესტრიდან გამოეთხოვა ინფორმაცია ადეიშვილზე გაცემული პასპორტების შესახებ და ამის შემდეგ დაეწყო პროცედურა“.
როგორც პროკურატურაში მიიჩნევენ, მიუხედევად იმისა, რომ ადეიშვილის დაცვის მხარე ინფორმირებულია წაყენებული ბრალის შესახებ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თავს არიდებს გამოძიებაში გამოცხადებას, რითიც „აშკარად უშლის ხელს გამოძიებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ ადეიშვილის ბრალდების საქმის კონკრეტული და სპეციფიური გარემოებების, მისი პიროვნების, საქმიანობის, ყოფილი მაღალი თანამდებობრივი სტატუსის, სახელმწიფოსთან არსებული და დარჩენილი კავშირების, ასევე მისი კავშირების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მისი გადაადგილების თავისუფლების, მისი ბრალდების შესახებ ინფორმირებულობის მაღალი ხარისხის და მისი როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენების გათვალისწინებით, არსებობს ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისა და მის სახელზე გაცემული დიპლომატიური პასპორტების და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების აბსოლუტურად დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერი გარემოებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კახა კახიშვილის შეფასებით, ადეიშვილის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა წამოყენებული.
„ჟურნალისტური გამოძიებისა თუ პრესაში გაკეთებული ანალიზის შედეგად და ისედაც კარგად ვიცით, რომ ბოლო დროს ადეიშვილი მართავდა ქვეყანას და ის იყო რეალური პრემიერ-მინისტრი. აბსოლუტურად ყველა ბიზნესი, ყველა ბიზნეს-წილის გადანაწილება მის სახელს უკავშირდება. ბუნებრივია, მართლმსაჯულების ინტერესში უნდა იყოს ადეიშვილის ჩამოყვანა საქართველოში. თუმცა, ეს საკმაოდ რთულია. ამ ადამიანს აქვს ძალზე მჭიდრიო კავშირები დასავლეთში, რომელიც მეგობრულ ურთიერთობაშიც არის გადაზრდილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადეიშვილი, მისი აღმოჩენის შემთხვევამდე შეეცდება მოამზადოს საფუძვლები პოლიტიკური თავშესაფრის მოსათხოვად“,- აცხადებს კახიშვილი.
პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში უკვე გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ზურაბ ადეიშვილმა ბელგიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა, რაზეც მთავრობისგან თანხმობა და საცხოვრებელიც მიიღო. „ფრონტნიუსის“ ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა აგრეთვე მიიღო გარანტიები იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ნებისმიერი ტიპის დანაშაულის დამტკიცების მიუხედავად, მას საქართველოში ექსტრადიცია არ ემუქრება.
ადეიშვილის ადვოკატებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის, მითუმეტეს, მიღებული გარანტიების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა არ ნიშნავს ავტომატურად მის მიღებას.
როგორც იურისტი ლია მუხაშავრია განმარტავს, დიპლომატიური პასპორტი ფაქტობრივად, პიროვნების ხელშეუხებლობას ნიშნავს, „როდესაც გავრცელდება ინტერპოლის ინფორმაცია, რომ საქართველოს სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება მიუსაჯა, ის ქვეყანა სადაც ის იმყოფება, ვალდებულია აცნობოს ჩვენს ხელისუფლებას ამის შესახებ, დააკავოს ადგილზე და მიიღოს ზომები მის გადმოსაცემად“, -განმარტავს მუხაშავრია.
კახა კახიშვილი თვლის, რომ ადეიშვილის ჩამოყვანის პროცედურა იქნება საკმაოდ რთული, იქნებ შეუძლებელიც კი. „ადეიშვილის ჩამოყვანა რთული იქნება, რადგან სერიოზული კავშირები აქვს დასავლეთში. ბოლო პეროდში ადეიშვილი დიდი ფიგურა იყო და მაღალი თანამდებობის პირებთან ჰქონდა დასავლეთში ურთიერთობა, რაც შეიძლება დაეხმაროს კიდეც პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოპოვებაში. ვიცით, რომ დიდი ფული და ნაცნობობა იძლევა იმის საშუალებას, უცხოეთში მიიღო პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მითუმეტეს იმ განცხადებების ფონზე, რომელიც კეთდებოდა დაკავებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, ადეიშვილის ჩამოყვანა შედის ნაცმოძრაობის ინტერესებში, რადგან ის ფლობს ყველაზე მეტ ინფორმაციას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვგულისხმობ არჩევნებამდელ პერიოდს“,- აცხადებს კახიშვილი.
ლია მუხაშავრიას განმარტებით, „თვითონ მუხლი, წამების ორგანიზება ძალზე მძიმე დანაშაულში ბრალდებაა, ამიტომ თუ ადეიშვილი გაეროს წევრ ქვეყანაშია, მისი გადმოცემა პრობლემა არ იქნება. მერე უკვე, გამოძიების დასრულების და სასამართლო განხილვის ეტაპზე ყველამ უნდა შევძლოთ ამ ინფორმაციის მიღება, ანუ გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ეს ყველაფერი დადასტურდა და, რომ მისი დაპატიმრება იყო საფუძვლიანი“,- აცხადებს მუხაშავრია.
ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია მოსაზრება, რომ იგივე დასავლეთი, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ხელისუფლებას, ყველანაირად შეეცდება, გაქცეული მინისტრები, მათ შორის ადეიშვილი სისხლის სამართლებრივ დევნას გადაარჩინოს.
კახა კახიშვილი თვლის, რომ ადეიშვილს საქმე შესაძლოა, იყოს სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე გასვლის საშუალება, რაც ნაციონალურ მოძრაობასა და მის მეგობრებს არ უნდა აწყობდეს.
„ადეიშვილს შეუძლია ძალიან ბევრ რამეს ახადოს ფარდა. რეალურად, იგი დიდი ხანი აკონტროლებდა საგამოძიებო პროცესებს ყველა უწყებაში. საგამოძიებო სამსახურის უფროსებს ყველა უწყებაში ადეიშვილი ნიშნავდა და ყველგან ჰყავდა საკუთარი კადრები. ამდენად, ფლობდა ყველა სფეროში არსებულ სიტუაციას და შეუძლებელია, ჩამოყვანის შემთხვევაში მან არ მისცეს ჩვენება რომელიმე საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს კახიშვილი.
აქვე საინტერესოა, რომ ადეიშვილისთვის ბრალდების დამტკიცებით უკეთ გამოიკვეთება გაქცეული მინისტრებიდან ერთადერთი დაბრუნებული მინისტრის, ბაჩო ახალაიას მონაწილეობის საკითხი ცნობილი ციხის კადრების საქმეში. არსებობს მოლოდინი, რომ დადასტურდება, იყო თუ არა ბაჩო ახალაია ამ საქმეში შემსრულებელი.
„ადეიშვილი აკონტროლებდა ფინანსურ პოლიციას, მთელ სამართლადამცავ სისტემას, სასამართლოს. შესაძლოა, და ბუნებრივია, რომ ადეიშვილის მითითების შემსრულებელი იყო ბაჩო ახალაია, რადგან ახალაიას კადრებით იყო დაკომპლექტებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. თუმცა ადეიშვილის თანხმობის გარეშე ვერავინ გაბედავდა რამის ორგანიზებას. შესაძლოა, ეს ადეიშვილის მითითებაც იყო“,- მიიჩნევს კახიშვილი.
ლოგიკურად, თუკი ორგანიზატორისა და შემსრულებლის ვინაობა დადასტურდება, რჩება დამკვეთის დადგენა, თუმცა სამართალდამცველები ამ თემაზე ჯერ არ საუბრობენ. ამ ეტაპზე იმაზეც კი მხოლოდ ვერსიებია, რატომ დაბრუნდა ბაჩო ახალაია საქართველოში.
„არ ვიმოქმედებ ბრალდებულ ახალაიას ინტერესების საწინააღმდეგოდ, თუკი გავამხელ, რომ მასთან მქონდა შეხვედრა და მას ეს კითხვა დავუსვი. მან დაადასტურა, რომ დაკავებას ელოდა. ეს იყო წმინდა პოლიტიკური განცხადება მისი მხრიდან და როგორც ჩანს, ამ ბრალდებებისთვის მზად იყო, მაგრამ მას არ ეთანხმება. თუმცა, რამდენად არის მზად იმისათვის, როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის წარუდგენენ ბრალდებებს, არ ვიცი“,- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება დამკვეთს, ლორთქიფანიძის ვერსიით, დამკვეთი საქართველოში რეპრესიული მანქანის შექმნისა, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმაც იყოს მოსაძიებელი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ ზურაბ ადეიშვილი იყო შემოქმედი იმ რეპრესიული მანქანისა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებდა.
„მას ჰყავდა თავისი შემკვეთი და შემსრულებელიც და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, ადეიშვილისთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აუცილებლად წამოტივტივდება მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის გარემოებები. ეს გარემოებები მიგვიყვანს თუ არა მათ მფარველებთან დასავლეთში, ეს სხვა თემაა“,- ამბობს ლორთქიფანიძე.
თუმცა დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს ეჭვები, რომ დასავლეთის აქტიურობით, შესაძლოა, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ერთგვარად, გაუფერულდეს კიდეც.
„მაშინ როდესაც სააკაშვილი აკეთებდა განცხადებებს, რომ საქართველო არის სოციალური დემოკრატიის რეფორმების ლაბორატორია, საკითხავია, ვისთვის აკეთებდა ამ განცხადებებს, იმ ლობისტური ფირმებისთვის გაკეთებული ანგარიში ხომ არ იყო, რომლებზეც ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა, მათი დაკვეთა ხომ არ იყო საქართველოს ასეთ ლაბორატორიად ქცევა. ალბათ, მომავალში ამასაც გაეცემა პასუხი, მაგრამ ჯერჯერობით პირველი რგოლი, სამართლებრივი მხარეც ვერ მოგვიგვარებია, რომ შემდეგ ამან გაგვიყვანოს შემდგომ მაღალ რგოლებზე. ან კოაბიტაცია გულისხმობს თუ არა ამ პროცესის ჩაკვდომას, არის თუ არა ამასთან დაკავშირებული ის ფაქტი, რომ დაანონსებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაიდო გაურკვეველი ვადით. გულისხმობს თუ არა ეს, რომ დასავლეთისთვის არ არის ხელსაყრელი რაიმე სახის საგამოძიებო კომისიის შექმნა. ყველას შევახსენებ, რომ არსებობს საქმეები, რომლის მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მაგალითად, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ჩართულობის დონე კორუფციაში და ა.შ“,- აცხადებს ლორთქიფანიძე.
და მაინც, ზურაბ ადეიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება და მასზე ძებნის გამოცხადება იქნება თუ არა პოლიტიკური ელფერის მატარებელი დასავლეთისთვის, რომელმაც ძალზე მწვავედ გამოხატა საკუთარი პოზიცია თავდაცვის ყოფილი, შემდეგ კი შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაპატიმრებაზე.
როგორც მუხაშავრია ამბობს, როდესაც ადამიანი გუშინ იუსტიციის მინისტრი იყო და დღეს მთელ მსოფლიოში ეძებენ, რა თქმა უნდა პოლიტიკური ელფერის მატარებელია.
„რაც არ უნდა შევეცადოთ, რომ ერთი, ან მეორე მხრიდან გავამართლოთ, რა თქმა უნდა, ერთი ხელისაუფლების მიერ მეორის დევნას აქვს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ სხვა საკითხია, თუ ის დანაშაულები, რაშიც ბრალი ედება დადასტურდა. მხოლოდ მაშინ მოიხსნება ეს ეჭვები“,- ამბობს მუხაშავრია. მისივე განმარტებით, ადეიშვილისთვის ბრალის დამტკიცებას ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„ადეიშვილის ფიგურის მნიშვნელობაც და მისთვის ბრალის წაყენების პროცედურაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ არ დადასტურდა, რას სჩადიოდა წინა ხელისუფლება და მისი კონკრეტული თანამდებობის პირები, სხვაგვარად ძალიან გაჭირდება, დადგინდეს ვიღაც დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო, გახდა რეპრესიის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი თუ არა. ამიტომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. თუ სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, უნდა მოხდეს რეპრესირებულთა, უკანონოდ დაპატიმრებულთა უფლებების აღდგენა, მეორე მხრივ, დამნაშავეთა იდენტიფიკაცია და მათი დასჯა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს. თუმცა შესაძლოა, საზოგადოების მოლოდინი იყო სხვაგვარი, მათ ეგონათ, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სწრაფად და ერთი ხელის დაკვრით, მაგრამ ეს არ არის სწორი. ასეთი საქმეები თუ არ იქნა გამოძიებული და ყველა ფაქტი არ დადასტურდა, ისე ეს არ იქნება მართლმსაჯულება, ისევ რეპრესია იქნება. ვფიქრობ, ყველას გვინდა თავი დავაღწიოთ რეპრესიების ეპოქას და გავიდეთ იმ საზოგადოებრივ ასპარეზზე, როდესაც პოლიტიკური მოტივით დევნა დასრულებული იქნება ამ ქვეყანაში. ეს საკითხები არ წყდება ძალიან მალე, იგი გარკვეულ დროსა და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს“.
საზოგადოებაში არსებობს იმედი, რომ ადეიშვილის საქმე არ დაემსგავსება შევარდნაძის ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეებს, რომელთა მიმართაც არსებობდა ბრალდებები, მაგრამ არც ერთი უცხოეთში „მიმალული“, „შავ საქმეებსა“ თუ კორუფციაში ეჭვმიტანილი მაღალი თანამდებობის პირი სააკაშვილის ხელისუფლებისთვის არც ერთ ქვეყანას არ გადაუცია.