ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა ბევრისთვის სახალისო და იმ გმირული ეპოპეის გაგრძელება იყო, როცა პრეზიდენტი აგვისტოს ომის შემდეგ „ღრუბელ-ღრუბელ მიფრინავდა და მას რუსების ბეტეერი კვალდაკვალ მისდევდა“. თუმცა, ალექსანდრე ყაზბეგის ონისესავით „სიკვდილის მაძიებელი“ სააკაშვილიც „მოჯადოებულსავით ყველგან უვნებელი რჩებოდა“.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი წელი ჰელმანდის პროვინციაში საგუშაგოებზე მყოფ ჯარისკაცებს სპეცკავშირის საშუალებით მიულოცა.
„გამარჯობათ, ბიჭებო პრეზიდენტი სააკაშვილი მოგესალმებით... გილოცავთ“...
„კარგით, მე, ე. ი. პრეზიდენტი სააკაშვილი, მე მინდა, ყველას, ბიჭებს, ვინც ხართ ახლა მანდ შეკრებილები პოსტზე, მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ ბედნიერება, წარმატება, სახლში მშვიდობით დაბრუნება“.
ამის პასუხად კი პრეზიდენტმა მიიღო: - „მეც გილოცავ, ძმაო“.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა დანარჩენი მორიგი ზარები განახორციელა:
- ჩარლი, გესმით ჩვენი?
- კავშირზე ვარ.
- კარგით, ე.ი. პრეზიდენტი სააკაშვილი... მინდა მოგილოცოთ მთელი ჩვენი ხალხის სახელით ახალი წელი, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ახალი წლის შეხვედრა. ძალიან ვამაყობ თქვენით.
ჰელმანდის პროვინციაში სააკაშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით ამტყდარი სროლის შემდეგ კი პრეზიდენტი სხვა დანაყოფებსაც დაუკავშირდა:
- ჩაცხრა იქ ცეცხლი, წეღან რომ გესროდნენ? წეღან რომ გესროდა მოწინააღმდეგე, ჩაცხრა ეს ცეცხლი?
როცა პასუხად მიიღო, რომ ცეცხლი უკვე ჩაცხრა, იკითხა:
- 122-საც ესროდნენ?
და ამჯერად უკვე სპეცკავშირის მეორე სატელეფონო ყურმილს გადასწვდა:
- ჩაიარა სროლებმა თქვენთან?
- დამთავრდა, დამთავრდა, აღარ არის, - იყო პასუხი.
- კარგით, მოკლედ, პრეზიდენტი სააკაშვილი გილოცავთ ახალ წელს. ძაან დიდი პატივია თქვენთან ერთად ბაზაზე ახალი წლის შეხვედრა...
როგორც გაირკვა, პრეზიდენტი სააკაშვილი, თურმე, რამდენჯერმე შეხვედრია ახალ წელს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, შარშან ბათუმში აღუნიშნავს ახალი წლის დადგომა, ერთხელ ვაზიანის ბაზაზეც ყოფილა, მაგრამ წლევანდელი წელი მისთვის „ყველაზე მაგარი ახალი წელი ყოფილა, ყველაზე მაგარ ქართველებთან“, რამაც მას ათქმევინა, „ქართველებს შორის არის ბევრი გმირი და არ ვართ ჩვენ ადვილად ხელწამოსაკრავი, ფარჩაკთა და ჯაბანთა ერი“.
ავღანეთში ქართული მისიის თავგანწირვა მართლაც დასაფასებელია, განსაკუთრებით ამაღელვებული იყო თერჯოლელ ექიმ გოგონასთან შეხვედრა, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული თავისი ძმის ნაცვლად (რომელმაც ქართული დროშის გათელვა არ იკადრა და ტყვედ ჩავარდნილი ამას შეეწირა კიდეც) წასულიყო ავღანეთის მისიაში, მაგრამ For.ge დაინტერესდა, რამდენად დამაჯერებელი იყო კამერების წინაშე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ზარები ჰელმანდის პროვინციაში.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე იზიარებს იმ აზრს, რომ ამ ვიდეოკადრებმა მას განუმტკიცა აზრი, რომ სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლა პიარი იყო და სხვა არაფერი.
„ჩვენ მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობთ ისეთ უმაღლეს მთავარსარდლად, რომელიც ერკვევა სამხედრო საკითხებში. ანუ, მას შეიარაღებული ძალების მიმართ ყოველთვის ჰქონდა მხოლოდ პიარდამოკიდებულება და მის თვალწინ შეიარაღებული ძალები, გარკვეულწილად, პარტახდებოდა კიდეც - უზარმაზარი თანხები იდებოდა ამ სექტორში და მოგება არ იყო. აქედან გამომდინარე, ერთ დღეში ავღანეთში „საბრძოლო ამოცანების თუ დავალებების გამცემი“ სააკაშვილის ხილვა, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის მის შესახებ არსებულ პირვანდელ შთაბეჭდილებას. დასკვნა ერთია, ეს ყველაფერი ემსახურებოდა პოლიტიკურ პიარს“ - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
ამასთან, თავდგირიძე არ მალავს, რომ მისი სურვილია, საქართველოს ჰყავდეს ისეთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც კამერების წინ არ იყელყელავებს და კამერების წინაშე პოზიორობით გულს არ გაუტეხავს ჯარისკაცებს.
მისივე თქმით, ნებისმიერი გენერლისთვის სერიოზულად აღიქმება, როდესაც უმაღლესი მთავარსარდალი საბრძოლო მოქმედებების რეგიონში იმყოფება, თუმცა სამხედრო ლიდერი ასე, ერთი ჩასვლით ვერ იმკვიდრებს ნამდვილი ლიდერის ადგილს.
უფრო მეტიც, გიორგი თავდგირიძის თქმით, ნებისმიერი ჯარისკაცი გრძნობს, როცა გარკვეული სიყალბე, პოზიორობაა საქციელში. თუმცა ამის მიუხედავად, იგი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ავღანეთში მყოფი ჯარისკაცებისთვის სააკაშვილი იყო უმაღლესი მთავარსარდალი და ისინიც ზრდილობიანად, გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს.
სამხედრო ექსპერტი თეონა აქუბარდია არ მალავს, რომ ღიმილის მომგვრელი იყო ის ვიდეო, რომელიც ასახავდა პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლის კადრებს და, როცა პრეზიდენტი სვამდა კითხვას, შეწყდა თუ არა ცეცხლი შუკვანის ბაზაზე?!
მისი თქმით, სააკაშვილი იქ არ დარჩენილა რამდენიმე დღის განმავლობაში, ის მხოლოდ ახალ წელს შეხვდა ავღანეთში და შემდეგ უკვე სხვა ქვეყანაში წავიდა. ხოლო, თუ რას აკეთებდა იმ ორ დღეს, არავინ იცის.
„იმ კადრებში იყო პიარის ელემენტები, რომ იგი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, გასცემდა ბრძანებებს შუკვანის ბაზაზე და იღებდა ინფორმაციას, თუ რა ვითარება იყო ავღანეთში. ეს იყო მისგან კიდევ ერთი მორიგი შოუ, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ის იყო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და სურდა ამის დემონსტრირება მოეხდინა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ავღანელებზე არ ყოფილა გათვლილი. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ავღანელების სამიზნე იყო პრეზიდენტი. მით უმეტეს, თალიბებმა წინასწარ იცოდნენ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტი ჩადიოდა ავღანეთში, რომელიც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის სამშვიდობო მისიაში რაოდენობით პირველ ადგილზეა და სააკაშვილმა ამით გაზარდა საფრთხეები ჩვენი ჯარისკაცებისთვის“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.