აშშ ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, უსამართლოდ დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.
„აშშ უკიდურესად შეშფოთებულია ბელარუსში არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. გატაცება, ძალადობრივი გაძევება და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სხვა მუქარები იმ მეთოდების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად იყენებს. ბელარუსის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უსამართლოდ დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლოს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დააპატიმრეს. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ხელისუფლების მიტაცების შესახებ მოწოდებების გაკეთება ედებათ. 7 სექტემბერს მინსკში ოპოზიციის ლიდერი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. მეორე დღეს მისი უკრაინაში იძულებით გადაყვანა სცადეს, მაგრამ მან საზღვარზე თავისი პასპორტი დახია.